...ჩემი ბავშვობა, სტუდენტობის წლები ვერის უბანს უკავშირდება... ჩვენი ეზო, ისევე როგორც თბილისური ეზოების დიდი ნაწილი, მრავალეროვანი სამეზობლოს ნავსაყუდელს წარმოადგენდა; ერთად ვცხოვრობდით ქართველები, აისორები, ქურთები, ებრაელები, სომხები, რუსები... საინტერესო ის იყო, რომ ჩვენი ყოფა სხვანაირად ვერც წარმოგვედგინა!..
აკაციებით დამშვენებულ ბელინსკის ქუჩას ამოუყვებოდი - ხელმარჯვნივ ავალიშვილები ცხოვრობდნენ, ცოტა ზემოთ, ხელმარცხნივ - სარაჯიშვილები, ხუციშვილები. გადაჭრიდი ბარნოვის ქუჩას და პირველივე შესახვევი (სადაც თონის პურის მაღაზია იყო და რომლის ეზოშიც ესტრადის ცნობილი კონფერანსიე, რამდენიმე წიგნის ავტორი ქართლოს კასრაძე ცხოვრობდა...) ერისთავ-ხოშტარიას ქუჩა შეგხვდებოდა - ხელმარჯვნივ შეუხვევდი,
მათ გვერდით, ნახევრად სარდაფში, ერთოთახიანებში, იეზიდების (ქურთების) ორი ოჯახი ცხოვრობდა: ერთში - სევე, ბანიჩა (დედამისი), ქმარი და ორი შვილი, მეორეში - გიაზო, სეკო ოთხი მცირეწლოვანი შვილით... სულ ხმამაღალი საუბრის ხმა და ჟივილ-ხივილი ისმოდა... იყო დღეები, როდესაც სეკო ნასვამი მოდიოდა, რა თქმა უნდა, ოჯახსაც და სამეზობლოსაც აყალმაყალი გამოწერილი ჰქონდა; ამას ისიც ემატებოდა, რომ მისი ცოლი გიაზო ძალიან ლამაზი ქალი გახლდათ... სასმელს უსაფუძვლო ეჭვებიც ემატებოდა და იყო ერთი დაკა-დაკა, ბავშვების ტირილ-ღნავილი; ქალების დატუქსვაზე რომ არ გაჩერდებოდნენ, საქმეში ეზოს მამაკაცები ჩაერეოდნენ, დააშინებდნენ სეკოს, დააშოშმინებდნენ ცოლ-შვილს და რის ვაი-ვაგლახით შეარიგებდნენ; მაგრამ სეკო, რომელიც კრივში პირველთანრიგოსანი გახლდათ, მაინც ვერ ისვენებდა, სამი-ოთხი კვირის შემდეგ ეს სანახაობა ეზოს ხელმეასედ ელოდა...
გიაზო კი... გიაზო დღესაც ნათლად მახსოვს... მათი რელიგიური დღესასწაულებისას, ჩაიცვამდა ნაირფერ ქვედაბოლოს, მკერდზე ულამაზეს ჯინჯილებს აისხამდა, ოქროს საყურე მხრებამდე სცემდა, თმა ულამაზესი მოოქრული თავსაბურავით ჰქონდა შეკრული, მკლავებზე სამაჯურები, შუბლზე პატარა მოცისფრო წერტილი და ულამაზესი ცხვირ-პირი... ბელინსკის ქუჩას ქვევით ჩაუყვებოდა, მოპირდაპირე მხარეს "ვერის ბაზარი" იყო (ახლა იქ დიდი სუპერმარკეტია... როგორ შეიძლებოდა იმ ბაზრის მოშლა?!), დაიჭერდა ცოცხს და იწყებდა დაგვა-დალაგებას, ეს ფეხით მოსიარულე, ეგზოტიკაში გადაზრდილი მშვენიერება...
ბანიჩას, ხანდაზმულ ქალს, მეხუთეკლასელმა - ქართული ანბანის შესწავლა დავაწყებინე, მერე სხვებიც შემოგვიერთდნენ და ორი თვის შემდეგ, მე ხომ მიხაროდა და მიხაროდა, როგორი იყო მათი სიხარული, როცა მაღაზიის აბრების, ქუჩების სახელებისა და სხვა მარტივი წასაკითხების წაკითხვა და გაგება შეძლეს...
კიდევ მახსოვს ლეკი ბაგრატა, რომელსაც ცოლად ოსის ქალი სალომე ჰყავდა; უსალმო, მუდმივად თავჩაღუნული, გაუპარსავი, ქამარში ვერცხლის ხანჯლითა და ზურგზე ფუთამოკიდებული... დღესაც მგონია, რომ მისი ცოლისთვისაც ბოლომდე ამოუცნობი და მდუმარე დარჩა; მის დანახვაზე ბავშვებს შიშისგან ელეთმელეთი მოგვდიოდა, თუმცა არასოდეს გვერჩოდა, ყურადღებასაც არ გვაქცევდა...
აისორების სამი ოჯახი ცხოვრობდა; კარგები იყვნენ, სუფთები, უფრო გამოსულები, მშრომელები... ბინის კარგი რემონტი მხოლოდ მათ ემარჯვებოდათ, მათი საქმე იყო; არასოდეს მოგატყუებდნენ, საქმეს გულითა და ხარისხიანად გაგიკეთებდნენ. აბრამას და ჯუდას კარგი ვაჟი ჰყავდათ, სახელად რამანა, რომელიც ტაქსისტი იყო. მშობლების სანახავად რომ მოვიდოდა, ეზოს, ჩვენი ქუჩის ბავშვებს შეგვკრებდა და: - "აბა, ყველანი მაშინაში!"
ჩავცვივდებოდით, ერთმანეთზე მიხუტებულებულები, დაიძვრებოდა კაკაოსფერი პობედა - ჩაუყვებოდა ქვევით, ბაზრისკენ, მერე რუსთაველის ძეგლთან წრეს დაარტყამდა, გაუყვებოდა უნივერსიტეტის პირველი კორპუსისკენ, იქიდან ვიწრო ქუჩებით ზევით აუყვებოდა... და გოგებაშვილის ქუჩით დაბრუნდებოდა ჩვენი ეზოს შესასვლელთან... ჩამოვლაგდებოდით, მადლობების კორიანტელს დავაყენებდით... კმაყოფილი რამანა ძია მანქანას დაქოქავდა და - ჰაიდა! მომდევნო მოსვლამდე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო... მაშინ ხომ ქალაქში ძალიან ცოტა მანქანა მოძრაობდა?! საკუთარი მანქანა უიშვიათესი იყო...
ყოველ ახალ წელს ისაკა ძიასა და რაჯინა დეიდას შვილი იოსკა, რომელიც კარგად უკრავდა აკორდეონზე, არადა 6-7 წლისა იყო, გამოეწყობოდა, ჯიბეებში ტკბილეულითა და მხარზე ჭრელი აკორდეონით, ჩამოუვლიდა ყველა ოჯახს, დაუკრავდა ძალიან ნაცნობ, ლამაზ მელოდიას, დააწყობდა კანფეტებს მაგიდაზე და ასე ორიგინალურად მოგვილოცავდა ახალ წელს; თანატოლები სულ უკან დავდევდით: - იოსკა, აბა ეს დაუკარი რა, გეხვეწები, ახლა ეს, და იყო - მოიცადეთ რა, ვერ ხედავთ, რომ უკვე უსტალ? დავიღალე რა, ვაა!..
სხვათა შორის, რაჯინა დეიდას და მის დას (ორივენი ძალიან ლამაზი ქალები იყვნენ) ვრცელი ლექსი მიუძღვნა მურმან ლებანიძემ, საიდანაც ერთ ციტატას მოვიტან: "რაჯინა, ჩემო რაჯინა, მერცხლის ფრთა გაჰკარ ამ გულს ზეფირად, ნეტავი მომკლა, ან დამარჩინა და ასე მაყურებინა..." ლექსი "რაჯინა" 1962 წლითაა დათარიღებული, მაშინ დეიდა რაჯინას იოსკა 12 წლისა იქნებოდა... წლების შემდეგ, როდესაც მის ქალიშვილ ჟანას ვუთხარი ეს ამბავი, მითხრა - ვიცოდით ამის შესახებ, რომ დედას ლექსი მიუძღვნა პოეტმა, თუმცა მისი არც სახელი და გვარი სცოდნიათ და არც ის, რომ ასეთი ცნობილი პოეტი იყო...
ჩვენი ფანჯრებისა და კიდევ ორი მეზობლის ფანჯრებთან თავს იწონებდნენ ალუბლის ხეები; არ მახსოვს, ვინ დარგო ისინი, მხოლოდ ის ვიცი, ყველანი თავს ვევლებოდით... აპრილისთვის თეთრად გადაიპენტებოდნენ, საოცარ სურნელს დააყენებდნენ, მათ ყურებას არაფერი ჯობდა. მუდმივად ვდარაჯობდით, რომ ვინმე ხელმრუდეს ტოტები არ მოეტეხა; სხვას ვინ დაეძებდა, ჩვენივე მეზობელი ალბერტა იყო ის ერთადერთი, რომელსაც ვერაფერს ვუხერხებდით - ნაყოფი ოდნავ შეწითლდებოდა თუ არა, მზად იყო მათთან "შესათამაშებლად"; ამის გამო რამდენჯერ აჯანყდნენ ქალები, მაგრამ მას მაინც ვერაფერი შევაგნებინეთ... მწიფე ნაყოფს კი ყველანი თანაბრად ვინაწილებდით...
ალუბლის ხეებთან პაწაწინა ბაღჩუკები გვქონდა შემოსაზღვრული, სადაც ქინძს, ოხრახუშსა და კამას ვთესავდით. კიდევ - თუ სოფლიდან ცოცხალ ქათამს ან ინდაურს ჩამოუყვანდნენ ვინმეს, ანუ ძღვენს მოართმევდნენ, გარკვეული დროით იქ ჰყავდათ ხოლმე მოყუჩებული.
ერთხელაც ასე "მორთმეული" შავი (მწვანეში გადასული) დედალი ბაწრით ალუბლის ხეზე გვყავდა გამობმული, ერთ მშვენიერ დღეს გადმოვიხედეთ და სადღაა, იქ აღარ დაგვხვდა... სად არ გავიკითხეთ, სად არ ვძებნეთ, ქუჩაშიც გავედით, მაგრამ მიწამ უყო პირი თუ რა იყო, ჩვენ "ჯუჯისა" ვერაფერი გავიგეთ; მე, დედა და ჩემი და ვიცრემლებოდით, ჩვენი თავებისთვის ვერ გვეპატიებინა თვალის წამით მოხუჭვა... ასე ხუთი-ექვსი დღე იქნებოდა გასული, რომ ვიღაც ქალბატონმა მოგვაკითხა: - მე თქვენგან მარცხნივ, მეექვსე ეზოში ვცხოვრობ, ქათამი თქვენ დაკარგეთ არა? ჰოდა, ჩვენს ეზოში შემოვიდა და მივხვდი, რომ საიდანღაც იყო შემოხეტებული, დავიჭირე და გალიაში გამოვამწყვდიე, წამომყევით და წამოიყვანეთო... ქალს სულ სირბილით გავყევით, მართლაც, ჩვენი შავტუხა გამოდგა! - ვიხუტებდით, ვკოცნიდით და ვეფერებოდით...
მახსენდება აზერბაიჯანელი ამიროვების ოჯახი, რომლებიც კარგი ქართულით საუბრობდნენ და ცდილობდნენ, ქართულ ყაიდას მორგებოდნენ. რასაც ვერ ვიტყვი სომხების ერთ ოჯახზე, რომლებიც აქა-იქ თუ გამოურევდნენ სომხურ-ქართულ სიტყვებს, მუდმივად რუსულად ლაპარაკობდნენ.
