"ბაღის გაშენება დავიწყეთ ჭაობიან, ცარიელ ტერიტორიაზე" - საუცხოო ბაღი სოფელ დიღომში

ნინო თოდაშვილი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. უყვარს მოგზაურობა, უცხო ქვეყნების ტრადიციებისა და სამზარეულოს გაცნობა. ბოლო დროს გაიტაცა ბაღის დიზაინმა და ავეჯის (რკინა, ხე, ქვა) მოხატვამ. პროფესიონალი ადამიანების დახმარებით სოფელ დიღომში საუცხოო ბაღი მოაწყო და ახლა სწორედ მასზე გვესაუბრება.

- ბაღი მდებარეობს სოფელი დიღმის ტერიტორიაზე და გაშენებულია დაახლოებით 800კვ.მ. ექვსი წლის წინ შევიძინეთ. ბაღის გაშენება დავიწყეთ ჭაობიან, ცარიელ ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ ველური ბუჩქები დაგვხვდა. ჩემი სურვილი იყო ბრიტანული დიზაინის ბაღი, რომელიც დატვირთული იქნებოდა მეტი ბალახის საფარით და მარადმწვანე მცენარეებით.

- როგორც
ვიცი, თქვენი ბაღის ავტორი პროფესიონალი ლანდშაფტის დიზანერი თამარ თავართქილაძეა...

- დიახ, ჩემი ბაღის დიზაინის ავტორი გახლავთ თამარ თავართქილაძე. მანამდე ნანახი მქონდა მისი დიზაინით შექმნილი ულამაზესი ბაღები და საერთოდაც ჩემი სუბიექტური აზრია, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და თამარის გარეშე ამ სილამაზის შექმნა ნამდვილად გამიჭირდებოდა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ სანამ თამარს მივმართავდი, ჩემი ძალებით ვცადე პატარა ტერიტორიის გალამაზება, რაც მარცხით დასრულდა. ძალიან რთულია გამოუცდელი ადამიანისთვის იმ მცენარის შერჩევა, რომელიც მოუხდება ლანდშაფტს, ნიადაგს. მიდიხარ საყიდლად, სადაც ყველაფერი მოგწონს, ყიდულობ, მოგაქვს და მერე აწყდები კიდევ უფრო მეტ სირთულეს და ხვდები, თუ როგორი რთულია შექმნა ლამაზი კომპოზიცია, სადაც ყველა დარგული მცენარე ერთმანეთს მოუხდება.


- დღეს ბაღს თქვენ თვითონ უვლით, თუ გყავთ მებაღე, დამხმარე?
- რა თქმა უნდა, დამხმარის გარეშე შეუძლებელია ბაღის მოვლა. ყველა მცენარეს თავისი ხასიათი და დაავადებები აქვს, რომლის ცოდნის გარეშე უბრალოდ კარგავს პირვანდელ სახეს ან კვდება. მარტო ინტერნეტის დახმარება საკმარისი არ არის. ამდენის წლის გამოცდილებამ მასწავლა, რომ ყოველ წელს ახალ-ახალი დაავადებები უჩნდება მცენარეებს და მათი შეწამვლა ცოდნას საჭიროებს. ბაღის მოვლა მარტო მწვანე გაზონის მოვლით არ შემოიფარგლება.

- მარადმწვანე მცენარეები ალამაზებს თქვენს ბაღს. კონკრეტულად რომელი მარადმწვანე მცენარეები შეარჩიეთ ბაღისთვის და როგორ შეეგუენ კლიმატს, ნიადაგს? როგორ ფიქრობთ, ყვავილების და მცენარეების შერჩევის დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ?
- ჩვენი ბაღი გალამაზებულია სხადასხვა მარადმწვანე მცენარით, მათ შორის: ვერცხლისფერი ნაძვი, ბზა, ტუია, მაგნოლია, სხვადასხვა სახეობის სურო და ა.შ, რომლებიც კლიმატს და ნიადაგს არ უჩივიან. თუმცა იმისთვის, რომ მცენარეები გარემოს შეჩვეოდნენ, ძალიან დიდი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო, კერძოდ შავი სასუქიანი მიწის შეტანა, სარწყავი სისტემის დამონტაჟება და ა.შ.

- თქვენეული მოვლის მეთოდები თუ გაქვთ, რაიმე „ხრიკები“ თუ შეიმუშავეთ ამ პერიოდის განმავლობაში? როგორ ახერხებთ, რომ ყველა სეზონზე ლამაზი იყოს თქვენი ბაღი?
- იმის მიუხედავად, რომ ვსარგებლობ მებაღის მომსახურებით, ენერგიით მავსებს მიწასთან ურთიერთობა და სიმართლე გითხრათ, ყოველ დილით ჩემი ძალებით ვებრძვი ქარისგან ჩამოყრილ ფოთლებს და ვსხლავ ვარდებს, ამით მთავრდება ჩემი ბაღთნ ურთიერთობა. თუმცა ვცდილობ ბაღი გავალამაზო სხვადასხვა დიზაინის ავეჯით.

- სამომავლოდ რამე სიახლეს ხომ არ გეგმავთ?
- ბაღის მოვლა გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ სასიამოვნო. რადგან ჩემი ბაღის ახლანდელი სახე ძალიან მომწონს, ვთვლი, რომ ახალი მცენარეების დამატებას არ საჭიროებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიტან ცვლილებებს, თუ რომელიმე მცენარე გახმება და იძულებული ვიქნები ჩავანაცვლო ახლით.

- რაც შეეხება თქვენს ახალ გატაცებას, ავეჯის მოხატვით როდის დაინტერესდით?
- სიმართლე გითხრათ, ანტიკვარული ავეჯი ძალიან მიყვარს. ვერასოდეს ვიმეტებდი გადასაგდებად ბებიაჩემის გატეხილ ავეჯს და ვცდილობდი მის განახლებას. მაგრამ სერიოზულად რომ მომეკიდა ხელი, ამის დრო არასოდეს მქონდა, ამიტომ რჩებოდა მხოლოდ ოცნებად. პანდემიამ საბედნიეროდ მომცა თავისუფალი დრო და მეც დავუბრუნდი ოცნების განხორციელებას და კიდევ ერთხელ მივხვდი, როცა ადამიანს ძალინ უნდა რაღაცის გაკეთება, აუცილებლად შეძლებს, მითუმეტეს კარგი მასწავლებლის ხელში. სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე ძალიან მაგარი ადამიანი, თავისი საქმის სპეციალისტი მეგი გვენეტაძე, რომელსაც უბრალოდ მივწერე, თუ იღებთ მოწაფეებს, რომლებსაც ხატვა არ შეუძლიათ-მეთქი. მეგის ერთმა მოწერილმა სიტყვამ - პრობლემა არ არის, ყველაფერი შესაძლებელიაო, ჩემი ცხოვრება პანდემიაში სრულიად შეცვალა. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ადამიანმა, რომელსაც ფუნჯი ხელში არასოდეს დამიჭერია. დღევანდელ დღეს, როგორც ჩემი ოჯახის წევრები ხუმრობენ, სახლში ხე აღარ დავტოვე, რომ ან არ მოვხატო, ან არ დავაძველო.







მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები