გასულ საუკუნეში ქართველებს ოფიციალური მილიონერი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გვყავდა. იგი მსოფლიოში სახელგანთქმული მინის მრეწველი ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე გახლდათ. ჯორჯ კობის წარმოების საქონელბრუნვა 1929 წლისთვის 15 მილიონ დოლარს აღწევდა, სუფთა შემოსავალი კი - 4 მილიონს.
გრიგოლი დაიბადა 1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, რაჭველი გლეხის, დავით კობახიძის ოჯახში. წერა-კითხვა სოფლის მღვდელმა შეასწავლა. პატარა გიგოს დიდ ნიჭთან ერთად, კარგი ხმა და მუსიკალური სმენაც აღმოაჩნდა, მაგრამ სწავლის გაგრძელების ნაცვლად, 10 წლისა შინიდან გაიპარა, ბორჯომში ჩავიდა, სადაც მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი
ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გიგო ჯერ თბილისის, 1902 წელს კი ოდესის შუშის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ. 1903 წელს 20 წლის გიგო კრასნოდარის გუბერნიაში, დონბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკაში მუშაობს ფრანგი გამანის მინის დიდ ქარხანაში. გამანის ყურადღება მისმა ათლეტურმა აღნაგობამაც მიიქცია და ჭიდაობის მწვრთნელთან მიიყვანა. მალე გიგო გამანის ფალავნად იქცა, ფულადი ჯილდოები კი მისთვის შემოსავლის დამატებითი წყარო გახდა. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, მშვენიერი დაშა ნოდვიკოვა და მეგობარიც შეიძინა, შემდგომ შეერთებულ შტატებში მისი პარტნიორი, ევგენი იგნატიევი.
1907 წლის გაზაფხულზე გრიგოლი პოლონეთის გავლით ჯერ გერმანიაში, მიუნხენში დასახლდა. გერმანელ სპეციალისტთა დახმარებით მინის პროდუქციის დამამზადებელ მცირე საწარმოს აარსებს, შემდეგ ინგლისში მიემგზავრება. 1908 წელს ლონდონში მინის ქარხანაში ეწყობა უბრალო მუშად. იქაც გამოადგა ცოდნა, თავისი გამოცდილება, მალე შეამჩნიეს და დააწინაურეს. იქაც ჭიდაობდა და ცირკშიც გამოდიოდა. მალე ფინანსურად ისე მომაგრდა, რომ ცოლიც ჩაიყვანა, მაგრამ მოშურნეები გამოუჩნდნენ. ამიტომ იძულებული გახდა, მრავალთა მსგავსად ბედი ამერიკაში ეძებნა.
1909 წელს 26 წლის გრიგოლ კობახიძე ნიუ-იორკში ჩადის. იმ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ იყვნენ ქართველები, მათ შორის რაჭველები, რომელთა ერთ ნაწილს ჩვეული ხელობისთვის, მეპურეობისთვის მოეკიდა ხელი. გრიგოლი სწორედ მათი დახმარებით მოეწყო ამერიკაში. ცხრა წელიწადს ცოლთან ერთად კომპანია "ჯენერალ ელექტრიკში" მუშაობდა და თავისი საქმის დასაწყებად ფულს აგროვებდა. დამატებითი შემოსავალი მისთვის ამჯერად გამოგონებებს მოჰქონდა, რამდენიმე პატენტი მიიღო ავტომატურ საწერ-კალმებზე. მცირე ბიზნესიც წამოიწყო. კალმებითა და სხვა წვრილმანი საკანცელარიო ნივთებით ვაჭრობით იმდენი ფული დააგროვა, რომ 1919 წელს დიდი ქარხნის გამართვა შეძლო მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ქალაქ ეტლბოროში. 1922 წელს მისი წარმოება ფეხზე დადგა. სულ მალე მისმა the Coby Glass Products Company-მ ამერიკის აღმოსავლეთის შტატებში სახელიც გაითქვა და ნდობაც მოიპოვა.
პირველ სარეკლამო ფურცლებზე აღბეჭდილია ფირმის პროდუქცია - სამედიცინო, ქიმიური, ლაბორატორიული და სხვა 45 სახის ნაირგვარი ფორმის ნაწარმი, ზომა-წონის მაჩვენებლებით. უშვებდა აგრეთვე ფანჯრის მინებს, ოთახის გასატიხრ ფილებსა და ყიდდა ნედლ მასალას. კობის პროდუქცია ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. იგი მუდმივად აუმჯობესებდა ტექნოლოგიას. გრიგოლი 300-მდე მუშისა და ათეულობით ტექნიკოს-ოსტატისთვის შრომისა და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნას ცდილობდა. მილიონერის სტატუსის მიუხედავად, უსაქმოდ არასოდეს მჯდარა - მისი 60-ზე მეტი პატენტი წარმოებას პრესტიჟს მატებდა.

1929-1933 წლების "დიდ დეპრესიად" მონათლული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ჯორჯ კობისაც შეეხო. მისი წარმოებაც გაკოტრდა. მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა თავი მოიკლა. ჯორჯ კობი მართალია მილიონებს "დაემშვიდობა", მაგრამ იმედი არ დაუკარგავს. იმდენი შეძლება კიდევ ჰქონდა, რომ გაჭირვებულ ქართველებს დახმარებოდა არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროპასა და საქართველოშიც. ჰყავდა სტიპენდიატებიც, მათ შორის ცნობილი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი. უმოქმედობას ვერ ეგუებოდა, ამიტომ თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისივე ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ-კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი წარმოების გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა - სუნამო "საქართველოს დედოფლის" ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმის უმშვენიერესი ფლაკონის დამზადება. აგრეთვე ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილის თვითმფრინავისთვის ზემტკიცე მინის კაბინის დამზადება, რომელიც აფრენის შემდეგ ფიუზელაჟში ჩადიოდა.
1941 წლის 7 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაება. გრიგოლმა ამერიკის მთავრობას ფინანსური დახმარება სთხოვა საომარი შეკვეთებისთვის მინის წარმოების აღსადგენად. როცა მისი საბუთები და მონაცემები შეისწავლეს, დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და თანხა - 2 მილიონი დოლარი. მოკლე ხანში მოაწყო წარმოება და გახსნა ქარხანა მასაჩუსეტსის მოსაზღვრე როდ-აილენდის შტატის ქალაქ პატაკეტში. შეიძინა ოთხი ჰოლანდიური დანადგარი, დაიქირავა 300-მდე მუშა და დაიწყო ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიების, საველე ჰოსპიტალებისა და რიგითი საავადმყოფოებისთვის აუცილებელი პროდუქციის დამზადება. მალე the Coby Glass Products Company კვლავ მძლავრ საწარმოდ იქცა. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ახალგამოგონებულ მინის ამპულებზე ინიექციებისთვის. მისი ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე მოკავშირეებსაც.
ომის შემდეგ წარმოება მშვიდობიან რელსებზე გადაიყვანა და სიახლე დანერგა - ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლებში, ე.წ. Babel light-ში, ქსელში ჩართვის შემდეგ ფერადი ბუშტები იწყებდნენ მოძრაობას. მანამდე ნაძვის ხეებს ნამდვილი სანთლებით რთავდნენ, რაც ხშირად ხანძარს იწვევდა. მოგვიანებით სანთლებს ფერადი მინისგან ამზადებდა და ქიმიური სითხეც საჭირო აღარ იყო. ფერადი მინისგან სხვადასხვა ფორმის სათამაშოების დამზადება დაიწყო და "ორნამენტი" უწოდა. ქართულ დროშისფერ ყუთებში ჩაწყობილ სათამაშოებს ეწერა: "კობი. მინის საშობაო ხის ორნამენტები. კობი - ეს შობაა". სათამაშოები კანადაში გადიოდა, ამიტომ წარწერა ფრანგულადაც კეთდებოდა.
სამწუხაროდ, გრიგოლ კობახიძეს შვილი არ ჰყავდა. თავის დროზე სურდა, ძმისშვილები ან ახლო ნათესავები ჩაეყვანა ამერიკაში და წარმოებაში ჩაება, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო მათთან ურთიერთობა სულაც შეწყვიტა, რათა ისედაც დაზარალებულ ოჯახს მის გამო ახალი რეპრესიები აღარ დასტეხოდა თავს. რაკი ქართველთაგან ვერავინ დააინტერესა წარმოებით, გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებიც გახდნენ კიდეც მისი საქმის გამგრძელებლები.
84 წლის გრიგოლ კობახიძე გარდაიცვალა 1967 წელს. პაგლისებს დავიწყებისთვის არ მიუციათ ჯორჯ კობის ღვაწლი და არც სახელი შეუცვლიათ წარმოებისათვის. მისი ბიოგრაფის, ემიგრანტ გივი კობახიძის ცნობით, 1980-იან წლებში მათ კედელზე ეკიდათ მინის ქარხნისა და წარმოების დამფუძნებლის, ქართველი მრეწველის გრიგოლ კობახიძის დიდი ფოტო. კობის მინის ორნამენტები დღემდე იყიდება ინტერნეტმაღაზიაში. მათ შორის ორიგინალური ფორმის ნაძვის ხის კენწეროს მოსართავი - შექმნილი ჯორჯ კობის – გრიგოლ კობახიძის მიერ.
რუსუდან დაუშვილი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”