ჩვენი სართულის მეზობლები გერმანელი ებრაელები, ცოლ-ქმარი, დეიდა ლიზა და ძია ლიოვა იყვნენ, ცოლი - დიასახლისი, ქმარი კი - მესაათე ძია ლიოვა, დეიდა ლიზას სულ ხელისგულზე ატარებდა. მათთან რომ შეხვიდოდი, ყველგან შესაკეთებელი საათები ეკიდა, ძია ლიოვა ცალ თვალზე სპეციალური "თვალი-სათვალით" მუდმივად დაშლილ საათებს ჩაჰკირკიტებდა ანდა სადილს ამზადებდა. განსაკუთრებით "უხა" და გარნირი მახსოვს, კიდევ ხაჭოს რულეტი... ჩვენს მშობლებს მუდმივად ჰქონდათ ოპერის სპექტაკლებზე დასასწრები აბონემენტი, პატარები ვისთან ვრჩებოდით, რა თქმა უნდა, დეიდა ლიზასთან და ძია ლიოვასთან... ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ოჯახის წევრებივით ვიყავით... ბინის გასაღებს, ხომ ყოველთვის მათთან ვტოვებდით... იშვიათად კეთილები, ყურადღებიანები, უპრეტენზიოები...
მეზობლებში ქართულ-რუსული საუბარი ჩვეულებრივი ამბავი იყო, ამას დროც უწყობდა ხელს და ჩვენი ეზოს, მეპატრონე ყირიმელი რუსი ტამარა ნიკალაევნა, რომლის მეორე ქმარი ძია ვანია სამხედრო პირი იყო - მაღალი, მსხვილი აგებულების, კეთილი თვალებითა და წითელი ლოყებით... მათ მე-3 სართულზე ორი ერთმანეთისაგან მოწყვეტილი ოთახები ეკავათ. ერთი დიდი ოთახი, ყოველთვის დალაგებული და სტუმრების მომლოდინე, მეორე - შედარებით მომცრო ოთახი საძინებელიც იყო და სამეზობლოს "მისაღებიც". თუ რაიმე ცნობა დაგჭირდებოდა ბინასთან დაკავშირებით, ტამარა ნიკალაევნას უნდა დაეწერა და ბეჭედიც დაერტყა. რამდენჯერმე მოვხვდი ამ ოთახში, რომელმაც მთელი ცხოვრება დამამახსოვრა თავი; მუდმივად არეული, დიდი შავთ-თეთრი ციმბირული ჯიშის კატის მონოტონური კრუტუნით, აულაგებელი მაგიდით, საფერფლეში ჩაჭყლეტილი "ყაზბეგის" პაპიროსის ბოლოებით, გაბოლილი კედლებით, სკამზე ფეხმორთხმით მჯდარი ტამარა ნიკალაევნას მომწვანო თითებითა და ღრმად ჩამჯდარი თვალებიდან ჭკვიანი, დაკვირვებული მზერით და, რაც მთავარია, კედლის სამკუთხედში იესო ქრისტეს დიდი ხატით, რომელიც მოოქრულ-მოვარაყებულ ჩარჩოში იყო ჩასმული და რომელსაც ყოველთვის ბზის ტოტი ამშვენებდა. იმ დროში ეს მართლა საოცრება იყო... დღემდე გული მიკვდება იმის გამო, რომ ხატი მუდმივად თამბაქოს სუნსა და ბოლში იყო გახვეული...
ზაფხულის ცხელ დღეებში, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, ძია ვანიას თუ ეცალა, მე და ცოლის დისშვილს ნატაშას დილიდანვე ბოტანიკურ ბაღში წაგვიყვანდა; საღამომდე იქ ვრჩებოდით ჰაერზე, სიგრილეში, სიმწვანეში... საღამოს გამოვივლიდით გრძელ გვირაბს და ისევ გაჩერებულ სიცხეს ვუბრუნდებოდით... ჩვენთვის ეს იყო ბედნიერი საათები, რადგან ძია ვანია, კეთილზე კეთილი სამხედრო, არასოდეს არაფერზე გვიბრაზდებოდა, არ გვეუბნებოდა იქ არ წახვიდეთ, ამას ნუ აკეთებთ და ა.შ. თანაც ისეთ გემრიელ სახელდახელო სუფრას გაგვიწყობდა ჰაერზე ნარბენ-ნათამაშებ-მოშიებულ ბავშვებს, რომ... ნეტავ იმ დროს!
ზაფხულის დღეებს უკავშირდება მეორე მოგონებაც, კერძოდ კიროვის - ახლა ვერის ბაღს. სამეზობლო ერთად წყვეტდა წასულიყვნენ თუ არა ფილმის სანახავად, ბოლოს დავირაზმებოდით და რაღაც ოც წუთში ბაღში ვიყავით; იქ კი საზაფხულო კინო-თეატრი გველოდა - ესტრადითა და სამხედრო სასულე ორკესტრით, რომელიც ფილმის დაწყებამდე მარშებსა და ვალსებს უკრავდა; დგებოდი ძალიან ამაღლებულ ხასიათზე, თანდათან იკრიბებოდა მაყურებელი და როდესაც მწვანედ შეღებილი გრძელი ხის სკამები მაყურებლებით აივსებოდა, გაჩუმდებოდა ორკესტრი - ჯერ "ჟურნალი" გავიდოდა - გავეცნობოდით მუშების, გლეხების, სპორტსმენების ახალ წარმატებებს, მერე კი, მოკლე პაუზის შემდეგ, იწყებოდა ფილმის ჩვენება. ასე ვნახე "ძველ ჩიკაგოში", "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", "ავარა", "ჭრიჭინა" და სხვა ფილმები... გავიდა წლები, დაანგრიეს ეს კოლორიტული ნაგებობა, გაჩეხეს მრავალწლოვანი ხეები და ააგეს "ჭადრაკის სასახლე", თითქოს სხვაგან არ შეიძლებოდა ადგილის გამონახვა... მე-11 კლასში ვიყავი, როდესაც ქალაქ ბაქოში გავემგზავრეთ ექსკურსიაზე... არ დამავიწყდება, როგორი თავმოწონებით დაგვათვალიერებინეს "მწვანე კინოთეატრი", რომელიც ზუსტად იმავე პრინციპებით იყო აგებული, მჯერა, რომ ეს შენობა დღესაც ამშვენებს ბაქოს... ვერის ბაღი კი - დღეს, შეკრეჭილ-შემოკრეჭილ ფლასს დაამსგავსეს, შიგ ჩაშენებული მრავალსართულიანი შენობებით... არც ერთი ქვეყნის დედაქალაქში (არც პატარა ქალაქებში) არ იზამდნენ იმას, რომ ქალაქისთვის ბუნებრივი ფილტვები - "მუშთაიდის ბაღი", "ვაკის პარკი", "ვერის ბაღი" ასე გაეპარტახებინათ და განეძარცვათ მწვანე ლისგან...
თითქმის ყველა ოჯახში იყო ხაზის რადიო, ერთი-ორთან - რადიომიმღები ე.წ. "პრიომნიკი" შიშინებდა ხრინწიანი ხმით; თუმცა ჩვენ მაინც კმაყოფილები ვიყავით. დღენიადაგ ისმოდა სხვადასხვა ენაზე შესრულებული სიმღერები, კლასიკური მუსიკის ხმები... დილა კი, დილის გამამხნევებელი ვარჯიშის აკორდებით აღვიძებდა მუშა-მოსამსახურეებს; როგორც წესი, პენსიონერებისა და მოზარდების გარდა ყველა მუშაობდა; ამ საქმეში მილიციის რაიონული განყოფილება იყო ჩართული და თუ თავად ვერ იშოვიდი სამსახურს, მაშინ ისინი "გაგამწესებდნენ"... საღამოობითა და კვირაობით ჩვენი მამაკაცები, თუ ფეხბურთი არ იყო (ერთი კვირით ადრე იწყებდნენ მატჩისთვის მზადებას), ისხდნენ ეზოში და ნარდისა და დომინოს კოჭების ჭახაჭუხი ახმიანებდა იქაურობას... ტელევიზორი სულ ორ მეზობელს ჰქონდა... მაშინ ეს ხელფასზე მყოფი ადამიანებისთვის ერთობ ძვირი სიამოვნება იყო... 1966 წლის ზაფხული იყო (მგონი თარიღში არ ვცდები). ინგლისში მსოფლიოს ჩემპიონატი იმართებოდა ფეხბურთში... ნახვა ყველას გვინდოდა... მოითათბირეს, ერთ-ერთის ტელევიზორი ისე დადგეს პირველი სართულის აივანზე, რომ ეკრანის მხარე მაყურებლისთვის მოსახერხებლად ყოფილიყო წარმოჩენილი... თამაშების დიდი ნაწილი ღამის საათებში მიმდინარეობდა, დროის სხვაობის გამო... მაშინ პირველად ვნახე ახალგაზრდა, ჭაბუკი პელე, შეუდარებელი თამაშითა და ღიმილიანი სახით, შემდგომში ფეხბურთის მეფედ აღიარებული... ეს იყო დაუვიწყარი ღამეები, გარჩევები, ემოცია, რაღაც ძალზე ახალი, შორეული, სხვა სურნელით გაჟღენთილი... ამას "ბითლზის" მოსმენაც ემატებოდა და ჩემივე ლექსის სტრიქონებს რომ მივმართო... "იდგა გნიასი, ორომტრიალი... თავისუფლების სიო გვცემდა სადღაც შორეთის... რესტორანში "ბითლზები" უკრავდნენ "ბითლზებს"... 60-იანი წლები მხრებს შლიდნენ თითქოს"...
ქუჩიდან ეზოში ხშირად შემოდიოდა სხვადასხვა რეგისტრში შესრულებული შეძახილები: "ყვავილების მიწაა!", "ბოთლებს ვიბარეებ!", "მაწონიი!", "ნახშირიი" და სხვა. მუდმივად იყო გაბმულ თოკებზე ჭრელაჭრულა სარეცხის თვალისთვის მომაბეზრებელი კონწიალი... ეზოს ონკანიდან წყლის ჩხრიალი და მის გარშემო მოფუსფუსე ხელოსნის ჩხირკედელაობა... მუდმივად იდგა ქართული საჭმელების, ბორშჩისა და ტოლმის სუნი... ერთმანეთისათვის გადაწოდება-გადმოწოდება ხომ ჩვეულებრივი ამბავი იყო...
გაზეთებს ფოსტალიონი ჩამოატარედა (სავალდებულო იყო, ყველას ჰქონოდა ძირითადი გაზეთები გამოწერილი, მაგალითად: "კომუნისტი", "ახალგაზრდა კომუნისტი", "თბილისი", "სოფლის ცხოვრება" "პრავდა", "ზარია ვოსტოკა" და სხვა), ყველამ იცოდა ვინ რომელ გაზეთსა და სტატიებს კითხულობდა, ვის ვისგან და რამდენჯერ მოუვიდა წერილი, ბანდეროლი... ვისთან ვინ სტუმრობდა და რატომ; ვინ სად, რამდენი ხნით მიდიოდა დასასვენებლად, თავისი ხარჯებით თუ საგზურით... ხელმოკლე ოჯახისთვის ხელის გამართვა არავის ესწავლებოდა...
რა თქმა უნდა, იყვნენ მოქიშპენიც, ჩასაფრებულებიც, კეთილი ჭორიკანებიცა და მუზმუზელებიც, მაგრამ საერთო ჯამში იყო საოცარი ურთიერთგაგება - შენი ეზოს, ქუჩის, ქალაქის სიყვარული... (ყოველგვარი აგიტაცია-პროპაგანდის გარეშე; სად იყო მაშინ არასამთავრობოების გამოგონილი, თითიდან გამოწოვილი "ტოლერანტობა" ან "უმცირესობებზე" საუბრები... ეს ყველაფერი თავისთავად გვარდებოდა, ჩვენ თავად ვიყავით ასეთები - ბუნებრივად ერთმანეთის მიმართ თანამდგომები, ანგარიშის გამწევები...). ზოგადად, ადამიანის სიყვარული, მიტევების დიდი უნარი, ხელის გაწვდენისა და იმ საერთო სივრცის რაღაცნაირი მოკრძალება და პატივისცემა... ყველაფერს კი მშობლიური სახლი ერქვა!..
ლეილა ქიტოშვილი-სახლთხუციშვილი
კომენტარები