„ძალიან გამიხარდება, თუ ვინმეს მოუნდება, რომ ჩემი ნამუშევარი ჰქონდეს ინტერიერში“ - სტუმრად მხატვრის სახლში

მაკა ჯიშკარიანი ის ქართველი მხატვარი გახლავთ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ აიპადით შექმნილი ნამუშევრებით გამოფენა მოაწყო. უყვარს ხატვა და ყველაფერი, რაც მხატვრობასთანაა დაკავშირებული. ძალები სხვა სფეროებშიც მოსინჯა – ქმნიდა სამოსს, აქსესუარებს, მუშაობდა ავეჯისა და ინტერიერის დიზაინზე. მიუხედავად ამისა, მისი მთავარი სიყვარული მხატვრობაა.



– ბავშვობიდან მთელი ჩემი ინტერესები ხატვასთან იყო დაკავშირებული და დიდ დროს ვუთმობდი. მერე სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე და დავიწყე მომზადება. ის სკოლა, რაც მაშინ გავიარე ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. ჩემი სტუდენტობა 90-იან წლებს დაემთხვა, აკადემიაში სწავლის პროცესი ჯობდა, უკეთესი
ყოფილიყო, მაგრამ სახელოსნოში მომზადებამ ნამდვილად ბევრი მომცა.



აკადემიის დასრულების შემდეგაც რთული პერიოდი იყო ჩვენს ქვეყანაში, ჩემი თაობის ადამიანებიდან ცოტანი შემორჩნენ მხატვრობას. მე გამიმართლა და ტელევიზიის ერთ-ერთ რედაქციაში მხატვრად დავიწყე მუშაობა, მოგვიანებით კი ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში გადავინაცვლე გრაფიკულ დიზაინერად. მაშინ ძალიან ახალი იყო სარეკლამო სფერო და ეს საქმე საინტერესოდ მომეჩვენა, ამიტომაც დიდი ხანი დავრჩი ამ სამსახურში, პარალელურად კი ვხატავდი, მაგრამ ამ პროცესს საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა. დროს ითხოვს არა თვითონ ხატვის პროცესი, არამედ ფიქრი იმაზე, თუ რა და როგორ უნდა გააკეთო. გარკვეული დროის შემდეგ წამოვედი სარეკლამო კომპანიიდან და ფრილანსერად დავიწყე მუშაობა, გამომითავისუფლდა დრო და ხატვისთვისაც უფრო მოვიცალე.



– თქვენ ხატავთ აიპადით, გამოფენაც გქონდათ...



– თანამედროვე ტექნოლოგიებიდან აიპადი ჩემთვის საუკეთესოა: ესაა სამუშაოც, გართობაც, შემეცნებაც. როცა აიპადით ქმნი ნამუშევარს, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს რეალურად ხატავ, თან ძალიან მოსახერხებელია, ყველგან შეგიძლია ხატო – ქუჩაში, სახლში. წარმოიდგინე, მხატვარი რომ დადგეს ქუჩაში და დაიწყოს პეიზაჟის ხატვა, მისთვის როგორი დისკომფორტია, როგორ ექცევა ყურადღების ცენტრში, ჩერდებიან ადამიანები, აკვირდებიან და ა.შ.



აიპადით კი ამის გაკეთება ისე შეიძლება, რომ ვერავინ მიხვდება, რომელიმე სოციალურ ქსელს სქროლავ თუ სხვა რამეს აკეთებ. მოკლედ, ამ ჩემი საყვარელი აიპადით ინტენსიურად რომ დავიწყე მუშაობა, დავაგროვე ნამუშევრები და გამოფენაც მოვაწყვე. ლაიტმოტივი ამ გამოფენის იყო ის, რომ მარტივად შევხედოთ გარემოს, რომელიც ხან თავადაა რთული და ხან კიდევ ჩვენ ვართულებთ. ჩემი ამ პერიოდის განწყობა იყო სიმარტივე – ტექნიკური თვალსაზრისითაც ეხმიანებოდა მთავარ აზრს, აიპადი ხომ მარტივი ტექნიკური საშუალებაა, ნახატებიც მარტივი მანერითაა გადმოცემული.



– რამდენადაც ვიცი, გარდა მხატვრობისა, თავი მოსინჯეთ ინტერიერისა და ავეჯის დიზაინში...



– ვერ ვიტყვი, რომ ინტერიერის დიზაინერი ვარ, უბრალოდ შევეხე, ძალები მოვსინჯე. ამასთან ერთად, ვაკეთებდი კერამიკის ჭურჭელს, ვიმუშავე ავეჯზე. დიზაინერი ერთ სივრცეში არ ჩერდება, ამიტომაც მაინტერესებდა სხვადასხვა სფერო. ერთი პერიოდი ტანსაცმლის დიზაინით დავინტერესდი, ვქმნიდი სამოსს და მეგობრებს დაბადების დღეებზე ვჩუქნიდი. ასევე ვკერავდი ჩანთებსაც, ვაკეთებდი აქსესუარებს.



– ინტერიერზე მუშაობისას აქცენტი რაზე გადაგქონდათ? ამ დროს თქვენთვის რა არის ხოლმე მნიშვნელოვანი?



– მნიშვნელოვანია შენობის ხასიათი, დამკვეთის განწყობა, ტენდენციები. ჩემი განწყობით ახლა ინტერიერში ტენდენციურია მკაფიო ფერები და „ლაქები“. ტრენდულია თანამედროვე მხატვრების ნამუშვრების შეტანა ინტერიერში, ანუ არტი ინტერიერში.



ადრე თუ მხატვრებს სწყინდათ, რომ მათ ნამუშევრებს ინტერიერში მოიაზრებდნენ, ახლა ასე აღარ არის, პირადად ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, თუ ვინმეს მოუნდება, რომ ჩემი ნამუშევარი ჰქონდეს ინტერიერში.



– კარადა, რომელიც საოცრად ლამაზ ფერშია გადაწყვეტილი, თქვენი გაკეთებულია...



– კი, ასეა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივი მასალა. ამიტომაც ყველაფერი არაბუნებრივი ნელ-ნელა გავიტანე სახლიდან. ეს კარადა ნაძვისაა, მაგიდა კი ბორჯომის ერთ-ერთ სოფელში მოძებნილი ფიცრებისგანაა აწყობილი. ხე ჩემთვის შეუცვლელია, რაც უფრო მეტია ხის ფაქტურა, მით უფრო მიმზიდველია. ახლა ვიშენებ სახლს თბილისთან ახლოს, ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და სისრულეში მომყავს. მიყვარს სითამამე შემოქმედებაში და ასეთიც იქნება ჩემი ინტერიერი, თამამი ფერებით, თამამი მასალებითა და გადაწყვეტილებებით.



– თქვენი ინსპირაციის წყარო რა ხდება ხოლმე?

– განწყობა და მხატვრები. სულ ვეძებ ახალ მხატვრებს, ან ძველი მხატვრების ახალ ნამუშევრებს.



– კომერციული თვალსაზრისით რამდენად მომგებიანია თქვენი საქმე?



– თუ ცოტა მეტს ვიფიქრებ ამ თემაზე, ეს საქმე ჩემთვის მომგებიანი გახდება. ჩემი ნამუშევარი ლიმიტირებული პრინტია, ავტორის ხელმოწერით, დაინტერესებულ ადამიანს მისი შეძენის შემთხვევაში ექნება საშუალება, საავტორო ნამუშევარი იყიდოს იაფად. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ეგზემპლარია, ფასი დაბალი აქვს, მაგრამ საავტოროა.



– როცა ნივთებს გააჩუქებთ ან ყიდით, მერე გენატრებათ?



– ვფიქრობ, ასე ნამუშევარი ახალ სიცოცხლეს იძენს და თუ ვიცი, რომ იმ ადამიანსაც მოსწონს და სივრცეს უხდება, მით უმეტეს არ მენანება.

ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები