როიალების ცნობილი ამწყობის საოცარი წარსული და სევდიანი დღევანდელობა

უკვე 90 წელს მიტანებულია. მუხლი და მაჯა ისე აღარ უჭრის, როგორც ახალგაზრდობის დროს, თუმცა წლებს არ ეპუება, ცდილობს ფარ-ხმალი არ დაყაროს და მხნეობა შეინარჩუნოს. ცხოვრების გზაზე ბევრი სიხარული და ტკივილი, ბედნიერება და დარდი, იმედი და იმედგაცრუება გაუვლია, ამ ყველაფეს კი მის თვალებსა და ნაოჭებით დაღარულ სახეზე ღრმა კვალი დაუმჩნევია. როიალების ცნობილი ამწყობი გივი კერესელიძე წმინდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) შთამომავალია. დღეს მარტო ცხოვრობს, წარსულის დღეებს სევდანარევი ღიმილით იხსენებს. 


- სამამულო ომში ვიბრძოდი. როცა ომიდან დავბრუნდი, მაშინ მამაჩემის ბიძაშვილი დანიშნეს მუსიკალური კომბინატის

დირექტორად. მე უმაღლესში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, მან მთხოვა, კომბინატში წავყოლოდი დროებით. წავყევი, დავრჩი და დავრჩი იქ... ომის პერიოდში სამხედრო ოკრუგიდან ძალიან ბევრი მუსიკალური ინსტრუმენტი შემოჰქონდათ ეშელონებით. ფაბრიკა მე მებარა, მოჰქონდათ ჩემთან სარემონტო ინსტრუმენტები, მყავდა ხელოსნები და რესტავრაციას ვუკეთებდით მათ. თბილისში ინსტრუმენტები მაშინდელ ლენინის მოედანზე შემოდიოდა, იქ იყო შტაბი. შემდეგ ისინი აგზავნიდნენ სამხედრო ნაწილებში. 1950 წელს კონსერვატორიაში გავაკეთეთ 60 ინსტრუმენტი. პროფესორი ჯიმი ამირეჯიბი მაშინ მოსკოვში სწავლობდა, იონა ტუსკია იყო დირექტორი. “ბექშტეინის” ძალიან კარგი როიალი იყო ჩამოწერილი, გადმოვაბრუნეთ ეს როიალი, გავაკეთეთ და პროფესორები დაგვცინოდნენ, მაგისგან არაფერი გამოვა, გადასაგდებიაო. კონსერვატორიაში დაბლა პატარა საკონცერტო დარბაზია, როცა შევაკეთეთ, იონამ ეს პროფესორები მოიყვანა და დასვა ზურგით. ორ ინსტრუმენტზე უკრავდა - ახალზე და ჩვენს გარემონტებულზე. ისინი ვერ მიხვდნენ, რომელზე უკრავდა იონა, ისეთი საოცარი ხმა ჰქონდა... ეჰ, მაშინ მაჯაც და მუხლიც სხვანაირად მიჭრიდა. საოცარი ხელოსნები იყვნენ ჩემს დროს. დაახლოებით 60 ხელოსანი იყო. აქედან ძალიან ცოტა მუშაობდა კონსერვატორიაში, ან ოპერაში, ძირითადად მოყვარულები იყვნენ და კერძო ხელოსნებად მუშაობდნენ.

- იმ პერიოდისთვის რა დასახელების როიალები შემოდიოდა და ყველაზე კარგი რომელი იყო?
- ძირითადად შემოდიოდა გერმანული ინსტრუმენტები, ”ტრაფენის” ინსტრუმენტები, მაშინაც და დღესაც ფასობს ამერიკული ”სტეინვეი”, გერმანული ”ბეხშტეინი”, ”ბლუტნერი”, ”აგუსფოსერი”, ”იბახი” და ა.შ. კარგი როიალი რომ შეარჩიოთ, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ზომას. ოჯახისთვის თუ გინდათ, ზომა დაახლოებით 2 მეტრამდე უნდა იყო. სულ 4 ზომაა - მინიონი, კაბინეტი, სალონი და საკონცერტო. ოჯახისთვის შეიძლება შევიძინოთ სალონი, ან კაბინეტის როიალი. კლავიატურა უნდა იყოს 88-კლავიშიანი. ფორტეპიანოს არ უყვარს ორპირი ქარი, ამ დროს რეზონანსმა იცის გახეთქვა, რის შემდეგაც ჟღერადობა ისეთი აღარ ექნება, როგორც უწინ ჰქონდა. ძალიან უყვარს როიალს სისუფთავე, გაწმენდა. ზაფხულის და ზამთრის ტემპერატურა მაინც მოქმედებს მასზე, ამიტომ სულ რომ არ უკრავდე, წელიწადში ერთხელ მაინც სჭირდება აწყობა. მზეც არ უყვართ ინსტრუმენტებს. სხივები აფუჭებს ზედაპირს. გააჩნია, როგორი სიცხე მოდის ინსტრუმენტზე, თუ შიგნით შეაღწია ტემპერატურამ, იქაც დიდ ზიანს მიაყენებს.


- თქვენ როგორ ისწავლეთ როიალების აწყობა?
- ჩემი სიმამრი იყო რუსი. სპეციალურად ჩამოიყვანეს როსტოვიდან და მუსიკალურ კომბინატში, სადაც მე ვმუშაობდი, აწყობდა ინსტრუმენტებს. მისგან ვისწავლე ინსტრუმენტების გარემონტება. მასთან მოდიოდა გოგო, მისი შვილი, რომელიც ძალიან მომწონდა და ჩუმად ვუთვალთვალებდი ხოლმე. ძალიან ლამაზი იყო და ჩემთვის წამოვიყვანე (იღიმის). ჩემს ხელში დაამთავრა უმაღლესი. ორი შვილი გვეყოლა, ერთი ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. მეორე ბიჭი კი... დღესაც ვერ ვეგუები... მოულოდნელად დამეღუპა.


- დღეს მარტო ცხოვრობთ?
- კი მარტო ვცხოვრობ. მეუღლე 1996 წელს გარდამეცვალა. ცოლი აღარ მომიყვანია, მას ვერავინ შემიცვლიდა. შვილები დაბინავებული მყავდა. რომელიც გარდამეცვალა, ოპერის უკან ცხოვრობდა ჩემი მშობლების ბინაში. მოსკოვში რომელიც ცხოვრობს, ოთხი შვილი ჰყავს, ჩამოდის ხოლმე საქართველოში. გარდაცვლილი შვილის შვილი თბილისში ცხოვრობს, 24 წლისაა, მხატვარია, ჩემი მოსახელეა. როგორც გითხარით, ცოლი აღარ მოვიყვანე და დავრჩი ასე მარტო.


- არ გიჭირთ მარტოობა?
- ვცდილობ, არ გავიჭირვო. არ ვისვენებ, მაინც ვმუშაობ, მინდა გული გადავაყალო. გვერდზე ოთახში სახელოსნო მაქვს და ხელით ვაკეთებ კარადა-ბულებს (ანტიკვარული სტილის, წითელი ხის ავეჯს), მარმარილოს გარდა ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. ორიგინალს რომ შეადაროთ, ვერაფერს შეატყობთ,ისე სუფთად ვაკეთებ. ამ ბულზე 7-8 თვეა ვმუშაობ და ჯერ დასრულებული არ არის. პირველი ნამუშევარი 1947 წელს გავაკეთე და დღესაც ვინახავ სამახსოვროდ. ასეთი რაღაცები იშვიათად კეთდება საქართველოში.


- ბევრი მედალი შევნიშე. რისთვის მიიღეთ ეს ჯილდოები?
- ესენი ომის დროს მაქვს მიღებული. ბოლოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენი მომანიჭა.


- მინდა თქვენი ბაბუა, წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) გაიხსენოთ.
- იგი მამაჩემის ბიძა იყო. სიდუხჭირის გამო 15 წლის იყო, როცა რაჭაში, სოფელ სადმელში დატოვა მამის სახლი და ბარში ჩამოვიდა. 1913 წლის მაისში ბაბუა ექვთიმეს დიაკვნად დაასხეს ხელი. ამ დროიდან დაიწყო მისი ყველაზე რთული და დაძაბული ცხოვრების გზა. გელათში კომუნისტებმა დაიჭირეს, რეალურად მიზეზი მისი მღვდლობა იყო, თუმცა სხვა საბაბს ეძებდნენ, ბრალდების არქონის გამო რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა. მუშაობა დაიწყო სტამბაში, შეისწავლა ნოტები და საეკლესიო გალობები. მან საქართველოს 5000-ზე მეტი საგალობელი შემოუნახა. ეს ყველაფერი ალბათ არ გვექნებოდა, რომ არა წმინდა ექვთიმეს დაუღალავი, მუხლჩაუხრელი შრომა. ამიტომაც შერაცხა წმინდანად დედაეკლესიამ. ქუთაისიდან რომ მოდიოდა, ურმით წამოიღო ეს ყველაფერი. ჯერ მცხეთაში იყო, სვეტიცხოველში, მერე ავიდა ზედაზენზე. აღსასრულის მოახლოება რომ იგრძო, ამოუთხრია ორმო და თვითონვე ჩაწოლილა - ეს ამბავი ერთმა მონაზონმა მიამბო. მე ერთი ცოდვა მიმიძღვის მის წინაშე. ჩვენთან დიდი სკივრი ჰქონდა, მთავრობამ დიდი ფული აჩუქა და იქ ინახავდა. მე ჩუმად ვეპარებოდი და უკანა მხრიდან ვპარავდი ხოლმე ფულებს. ერთადერთი ვარ ცოცხალი, ვისაც ბაბუა ახსოვს. მუხლებზე დამისვამდა და მეთამაშებოდა. ზეთისხილი მიყვარდა და გასახარებლად მოჰქონდა ხოლმე. ხშირად მინდა მის საფლავზე, ზედაზენზე ასვლა, მაგრამ არ შემიძლია. ნათესავები თუ მომაკითხავენ და წამიყვანენ, ძალიან ბედნიერი ვარ იმ დღეს.
მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები