ვარდი ოდითგანვე სიყვარულთან, სპეტაკ გრძნობებთან და საოცარ სურნელთან ასოცირდება. ,,სურნელოვანი“ სტატიის მოსამზადებლად ქალბატონ ცირა ოქროპირიძეს ვესტუმრეთ. საგურამოში მის ბაღში ყოველი კუთხე საგულდაგულოდ არის მოვლილი. გაგაოცებთ მის მიერ გაშენებული როზარიუმი, სადაც სხვადასხვა ჯიშის, ფერის, სურნელის ვარდს შეხვდებით.
- ალბათ, ბუნების სიყვარული ადამიანთან ერთად იბადება და იზრდება. პატარაობიდან მიყვარს ყვავილები, განსაკუთრებით ვარდები. ბავშვობაში, როცა სადმე სტუმრად მივდიოდი, ტკბილეულს მთავაზობდნენ, მე კი, თუ იქვე ლამაზ ვარდს დავინახავდი, მერჩივნა, ის შემოეთავაზებინათ. მთელი ცხოვრება გამომყვა ეს სიყვარული. პროფესიით მსახიობი ვარ, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე,
საგურამოში მაქვს სახლი, სადაც წლების მანძილზე ვაშენებდი ბაღს, საკმაოდ დიდი შრომა და ენერგია ჩავდე, მოგეხსენებათ, მარტივად ვერასდროს მიიღებ იმ სილამაზეს, რაც შემდეგ დიდ სიამოვნებას განიჭებს.
- ამ მშვენიერი ბაღის დიზაინი ვის ეკუთვნის?
- ჩემი დიზაინით გავაკეთე ყველაფერი. აქ არის როგორც მარადმწვანე, ისე ფოთლოვანი მცენარეები და, რასაკვირველია, ვარდები. მარადმწვანე მცენარეების წყალობით ბაღს მთელი წლის განმავლობაში სასიამოვნო ელფერი დაჰკრავს. აქ არის ლავანდები, ტუიები, ღვიები, კვიპაროსები და სხვა. ცოტა რთულია თბილისიდან ბაღის მოვლა, მაგრამ მაინც ვახერხებთ. ოჯახის წევრები მეხმარებიან - დედაჩემი, ჩემი მეუღლე, ბავშვები. მებაღეებიც გვყავს, რომლებიც დროდადრო მოდიან, გენერალურ დასუფთავებას და მოვლით სამუშაოებს ატარებენ ბაღში. თუმცა, ძირითადად ყველანაირ საქმეს მაინც მე ვითავსებ, გაყიდვებსაც კი, რადგან ვარდების ცოდნა ასე მარტივი არ არის. ყველაფერს მოკლე დროში ვერ ისწავლი, ვარდს თავისი ფილოსოფია აქვს, თავისი სურნელი და ა.შ. ჩემი სურვილი და მისიაა, ეს განსაკუთრებულად ლამაზად მივაწოდო ადამიანებს. ელიზა დულიტლიც მე ვარ ჩემს ბაღში (იღიმის).
გაზაფხულზე საოცარი სანახავია აფეთქებული ეზო, გაშლილი ყვავილები, ფერთა გამა - გულგრილად გვერდს ვერავინ ჩაუვლის. მოდიან და ამ სილამაზის ხილვით ისე იბნევიან, რომელი ვარდი ან რა ფერი უნდა შეარჩიონ, ვერ გადაუწყვეტიათ. საბედნიეროდ, საკმაოდ დიდია ვარდზე მოთხოვნა.
- რამდენი სახეობის ვარდი გაქვთ სანერგეში?
- ასზე მეტი ვარდი იქნება. განსაკუთრებით მიყვარს ,,დაბლ დილაითი“, რომელსაც საოცარი სურნელი აქვს და იშვიათი ჯიშის ვარდად ითვლება. ძალიან მიყვარს ასევე ,,ოსტინის“ ვარდები, ზოგი სურნელოვანია, ზოგი - არა, მაგრამ განსაკუთრებული ფორმებით და სილამაზით გამოირჩევა. ჯიშთა მთელი მრავალფეროვნება დაყოფილია ორ დიდ ჯგუფად - ,,ოლდ გარდენ როსეს“ და ,,მოდერნ როსეს“.
- არსებობს ვარდის ჯიში, რომელზეც ოცნებობთ?
- მისტიკური ისტორია აქვს ერთ-ერთ თეთრ ვარდს, რომელიც გამოყვანილია ინგლისელი სელექციონერის ჰარკნესის მიერ. 1997 წლის ზაფხულის დასაწყისში პრინცესა დაიანა ირჩევს ვარდს, რომელსაც მისი სახელი უნდა დაერქვას. მან თავისი არჩევანი შეაჩერა თოვლივით ქათქათა, ოდნავ დატალღულ და ძალიან ნაზფურცლებიან ვარდზე, რომლის შუაგულიდანაც ოქროსფრად აჭყეტდა მტვრიანების პატარა კონა. მაგრამ “უელსის პრინცესას” გაყიდვაში გამოჩენიდან ცოტა ხნის შემდეგ პრინცესა იღუპება და მიცვალებულის სასახლეს სწორედ ამ ვარდებით რთავენ. ამ ჯიშს დღემდე ჰყავს თაყვანისმცემლები მიუხედავად იმისა, რომ ის არა მხოლოდ მშვენიერია, არამედ ისეთივე არამდგრადია გარე სამყაროს წინაშე, როგორც თავად ქალი, რომელმაც თავისი სახელი აჩუქა. მაგრამ მშვენიერი ლედი დის პატივსაცემად ბევრი მეყვავილე მაინც სათუთად ევლება თავს ამ ვარდს თავის ბაღში. მეც სწორედ ამ ვარდზე ვოცნებობ.
- თითოეული ჯიშის ვარდს განსხვავებული მოვლის მეთოდები აქვს?
- ვარდებს ერთნაირი მოვლა სჭირდებათ. ძირითადად ვარდი ავადდება შავი ლაქებით, ნაცრით და ბუგრით. რა თქმა უნდა, სხვა ბევრი დაავადებაც არსებობს, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. სასურველია, სამ კვირაში ერთხელ ვარდი შეიწამლოს იმ სპეციფიკური პრეპარატით, რაც იმ წუთას სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია გასხვლაც. აუცილებელია, შემოდგომაზე ძალიან მსუბუქად მოხდეს გადაჭრა. ადრე გაზაფხულზე კი ღრმა გასხვლაა საჭირო. თუ ვარდი სწორად გაისხვლება, ის გულუხვი ყვავილობით დაგვაჯილდოებს.
- ვარდს მარტივად რა მეთოდით ამრავლებთ?
- ვარდს ვამრავლებ დაკალმებით, ან გადაწინდვით და მყნობით.
- ზოგიერთი მებაღისგან გამიგია, რომ დაკალმებით გამრავლებული ვარდი დიდხანს არ ძლებს...
- ვფიქრობ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან უკვე 20 წელზე მეტია, მაქვს დაკალმების მეთოდით გამრავლებული ვარდები. არაჩვეულებრივად ხარობენ და უხვად ყვავილობენ. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვიტყვი, დაკალმებითაც და დამყნობითაც ძალიან კარგად ხარობს და არაჩვეულებრივად უძლებს გარემო პირობებს. ვარდის კულტურა საქართველოში ოდითგანვე იყო. ვახტანგ VI-ის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში საირიგაციო მშენებლობა, ხვნა-თესვისა და მებაღეობა-მევენახეობის ინტენსიური განვითარება. ქართველი ხალხისთვის ვარდის წყალი და ვარდის ზეთი დიდი ხნის წინათ იყო ცნობილი. დიდი ყურადღება ექცეოდა ვარდის წყლის გამოხდას. მე-7 საუკუნეში, საქართველოს მეფე ვახტანგ VI თავის “დასტურლამალში” სხვა საქმიანობასთან ერთად ვარდის წყლის გამოხდაზეც მიუთითებს. ისეთი მრავალფეროვანი არჩევანი, როგორიც დღეს არის, ძველად არ იყო. ძირითადად ტრადიციული ვარდები ჰქონდათ. ახლა უფრო დაიხვეწა და მაღალ დონეზეა ვარდის კულტურა. ადრე ასე არ აწყობდნენ როზარიუმებს. ახლა ფერების ფართო არჩევანია. ძალიან მომწონს თეთრი და იასამნისფერი ვარდების ტანდემი. ფერთა შერწყმით შეიძლება არაჩვეულებრივი გამა შევქმნათ. არის მინიატიურული ვარდები, რომლებიც ერთ ჯგუფად შეკრული ულამაზესია.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს მწვანე საფარის განადგურება და სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს ბეტონი. არადა, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სიმწვანე, ჯანსაღი გარემო და გადავცეთ მომავალ თაობას. ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძე და მომინდა, ყველასთვის მეთქვა - იცხოვრეთ სიმწვანეში, ფერადი დღეებით, ვარდის სურნელით სავსე გარემოში. შევკრიბე ულამაზესი, სურნელოვანი ვარდები და საგურამოში მოვაწყვე ღონისძიება სახელწოდებით ,,აავსე დედამიწა ვარდის სურნელით“. ეს იდეა იმდენად ბუნებრივად დაიბადა, რომ ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. მინდოდა, ადამიანებისთვის დამენახვებინა და მეგრძნობინებინა ეს სილამაზე, მეთქვა, რომ თუნდაც ჩვენი დახმარებით, მათაც მოაწყონ ბაღებში როზარიუმები. ყველა დიდ ქალაქში, მაგალთად, ბერლინში საოცარი როზარიუმია, სადაც 6000-მდე ჯიშის ვარდი აქვთ. ზოგჯერ ამას ვარდის მუზეუმსაც უწოდებენ. საფრანგეთშიც არის ულამაზესი და უმდიდრესი როზარიუმი, რომლითაც ფრანგები ძალიან ამაყობენ. მინდა, თბილისშიც გაკეთდეს ერთი როზარიუმი. ამაზე ვიზრუნებ ჩემს მეგობრებთან ერთად.
თბილისში ჩვენ გვაქვს საოცარი როზარიუმი, სამების ბაღში, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და დედა თეკლეს ძალისხმევით შეიქმნა 10 წლის წინ და დიდ სიამოვნებას ანიჭებს მნახველს. თუმცა ეს არ არის საკმარისი, სასურველია, უფრო დიდი მასშტაბის სავარდეც ამშვენებდეს ჩვენს ქალაქს. ქართველი ერისთვის ვარდი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შვილი. რომელ ერს აქვს სიმღერა, სადაც დედა შვილს აკვნიდანვე უმღერის ,,იავ ნანა, ვარდოვ ნანა“? ქართველი დედები ბავშვებს გულის ვარდებს უწოდებენ. არც ერთ ყვავილს არ ეძღვნება იმდენი ლეგენდა, თქმულება და გადმოცემა, რამდენიც ვარდს. მათ მოსათხრობად ცალკე წიგნის გამოცემა გახდებოდა საჭირო. შეუდარებელია ამ ყვავილის სილაღე, სიმშვენიერე და სილამაზე, იგი ამშვენებს ბაღებს, პარკებს, სკვერებს, ეზოებს, გზის ნაპირებს, შენობების ფასადებს, თაღებს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ დედაბუნებას, რათა მან ამ სილამაზით უხვად დაგვაჯილდოოს.
მერი ბლიაძე