ქართველი მეთოჯინე, რომელიც ვატიკანის ელჩმა "აღმოაჩინა"

თითოეული შემოქმედი ადამიანის ნამუშევარი მისი სულის გამოძახილი რომ არის, ამაში ბაჩო ცანავასთან სტუმრობის დროს კიდევ ნათლად დავრწმუნდი. თოჯინების ოსტატს, ამ ერთი ციდა სახეების შექმნაში საკუთარი ხასიათი, განწყობა, სევდა თუ სიხარული აქვს ჩაქსოვილი. მათი მეტყველი სახეები შეხედვისთანავე განწყობას გიცვლიან.

-14 წლის ვიყავი პატარა თოჯინა რომ გავაკეთე. პატარა მინიატურა იყო, სახეც არ ჰქონდა, მაგრამ საინტერსო იყო, - მიამბობს ბაჩო. როდესაც სახლში სტუმრები მოდიოდნენ, დედა ამ ნამუშევარს აჩვენებდა, მათ ეს მოსწონდათ და აქედან მომეცა სტიმული. თავიდან პლასტილინისგან ვაკეთებდი ფიგურებს. მაშინ, ძირითადად უფრო ჭარბობდა XVI-XVII

საუკუნებიის სტილი. ძალიან მიყვარს სახლის სამშვენისები, ძველებური ფიგურები. სწორედ მათ ვბაძავდი და ვაკეთებდი ნამუშევრებს. ჩემი შთაგონების წყარო ბავშვობაში წაკითხული ლიტერატურა იყო. "ჯეინ ეარი" ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნია, მაქვს გაკეთებული თოჯინა, რომლიც ნახევარ მეტრამდეა და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნახელავია.

 

 

 

ახლა უფრო პორტრეტები, საინტერესო სახეების მქონე ადამიანები მაინტერესებს. შეიძლება სრულიად უცნობი ადამიანი შემხვდეს ქუჩაში, მომეწონოს მის გამომეტყველება და გამოვიყენო. 5 წლის წინ  კინოს, თეატრის, მუსიკის, ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში პერსონალური გამოფენა მქონდა.  გამოვიდა კატალოგი, რომელშიც ამ მუზეუმში დაცული ყველა ექსპონატი შევიდა, მათ შორის, ჩემი ერთი თოჯინაც მოხვდა. ამ ყველაფრის შემდეგ ვატიკანის ელჩ დამიკავშირდა და რეზიდენციაში მიმიწვია. შემომთავაზა, ჩემი ნამუშევრების ფოტოები ნეაპოლში გამეგზავნა. ამ ქალაქში ფაიფურის პატარ-პატარა სახელოსნოებია, რომლებიც მამიდან შვილზე მემკვიდრეობით გადადის. თუ ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდებოდნენ, სასწავლებლად მიმიწვევდნენ. გავგზავნეთ ფოტოები და ზუსტად ერთ თვეში მომივიდა მოწვევა. ნეაპოლში ყოფნის დროს ვცხოვრობდი XV- XVI საუკუნეებში აგებული სასახლეში, სადაც ახლა სემინარიაა. იქ გამოფენილია იტალიელი დიდი ხელოვანების ნახატები და საოცარი სკულპტურები. მოვინახულე  "კაპო დე მონტეს" ფაიფურის მუზეუმი, სადაც ყველანაირი ფაიფურის ნახვა შეიძლება.  პირველი ქართველი მეთოჯინე ვიყავი, ვინც იტალიაში დახელოვნდა და ვისაც "კაპო დე მონტეს" სამეფო ფაიფურის დიპლომი აქვს. იტალიაში შემოქმედებითად უფრო გავიზარდე, დავხვეწე ფიგურების მოძრაობა, რაც ჩემთვის ყველაზე საინტერსოა.

 


მეტყველი ფიგურები
ჩემს ფიგურებზე ამობობენ, მეტყველნი არიანო. ხელოვანს თავის ქმნილებაში ხომ საკუტარი ემოცია გადააქვს. ჩემს ფიგურებს, რომ ვუყურებ, ვხვდები, რა დროს რა გავაკეთე და რა განწყობა მაქვს მასში ჩადებული. ფაიფური არის მართლაც საინტერესო სამუშაო. განსხვავებულია თიხისაგან, კერამიკისგან, პლასტიკურ ოპერაციას ჰგავს - ერთი დეტალიც არ უნდა შეგეშალოს, თორემ შეიძლება დამახინჯდეს.

 

 

 

შემოქმედებითი პროცესი
შემოქმედების პროცესი ჩემთვის მისტიური პროცესია, მარტო ვრჩები საკუთარ თავთან. ბევრს ჰგონია, რომ თოჯინების გაკეთება ძალიან მარტივია, მაგრამ ასე არაა. როდესაც მუშაობას ვამთავრებ, შინაგანად გამოწურული, ემოციებისაგან დაცლილი ვარ. ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც თოჯინა ისეთი გამოდის, როგორიც მე მინდა. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც სხვებს მოსწონთ ჩემი ნამუშევრები. ჩემში უამრავი ენერგიაა, თოჯინის კეთება კი ერთ-ერთი საშუალებაა, რომ ჩემში დაგროვილი დადებითი თუ უარყოფითი ემოცია გადმოვცე. მე ვარ ადამიანი, რომელიც ბავშვობაში ჩარჩა და დღესაც ზღაპრებით საზრდოობს. ჩემი თოჯინებით ვესაუბრები ადამიანებს. ისინი ამბობენ ჩემს სათქმელს. ერთი ნამუშევრის შექმნას 2 კვირა მაინც სჭირდება.

 


საყვარელი თოჯინა
ჩემთვის ყველაზე საყვარელი თოჯინა არის ბიჭუნა, რომელიც იტალიაში ვნახე. ძალიან მომეწონა დიდი და შავი თვალები ჰქონდა. იტალიიდან, რომ ჩამოვედი, მისი პროტოტიპი გავაკეთე. თოჯინებს ტანსაცმელსაც თავად ვაცმევ. ადრე სამოსს იმავე მასალისგან ვამზადებდი, რა მასალისგანაც სხეული იყო შექმნილი, მაგრამ ამ ბოლო დროს  ქსოვილის გამოყენება დავიწყე. მიყვარს ფორმები, ემოცია, ხასიათი. შეიძლება თანამედროვე ინტერიერისთვის განკუთვნილი ხასიათი არ ჰქონდეს, მაგრამ საინტერესო ფორმებით გამოირჩეოდეს. ძველებური სტილი, ნივთები და ავეჯი მიყვარს. ალბათ, აქედან გამომდინარეა, რომ ჩემი ნამუშევრები ყოველთვის კლასიკურია. ვაკეთებ იმას,რაც მომწონს და რაც ჩემშია. შემოთავაზებები მაქვს, ძირითადად პორტრეტ თოჯინებზე. ნამუშევრის სილამაზის გარდა მნიშვნელოვანია მისი ემოციურობა. აუცილებლად უნდა გესაუბრებოდეს და მოძრაობის განცდას ქმნიდეს. ეს კი საკმაოდ რთულ და დიდი შრომას მოითხოვს. თავიდან გონებაში უნდა შექმნა ნამუშევარი, შენს წარმოსახვაში აამეტყველო და მერე უნდა მისცე სრულყოფილი სახე.

თეა ცაგურიშვილი


კომენტარები

ალექსი 2017-01-27 22:22
რა სახასიათო თოჯინებია და ემოციური. გამოფინეთ სადმე, რომ ვნახოთ რეალურად :)))

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები