ქაზიმ ქოიუნჯუ — „ლაზეთის ხმა“
მეტსახელი: „დინა“;
დაიბადა: 7 ნოემბერი, 1971 წ., იეშილქოი, თურქეთი;
გარდაიცვალა: 25 ივნისი, 2005 წ. (33 წლის), სტამბოლი, თურქეთი;
ჟანრ(ებ)ი: ფოლკ-როკი;
საქმიანობა: პოლიტოლოგი, მუსიკოსი;
ქაზიმ ქოიუნჯუ ლაზი პოლიტოლოგი და მუსიკოსი იყო, რომლის მოღვაწეობამაც დიდი როლი ითამაშა თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული ღირებულებების აღდგენისა და შენარჩუნების საქმეში.
დაიბადა 1972 წელს 7 ნოემბერს ხოფის ილჩეში, სოფელ პანჭოლში (ამჟამინდელი იეშილ ქოი ანუ „მწვანე სოფელი“). ბავშვობიდან გამოირჩეოდა მუსიკის სიყვარულით, 13 წლის ასაკიდან გიტარაზე უკრავდა. საწყისში, სწავლობდა თურქეთის ეროვნულ-მუსიკალურ ცენტრ „იაშარა ტურნანა“_ში. შემდეგში ჩააბარა სტამბოლის უნუვერსიტეტში, პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. საინტერესო და გამორჩეული სტუდენტი იყო, მაგრამ მისი აზრები თანატოლებისას არ ემთხვეოდა. 20 წლის ქაზიმი სწავლას წყვეტს და თავს მუსიკას უძღვნის. მას მეგობრები დინას ეძახდნენ, ეს სახელი ახალგაზრდა მომღერალსაც ძალიან უყვარდა.
1992 წელს ალი ელვერთან ერთად ქმნის როკ-ჯგუფს „დიმეინ“. მოგვიანებით, დიდ ყურადღებას უთმობს ლაზური მუსიკის პოპულარიზაციას, თუმცა აქაც ვერ ღალატობს როკს და მსმენელს ლაზური მუსიკის და როკის სინთეზს სთავაზობს.
1993 წელს, მამედ ალი ბარიშ ბეშლისთან ერთად აყალიბებს ჯგუფს „ზუღაში ბერეფი“ („ზღვის შვილები“). ეს იყო მსოფლიოში პირველი ლაზური როკ-ანსამბლი. ჯგუფმა ლაზურად იმღერა, მაშინ როცა თურქეთში სხვა ენაზე სიმღერა ძალიან რთული იყო.
ქაზიმ ქონიუჯუს ყოველთვის ეამაყებოდა მისი ეთნიკური წარმოშობა და მისი დამალვის აუცილებლობასაც ვერ ხედავდა. 1995 წელს „ზღვის შვილებმა“ პირველი ალბომი გამოუშვა, რომელსაც საკმაოდ უცნაური სახელი „ვა მიშქუნან“ („არ ვიცით“) დაარქვა, ალბომში 8 ლაზური სიმღერა შევიდა. ალბომი დიდი პოპულარობით სარგებლობდა თურქეთში და, განსაკუთრებით, თინეიჯერებში.
ჯგუფი ამაზე შეჩერებას არ აპირებდა. 1998 წელს გამოვიდა ალბომი, სახელწოდებით: „იგზას“ („გზაში“), იგი წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს.
სამწუხაროდ, 2000 წელს ჯგუფი დაიშალა, მის ისტორიაში 130-მდე კონცერტი და ორი ალბომი დარჩა.
სოლო კარიერა: ჯგუფის დაშლის შემდეგ ქაზიმი მარტო აგრძელებს მოღვაწეობას, ხშირად ესწრება ლაზური კულტურული ორგანიზაციების შეკრებებს, მაგრამ აქტიურობა არ ახასიათებს, უფრო კარგი მსმენელია, ვიდრე ლიდერი. მომღერალი ქმნის პროექტს სამი სინგლით „სოლკინ სოიუტ“. 2002 წელს პირველი სოლო ალბომი „ვია“ (ზღვის ტალღებზე მონავარდე) გამოდის, ხოლო 2004 წელს მეორე ალბომი „ჰაიდე“.
ქაზიმის მოსასმენად თაყვანისმცემლები სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოდიან. იგი სცენაზე თავისუფლად გრძნობს თავს და ამის შემჩნევა არც მსმენელს უჭირს. მომღერალი ფუატ საკასთან, ვოლკან კანაკომთან და ბაიარ შაჰინთან ერთად მონაწილოებას იღებს სატელევიზიო პროექტში „შავი ზღვის მუსიკა“.
საქართველო: 2003 წლის აგვისტოში ქაზიმ ქოიონჯუ საქართველოში ჩამოდის. საქართველოში მომღერალს განსაკუთრებულ შეხვედრას უწყობენ, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მომღერლის გულში. ის ხშირად იხსენებს საქართველოში მოგზაურობას და გამართულ კონცერტებს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, მისი ემოციები და მიღებული სიამოვნება ყველასთვის ნათელი ხდება. იგი ქართველ ხალხს ძმებს უწოდებს და გაკვირვებულია სტუმართმოყვარეობით და ქართველების მუსიკალურობით.
მას ხშირად უწოდებდნენ მომღერალ „ბულბულს“. მის მიერ ნამღერი „სელემინა“, რომელიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, კოლხური კულტურის გამოძახილია.
2005 წელს ქაზიმს ფილტვის კიბოს დიაგნოზს უსვამენ. 33 წლის ქაზიმი ავადმყოფობას არ ნებდებოდა, თმაგაცვენილი მიდიოდა კონცერტებზე და მსმენელს არ ღალატობდა, ავადმყოფობის პერიოდში დაწერა ჰიმნი საფეხბურთო კლუბ „ტრაბზონსპორისთვის“.
2005 წლის 25 ივნისს მომღერალი გარდაიცვალა. მისი ცხედარი ტრაპიზონში გადაასვენეს, სადაც 60 ათასი ადამიანი დახვდა. ქაზიმ ქოიუნჯუ მშობლიურ სოფელ პანჭოლაში, ერთ-ერთი მთის კალთაზე დაკრძალეს.