რომელი მცენარეები მოვაშენოთ აგარაკზე ან ეზოში? - სასარგებლო და ადვილად მოსავლელი

როდესაც აგარაკზე ვსაუბრობთ, რატომღაც თვალწინ ინგლისური გაზონი ან ვარდებით და სხვა ეგზოტიკური მცენარეებით მორთული ეზო წარმოგვიდგება. ეს ლამაზია, ვერ შეგედავებით, მაგრამ აბა, ერთი წუთით ეგზოტიკური მცენარეების მაგივრად სამკურნალო ბალახები წარმოიდგინეთ. ვერ წარმოგიდგენიათ? გვინდა დაგარწმუნოთ, რომ აგარაკის მორთვა სამკურნალო ბალახებითა და მცენარეებითაც შეიძლება და ეს არა მარტო სასარგებლო იქნება თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობისთვის, არამედ ძალიან ლამაზი სანახაობაც. ამას ახლავე დაგიმტკიცებთ.
ყველა ადამიანს ძალიან უყვარს უქმეების აგარაკზე გატარება, ბუნებაში გასვლა. სასიამოვნო სურნელი კი ჩვენი კარგი განწყობის გარანტია, თუმცა, დამერწმუნეთ, კარგ განწყობას

ჯანსაღ ენერგიას თუ დავუმატებთ, თავს კიდევ უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ. ამაში კი სწორედ ჩვენ მიერ ნახსენები სამკურნალო მცენარეები დაგეხმარებათ. საამისოდ თქვენს ბაღში ეს ლამაზი მცენარეები უნდა ახაროთ, რაც, სხვათა შორის, ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ეგზოტიკური ყვავილები.

გვირილა
დავიწყოთ ყველასთვის კარგად ნაცნობი გვირილით. ეს დეკორატიული მცენარეა, რომელიც ძალიან ლამაზად ყვავის ივნისის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე. მას ძალიან უყვარს სინათლე და მორწყვა, თუმცა, ზომაზე მეტ ტენიანობას ვერ იტანს. ასე რომ, ის გაშლილ და მზიან ადგილას უნდა განვათავსოთ.
რაც შეეხება გვირილას სამკურნალო თვისებებს, ის ოდითგანვე ცნობილია როგორც ანთების საწინააღმდეგო უებარი საშუალება. იყენებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების დროს, ძალიან კარგად შველის კბილის ტკივილსა და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

ექინაცეა
მის ერთი შეხედვით უბრალო ყვავილს ადამიანის მონუსხვა შეუძლია. იგი ივლისის შუაგულიდან სექტემბრამდე ყვავილობს. თუ ბაღში ეს მცენარე გაქვთ, უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ფუტკრები თქვენი ხშირი სტუმრები იქნებიან, რადგან ექინაცეა თაფლის მცენარეა. იგი მეორე წლიდან ყვავილობს, ძალიან უყვარს სინათლე და ოდნავ ჩრდილსაც კი ვერ ეგუება.
ექინაცეა კარგად შველის ჭრილობებს, ანთებით პროცესებს, დამწვრობას. ფართოდ გამოიყენებენ გველისა და მწერების ნაკბენების წინააღმდეგ.

სალბი
სალბი მრავალწლიან მცენარედ ითვლება, თუმცა არსებობს ერთ და ორწლიანი ჯიშებიც. ძველი რომაელები მას მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. სალბს მოიხმარენ კულინარიაშიც.
მისი გახარება ძალიან ადვილია. ის თესლით მრავლდება. როგორც სამკურნალო ბალახების უმრავლესობას, უყვარს შუქი და სითბო. რკალად შეკრული მოცისფრო-მოიასამნისფრო ყვავილები კი ულამაზესი სანახავია და ნამდვილად შეუძლია ადამიანისთვის ესთეტიკური სიამოვნების მინიჭება. თქვენს აგარაკზე ეს მცენარე 8 წელი იხარებს.

პიტნა
სურნელი, ხასხასა მწვანე ფერი, სისადავე და სილამაზე ამ მცენარის დამახასიათებელი ნიშნებია. პიტნა უძველესი დროიდან ითვლება ერთ-ერთ სამკურნალო მცენარედ მთელ მსოფლიოში. გარდა იმისა, რომ ის უებარი სამკურნალო ბალახია, მდიდარია A და C ვიტამინებით, ასევე მარგანეცით. ხშირად მიირთვით პიტნის ჩაი და ნახავთ, როგორ კარგად იგრძნობთ, თავს.
პიტნა საკმაოდ სწრაფად იზრდება და იმდენად სწრაფად ვრცელდება ახლომახლო ტერიტორიაზე, რომ თავისუფლად შეუძლია მეზობელი მცენარის გაძევება. ეს ფაქტორი მისი დათესვის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ და ცალკე გრუნტი გამოუყავით.
სხვათა შორის, ამბობენ, რომ პიტნამ ენერგიის და ფულის მოტანა იცისო.

კალენდულა
კალენდულა ხალხში ცნობილია როგორც უებარი ანტისეპტიკური, სპაზმის საწინააღმდეგო საშუალება. მისი სავლების გამოყენება ძალინ ეფექტურია ყელის ტკივილის და გაცივების დროს. ეს ერთწლოვანი მცენარე თითქმის ყველა სახის ნიადაგსა და პირობებში უპრობლემოდ ხარობს და ულამაზესი ყვავილებიც აქვს.

კატაბალახა, იგივე ვალერიანა
მეცნიერები დღემდე კამათობენ ამ მცენარის სახელწოდების ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით. ერთნი მიიჩნევენ, რომ მისი სახელი უკავშირდება ძველ რომაელ მკურნალს, ვალერიანს, მეორენი კი თვლიან, რომ ეს არის თარგმანი ზმნისა "ვალერე", რაც ნიშნავს "ჯანმრთელად ყოფნას". ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ იგი ოდითგანვეა ცნობილი მედიცინაში და მას უძველესი დროიდან გამოიყენებენ. ძირითადად მისი ფესვები გამოიყენება.
სპეციალისტები გვირჩევენ, ეს მცენარე ვაშლის ძირში დავრგათ, რადგან ასეთ პირობაში უკეთესად ინარჩუნებს თავის სამკურნალო თვისებებს. კატაბალახას ნიადაგი მუდმივად ტენიანი უნდა ჰქონდეს. სიმშრალეს ვერ იტანს. მას აქვს ცისფერი, თეთრი ან წითელი ყვავილები. ბუჩქი დაახლოებით 2მ სიმაღლის იზრდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები