უნიკალური ნივთები, რომლებიც ეკატერინე ჭავჭავაძესა და ბარბარე ჯორჯაძეს ეკუთვნოდათ - თეირანიდან გამოგზავნილი საჩუქარი საყვარელი მეუღლისთვის


მარტის მოსვლა ქალთა დღესასწაულებთან ასოცირდება. გაზაფხულის პირველ თვეს ხომ ქალბატონები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევიან.  ამჯერად გადავწყვიტეთ ცნობილი ქართველი ქალები გაგვეხსნებინა ჩვენი წარსულიდან და მათი კუთვნილი ულამაზესი ნივთები წარმოგვედგინა, რომლებიც ლიტერატურულ მუზეუმში ინახება.  

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე 

ბარბარე ჯორჯაძე რაფიელ ერითავის უმცროსი და გახლდათ და ძმის მსგავსად მასაც ხელეწიფებოდა წერა. პოეზია, პროზა, დრამატურგია, პუბლიცისტიკა - ყველა ამ დარგში ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე საინტერესო ნაწარმოებებს ქმნიდა. ის ერთ-ერთი პირველი ალაპარაკდა ქალთა მდგომარეობასა და მათ უფლებებზე. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია 1893 წელს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნებული მისი წერილი „ორიოდე სიტყვა
ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ“.
ბარბარე ჯორჯაძის პიესა „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ წლების განმავლობაში სხვადასხვა სცენაზე იდგმებოდა. ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ჰქონდა საკუთარი აზრი, წერა-კითხვის სწავლების საკუთარი მეთოდოლოგიაც შეიმუშავა და პირველი ქართული კულინარიული წიგნის ავტორიც იყო. „სრული სამზარეულო“ (ქართული და ევროპული კულინარიის რეცეპტები) 1874 წელს ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა და მთელი ტირაჟი სრულად გაიყიდა. ბარბარე ცხოვრების ბოლომდე ესწრაფოდა სიახლეებს და საკუთარ შესაძლებლობებს მრავალი მიმართულებით ცდიდა.
ეს კი მისი კუთვნილი ნივთებია, რაც ისტორიამ შემოგვინახა:
ეს  ბარბარე ჯორჯაძის ნაქონი სპილოს ძვლის მარაოა, რომელიც 15 ფირფიტისგან შედგება.


ბარბარე ჯორჯაძის მინის ფინჯანია ლითონის სადგამით, რომელსაც სამკაულების დასაწყობად იყენებდა. 

ეს სადაფის ნიჟარა კი საფერფლე გახლავთ.


პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული ნინო პოეტმა და დიპლომატმა ალექსანდრე გრიბოედოვმა 1828 წლის 3 სექტემბერს შეირთო ცოლად. ქორწინების დროს საქმრო 33 წლის იყო, ხოლო პატარძალი სრულიად ნორჩი - 15 წლისა. მათი ქორწინება მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა, მაგრამ ნინო სიცოცხლის ბოლომდე ქმრის ერთგული დარჩა. არსებობს საეკლესიო წიგნში მღვდლის ჩანაწერი: „მისი იმპერიული უდიდებულესობის სპარსეთის სრულუფლებიანი მინისტრი, სახელმწიფო მრჩეველი და კავალერი ალექსანდრე სერგეევიჩ გრიბოედოვი კანონიერად დაქორწინდა ქალწულ ნინოსთან, გენერალ-მაიორ, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილზე“.
ერთ-ერთ ლიტერატურულ ნარკვევში ნინო ჭავჭავაძის შესახებ ვკითხულობთ: „ნინო იყო შეუდარებელი მუსიკოსი, მომღერალი, მოცეკვავე, ოჯახური სპექტაკლების რეჟისორი და მსახიობი-შემსრულებელი, აგრეთვე ხატვაც ეხერხებოდა. იგი დიდებული მქარგველი, ცხენზე მოჯირითე და ლიტერატურის ჭეშმარიტად მოტრფიალე ადამიანი გახლდათ. ის პირველივე დანახვისთანავე ერთნაირად ხიბლავდა ქალებსაც და ყველა ასაკისა და ეთნიკური წარმოშობის მამაკაცებსაც, როგორც ქართველებს, ასევე აზიელებს, რუსებსა და ევროპელებსაც.“
მისი მემორიალური ნივთებიდან რამდენიმე სწორედ ლიტერატურის მუზეუმშია დაცული. 

ბრინჯაოს სამელნე ფაიფურის სადგამით. ალექსანდრე გრიბოედოვს გამოუგზავნია ნინო ჭავჭავაძისათვის, სამელნის სახურავის შიდა ზედაპირზე გრიბოედოვის ფაქსიმილე და ფრანგულენოვანი წარწერაა: Ecrives me souvent le mien ange Ninaubie! Tontle tien A. G. januziz 15, anmes 1829, Teiran. („მომწერეთ ხშირად, ჩემო ანგელოზო ნინობი, მხოლოდ შენი ა.გ.; 15 იანვარი; 1829 წ. თეირანი“).

კალმის დასადები მოხატული ფაიფურის ლანგარი ბრინჯაოს ნაწილებით. ალ. გრიბოედოვს გამოუგზავნია მეუღლისთვის, ნინო ჭავჭავაძისთვის.

ფოტოების მოწოდებისთვის მადლობა ქალბატონებს - თეა თვალავაძეს და ნანა კობალაძეს.
ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები