ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მიერ გაშენებული ლამაზი ბაღი რუსთავიდან - "შეიძლება ითქვას, ნულიდან დავიწყეთ..."

სოფიო ბერიანიძე პროფესიით ბიოქომიკოსია. ის რუსთავში შვილებთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მისი დღე საკუთარი ხელით გაშენებულ წალკოტში, ყვავილებზე ზრუნვით და ფინჯანი ყავით იწყება. ამბობს, რომ ამაზე დიდი ბენდიერება მისთვის არაფერია.

- სამი შვილის დედა ვარ. ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში, რომელიც ძალიან მიყვარს. რუსთავი პატარა, თბილი და მოწესრიგებული ქალაქია. პროფესიით ბიოქიმიკოსი და ფარმაცევტი ვარ, თუმცა ამჟამად დიასახლისის სტატუსი მაქვს. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, ოჯახის ერთგული და მზრუნველი მამა. ორივეს ძალიან გვიყვარს ბუნება, სილამაზე და კომფორტი. ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ოჯახისთვის. გვინდა, რომ ჩვენი
შვილები ლამაზ გარემოში იზრდებოდნენ.

- ულამაზესი ბაღი გააშენეთ. ამას მცენარეების და მიწის სიყვარულის გარეშე ვერ შეძლებდით. რამ განაპირობა თქვენი ყვავილების მიმართ სიყვარული?
- როგორც უკვე აღვნიშნე, მე და თაზოს ძალიან გვიყვარს ბუნება, სილამაზე და კომფორტი. სწორედ ეს ბაღნარია ჩვენი კომფორტის ნაწილი, რელაქსი და ანტიდეპრესანტი. მცენარეები და ყვავილები თითქოს გველაპარაკებიან და გვატყობინებენ, როდის უჭირთ და როდის ულხინთ. ვცდილობთ ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე და ისინიც გვახარებენ თავიანთი სილამაზით. ყოველი დილა იწყება ეზოს შემოვლით, დათვალიერებით, ვერანდაზე ფინჯან ყავასთან ერთად ამ სილამაზით ტკბობით. ვერ გადმოგცემთ როგორი სასიამოვნოა ეს რიტუალი. ალბათ, სიყვარული რომ არა, ამ ყველაფერს ვერც შევქნმნიდით.

- რამდენი წლის წინ დაიწყეთ ეზოს გალამაზება და დღემდე რა გზა გაიარეთ?
- სამი წლის წინ ძალიან სპონტანურად შევიძინეთ ეს სახლი, მანამდე ყოველთვის კორპუსში ვცხოვრობდით და მხოლოდ თუ ვიოცნებებდით საკუთარ სახლზე და ლამაზ ეზოზე. მაშინ ორსულად ვიყავი მესამე შვილზე და ახალი სიცოცხლის მოლოდინში, ახალ სახლში, ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში. დიდი ენთუზიაზმით შევუდექით ჩვენი ეზო-ბაღის მოწყობას. შეიძლება ითქვას, ნულიდან დავიწყეთ. იდგა მხოლოდ მუშმალა და დიდი პალმა, რომელიც ძალიან ამშვენებდა და ამშვენებს ჩვენს შემოსასვლელს. გავიარეთ ბევრი ეტაპი: შევიძინეთ ბუჩქები, ხე-მცენარეები, ყვავილები, ზოგიც გვაჩუქეს. ძირითადად მარადმწვანე მცენარეებზე ვართ ორიენტირებულნი. გვინდა, ჩვენი ბაღი ზამთარშიც მწვანე და ლამაზი იყოს. რუსთავი საკმაოდ ცხელი და ქარიანი ქალაქია, ხშირად უდაბნოდაც მოიხსენიებენ, ამიტომაც მიწა საკმაოდ მალე შრება და სკდება. იმაზე ხშირად უწევს მორწყვა ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. მორწყვის გარდა ვამუშავებთ სხვადასხვა მავნებლებზე. სჭირდება გასხვლა, ამაზე ძირითადად მეუღლე ზრუნავს. გასხვლის პროცესი არ მიყვარს, გული მწყდება თითოეულ ფოთოლსა თუ ტოტზე, თუმცა აუცილებელია მცენარის კარგად განვითარებისათვის.

- რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს ოჯახის წევრების თანადგომა, დახმარება?
- მე და ჩემი მეუღლე აქტიურად ვგეგმავთ და ვმუშაობთ ბაღის კეთილმოწყობაზე. ჩვენი შვილებიც მეტ-ნაკლებად არიან ჩართულები, გვეხმარებიან მარგვლაში, პატარ-პატარა სამუშაოებში. სულ პატარას ყველაზე ძალიან უხარია, გიჟდება მორწყვაზე. იმდენად სახალისოა ჩვენს ბაღში საქმიანობა, შეიძლება ითქვას, კარანტინის პერიოდი ისე გადავაგორეთ ვერც კი მოვასწარით აღქმა.

- დღეს ლამაზი ბაღის გაშენება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუ მცირე ბიუჯეტითაც შესაძლებელია?
- თანხები ნამდვილად საჭიროა მცენარის შესაძენად, მის მოსავლელად, ვიტამინების და ქიმიკატების შესაძენად, რითიც მავნებლებს ვებრძვით. ჩვენ იმდენად მალე გვინდოდა ეზოში მეტი სიმწვანე ყოფილიყო, ხშირ შემთხვევაში ოჯახის ბიუჯეტიდან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთისათვის გადადებულ თანხას დეკორატიული მცენარეების მობრძანებაში ვხარჯავდით. გააჩნია ვისთვის რა არის პრიორიტეტი, ჩვენთვის იმ დროს მცენარეები იყო პრიორიტეტი. მაგრამ შრომით, დიდი ნებისყოფით და სიყვარულით შეიძლება ლამაზი ბაღის გაშენება მცირე ბიუჯეტითაც. რა თქმა უნდა, ამას უფრო დიდი დრო დასჭირდება, რადგან მცირე თანხით გაცილებით უფრო პატარა ნერგის შეძენას შეძლებთ, ან თქვენ თვითონ თუ დააფესვიანებთ, მაშინ უფრო ბიუჯეტური გამოგივათ. არაფერია შეუძლებელი.

- მცენარეებს რის მიხედვით არჩევდით და დღეს რა მცენარეებია თავმოყრილი თქვენს ბაღში?
- მცენარეებს ვარჩევთ სილამაზის, ჩვენი კლიმატის ამტანობის, ბიუჯეტის მიხედვით, ასევე მზის მოყვარულია თუ ჩრდილის. ჩვენს ბაღში ძირითადად მარადმწვანე მცენარეებს ნახავთ: ნაძვი, ჰამიციპარისი, მწვანე ტუიები, ოქროსფერი ტუიები, ოქროსფერი კვიპაროსები ციტრუსის სურნელით. დეკორატიული ბუჩქები, პალმები, ფინიკები, ციკასი, იასამანი, კალისტემონი, გარდენია, ჰორტენზია, ეონიმუსი, აუკუბა, ვარდები, კანა, ჯუჯა ცინიები (რომლებიც ეზოს ძალიან აფერადებენ), სალვიები, ტიტები, ნარცისები. ასვე გვაქვს მარწყვი, მალინა, მაყვალი, ბალი, ჯუჯა კაკალი, გარგარი, ალუბალი, ბუშმალა, ალუჩა, ლიმონი, ვაზი და ზოგიერთი ისეთი მცენარე, რომლის სახელი არც ვიცი.

- წლის რომელ სეზონზეა თქვენი ბაღი ყველაზე ლამაზი?
- ჩვენი ბაღი ისე მოვაწყეთ, რომ არც ერთ სეზონზე ხიბლი არ დაეკარგა. გაზაფხულზე რომ იწყებენ ყვავლობას ტიტები, ნარცისები, იასამნები, ვარდები და კიდევ რამდენიმე სახეობის ყვავილი ძალიან სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. ზაფხულიც ძალიან ლამაზია, ყველაფერი აყვავებულია.

- ზამთარში რომელი მცენარეები ალამაზებს თქვენს ბაღს?
- ზამთარში ჩვენს ბაღს მარადმწვანე მცენარეები აცოცხლებენ. დეკორატიული ბუჩქები, ნაძვი, დაფნა, რომელიც ძალიან მომწონს როგორც დეკორაცია, მუშმალა, ტუიები, კვიპაროსები, პალმები, აგავა.

- სამომავლოდ ბაღის განახლებას ან დიზაინის შეცვლას ხომ არ გეგმავთ?
- ჩვენ მუდმივად ახლის ძიებაში ვართ. შესაბამისად იდეები ბევრი გვაქვს, ბაღის განახლებასა და დიზაინის ცვლილების.


მერი ბლიაძე




კომენტარის დამატება