ქეთი მითაიშვილის „ოქროსფერი სახლი“ ეგვიპტურ-ამერიკული ნივთებით

წლიდან წლამდე, როცა კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოდის და ვხვდები, თითქოს, არ იცვლება. მუდამ მომხიბვლელია, ხალისიანი, ენერგიული და კეთილგანწყობილი. გადაღლას, სევდასა და დარდს არასდროს იმჩნევს, არადა, უცხოეთში ცხოვრება და შრომა, თბილისში დარჩენილი ტკივილი და პრობლემები, მეტ-ნაკლებად, ყველას განწყობასა და გარეგნობას ასვამს დაღს. ერთხანს ამბობდნენ, ქეთი მითაიშვილმა (ჰო, მართლა, არ მითქვამს, რომ ამჯერად შინ "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილ სახეს, გამოცდილ და ძალიან პოპულარულ დიქტორს, წამყვანსა და პედაგოგს, ქეთი მითაიშვილს ვესტუმრეთ) ბოტოქსი გაიკეთა ამერიკაშიო, თანაც - ხარისხიანი, თორემ სხვაგვარად ასეთ ფორმას ვერ
შეინარჩუნებდაო. ეს რომ ვუთხარი, გულიანად იცინა: ყველას გადაეცი, რაც ვარ, ბუნებრივად ვარ და არცთუ დალხენილი ცხოვრება მაქვსო. თურმე, შინ ყოველდღიურად ვარჯიშობს: "ვარჯიში დიდად არ მიყვარს, მაგრამ ფორმაში უნდა ვიყო. თუმცა მხოლოდ ამისთვის ხომ არ ცხოვრობ ადამიანი? - ყოველთვის ვცდილობ, მხოლოდ გარეგნობით კი არა, ზოგადად, უკეთესი გავხდე, ვიდრე ვარ; მართალია, ათეისტურ ეპოქაში აღვიზარდე და საეკლესიო წესებს ვერ ვიცავ, მაგრამ ყოველ დილა-საღამოს ხატებთან მაინც მივდივარ, "დილა მშვიდობისათი“ ვიწყებ და "ღამე მშვიდობისათი“ ვასრულებ, უფალს ყველაფრისთვის მადლობას ვეუბნები და არც შენდობა-პატიების თხოვნა მავიწყდება“, - მეუბნება და ხანმოკლე საუბრის შემდეგ დუპლექსის ტიპის ბინის შემოვლასაც ვიწყებთ.



- ეს ბინა რომ შევიძინე, მხოლოდ ოთხი კედელი დამხვდა, დანარჩენზე თავად ვიზრუნე: დამპროექტებელიც მე ვიყავი, თანაც - ყოველგვარი ნახაზის გარეშე, დიზაინერიც და ნივთებიც ჩემი შეძენილია.

მისი ბინის სილამაზეს კიბის უჯრედიდანვე იგრძნობთ: ვიდრე პარმაღს გადააბიჯებთ, ხელნაკეთი ნამუშევრებითა და წარწერიანი აბრებით ლამაზად გაფორმებული კედლები მოგჭრით თვალს. კარს იქით კი ხელის გულივით გადაშლილი, ოქროსფრად განათებული სივრცე გხვდებათ, პირისპირ - დუპლექსის მეორე სართულზე ასასვლელი კიბით.

შესასვლელშივე შენიშნავთ "სამაიას“ მოცეკვავეების დარად მდგომ სამ მაღალყელიან ჩექმას (ერთ-ერთში - ქოლგით), შუაში მოგრძო ლითონის საყრდენით.


- რა ორიგინალური ნივთია, საგანგებოდ ქოლგებისთვისაა თუ სხვა დანიშნულებაც აქვს?

- კი, ქოლგების ჩასაწყობია და საკმაოდ მძიმეც. გამოწერით ვიყიდე და ძვირიც გადავიხადე, მაგრამ ისე მომეწონა, ცდუნებას ვერ გავუძელი. რაც მთავარია, ძალიან საჭირო ნივთია.

- welcome friends - ასე ეგებებით მეგობრებს, არა?

- მსგავს აბრას და სხვადასხვაგვარ წარწერას ჩემს სახლში ბევრს ნახავთ. მაგალითად, ასეთიც მაქვს - "ქეთი და შვილები. მობრძანდით“... შემოსასვლელში, აბრის ზემოთ, თაროზე ათასფერ ხეს ხედავთ? ბრაზილიიდან ჩამოვიტანე, ბუნებრივი ქვებითაა შემკული. ალბათ, გასაღებების საკიდი, მოცეკვავე წყვილით, შენიშნეთ. ის არგენტინის სახსოვარია. სხვათა შორის, ყველა ნივთი ხელნაკეთია. სამზარეულოშიც რომ მაქვს ლამაზი დეტალები, ისიც ბრაზილიიდან და არგენტინიდანაა. მოდი, ჯერ მისაღები ოთახი, სასადილო და სამზარეულო დავათვალიეროთ. ამ კარადაში ბევრი ნივთი მაქვს. ანტიკვარებს არ ვაგროვებ, მაგრამ ლამაზი ნივთები ნამდვილად მიყვარს. მაგალითად, პატარა ყავის ფინჯნები განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის. სრული სერვიზიდან ესღა შემომრჩა, დანარჩენი, ყველაფერი დაიმტვრა. გასულ საუკუნეში ამიერკავკასიაში ერთადერთი ფაიფურის ქარხანა იყო და ისიც - ზუგდიდში. სწორედ იქაა დამზადებული.



აქვე მაქვს სვაროვსკის პატარა ფიგურების კოლექცია - ამ ფიგურებს ჩემი მეგობარი ნინო გაბაშვილი ყოველწლიურად მიგროვებს და მჩუქნის. დანარჩენი, ამ კარადაში თავმოყრილი ნივთების დიდი ნაწილი ჩემი ნაყიდია. წლების განმავლობაში, ამერიკაში, თავისუფალ დროს რომ მოვიხელთებდი, სოფელ-სოფელ დავდიოდი და ძველი ნივთების მაღაზიებში ლამაზ თეფშებსა და სხვადასხვა სახის ჭურჭელს იაფად ვყიდულობდი. ახლა იმ სოფლებშიც ისწავლეს ჭკუა და საქონელი გვარიანად გააძვირეს. სხვათა შორის, ნივთები მხოლოდ ვიტრინაში დასაწყობად არ ჩამომიტანია. სტუმრები რომ მოდიან, ყველაფერს ვიყენებ. ეს ლამაზი მუსიკალური კვერცხებიც ამერიკაში შევიძინე. ერთში თაიგულია, მეორეში - წყვილი ქალ-ვაჟი. თევზი კი ჩემი უფროსი ვაჟისთვის - გიორგისთვის ვიყიდე, ჰოროსკოპით "თევზებია“ და - იმიტომ. ეს ცხენიც ძალიან ლამაზია. ერთ ოჯახში ვმუშაობდი და იქ მაჩუქეს. ჩემს ტყუპს წამოვუღე, საბასა და ცოტნეს, ჰოროსკოპით "ცხენები“ არიან და მოეწონებათ-მეთქი.

- ამ ბუხარს ანთებთ ხოლმე?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ბოლო ხანს - იშვიათად. თავიდან ხშირად ვიყენებდი, მწვადებსაც ვწვავდი, სხვათა შორის, შესანიშნავი ნაკეთებია და ძალიან კარგი გაწევა აქვს. ასე რომ, თუ ღმერთი ინებებს, კიდევ დიდხანს მამყოფებს ცოცხალს და ჩემს ქვეყანაში, ამ ბუხარში ძალიან ბევრი რამ მომზადდება.



ამავე სართულზე ქეთის ულამაზესი ბაღიც გაუშენებია. ძალიან ბევრი ლამაზი ყვავილი აქვს, ნაწილი დედის ნაჩუქარი, ნაწილი - მეგობრების, ასევე, ვაჟების და, ცხადია, თავისი ნაყიდიც. მათ შორის უხუცესია პალმა, რომელსაც უკვე 18 წელიწადი შესრულებია. ქეთი გამოტყდა, რომ ყველაზე მეტად სწორედ ეს მცენარე უყვარს, - არ მინდა, მის სიკვდილს მოვესწროო. ყვავილებისთვის ქოთნებიც ნაირ-ნაირი შეუძენია, ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ამერიკაში ნაყიდი დიდი მექსიკელი ბაყაყი-ქოთანია, რომელიც ჯერჯერობით თავის მცენარეს ელოდება.

გარდა აბრებისა, პირველი სართულის კედლებს რამდენიმე ლამაზი ნახატიც ამშვენებს. ყველაზე თვალსაჩინო მისი მეგობრის საჩუქარია - სავარაუდოდ, ცნობილი რუსი მხატვრის, მიხეილ ბოტკინის ნახატის ორიგინალი.

სამზარეულო ფერებითა და აქსესუარებით საკმაოდ ხალისიანია, სასადილო ოთახს კი ბევრი ლამაზი ფიგურა ამშვენებს, თუნდაც - ზურგზე ბავშვმოკიდებული ქალი, რომელსაც ექსპრომტად "ქალის ტვირთი“ ვუწოდეთ, ან იქვე, სარკესთან მდგომი ნეფე-დედოფლის ოქროსფერი ფიგურა.

- რამდენიმე წლის წინ თბილისის ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიაში თაიგულისთვის შევედი. 25 წლის გოგონა მემსახურებოდა. თაიგულს რომ მაწვდიდა, დააყოლა, - ქალბატონო ქეთი, ძალიან დიდ პატივს გცემთ და მიყვარხართ. ეს ფიგურა სამახსოვროდ მინდა, გაჩუქოთო. პატარა გოგონასგან გამიკვირდა, რომ მიცნო და უსაზღვროდ გამიხარდა. თურმე, ჟურნალისტი იყო, მე კი ოდესღაც მისი სტიმული ვყოფილვარ...

თვალიერება-საუბარში ქეთის საძინებლამდეც მივედით...



- საძინებელი სრულიად "ოქროსი“ გქონიათ ანუ ოქროსფერი...

- ოქროსფერი - ატმისფერში. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ოქროსფერი მიყვარს. სიმართლე გითხრათ, უპირატესობას პასტელის ფერებს ვანიჭებ, მაგრამ... რადგან ეგვიპტეში ასეთი საძინებელი შევიძინე, დანარჩენი ნივთებიც მას შევუხამე. სახლის ჭაღები და დიდი მაგიდაც ეგვიპტიდან მაქვს ჩამოტანილი. საძინებელში, ტელევიზორთან სამი ვაზა რომ დგას, ამერიკიდან წამოვიღე. შუას თავად შევუცვალე ფერი - ვერცხლისფერი იყო და ინტერიერის გამო ოქროსფრად ვაქციე. სახლში ორი აბაზანა-ტუალეტი მაქვს, ერთი პირველ სართულზეა, ჩემს საძინებელში, მეორე - მეორე სართულზე. ცალკეა ერთი ტუალეტი სტუმრებისთვის, ოღონდ პირველ სართულზე. ყველა განსხვავებული ფერისაა.

დუპლექსის მეორე სართულზე შიდა კიბეებით ავდივართ. გზად ქეთის სამი ვაჟის სიმბოლო - სამი ბედაურის გამოსახულება გვხვდება. საკმაოდ დიდი ფართობის ჰოლი, ფაქტობრივად, გზაგასაყარია - სხვადასხვა მხარეს მოწყობილია სამი სხვადასხვა ფერის საძინებელი მისაღები ოთახებით. აქედან, ერთი გიორგისია, ორიც - ტყუპის. სხვათა შორის, ეს ის ტყუპია, 27 წლის წინ, დიქტორი ქეთი მითაიშვილის სიყვარულით, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის "მოამბის“ რედაქციამ დაბადებისთანავე ტელეეკრანიდან რომ "გააცნო“ მთელ საქართველოს...

თავდაპირველად თეთრით გაწყობილ მისაღებიან საძინებელში აღმოვჩნდით. უნებლიეთ წამოვიძახე, - აქ ლამის მთელი ცხოველთა სამყაროა თავმოყრილი-მეთქი!

- ამ თეთრ, სათამაშო ცხოველებით სავსე ოთახს, პირობითად, საბას ვაჟის - პატარა ცოტნეს ოთახი დავარქვი. აქ იზრდებოდა, ვიდრე საბა და ანუკა (საბას პირველი მეუღლე - ი.ხ.) ერთად ცხოვრობდნენ. ოთახის დეკორატიული შპალერიც კი ამერიკიდან გამოვაგზავნე.



ოთახიდან გამოსულს გზად პატარა დერეფანი მხვდება და მასპინძელიც დაჟინებით მირჩევს შეხვევას. აი, აქ კი ნამდვილად გამხიარულდები ადამიანი: ძირს დაფენილი წარწერიანი პატარა ფარდაგები და თვალსაჩინო აბრა კვლავ ინგლისური წარწერებით, გამოსახულებებითა და ქეთის საყვარელი ნათელი ფერებით - LAUNDღY ღOOM. წასჰ... დრყ... ფოლდ... თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამრეცხაო და საუთოო ოთახი, რომელიც, წარწერას თუ დავუჯერებთ, 24 საათის განმავლობაში ღიაა და უზარმაცეს ადამიანსაც კი არ დაეზარება იქ ფუსფუსი...

ქეთის უფროსი ვაჟის საძინებლის კედლები ზღვის - ლურჯ-ცისფერ ტონებშია, ავეჯს კი თევზების ფორმა აქვს. აქაც გიორგის - "თევზების“ ზოდიაქოს გათვალისწინებითაა მოწყობილი ოთახი. ქალთა დღეს - 8 მარტს ყოფილა დაბადებული და ბავშვობაში, თურმე, ყველას ეუბნებოდა, მე დედიკოს საჩუქარი ვარო... გიორგი 1996 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს, სასწავლებლად წავიდა და დარჩა. იქ ერთი ქალიშვილი ჰყავს, ძალიან ლამაზი 15 წლის ემილი. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იყო საქართველოში და ვინ იცის, კიდევ როდის ჩამოვა, ქეთი კი, თითქოს, იხტიბარს არ იტეხს, ისევ და ისევ "ოჯახობანას“ თამაშობს და მაინც მუდმივად უახლებს და ულამაზებს შვილს ოთახს - რაკი გიორგი ერთხანს მაიამი-ბიჩიზე ცხოვრობდა, მისი ხედით სურათი გამოიწერა და აქ, ოთახში დაუკიდა. თუმცა გიორგის ეს საჩუქარი ჯერ არ უნახავს...

აქვეა კაბინეტის სტილის მისაღები, წიგნებითა და ოჯახის წევრების ფოტოებით. მექსიკიდან და ჰავაიდან ჩამოტანილ რიტუალურ ნიღბებს შუა ქეთის ახალგაზრდობის ფოტოა, დიქტორად რომ მუშაობდა, იმ პერიოდის...



ქეთისთან, შინ - ყველგან "ოჯახია“, თუმცა... ამ დიდ ბინაში იგი მაინც მარტო ცხოვრობს - წლების განმავლობაში ამერიკაში მუშაობით ტყუპის თბილისურ ბინებზე იზრუნა, გიორგის კი დედისგან ვერის ძველი ბინა ერგო - ერთი ოთახი, სადაც სამივე ძმა გაიზარდა, თუმცა ცალკე მასაც აქვს სხვა ბინა.

- იმდენად მესაკლისება ნამდვილი, თბილი, მშვიდი, მოსიყვარულე ადამიანებით სავსე ოჯახი, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, თითქოს, "ოჯახობანას“ ვთამაშობ. ამ სახლს რომ ვაკეთებდი, წარმომედგინა, რომ, სულ ცოტა, თვეში ერთხელ მაინც მთელი ოჯახი აქ შევიკრიბებოდით, ბიჭები თავიანთი ნამატით მოვიდოდნენ, ვიხალისებდით, მოვეფერებოდით, მოვესიყვარულებოდით ერთმანეთს, პატარები იცელქებდნენ... სამწუხაროდ, ეს სურვილი ოცნებად დამრჩა. ჩემი მოწადინება მხოლოდ "ჩემად“ დარჩა, თითქოს, ცალ კარში ვთამაშობ.

ირმა ხარშილაძე

კომენტარები

ნათია 2022-03-17 18:40
არ. მომწონხარ აასჯერ. წამშალე თუ. გინდა
ნათია 2022-03-17 18:39
არ. შეიძლებოდა. ზვიად გამსახურდიას. ხელისუფლების ასე. გადმოგდება. და ღალატი
ნათია 2022-03-17 18:01
შენ. ცხოვრება ფერად ფერადი ზვიად გამსახურდიას კი. ცხოვრება დაუნგრიე შენ. და შენნაირმა. ჟურნალისტებმა. ომი. დაიწყო. იმის შემდეგ სულ. ომია
ქეთი ბარნაბიშვილი 2020-10-28 17:48
ქეთი შენ ხარ სილამაზის დედოფალი და პრინცესა და დარჩები ყოველთვის

მიყვარხარ ძალიანზე ძალიაან
ქეთი ბარნაბიშვილი 2020-10-28 17:46
ქეთი ჩემო საყვაელზე საყვარელოკარგო ადამიანი ხარ და შენ აკლიხარ სამაუწყებლო ტელევიზიას 1 ლ ი არხს და სურვილი მაქვს რომ დაბრუნდე და გააგრძელო ტელე წამყვანის პროფესია შენ ყველაზე ძალიაან გიხდება ტელე წამყვანობა და შენსავით კარგი კონცერტების წაყვანა
ქეთი ჩემო საყვარელო ძალიან ძალიაან მიყვარხარ შენი ერთგული მაყურებელი გელოდებიან რომ შენი ხმას ეკრანიდან

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები