ყოფილ ნაგავსაყრელზე მოწყობილი წალკოტი - ლალი გედენიძის მშვენიერი ბაღი

ყველაფერი 28 წლის წინ დაიწყო. ადგილზე, სადაც ქალბატონმა ლალი გედენიძემ პატარა წალკოტი მოაწყო, ერთ დროს ნაგავსაყრელი იყო. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ იმ ადგილას ლამაზი ბაღის გაშენება იყო შესაძლებელი. თუმცა მიზანი საშუალებას ყოველთვის ამართლებს.


- ჩემს ცხოვრებაში ბუნებას, მცენარეს, ცხოველს, ფრინველს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ისეთივე აუცილებელია ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის ჰაერი და წყალი.


- როდის მიხვდით, რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის? 
- მცენარის მიმართ ჩემი დამოკიდებულება რაიმე კონკრეტულ თარიღს ან მოვლენას არ უკავშირდება, ეს ადამიანს ალბათ დაბადებიდან დაჰყვება, რაც

მეხსიერება მაქვს, სოფლიდან მოყოლებული სულ მიყვარდა მცენარის დარგვა, მორწყვა და მოვლა.


- როდის აქციეთ ეს ადგილი პატარა წალკოტად?
- 28 წლის წინ, როდესაც აქ საცხოვრებლად გადმოვედით, ეზოში ერთი ხეც არსად იდგა, კორპუსის ირგვლივ, მიწის ზედაპირი ჯერ კიდევ სამშენებლო მასალებით იყო სავსე. აქ მხოლოდ ამბროზია ხარობდა. მაშინ წარმოუდგენელი იყო, რომ წლების შემდეგ ლამაზი ბაღი გაშენდებოდა, მაგრამ ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფერს გააკეთებს. მცენარეების მიმართ სიყვარული იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მომცა ძალა ამ ადგილზე ბაღი გამეშენებინა.


- რა ეტაპები გაიარეთ, სანამ ბაღი დასრულებულ სახეს მიიღებდა?
- როგორც აღვნიშნე, ეს ტერიტორია სამშენებლო მასალით იყო სავსე, მე და ჩემმა მეუღლემ შეძლებისდაგვარად გავასუფთავეთ ნიადაგი. საწყის ეტაპზე ვრგავდი ისეთ მცენარეებს, რომელიც ყველა ტიპის ნიადაგს და პირობებს გაუძლებდა, მაგალითად, როგორიცაა ზამბახი. დავრგე რამდენიმე ძირი ვარდიც, მაგრამ ორი დღის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ აღარც ერთი მცენარე არ იყო ადგილზე. მივხვდით, რომ აუცილებელი იყო შემოღობვა. ოჯახის წევრები ძალიან დამეხმარნენ და უბრალო, მაგრამ ლამაზი რკინის ბადით შემოვღობეთ ტერიტორია. ახლა უკვე, როდესაც სურო ყვავის ირგვლივ, ეზო მთლიანადაა გამწვანებული. სადაც წავიდოდი, ყველა კუთხიდან მომქონდა ნერგი, თესლი, ფესვი, ტოტი, მიწაც კი. თავიდან ვაკვირდებოდი, ესა თუ ის მცენარე როგორ ყვავილს გამოიღებდა.ზოგიერთმა მცენარემ ვერ გაუძლო ნიადაგს, ერთმა მეორე დაჩრდილა და მომიწია ადგილების შეცვლაც, ასე ნელ-ნელა და დღემდე ვსწავლობ გადარგვას, გასხვლას, მორწყვას, გამრავლებას და ა.შ.


- ეს ყველაფერი თქვენ თვითონ გააკეთეთ, თუ მებაღე ან დიზაინერი დაიხმარეთ?
- ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებული, მაგრამ ზოგს სატელევიზიო გადაცემებიდან ვსწავლობდი, ვითვალისწინებდი რჩევებს. ყველა სიხარულით შეხვდა ჩემს წამოწყებას და ვისაც რა და როგორ შეეძლო, ისე მეხმარებოდნენ. ბევრი მჩუქნიდა მცენარეს და ასე ნელ-ნელა შევისწავლე პატარა ბაღის მეურნეობა. დღემდე დიდ სტიმულს მაძლევენ ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ჩემი ბაღი და კეთილი გულით გვლოცავენ.

- ძირითადად რა მცენარეებია თავმოყრილი თქვენს ბაღში?
- დღესდღეობით ჩემი ბაღი დაახლოებით 40 კვ.მ-ია, სადაც 100-მდე დასახელების მცენარე მაქვს. ძირითადად ყვავილებია, რომლებიც სეზონურად ყვავის, ერთწლიანებიც და მრავალწლიანებიც. მაქვს სხვადასხვა ფერის ვარდები, ნარგიზები, ჰორტენზია, მაგნოლია, გვირილა, მიხაკი, გიორგინა, აჰავა, დრაკონის ხე, ლიმონი, პრეზიდენტი და ა.შ. ხეხილს რაც შეეხება, ადგილის სიმცირის და სივიწროვის გამო შევარჩიე ისეთი დაბალი ჯიშის ხეები, როგორიცაა მუშმალა, ალუბალი, ქლიავი, თხილი, კომში, კედელს ამშვენებს ვაზის ხეივანი. ადგილის სიმცირის გამო ხეხილი შეზღუდული რაოდენობით მაქვს, თუმცა თავის ჩრდილს და სილამაზეს მაინც სძენს აქაურობას.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები