დარდი მეზობლებზე... - როცა ახალაშენებულ კორპუსში მარტო ცხოვრობ...

დარდი მეზობლებზე


უცნაური ყოფილა უმეზობლოდ ცხოვრება.
როცა იცი, რომ კედლებს მიღმა არავინ ცხოვრობს.
და შეგიძლია მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა იმღერო ამოჩემებული სიმღერა.
თუნდაც ყველაზე ცუდად იმღერო დედამიწის ზურგზე.
ან აიღო დიდი ჩაქუჩი, გრძელი ლურსმნები
და შუაღამისას გადაწყვიტო კედლების მორთვა ათასი უსარგებლო ნივთით:
მონა ლიზას რეპროდუქციით,
როკოკო-ბაროკოს სტილის ქალის პორტრეტით,
რკინის პეპლით,
მწვანილის საჭრელი ხის დაფით, პლასტმასის ყვავილის საკიდით,
მეჩითოვის გადაღებული ოჯახური ფოტოთი
და მერე ჩამოჯდე.
ჩამოჯდე და მიაყურადო კედლებს.
იქნებ, შემთხვევით, ვინმე გააღვიძე
და ორ წამში კედელზე მოგიბრახუნებს.
იქნებ მოაბეზრე თავი

შენი ყროყინით
და გალანძღვას გიპირებს.
მაგრამ არა.
ჩამი-ჩუმი არ ისმის.
შენს მომავალ მეზობლებს ალბათ ახლა მშვიდად სძინავთ
და აზრზეც არ არიან
რომ მათი მომავალი მეზობელი
მაგრად ურევს,
ხალხს კი ჭკვიანად აჩვენებს თავს...
იცით ჩემო მომავალო მეზობლებო,
საღამოობით მთელი სადარბაზოს შუქი მხოლოდ ჩემი, ჩემი კაცისა და გოგოსთვის ინთება.
იცით რა საწყენია,
როცა მსოფლიოში ყველაზე ცუდი ჩემი სიმღერა არავის ესმის…

ნინო თარხნიშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები