წინაპრების ეზოში მოწყობილი სავანე - ფერადი ბაღი ველისციხიდან

ცირა შალაშვილი დიასახლისია, რომელიც მთელ დროს ოჯახის მოვლას და საყვარელ საქმიანობას - ყვავილებს უთმობს. სოფელ ველისციხეში წინაპრების ეზო ნამდვილ წალკოტად აქცია. გვიამბობს მისი ქალიშვილი ფიქრია შალაშვილი:

- კახელები ვართ და თბილისში ვცხოვრობთ. აქ არის ჩვენი პაპა-ბებიას სახლი. ტიპიური სოფლის სახლი და ეზო იყო, რომელიც აღარ მოგვწონდა და სრულიად შევუცვალეთ იერსახე. სახლიც ხელახლaა ავაშენეთ და გავაკეთეთ, ეზოს რაც შეეხება, კი ჩანს ფოტოებში, რაც გამოვიდა.

დედა არ მუშაობს. მისი საქმიანობა, გარდა საოჯახო საქმისა, საყვარელი ყვავილების მოვლაა და ის არის ამ ეზოს მთავარი შემოქმედი.

დაახლოებით 5 წლის წინ
გადავწყვიტეთ ეზოს მოწყობა. თუ რამე შენობა-ნაგებობა იყო, ყველაფერი დავშალეთ და მთლიანი ეზოს ფართი ყვავილებს დავუთმეთ. მთელი ოჯახია ამ საქმეში ჩართული, თუმცა მათ განლაგებაზე და დიზაინის შექმნაზე დედა ზრუნავს მთლიანად. მამა ეხმარება იდეების განხორციელებაში. შვილები ძირითადად ყიდვით ვართ დაკავებული. სადაც გაიგებს, რომ მისთვის სასურველი ყვავილი იყიდება, იქ მივდივართ მიუხედავად მანძილისა.

ეზოში ძალიან ბევრი სახეობა ყვავილია. თითქმის მთელი წლის მანძილზე რაღაც ყვავის. დაახლოებით 160-მდე ვარდის ნერგია. ასევე ზამბახების მრავალფეროვანი არჩევანია. ასევე მაგნოლია, რომელიც წელს აყვავდა.


ასევე ეზოში გვაქვს კივის ხეივანი, სადაც ყოველ წელს 500 დან 800 კგ-მდე მოსავალს ვიღებთ.

ყვავილებს ყოველთვის ვწამლავთ ჩვეულებრივი პრეპარატებით, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის. ძირითადად ნაცრის და ჭიის საწინააღნდეგო პრეპარატებს ვასხამთ. გარდა ამისა, ყოველ საღამოს ვრწყავთ მთლიან ეზოს ჩვეულებრივი წყლით. კივს რაც შეეხება, მხოლოდ ვსხლავთ. არანაირ წამალს არ ვასხამთ. მისთვის ყველაზე მთავარია, რომ მიწა ჰქონდეს ნოტიო, ამიტომ ძირითადად მხოლოდ წყალია მისი საკვები წყარო.

დამწყებ მებაღეებს ვურჩევდით, რომ ისე იზრუნონ თავიანთ მცენარეებზე, როგორც ცოცხალ ორგანიზმზე, რადგან მათაც სჭირდებათ ლამაზი სიტყვებით მოფერება, უფრო თამამები და ფერადები რომ იყვნენ. ყველას შეუძლია თავისი პატარა სამოთხე შეიქმნას. არ აქვს მნიშვნელობა, სოფელი იქნება ეს თუ ქალაქი. ყვავილებზე ზრუნვის დროს ადამიანის ნერვული სისტება უფრო მშვიდია. ჩემი ეზო სულიერი სიმშვიდის სავანეა.














კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები