"მუშაობას თავი დავანებე და აქ გადმოვედით საცხოვრებლად... გავაშენე ეს ბაღი" - ყოფილი პედაგოგის მიერ გაშენებული მშვენიერი ბაღი

ქალბატონი დალი მაჭავარიანი პროფესიით პედაგოგია. წლების განმავლობაში ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურა. თუმცა 22 წლის წინ, როცა აღმაშენებლის ხეივანში ნაკვეთი შეიძინა, მუშაობას თავი დაანება და აქ, მეუღლესთან ერთად დასახლდა. ულამაზესმა ბაღმა, რომელიც ქალბატონმა დალიმ საკუთარი ხელით გააშენა, ჩვენი ყურადღება ჯგუფ „ყვავილნარში“ მიიქცია. 

- მყავს სამი შვილი და შვიდი შვილიშვილი. მას შემდეგ, რაც ეს ნაკვეთი შევიძინეთ, მუშაობას თავი დავანებე და აქ გადმოვედით საცხოვრებლად. ძალიან მყუდრო და მშვიდი დასახლებაა. პირველი სახლი აქ ჩვენ ავაშენეთ. ეს იყო 22 წლის წინ. ახლა უკვე დიდი
და პრესტიჟული დასახლებაა.

- ასეთი ლამაზი ბაღი რომ გააშენოს ადამიანმა, მხოლოდ ყვავილების სიყვარული კმარა?
- რა თქმა უნდა, ყვავილების სიყვარული უმნიშვნელოვანესია ამ დროს, მაგრამ ეს ერთადერთი ფაქტორი არ არის. სხვა ბევრი რამეა საჭირო, მათ შორის სურვილი, ცოდნა, სახსრები და ა.შ. დედას ძალიან უყვარდა ყვავილები და მეც სწორედ მისგან გამომყვა ეს სიყვარული. სახლშიც უამრავი ყვავილი გვქონდა. ამ ბაღში პირველად ხეხილი გავაშენეთ. ტერიტორია საკმაოდ დიდი - 2000 კვ.მ-ია. გვაქვს ყველანაირი ხილი. წიგნებიდან ვისწავლე მყნობა და ვატარებ ექსპერიმენტებს. ერთ ძირზე მაქვს სხვადასხვა ჯიშის მსხალი, ჭანჭური, ქლიავი, ვაშლატამა ერთად. ასევე ტყემალი, ალუჩა და ა.შ. ბაღში ყველანაირი ხილი მაქვს, ციტრუსების გარდა.

- მნახველს ყოველთვის აჯადოებს თქვენი ვარდები. რამდენი ძირი ვარდი ხარობს თქვენს ეზოში?
- ვარდებით ცოტა მოგვიანებით დავინტერესდი. დღეს 300-მდე ძირი ვარდი მაქვს. მათ შორის ბევრია საკოლექციო, მაგრამ სამწუხაროდ, ყველას სახელი არ ვიცი. ვარდი თუ მომეწონა, ვამრავლებ და სულ ვრგავ, სადაც ადგილს ვნახავ, ასევე სხვა ყვავილებსაც.

- საკმაოდ დიდი ბაღი გაქვთ. მარტო უვლით მეცნარეებს, ეზოს, ხეხილს?
- მყავს დამხმარე მებაღე, მაგრამ ძირითადად, მე ვაკეთებ ან ჩემი მითითებით აკეთებს მებაღე. ეს საქმე ძალიან შრომატევადია, ბაღიც დიდია, მაგრამ როცა გიყვარს და ასეთ საოცარ შედეგს ხედავ, ყველაფერს აიტან.
ყვავილების გარდა მაქვს ბოსტანი. მომყავს კიტრი, პომიდორი, მწვანილი და რაც ოჯახს სჭირდება, ყველა ხილ-ბოსტნეული.

- ოჯახის წევრები თუ არიან ბაღის მოვლაში ჩართული?
- ბაღის მოვლაში ოჯახის წევრები არ მონაწილეობენ, მაგრამ ხილი და ვარდები ძალიან მოსწონთ. ხშირად იკრიბებიან ჩემი შვილები, შვილიშვილები და ახლობლები ჩემს ეზოში, თუმცა ახლა პანდემიამ შეგვიშალა ხელი და მეგობრებს ვერ ვეპატიჟებით.

- ძალიან მრავალფეროვანი ბაღი გაქვთ. არის მცენარე, რომელმაც თქვენს ბაღში არ იხარა?
- დიდი მცდელობის მიუხედავად ყვავილებიდან ვერ ვახარე კამელია და ჰორტენზია. ალბათ არ მოსწონთ აქაური კლიმატი.

- ქოთნის ყვავილებიც გაქვთ?
- დიახ, ზამთარში იებზე გადამაქვს ჩემი ზრუნვა, მაქვს საკოლექციო იები. დავიწყე გამრავლება და ვჩუქნი ჩემს ახლობლებს. ჩემი ბაღი ჩემთვის ყველაფერია, მასში ყოველდღიურად დიდ შრომას ვდებ, თუმცა მსიამოვნებს და მაბედნიერებს.


მერი ბლიაძე

კომენტარები

ideodub 2024-10-18 22:41
For 4 Weeks Gonna be doing a blood test before the buy priligy cheap
ლია 2021-06-14 10:35
თქვენ ალამაზებთ ცხოვრებას. დიდი მადლობა.
მედეა ასატიანი 2021-06-11 21:34
ულამაზესი ბაღია,წარმატებები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები