"რომ ვიყიდე, სიმინდის ყანა იყო... მარტომ გავაკეთე ეს ბაღი..." - ახალგაზრდა ხელოვანის ბაღი საგურამოში

მაგდა ჩიტიაშვილი პროფესიით მხატვარია, მაგრამ სხვა ბევრ საინტერესო სფეროში მოსინჯა ძალები, თან საკმაოდ წარმატებულად. 22 წელია სერვისმენეჯერის თანამდებობაზე მუშაობს. მეტად გადატვირთული გრაფიკი აქვს, მაგრამ შეძლო და საგურამოში საოცარი ბაღი გააშენა, რომელიც დღეს მისი ნავსაყუდელია.

- პროფესიით მხატვარი ვარ. დავამთავრე სამხატვრო აკადემია დიზაინის განხრით. სტუდენტობიდანვე აქტიურად ვმონაწილეობდი გამოფენებში. რამდენიმე ფილმის მხატვრად მიმუშავია. აკადემიის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთ სოლიდურ დაწესებულებაში, უკვე 22 წელია, სერვისმენეჯერის თანამდებობაზე ვმუშაობ. იქაც ვიყენებ ჩემს პროფესიას, რადგან ვაფორმებ შიდა ინტერიერს და პერსონალისთვის ვქმნი უნიფორმის დიზაინს.
ასევე, პერიოდულად ვაკეთებ ინტერიერის
კერძო შეკვეთებს. ვინაიდან საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს და ძალიან ვიღლები, დაღლილობას ვიხსნი სახლში სხვადასხვა საქმის კეთებით, ამიტომ სიტყვა დასვენების მნიშვნელობა მე მგონი სწორად არ მესმის (იღიმის). ძალიან მიყვარს ძველი ნივთები, ამიტომ ხშირად მნახავთ მშრალ ხიდზე, სადაც ვიძენ ძველი ნივთების დეტალებს და ვაკეთებ ჭაღებს, ტორშერებს და სხვადასხვა აქსესუარებს სახლის ინტერიერისთვის, რაც უდიდეს სიამოვნებას მგვრის. ეს არის ჰობი, რომელსაც წლების მანძილზე ვაკეთებ და არ მბეზრდება. მიუხედავად ჩემი დატვირთული სამუშაო გრაფიკისა ამისთვის ყოველთვის ვიტოვებ დროს, თუნდაც ეს იყოს ძილის ხარჯზე.

- როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ. თუმცა მაინც მოახერხეთ და ულამაზესი ბაღი გააშენეთ. მოგვიყევით თქვენს ბაღზე...
- ძალიან მიყვარს ბუნება. ყოველთვის მიზიდავდა და ვცდილობდი საქართველოს ყოველი კუთხე მომენახულებინა - ადგილები, სადაც თავს ვგრძნობ თავისუფლად. როცა ამ თავისუფლებას იგრძნობ, დიდი ალბათობით გაგიჭირდება ქალაქში ცხოვრება. მეც საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, საცხოვრებლად თბილისთან ახლოს გადავსულიყავი, საიდანაც არ გამიჭირდებოდა სამსახურში სიარული. რამდენიმე წლის წინ დავიწყე ნაკვეთის ძებნა. ნაკვეთი უნდა ყოფილიყო აუცილებლად ცარიელი, რადგან დაგეგმარება თავად გამეკეთებინა. ოთხი წლის წინ, აგვისტოში ვიყიდე ნაკვეთი, რომელიც იყო სიმინდის ყანა. კარგად დამუშავებული, მოსვენებული მიწა. სასწრაფოდ დავიწყე მიწის შემოღობვა, გასუფთავება, დამუშავება, რომ მომესწრო და შემოდგომისთვის დარგვა დამეწყო.

დადგა ჩემი ნანატრი დღეც, მოვძებნე ეზოს ცენტრი და დავიწყე დაგეგმარება. შემოდგომაზე მცენარე უკეთესად ეგუება პირობებს, უფრო მარტივი მოსავლელია და თან წელი გაქვს მოგებული.
ჩემი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ზამთარში ეზო არ ყოფილიყო მოწყენილი და არ მეგრძნო სიცარიელე, ამიტომ გავაკეთე ორი ღობე ხის და ორი ცოცხალი, ანუ კიპარისებით გამწვანებული. ეზოს ცენტრიც მარადმწვანე მცენარეებით დავტვირთე. ისეთი მარადმწვანე ხეხილით, როგორიცაა ზეთისხილი და ფეიხოია. ეზოს ცენტრის გარშემო ჩარგულია ფოთოლმცვენი ხეხილი, რომელიც გაზაფხულზე ისეა აყვავებული, რომ ავსებს და ალამაზებს ეზოს. ზამთარში ნაძვნარის და მარადმწვანე მცენარეების ხარჯზე ეზო ისევ გამწვანებულია და არ იგრძნობა სიცარიელე.

- ალბათ ასეთი ბაღის გაშენება არ იყო მარტივი.
- ამისათვის საჭირო იყო გამეცნო ყველა მცენარე. ვკითხულობდი ბევრ ინფორმაციას და ასე მივიღე ცოდნა. მაგრამ ცოდნასთან ერთად საჭიროა ამ საქმის დიდი სიყვარული. საკუთარი გამოცდილებიდან მივხვდი, რომ მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი. ამას მცენარე გრძნობს. მცენარე, რომელიც არ შეიძლება ზაფხულში ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანო, შეეხო ფესვს, მე მაინც გადამიტანია, რადგან უცებ მინდოდა შედეგის ნახვა. ერთი კვირა ნერვიულობით არ მეძინა და სულ მასზე ვფიქრობდი. ეს იყო იტალიური ნაძვი, რომელიც გადარჩა და დღეს გადასარევად გრძნობს თავს.

- ერთია ულამაზესი ბაღის გაშენება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი და შრომატევადია მისი მოვლა. მარტო უვლით ბაღს თუ ვინმე გეხმარებათ?
- დაქირავებული მყავდა მებაღე, მაგრამ გავუშვი. არ მომეწონა მისი მიდგომა, ამ საქმეს არ უყვარს სიჩქარე და რაც მთავარია, უსიყვარულოდ არ გამოგივა არაფერი.

- ანუ ყველაფერს მარტო ართმევთ თავს.
- დიახ. ამიტომ მიყვარს ყოველი ჩემი მცენარე, ყვავილი, ხე თუ ნაძვი. ისინი ყველა ჩემი ხელით მაქვს ჩარგული, წვიმაში, თოვლში, ქარში. ეს არის ძალიან დიდი შრომა და ცოტა მძიმეც. დილით ვდგებოდი ექვს საათზე, გავრბოდი მოსარწყავად, იქიდან მივდიოდი სამსახურში, უკან ვბრუნდებოდი და დაბნელებამდე ისევ მათი მოვლით ვიყავი დაკავებული. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაზე მადლიერი მცენარეა, რომელსაც მოუვლი და გაგახარებს. წარმოიდგინეთ, არც ერთი მცენარე ჩემს ეზოში არ გამხმარა. შეიძლება თან გადაყვე, მაგრამ ვერ გაახარო. მას რაღაც არ მოსწონს.
როგორც გითხარით, მხატვარი ვარ და თვალის ზომა ძალიან ზუსტი მაქვს, ამიტომ ფორმირების გაკეთებაც ძალიან მეადვილება. მიყვარს, მომწონს პროცესი და თითქოს მცენარეც თვითონ მეუბნება სად უნდა გადავჭრა, ამიტომ მთელ ეზოს მე თვითონ ვუვლი.

- დღეს რა მცენარეები და ყვავილები იწონებენ თქვენს ბაღში თავს?
- დავიწყე ეზოს ცენტრის გაკეთება, რაც მარადმწვანე მცენარეებით, ნაძვებით, როზმარინებით და ლავანდებით არის შევსებული. ამ ყველაფერთან ერთად ყურადღებას ვაქცევ ყვავილის ფერსაც, ამიტომ ჩემს ეზოში ძირითადად ყვავის წითელი, ვარდისფერი, თეთრი და იასამნისფერი ყვავილები.

- განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ ლავანდის მიმართ. რით არის ეს მცენარე გამორჩეული და რით მიიპყრო თქვენი ყურადღება?
- იასამნისფერი ლავანდები და როზმარინები ძალიან უხდება ნაძვებს. საერთოდ ყვავილებს, რომელიც ზამთარში ფოთოლმცვენია და არც ყვავილი აქვს, ვრგავ ისეთ მცენარესთან ახლოს, რომ ზამთარში მის ადგილას არ იყოს სიცარიელე. დავიწყე ლავანდის მოშენება. ის ზამთარში ულამაზესი მოვერცხლისფრო ბუჩქია, ივლისიდან კი იწყებს ყვავილობას და მთელი ზაფხული ულამაზესად ყვავის. საოცარი სურნელი ტრიალებს ეზოში.
პანდემიის გამო გამომიჩნდა ბევრი დრო, ამიტომ ეზოს მოწყობაც მივიყვანე საბოლოო ეტაპამდე და დავიწყე ლავანდებისგან დეკორაციების გაკეთება, რომელიც უკვე რეალიზაციაშია. ლავანდებს მისი სასიამოვნო სურნელის გამო ვიყენებ კულინარიაშიც. ვაკეთებ ინტერიერისთვის სურნელოვან დეკორაციებს, რომელიც გამოიყენება, როგორც მწერებისგან დასაცავად გარდერობში დასადებად, ასაევე აბაზანაში და ოთახებში. ძალიან ლამაზია, თან მისი სურნელი გიცავთ მწერებისგან.

- ყვავილების გარდა გაქვთ ხეხილი, მოგყავთ ბოსტნეული. როგორ ახერხებთ ამდენს?
- ეს არის საქმე, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს, ამიტომ შევძელი. მაქვს ხეხილი. ვცდილობდი რაღაც განსხვავებული ჩამერგო. მაქვს მარწყვის ხე, აზიმინა ანუ ამერიკული პაპაი, რომელსაც საქართველოში ეძახიან კარაქის ხეს, ასევე ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, კუმკვატი, კივი, სამოთხის ვაშლი, ზღმარტლი, ბროწეულები, რომელსაც ყვავილის გამოც ეზოს დიდი ნაწილი დავუთმე.
ხეხილის დარგვის შემდეგ უკვე ეზომ მოითხოვა ქვაფენილი. მოვიძიე ინფორმაცია, როგორ შეიძლებოდა დაგება და დავიწყე ეზოს მოპირკეთება. ჯერ ხრეშით მოვხატე, შემდეგ დავიწყე დაგება. ეზოს ცენტრში დავდგი ორი ქანდაკება, რომელმაც შეავსო და დასრულებული სახე მისცა სივრცეს.
მაქვს ბოსტანი, მომყავს სხვადახვა მწვანილი, რომლისგანაც ვამზადებ სუნელებს. ასევე საზამთრო, ნესვი და სხვა ბოსტნეული. წელს პირველად ვცადე შავი პამიდვრის მოყვანა, რომელიც ძალიან უცხოა და ლამაზი, გემოც განსაკუთრებული და გემრიელია.
მე თვითონ ვიგონებ სხვადასხვა რეცეპტებს, მარინადებს, მურაბებს, ტყლაპებს, ხეხილიც და ბოსტნეულიც მომყავს ისეთი, რომლისგანაც ამ ყველაფერს მოვამზადებ. ძალიან მალე მათ რეალიზაციაში მოვიყვან.
ეს ყველაფერი არის სამი წლის შრომის შედეგი. ვცდილობ, რომ ყველა სეზონს თავისი ხიბლი ქონდეს. გაზაფხულზე იღვიძებს ხეხილი, ყვავის ალუბლის და ატმის ყვავილი, ემატება ხეივნის ვარდები. ზაფხულში აყვავებას იწყებს როზმარინი და ლავანდა. აგვისტოში ემატება ირმის რქების საოცარი ყვავილობა და შემოდგომაზე წითლდება ნეკერჩხალი, დეკორატიული კოწახური. ფოთოლცვენის შემდეგ კი ზამთარში ისევ რჩება ეზოში სიმწვანე.

- მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვინ გედგათ გვერდით?
- საგურამოსადმი ამხელა სიყვარულის მიზეზი ჩემი მეუღლე გახლავთ, რომელიც არის პირველი ხელის შემწყობი, პერველი შემფასებელი და დამფასებელი, ამასთან დიდი სტიმულის მომცემი. ის არ ზოგავს თავს, აკეთებს ყველაფერს, მიწყობს სამუშაო გარემოს და მიქმნის კომფორტს იმისათვის, რომ მე რაღაც ახალი შევქმნა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- სამომავლოდ ვგეგმავ ავაშენო პატარა სახლი, გავიკეთო სახელოსნო-სალონი, სადაც ჩემს შემოქმედებას მოვუყრი თავს ერთად, რათა სხვებმაც შეძლონ ამ ყველაფერის ნახვა და დაგემოვნება.


მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები