ყვავილების სიყვარულით ქალაქიდან სოფელში გადასახლებული წყვილის ბაღი

ეს ულამაზესი ბაღი ახმეტის რაიონში, სოფელ მატანში ქალბატონმა ნანა ქიტესაშვილმა გააშენა. უკვე ხუთი წელია, ქალბატონი ნანა მეუღლესთან ერთად დაუღალავად შრომობს. ცოლ-ქმარი თბილისში ცხოვრობს, ამიტომ ადვილი არ იყო ბაღის მისახედად ქალაქიდან სოფელში წამდაუწუმ სირბილი. ჰოდა, გადაწყვიტეს, დროის უმეტესი ნაწილი სოფელში გაეტარებინათ. ქალბატონი ნანას ბაღი პატარა სამოთხეს ჰგავს. რას არ შეხვდებით აქ: დეკორატიულ ნაძვებს, დეკორატიულ ანწლს, უგემრიელეს კენკროვან მცენარეებს, უთვალავ, იშვიათი სახეობის ყვავილს, ხეხილს, ბოსტნეულს. ასეთი სამოთხის შექმნა იოლი როდი იყო.

- ბავშვობიდან მიყვარს ყვავილები, ხეხილი, ბუნება. უკვე ხუთი წელია, აქ ვცხოვრობთ.
მანამდე იშვიათად ჩამოვდიოდით სოფელში. როცა აქ ვიყავი, სიამოვნებას მანიჭებდა მიწასთან ურთიერთობა. ბაღის გაშენება მარტივი საქმე არ არის. რადგან აქ არ ვცხოვრობდით, ძალიან გვიჭირდა ყურადღების მიქცევა. ხუთი წლის წინ, როცა ბაღის გაშენება დავიწყეთ, პირველ რიგში ნიადაგი გამოვასწორეთ. შემოვიტანეთ სილა, ნაკელი და მიწასთან ერთად ავურიეთ. შემდეგ გადავბარეთ. მთელ ეზოში სარეველა იყო მოდებული. კლერტის მოსპობა ურთულესი იყო. თავიდან ყველა მცენარე მინდოდა, მაგრამ როცა ყვავილს ვრგავდი, ზოგი მრავლდებოდა, ზოგი კი ფუჭდებოდა.



- მცენარეებს რაიმე კრიტერიუმების მიხედვით არჩევდით?
- ვცდილობდი, იშვიათი სახეობის მცენარეები ჩამერგო, ამიტომ თანხასაც შესაბამისად ბევრს ვხარჯავდი. საბედნიეროდ, ოჯახიც ხელს მიწყობს. ხშირად ვმოგზაურობდი, დავდიოდი უცხო ქვეყნებში, იმდენი ყვავილი მომქონდა იქიდან, რომ ლამის კბილებითაც ყვავილების პარკები მეჭირა. მე აღარ დავდივარ სამოგზაუროდ, თუმცა ახლა ჩემს შვილებს ჩამოაქვთ საჩუქრად.

- სანამ სრულყოფილებამდე მიხვიდოდით ალბათ კრახიც ხშირად განიცადეთ.



- სამწუხაროდ, ბევრჯერ განვიცადე კრახი. როცა აქ არ ვცხოვრობდი და იშვიათად ჩამოვდიოდი, ბევრი მცენარე გამხმარი ან გაყინული მხვდებოდა, რაც ძალიან მტკენდა გულს. ამავე დროს სოფელში ჭირდა წყალი, რაც მცენარეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ ეზოში ამოვჭერით ჭა. მე და ჩემმა მეუღლემ წელს პირველი ზამთარი გავატარეთ აქ და ჩემს ეზოს, ხეხილს, ყვავილებს დაეტყოთ ეს. მეუღლეც ძალიან მეხმარება, მაგრამ ძირითადად მაინც მე ვუძღვები მებაღეობას. ეზოში მაქვს უამრავი ხეხილი, ბოსტნეული. ვცდილობ, ჩემმა შვილებმა ნატურალური, სოფლის პროდუქტი მიირთვან. ნაყიდის ნაცვლად ჩვენს ეზოში მოყვანილი ხილის კომპოტი, უწამლი პომიდორი, კიტრი და სხვა ბოსტნეული ჭამონ. ხუთნაირი სალათის ფოთოლი მიდგას. მაქვს მარწყვი, რომელსაც ახლაც ასხია და თქვენ წარმოიდგინეთ, თუ მზიანი დღეებია ხშირად, ახალ წელსაც მოგვიკრეფია. შვილებს ყოველთვის ვუგზავნი ქალაქში კიტრს, პომიდორს, მწვანე ლობიოს, ჭყინტ სიმინდს, სალათის ფოთოლს და ა.შ.

- როგორც აღნიშნეთ, იშვიათი სახეობის მცენარეები გიზიდავთ. რა მცენარეები ხარობს თქვენს ბაღში?



- ჩემს ეზოში უხვადაა დეკორატიული ნაძვები. ეზოს მეფე დეკორატიული ანწლია. ეზოს ამშვენებს ჰორტენზიები, ჰიბისკუსები, მაქვს ვეიგელების ნაირსახეობა, მრავალი ფერის გეორგინები, 32 სახეობის შროშანია, ფითრი, გლადიოლუსები, ლუპინები, ასევე კლიმატისების ნაირსახეობა, ეზოს მშვენებაა ნეკერჩხლის საუცხოო ჯიშები, აქტინიდია და სხვა. საერთოდ ძალიან მიყვარს დიდყვავილა და დიდფოთოლა მცენარეები. ოთახის ყვავილებს აქამდე ვერიდებოდი, რადგან ზამთარში აქ არ ვიყავით და უჭირდათ უჩემოდ.

- აქაური ნიადაგი და ჰავა ყველა მცენარეს მოსწონს, თუ არის მცენარე, რომელიც ვერ გაახარეთ?



- მახინჯაურიდან ჩამოვიტანე კოჭა. ბევრნაირი კოჭა არსებობს, ყველას სხვადასხვანაირი ყვავილი აქვს. მე რომელიც ჩამოვიტანე, იმ კოჭას ჰქონდა თეთრი, გირჩის მსგავსი სურნელოვანი ყვავილი. ოთხი წელია ვერ ვაყვავილე, მაგრამ ძალიან ვუფრთხილდები, იქნებ ოდესმე აყვავდეს, იქნებ შეეგუოს აქაურ კლიმატს.

მჟავე ნიადაგი უყვართ ჰორტენზიებს, რომელიც აქ არ არის, ამიტომ ხელს ვუწყობ. ერთ ჩაის კოვზ ლიმონის წვენს ან ძმარს ვაზავებ 10 ლიტრ წყალში და იმით ვრწყავ, მაგრამ ამით მორწყვა ხშირად არ შეიძლება. ასევე კარგია, თუ ჟანგიან რკინას ჩავურჭობთ ფესვებთან. ამ დროს ჰორტენზია უხვადაც ყვავილობს და მკვეთრი, ხასხასა ფერებით გვაჯილდოებს.



- როგორ სასუქს ანიჭებთ უპირატესობას, ორგანულს თუ არაორგანულს?
- რა თქმა უნდა, ორგანულ სასუქს, რადგან ნაკელი მცენარის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელ ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს. მე ძირითადად ქათმის სკორეს ვხმარობ. გამხმარი მასით ვაკეთებ ნაყენს, შემდეგ 10 ლიტრ წყალზე ვასხამ ნახევარ ლიტრ ნაყენს. დაახლოებით მეხუთე დღეს უკვე შეიძლება გამოყენება. ამ ნაზავით დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ ვრწყავ მცენარეებს.

- ყველა საქმეს ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. თქვენ შემთხვევაში ეს ყველაფერი როგორ მოვიდა?



- ძალიან ბევრი ლიტერატურა მაქვს მცენარეებთან და მეურნეობასთან დაკავშირებით, შესაბამისად ბევრს ვკითხულობდი. როცა ინტერნეტი გაჩნდა, ამან უფრო მეტი საშუალება მომცა, ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიმეღო. მამაჩემს უყვარდა მიწასთან მუშაობა, საუცხოო ხეხილის ბაღი ჰქონდა. ალბათ მიწისკენ მიდრეკილება გენეტიკურადაც მერგო, უბრალოდ, მე ძირითადად ყვავილებზე მაქვს აქცენტი.

- როგორც აღნიშნეთ ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. რომელმა ქვეყანამ გაგაოცათ ყვავილების კულტურის მხრივ?
- ტაილანდში ვნახე ბევრი ულამაზესი, ტროპიკული მცენარე და საოცრად მოვიხიბლე. იქ ყვავილების განსხვავებული და დახვეწილი კულტურაა. კვიპროსიდან ჩამოვიტანეთ ულამაზესი მცენარეები, ასევე ჩეხეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან და ა.შ. ყველა ქვეყანაში არის გარკვეული კულტურა და ხიბლი. მოსკოვში საუცხოო სანერგეებია, ჩემი ოცნებაა იქ წასვლა და მცენარეების ჩამოტანა.



- როგორია თქვენი საოცნებო ბაღი?
- ცოტა სხვანაირი. მინდა, ველური შეხედულებაც ჰქონდეს. არ მიყვარს „დავარცხნილი“ ბაღები და ეზოები. მინდა, უფრო მეტი მცენარე ყვაოდეს ჩემს ბაღში და გვილამაზებდეს განწყობას, ხასიათს და გარემოს.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები