სახლი პარიზის ბოჰემურ რაიონში, სადაც გაკოტრების გარეშე ცხოვრება შეიძლება

პარიზის ბოჰემურ რაიონში, მონმარტრზე, რომანტიკულ ბულვარებს, ცნობილ კაბარეს, ისტორიულ კაფეებს, დახვეწილ რესტორნებსა და პატარ-პატარა მაღაზიებს შორის იმალება ერთი პატარა სახლი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახლი არანაირ არქიტექტურულ შედევრს არ წარმოადგენს, სტუმრების ნაკლებობას არასდროს უჩივის. სახლს სტუმრობენ ადამიანები, რომელთაც უნდათ დატკბნენ ფრანგული რომანტიზმით და ულამაზესი ხედებით ისე, რომ არ გაკოტრდნენ.
ეს ინფორმაცია დააინტერესებს მათ, ვისაც საფრანგეთის მონახულება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ფიქრობს, რომ საკმარისი თანხები არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მონმარტრზე განთავსებული სახლი ციცქნაა, სულ რაღაც 20 კვ.მ, მას კომფორტის მხრივ არავინ
იწუნებს და მისი დაჯავშნის მსურველებიც არ ილევიან.

ცნობისთვის, მონმარტრის ისტორიული რაიონი საფრანგეთში ყველაზე რომანტიკულ და ლამაზ ადგილად არის მიჩნეული. ამ ადგილის დასახლება ჯერ კიდევ ძველი რომის იმპერიის დროს დაიწყო, თუმცა პარიზის შემადგენლობაში მხოლოდ 1860 წელს შევიდა და თავისი საოცარი ბუნებისა და რომანტიკული გარემოს წყალობით მალევე მოიპოვა პოპულარობა.

ლოგიკურია, რომ ასეთ ლამაზ და პოპულარულ ადგილზე სახლის ქირაობა იაფი არ ეღირება. გამონაკლისს მხოლოდ ჰოსტელები და ეს პაწაწინა სახლი წარმოადგენს, რომლის ქირაობაც დღე-ღამეში სულ რაღაც 95 დოლარად არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ კარგად დაგვეთვალიერებინა ის სახლი, რომელიც კომფორტულიც ყოფილა და საკმაოდ იაფიც. სახლში შესვლისთანავე აღმოჩნდებით მისაღებში, რომელიც სამზარეულოს უერთდება. ღია სივრცე ინტერიერს კიდევ უფრო ალამაზებს და მოხერხებულს ხდის. დიზაინერები მაქსიმალურად ეცადნენ, რომ ეს სივრცე არ გადაეტვირთათ. მაგიდად აქ ძველი სკივრია გამოყენებული.


სამზარეულო ყველა საჭირო წესის დაცვით არის დაკომპლექტებული. აქ არის ყველაფერი, რაც აუცილებელია ადამიანის სრულყოფილი ცხოვრებისთვის, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სახლის მახლობლად არის უამრავი ძალიან კარგი კაფე, ბარი თუ რესტორანი და არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს საჭმლის შინ მომზადება.

კიბეებით აღმოჩნდებით მეორე სართულზე და საძინებელში, რომელსაც ვეებერთელა საწოლი ამშვენებს. კარად დიდი ზომის ნამდვილად არ არის, საბედნიეროდ, მოგზაურთა უმეტესობა სულაც არ მოგზაურობს ბარგის დიდი რაოდენობით, ასე რომ, მინიატურული კარადა დისკომფორტს არავის უქმნის.

მინიატურულ სახლში სრულფასოვანი აბაზანაც არის ყველა საჭირო ატრიბუტითა თუ მოწყობილობით.

კომენტარის დამატება