შვილებისა და შვილიშვილებისთვის გაშენებული ყვავილნარი წეროვანში

ნაირა ჭულუხაძე პროფესიით ექიმ-ლაბორანტია. მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა დღეს დიასახლისია და თავის ულამაზეს წალკოტს უვლის. რამდენიმე წლის წინ ქალბატონმა ნაირამ წეროვანში აგარაკი შეიძინა, სადაც საოცარი ყვავილნარი საკუთარი ხელით მოაწყო.


- პროფესიით ექიმ-ლაბორანტი ვარ. ჩემი მეუღლე ენერგეტიკოსია. სამი შვილი და რვა შვილიშვილი გვყავს. ყოველთვის მიყვარდა ყვავილები. სილამაზის ტრფიალი ვარ, მიყვარს პოეზია, ლიტერატურა. იმერეთში გვაქვს ძალიან კარგი სოფელი, მაგრამ როცა შვილიშვილები შეგვეძინა და გავმრავლდით, ძნელი იყო შორ გზაზე ბავშვებთან ერთად სიარული. გვინდოდა თბილისთან ახლოს გვქონოდა აგარაკი, ამიტომ დავიწყეთ სააგარაკე ადგილის ძებნა. წეროვანში

ვნახეთ ადგილი. მოვიხიბლეთ იქაური კლიმატით, საოცარი ხედებით. მზიან ამინდში მთელი კავკასიონი ჩანს. ამან გადაგვაწყვეტინა, რომ შეგვეძინა ეს ადგილი. თავდაპირველად ეზოს გამწვანებას შევუდექით, შემდეგ გავაშენეთ ხეხილის ბაღი. ძალიან მიყვარს ვარდები და ჩემი დიდი სურვილი იყო გამეშენებინა ვარდების ბაღი.

- მცენარეების გამრავლების და მოვლის გამოცდილება გქონდათ?
- თავიდან ვიცოდი, რომ ვარდი იყო წითელი და თეთრი. არანაირი გამოცდილება და ცოდნა არ მქონდა. არანაირი ინფორმაცია არ მქონდა სანერგეებს შესახებ. ვყიდულობდი ქუჩაში გამოტანილ მცენარეებს, მაგრამ როცა გაიშლებოდა სულ სხვა ფერი და სახეობის ყვავილი მხვდებოდა. შემდეგ გავიგე, რომ არსებობდა მეყვავილეთა ჯგუფები. სასწრაფოდ გავწევრიანდი ამ ჯგუფებში. გავიცანი ძალიან კარგი და გამოცდილი ქალბატონები მარინა ფალავანდიშვილი, მირანდა ბრეგვაძე, ქალბატონი ლელა და მისი და, დალი ებრალიძე. მათგან ძალიან ბევრი ვისწავლე. ჯგუფში ყველა წევრის კომენტარს და კითხვას ვკითხულობდი. ასე გავერკვიე ნელ-ნელა.
იმდენად მიყვარს ვარდი, დროთა განმავლობაში გამიჩნდა სურვილი, ცნობილი კოლექციონერების ვარდები შემეგროვებინა. აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, როცა ოსტინის ვარდი ვნახე. მე და ჩემი მეუღლე ხშირად დავდივართ საზღვარგარეთ. იტალიაში, დუბაიში ულამაზე ბაღები ვნახე. ბევრი მსენია ინგლისურ ბაღებზე, თუმცა ჯერ ნანახი არ მაქვს და ძალიან მაინტერესებს სინამდვილეში როგორია.

- რომელი მცენარეებით გაალამაზეთ აგარაკი?
- ვარდების გარდა მაქვს მხვიარა მცენარეები. მაქვს ოთი სახეობის სურო, კლიმატისების მრავალი სახეობა. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს მარადმწვანე მცენარეები და ვერცხლისფერ ნაძვებს ამრავლებს. გვაქვს ტუიები, ლომიცერა. ისე მაქვს მცენარეები ჩარგული, ერთი რომ დაიყვავილებს მეორე იშლება, მერე მესამე და ა.შ.

ნაირა ჭულუხაძე


- ეზო მთლიანად თქვენი დაპროექტებულია?
- კი, ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთე, არავინ არ დამხმარებია. თან ჩემით ვსწავლობდი ყველაფერს. სულ ძიების პროცესში ვიყავი და ეს ძალიან საინტერესო იყო. დღეს უკვე ინტერნეტში გაძლევს საშუალებაა გაეცნო სხვადასხვა სახის ინფორმაციას.

- თქვენი შვილებიც გეხმარებიან ეზოს მოვლაში?
- დიდად არ ინტერესდებიან ამ საქმით, თუმცა ლამაზი და მოვლილი ეზო მოსწონთ და სიამოვნებთ. მოვლით მე და ჩემი მეუღლე ვუვლით. ალბათ ასაკთან ერთად ეს ინტერესიც მოვა და იმედი მაქვს მერე სხვა დამოკიდებულება ექნებათ.

- ბაღის მოვლა ძალიან მძიმე შრომას მოითხოვს. თქვენ თვითონ ართმევთ თავს თუ მებაღე გეხმარებათ?
- ეს ნამდვილად მძიმე შრომაა. მებაღე არ გვყავს. ყველაფერს მე და ჩემი მეუღლე ვართმევთ თავს. ისე ვერ გავჩერდები, სულ ეზოში ვფუსფუსებ და ვუვლი მცენარეებს.

- ახლა რა ყვავილებია თქვენს ეზოში გაშლილი?
- ახლა ვარდებია გაშლილი. მრავალჯერ მოყვავილე ვარდები მაქვს, ტალღისებური მოყვავილე ვარდები ქვია. ასევე ჩაის ჰიბრიდული ვარდები, ფლორიბუნდები, მხვიარა ვარდები, ნიადაგმფარავი ვარდები, ჯუჯა ვარდები და სხვა.

- როგორ უვლით ვარდს?

- ვარდს სჭირდება სწორად გასხვლა. ვარდის გასხვლის შედეგია მისი ყვავილიანობა. თუ ვარდი არასწორად გაისხლა ის დაკნინდება, ბუჩქის ფორმა შეიცვლება და კარგ ყვავილს ვეღარ მოგცემს. ახალი გასხლული ვარდი აუცილებლად უნდა შეიწამლოს. ამის შემდეგ მოითხოვს დაბარვას, სარეველებისგან გასუფთავებას და უკვე გაზაფხულიდან კვებას. ვარდების კვება ხდება ოთხჯერ. გაზაფხულიდან რომ დავიწყებთ, გვიან შემოდგომამდე ხდება საკვების მიცემა.  ვარდი წყლის მოყვარული მცენარეა და უყვარს მორწყვა. თუ საკმარისი რაოდენობის წყალს მიაწვდი, უხვი ყვავილობით დაგასაჩუქრებს.

- საოცნებო ვარდი თუ გყავთ, რომელიც ჯერ არ ცხოვრობს თქვენს ბაღში?

- კი, რა თქმა უნდა. ჰაიდიკლუმი მინდა გულით, რომელიც ჯერ არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად შევიძენ.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები