ფერადი ბაღი თბილისში, რომელიც ახალგაზრდა მომღერალმა დედასთან ერთად გააშენა და მოაწყო - "საათობით შემიძლია ვიჯდე ჩემს წალკოტში..."

ნათია ჩოლოგაური ახალგაზრდა მომღერალია, რომელიც თბილისში ცხოვრობს და საქმიანობს. დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ შინ ნამდვილ წალკოტში ბრუნდება, რომელიც თავად მოაწყო. თავის საქმიანობაზე და ამ მშვენიერ ფერად ბაღზე თავად გვიამბობს:

- ერთ-ერთ რესტორანში ვმღერი. ყოველდღე ვცდილობ, ჩვენთან მოსულ სტუმარს იმედები არ გავუცრუო და საღამო გავულამაზო. საინტერესო, სასიამოვნო და ხალისიანი სამსახური მაქვს, ამიტომ მოწყენის დრო არ მრჩება და არც უფლება მაქვს, მოვიწყინო, რადგან სცენიდან ღიმილი, სილამაზე და პოზიტივი უნდა მოდიოდეს. ბავშვობის ოცნება იყო მომღერლობა, 3 წლიდან ვმღერი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავამთავრე და ჩემს საყვარელ
საქმეს ვემსახურები ვემსახურები.

- როდის დაიწყეთ მებაღეობა და ყვავილების გაშენება?
- მიუხედავად იმისა, რომ დედას ძალიან უყვარს ყვავილები და ჩვენი ეზო ყოველთვის გადაპენტილი იყო ნაირ-ნაირი მცენარეებით, მაინც ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასე გამიტაცებდა ყვავილები და მათი მოვლა. ყვავილი მხოლოდ ლარნაკში მიყვარდა, განსაკუთრებით გაზაფხულზე, იასამნის სურნელი რომ იფრქვეოდა, თუმცა ეზოში მათი მოვლა ყოველთვის მეზარებოდა. რამდენიმე წლის წინ რატომღაც დავინტერესდი, როგორც ჩანს, უკეთ აღვიქვი ამ ლამაზი გოგონების სილამაზე და დედასთან ერთად შევუდექი ეზოს კიდევ უფრო დამშვენებას. გავაახლეთ ძველი ქოთნები, შევიძინეთ სხვადასხვა ჯიშის ყვავილები, რაც გვქონდა, კიდევ უფრო გავამრავლეთ და ერთად ვცდილობდით, კარგად მოგვეფიქრებინა, თუ რომელ კუთხეში რა მოგვეთავსებინა - ქოთნები, კუნძები... სადაც მოვხვდებოდით, ყველგან რაღაცას ვყიდულობდით, მოგვქონდა ძველი გამოუსადეგარი ნივთები და ყველაფერს ქოთნებად ვიყენებდით. ასე ნელ-ნელა გავალამაზეთ ჩვენი პატარა ეზო.

ქვაზე ხატვაც კი ვცადე. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ მეხერხება ხატვა, ჭიამაიას დახატვა გავბედე. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემი ლამაზი გოგონების მოვლა. დედისგან ვსწავლობ, რომელს მზე უყვარს, რომელს - ჩრდილი, რა დოზით უნდა მორწყვა და ა. შ. მინდა ყველაფერი თავად ვაკეთო, ახლად შეძენილი ყვავილები თავად დავრგო, ყოველ საღამოს მოვრწყა. მოკლედ, ბედნიერი ვარ, როცა მათ ვუვლი. ისინიც მახარებენ თავიანთი სილამაზით. დედას აღარ ვაცდი მათთან ფუსფუსს, თუმცა მისი დახმარების გარეშე ამ ყველაფერს თავს ნამდვილად ვერ გავართმევდი და ჩემი ეზო ასე ვერ დამშვენდებოდა, როგორც დღეს არის.
საათობით შემიძლია ვიჯდე ჩემს წალკოტში. ვტკბები ამ სილამაზის ყურებით და დაუსრულებლად ვსაუბრობ ყვავილებზე. ვაწყობ სამომავლო გეგმებსაც, კიდევ რა შეიძლება შევამატო ამ პატარა და კოხტა ეზოს.

- განსაკუთრებული მოვლის მეთოდები ხომ არ გაქვთ, რომ გაგვიზიაროთ?
- განსაკუთრებული მოვლის მეთოდი არ მაქვს, უბრალოდ ვცდილობ, ყველა ყვავილი ისეთ ადგილას დავრგო, სადაც ვიცი, რომ არ მოიწყენს და კარგად გაიხარებს, გაიზრდება და გულს გამიხარებს. ძალიან განვიცდი თუნდაც ერთი ძირი ყვავილის გაფუჭებას. ზაფხულობით ბევრი სტუმრობს ჩვენს ეზოს, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. მათი რეაქციები, მოწონება და შექება კი სტიმულს მაძლევს, კიდევ უფრო გავალამაზო და კრეატიული გავხადო ჩემი პატარა წალკოტი.

თავადაც დამწყები ვარ, თუმცა ჩემი მცირე გამოცდილებით ვურჩევ სხვებს, ვინც ახლა იწყებს ამ საქმიანობას, ზედმიწევნით თბილად და ფაქიზად მოუარონ ყვავილებს. რაც მთავარია, ლაღები და პოზიტიურები უნდა იყვნენ მათთან ურთიერთობისას. ეს ყოველთვის აისახება მცენარეებზე. მგონია, რომ ისინი გრძნობენ ამ ყველაფერს. რასაც გავცემთ მათ მიმართ, იგივეს დაგვიბრუნებენ. არაფერი სჯობს ზაფხულის დილას ასეთი სილამაზეების ყურებას, სასიამოვნო მუსიკის მოსმენას და ფიქრს ახალ იდეებზე.






მეტი ფოტო იხილეთ გალერეაში


კომენტარის დამატება