თბილისთან ახლოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტმა ბერდია ნაცვლიშვილმა და მისმა მეუღლემ ხატია ჯამბაზიშვილმა ერთი ჩვეულებრივი სახლი, ნამდვილ წალკოტად აქციეს.
აგარაკის ინტერიერი ხომ საუცხოოდ მოაწყვეს, მაგრამ ექსტერიერი ისე დააგეგმარეს, ერთ სივრცეში არსებული დეკორატიული ბაღი, ბოსტანი ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულით და ხეხილით განაშენიანებული ტერასები ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის და წლის ყველაზე სეზონზე ულამაზეს გარემოს ქმნის.
ეზოს ერთიან კონცეფციას სრულყოფილს ხდის ისეთი არქიტექტურული ელემენტები, რომელშიც გამოყენებულია ძველი ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სამშენებლო მასალა - წითელი აგური, კრამიტი
გარდა იმისა, რომ ბერდია და მისი მეუღლე ამ ულამაზეს გარემოზე ზრუნავენ, აქტიურები არიან კარიერული თვალსაზრისით, თბილისში ცხოვრობენ - ბერდია საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის დირექტორია, პარალელურად, ლექციებს კითხულობს, აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი მეუღლე ხატია, პიარ სააგენტოში ციფრული მედია ჩართულობის მიმართულებას კურირებს. წყვილს სამი შვილი ჰყავს: 15 წლის თეკლა, 10 წლის ლუკა და 5 წლის ნიკო. თუ როგორ ახერხებენ კარ-მიდამოს მოვლას ბულაჩაურში ასეთ აქტიურ კარიერულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ერთად - ამაზე თავად ბერდია ისაუბრებს ინტერვიუში.
- როდის გაგიჩნდათ იდეა და ინტერესი, რომ გქონოდათ აგარაკი და ასე გეზრუნათ მის განაშენიანებაზე? რა იყო ინსპირაცია?
- ინტერესი, რომ გვქონოდა აგარაკი, მე და ხატიას ჩვენი ქორწინების მე-4 წელს გაგვიჩნდა, როდესაც დღის წესრიგში დადგა ჩვენი 1 წლის თეკლას ქალაქგარეთ დასვენების საკითხი. გვინდოდა ისეთი ადგილის შერჩევა, სადაც ზაფხულში მთელი ოჯახი თბილისიდან გადავიდოდით, მე და ხატია სამსახურში იქიდან ვივლიდით, თეკლა - ბაბუა-ბებიასთან დარჩებოდა, საღამოობით კი ყველანი ერთად მშვიდ გარემოში ისევ შევიკრიბებოდით.
ადგილმდებარეობის შერჩევას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით, რადგან გვსურდა ისეთ ადგილზე დაფუძნება, სადაც ყველა სეზონი გამორჩეული იქნებოდა: ზაფხული გრილი, შემოდგომა ფერადი, ზამთარი მკაცრი, გაზაფხული კი ბუნების გამოღვიძებასთან ასოცირებული. გარდა ამისა, ის უნდა ყოფილიყო თბილისიდან არაუმეტეს 45 წუთის სავალზე, რომ იოლი ყოფილიყო სამსახურში ყოველდღიურად სიარული.
ასე დაიწყო აგარაკის ძიების პროცესი: მე და მამა ჩავსხედით მანქანაში და რამდენიმე კვირის მანძილზე მოვინახულეთ სხვადასხვა ადგილები, ბოლოს სოფელ ბულაჩაურში იმ სააგარაკე ადგილს მივაგენით, რომელიც საბოლოოდ ჩვენი არჩევანი გახდა. მანამ შევიძენდით, ადგილი ჩემს კოლეგებს, მეგობრებს და ოჯახის სხვა წევრებსაც ვაჩვენე, ყველასგან პოზიტიური უკუკავშირი მივიღეთ და გადაწყვეტილება შეძენაზეც მალევე მივიღეთ.
- რა კონცეფციით დაიწყეთ აგარაკზე სამუშაოები? თავიდანვე გქონდათ ჩანაფიქრი, რომ ბოსტანი, ეზო, ბაღი ერთ სივრცეში უნდა ყოფილიყო ინტეგრირებული, თუ ნელ-ნელა მუშაობის დროს დაიხვეწა იდეა?
- თავიდანვე ვიცოდით, რომ დროის უდიდესი ნაწილი ეზოში უნდა გაგვეტარებინა. როდესაც ასეთი ამოცანა გაქვს, არაა მარტივი ეზო ისე დააგეგმარო, რომ იქ ყოფნა დილას, შუადღეს და საღამოს თანაბრად კომფორტული იყოს. ეზოს დაგეგმარება მე ვითავე. ვკითხულობდი ბევრს, ვეცნობოდი უამრავ ინტერნეტ რესურსს, რჩევებს გავდიოდი ოჯახის წევრებთან, შედეგად შევქმენი ეზოს მოწყობის რამდენიმე ვარიანტი, ბოლოს კი, ჩემი აზრით, ყველაზე ოპტიმალური ვერსია შევარჩიე - ეზო ნაწილობრივ დატერასდა და მოეწყო სხვადასხვა მოსასვენებელი და ფუნქციური სივრცე.
იმისათვის, რომ ეზო ყველა სეზონზე „ცოცხალი“ ყოფილიყო, აუცილებლი გახლდათ, დაგვერგო ბევრი მარადმწვანე მცენარე, მასთან მიმართებაში ბოსტნისა და ხეხილის სივრცის დაგეგმარებაც ისე მოხდა, რომ ისინი ინტეგრირებული ყოფილიყო ერთმანეთთან და არა განცალკევებით მდგომი. მიუხედავად იმისა, რომ ბოსტანს და ხეხილს სეზონურად აქტიურად მოვიხმართ და ზამთრის მარაგებსაც ვამზადებთ, ისინი მთლიანი ეზოს დეკორატიულ ნაწილს წარმოადგენენ. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ერთიან კონცეფციას კრავს არქიტექტურის ისეთი ელემენტები, სადაც გამოყენებულია ადგილობრივი მოსაპირკეთებელი ქვა, ძველი ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სამშენებლო მასალა - წითელი აგური, კრამიტი და ხე.
- დეკორატიული ბაღში თუ გაქვთ იშვიათი მცენარეები? რომელია ყველაზე რთულად მოსავლელი? ალბათ მათაც თავისი სპეციფიკა აქვთ...
- დეკორაციულ თარგებში, და ზოგადად ეზოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოში გავრცელებული თითქმის ყველა ტიპის მცენარეა წარმოდგენილი. ისინი ისეა შეხამებული, რომ სხვადასხვა სეზონზე, სხვადასხვა ფერებით წარსდგებიან ჩვენს წინაშე. იშვიათი მცენარე არ გვაქვს, თუმცა გვაქვს ერთი კედარის ხე, რომელიც საუცხოო სილამაზეს ქმნის ეზოს შემოსასვლელში. ის 2012 წელს ჩემი ხელით დავრგე, მაშინ ახალგაზრდა ნერგი მაქსიმუმ 1 მეტრის სიმაღლის იყო. ჩვენდა მოულოდნლეად ისეთი სწრაფი ტემპებით იზრდება, რომ მისი სტრუქტურა ყველას ყურადღებას იქცევს. რეალურად, ბოლო პერიოდში, ის გახდა ჩვენი ეზოს მთავარი სავიზიტო ბარათი, რომლის გარშემოც ხდება სხვადასხვა დიზაინის ელემენტების მორგება. კედარი განსაკუთრებით გამორჩეულია ზამთარში, შობა-ახალ წელს, მაშინ როდესაც მისი ტოტები თოვლითაა დაფარული, თვითონ კედარის 12 მეტრიანი ხე კი მორთულია ფერადი გირლიანდებით და შობა-ახალი წლის ბუნებრივ საზეიმო განწყობას ქმნის. რეალურად, ის ჩვენი მთავარი საახალწლო ნაძვის ხეა!
2024 წელს ჩვენი კედარის ერთ ნაწილში, სოკოვანი დაავადება დაფიქსირდა, რამაც ძალიან შეგვაშინა, ამიტომ მთელი 2024 წლის ზაფხული ამ დაავადების მკურნალობის საკითხებით ვიყავით დაკავებული. ყოველ კვირა სხვადასხვა რეკომენდებული პრეპარატით ვახდენდით მის დამუშავებას. იმედია, მომავალ სეზონზე, ჩვენი კედარი ამ პრობლემის გარეშე გაალამაზებს ჩვენს ეზოს.
- გარდა ამისა, რა სირთულეებს წააწყდით ბაღის, ბოსტნის გაშენების დროს?
- გამიმართლა და დეკორატიული ბაღის გაშენების დროს, კარგ ხალხს გადავეყარე. მათი დამსახურებაა ის, რომ დეკორატიული მცენარეები, რომლებიც ჩვენს ეზოშია, კარგად არის შერჩეული და მორგებულია ადგილობრივ გარემოს და რაც მთავარია, ყველა სეზონს. მაგალითად, თუ ზაფხულში მათი უმრავლესობა მწვანეა, შემოდგომაზე, ყვითელი და წითელი ფერების შემოსვლით მთლიანად ცვლიან ეზოს დიზაინს. ერთია, დეკორატიული ბაღის გაშენება, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი მისი მოვლა გახლავთ. ეს უკანასკნელი, ჩემს თავზე მაქვს აღებული და აქტიურად ვუვლი ყველა მცენარეს, მათ შორის ბალახის გაზონს, რომლის კრეჭა საკმაოდ შრომატევადია, განსაკუთრებით სეზონზე.
თავიდან მეგონა, დეკორატიული მცენარეები დიდ მოვლას არ საჭიროებენ და წლების მანძილზე, მხოლოდ მათი ფორმირებით და ნიადაგის მოსუფთავება-გაფხვიერებით ვიყავი დაკავებული, არანაირ პრევენციულ წამლობას არ ვუტარებდი, მაგრამ ბოლო პერიოდში რამდენიმე დეკორატიულ მცენარეს მათთვის დამახასიათებელი დაავადება გაუჩნდა. ამიტომ, მეც ბოლო ორი წელია აქტიურად ვიყენებ სხვადასხვა პრეპარატებს. რა თქმა უნდა, ვარდს ეს არ ეხება, რადგან მას რეგულარულად სჭირდება წამლობა, თუმცა, წინა წლებში ჩემი მიდგომით წამალს არ ვაკარებდი მანამ, სანამ არ გაუჭირდებოდა, მაგრამ ამ სტრატეგიამ არ იმუშავა და ახლა ვცდილობ, პრევენციულად, 10 დღეში ერთხელ ვარდს წამლობა არ მოვაკლო. თუმცა, ბოლომდე ამას მაინც ვერ ვახერხებ.
ბოსტანი ცალკე ამბავია, რომელიც ყოველ წელს თავიდან ერთი და იგივე რუტინული ეტაპების გავლას მოითხოვს. ბოსტნის მთელი ტერიტორია დაქსელილია წვეთოვანი სარწყავი სისტემით, კვლები ამაღლებულია და შემოღობილია ხით, ხოლო კვლებს შორის მოხრეშილი საფეხმავლო გზაა გაკეთებული.
ჩვენი ბოსტნის ნიადაგი ზამთარში და ადრე გაზაფხულზე იბარება. 2-3 წელიწადში ერთხელ, დაბარვის დროს ნიადაგს ვახმარ ბუნებრივ კომპოსტს.
ბოსტანში თითქმის ყველა სახეობის მწვანილია დათესილი, განსაკუთრებული ადგილი კი, პომიდორს, კიტრს, ბადრიჯანს, მწარე და ტკბილ წიწაკას, კომბოსტოს, პიტნას, ბარამბოს, უცხო სუნელს, საზამთროს, ნესვს, მზესუმზირას და სიმინდს უჭირავს. ზაფხულში, ბოსტანი მრავალფეროვანია და ის ეზოს დიზაინს განსაკუთრებულ ელფერს აძლევს. წარმოიდგინეთ რეჰანის კვალი, რომელსაც მეზობლად კომბოსტო და წითელი წიწაკის კვალი ესაზღვრება. ფერები ისეა გადანაწილებული, რომ ულამაზეს გარემოს ქმნის, რომ არაფერი ვთქვათ იმ სურნელზე, რომელიც ბოსტანში სიარულისას იგრძნობა. გარდა ბოსტნის დეკორატიული დაგეგმარებისა, ერთი სიამოვნებაა ზაფხულსა და ადრე შემოდგომაზე ეზოში მოკრეფილი კიტრისა და პომიდვრის სალათის გაკეთება რეჰანთან და სხვადასხვა მწვანილთან ერთად, ან ბადრიჯნის შეწვა და მისი ნივრით შეკმაზვა. ეს ჩვენი სუფრის განუყოფელი ნაწილია, რომლითაც სტუმრებს ვუმასპინძლდებით.
ამ საქმესაც დიდი შრომა უნდა, რადგან სეზონის განმავლობაში, მორწყვის გარდა, აუცილებელია ბოსტნის რამოდენიმეჯერ გამარგვლა, ასევე, პრევენციული წამლობა, რომელიც მე მინიმუმამდე მაქვს დაყვანილი და ვცდილობ, ბუნებრივი პრეპარატების გამოყენებით შემოვიფარგლო, ისიც მხოლოდ რამდენიმეჯერ სეზონზე, თუმცა, ესეც არაა საკმარისი. მეტი წილი პრობლემა პომიდორზე მოდის. ვერ მოვახერხე დღემდე, რომ პომიდვრის უმეტესი მოსავალი იყოს საღი, ისინი მეტწილად დაზიანებულია. ამ მხრივ, სასწავლი კიდევ ბევრი მაქვს.
- აგარაკის ინტერიერიც ასეთივე დახვეწილი და გამორჩეულია, როგორც გარე სივრცე?
- მიუხედავად იმისა, რომ აქცენტს ეზოზე ვაკეთებდით, სადაც დროის დიდ ნაწილს ვატარებთ, სახლის ინტერიერი არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. როდესაც ჩვენ ეს აგარაკი ვიყიდეთ, ეზოში ტიპიური, საბჭოთადროინდელი სააგარაკე 3-სართულიანი, დაუსრულებელი სახლი იდგა. პირველ სართულს ცალკე შესასვლელი ჰქონდა და ის დაბალჭერიანი, სარდაფის საჭიროებისთვის განკუთვნილი იყო. მეორე სართულს ცალკე შესასვლელი ჰქონდა კიბით, სადაც მთავარი ოთახი და ორი საძინებელი იყო განთავსებული, მე-3 სართულზეც დამოუკიდებელი შესასვლელი იყო და ის მანსარდას წარმოადგენდა.
შეძენის შემდეგ, ჩვენი ამოცანა გახდა არსებული ფართის ისე ათვისება, რომ ჩვენი ოჯახის საჭიროებებს მორგებულიყო. ამავდროულად, არ გვინდოდა სახლზე მიშენების ან სხვა ტიპის კონსტრუქციების მიდგმა, გადაკეთება, ან სახლის ფართის გაზრდა, მიზანი არსებული ნაგებობის სწორად დაპროექტება იყო. ამ საქმეში დიდი დახმარება გამიწია ჩემი კოლეგის მეუღლემ, რომელიც პროფესიონალი არქიტექტორი იყო და ზუსტად მის მიერ შემოთავაზებული ესკიზით მოხდა არსებული სახლის სტრუქტურის ცვლილება. შედეგად, სახლს ერთი მთავარი შესასვლელი გაუკეთდა პირველ სართულზე, ხოლო მეორე და მესამე სართულზე ასასვლელი სახლის შიგნიდანაა. ფაქტობრივად, მე-3 სართული, რომელიც მანსარდის ტიპისაა, ერთ დიდ საძინებელად გადაკეთდა, სადაც უზარმაზარი სათავსოები კედლებშია ჩაშენებული.
მეორე სართული ორი საძინებლის, სველი წერტილის და დიდი მოსასვენებელი ოთახისგან შედგება, მაშინ, როდესაც პირველი სართული აერთიანებს სამზარეულოს, სველ წერტილს, სასადილო ოთახსა და საკუჭნაოს (სათავსო ოთახი ეწერა და საკუჭნაოდ გადავაკეთე). პირველი სართული, ასევე ყველაზე გრილი და მასზე მოთხოვნა ზაფხულში ძალიან მაღალია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩვენი ოჯახის ყველა წევრი სახლის ინტერიერში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და იქ ჩასვლა მიუხარია, წამოსვლა კი არ უნდა. მიუხედავად სახლის მომცრო ზომისა, ის ძალიან ფუნქციური და კომფორტული გამოვიდა საბოლოო ჯამში.
- ვინ არის თქვენი მთავარი დამხმარე სააგარაკე-სამეურნეო საქმეებში - როგორ ნაწილდება როლები თუნდაც ოჯახის წევრებს შორის?
- სააგარაკე-სამეურნეო საქმეში ჩემი მთავარი დასაყრდენია დედა, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობს. მას წელს 80 წელი უსრულდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალიან აქტიურია. სულ იმას ამბობს, ერთი 20 წლით უკან დამაბრუნა, იმდროინდელი ენერგია მომცა, რომ უკეთ შეგეხიდოთო და ეს ტვირთი ჩამოგაცილოთო.
ამ საქმეში ასევე აქტიურადაა ჩართული ჩემი მეუღლეც, რომლის დახმარების გარეშე, ძალიან რთული იქნებოდა მთელი აგარაკის მოვლა-პატრონობა. სხვათა შორის, აგარაკის ინიციატორი ის იყო და ამ პროექტის მიმართ მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ეს ადგილი მისთვის განსაკუთრებულია და ამბობს, ბავშვები რომ სკოლას დაამთავრებენ და უკვე დამოუკიდებლად დაიწყებენ ცხოვრებას, მე და შენ აქ გადმოვიდეთ საცხოვრებლადო.
ჩვენი დაკვირვებით, 1200 კვ.მ ეზოს, მათ შორის დეკორატიული ნარგავების, ბალახის გაზონის, ბოსტნის და ხეხილის მოვლისთვის კვირაში ორი სრული დღე საკმარისია. ჩვენს მაგალითზე ეს დრო ხან საღამოს რამდენიმე საათის სამუშაოზე მოდის, ხან უქმეებზე - მთელი დღის მუშაობაზე.
- ზამთარში როცა ძირითადად თბილისში ხართ, ვინ უვლის თქვენს ბაღს და ზოგადად, აგარაკს?
- რადგან ზამთარში მცენარეებს სძინავთ და ბოსტანიც პასიურ რეჟიმშია, დიდი დრო მათ მოვლაზე არ იხარჯება. ზამთრის პერიოდში რეალურად ჩვენც ვისვენებთ ფიზიკურად და ძირითადად, ეზოს და ნარგავების თოვლისგან საწმენდ სამუშაოს ვაწარმოებთ. ეს სეზონი, ჩვენთვის ყველაზე პასიურია და ამ მხრივ, ძირითადი აქცენტი, უკვე სახლზეა გაკეთებული. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ჩვენი სახლი მყუდრო და მეგობრული იყოს. განუმეორებელი შეგრძნებაა, როცა გარეთ თოვს, ხოლო თბილი სახლის სარკმლიდან ამ სილამაზეს გაჰყურებ. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში თბილისში ვართ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ უქმეებზე აუცილებლად ჩავიდეთ. ეზო არ დავტოვოთ მარტო, რადგან ეზოს ნარგავებიც გრძნობენ, რომ ჩვენც მათთან ვართ და მარტო არ გვყავს მიტოვებული. სამაგიეროდ, მცენარეები ამას აფასებენ და გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, ულამაზეს გარემოს გვიქმნიან. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე წელია, შობა-ახალ წელს აგარაკზე ვხვდებით და ზამთრის არდადეგებს იქ ვატარებთ.
- ტურისტული მიზნები თუ გესახებათ თქვენს აგარაკთან მიმართებაში? ალბათ, ბევრს გაუჩნდებოდა დათვალიერების სურვილი.
- ბოლო ორი წელია ამ საკითხით აქტიურად ვარ დაკავებული. ვეცნობი უამრავ მასალას. კონსულტაციებს გავდივარ სპეციალისტებთან. ვაკეთებ ესკიზებს. გვაქვს გეგმა, რომ ბოსტნის ტერიტორიაზე ჩავდგათ სრულიად განსხვავებული კონცეფციის მომცრო ზომის, მაქსიმუმ 25 კვ.მ ფართის, ენერგო ეფექტური ხის კოტეჯი, რომელიც ერთი მხრივ, ჩვენი ოჯახის სტუმრებს უმასპინძლებს, ხოლო მეორე მხრივ ტურისტებს, ვისაც ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნის, ხეხილის და დეკორაციული ბაღის სივრცეში ყოფნა მოუნდება, ან თუნდაც რამდენიმე დღე, დისტანციურად მუშაობის სურვილი ექნება. გარდა იმისა, რომ ჩვენი ეზო პასიური და შემეცნებითი დასვენებისთვის იდეალური სივრცეა, აქედან 60 მეტრშია ტყეც, სადაც ჩვენს სტუმრებს გასეირნება და ულამაზესი ხედების ნახვა შეუძლია.
ციცი ომანიძე