ბროწეული ჩვენს სამზარეულოში დიდი ხანია გამოიყენება, მაგრამ ის კომერციული მიზნით დღემდე არ მოჰყავდათ - მხოლოდ საოჯახო ნაკვეთებში ახარებდნენ. თბილისშიც კი, საკუთარი სახლების ეზოებში, გაზაფხულზე ხშირად ნახავთ აყვავებულ ბროწეულს, მაგრამ ამ გემრიელ და სასარგებლო ხილზე მოთხოვნა მეტწილად იმპორტით კმაყოფილდება. არადა, საქართველოში ბროწეულის წარმოების კარგი პოტენციალია, დიდია მოთხოვნა სხვა ქვეყნებშიც. სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ორ-სამ წელიწადში, ჩვენთან ბროწეულის ორი პლანტაცია გაშენდა. ერთი კახეთში, მეორე კი მარნეულში.
სულხან თურმანიძე, ფერმერი: - პროფესიით სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტი ვარ. სხვადასხვა დროს ვმუშაობდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში,
სწორედ იმ დროს დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, რომელსაც რაღაც დანაზოგი ჰქონდა და მისი სოფლის მეურნეობაში დაბანდება სურდა. ჯერ უნდა გაგვერკვია, ამ მიწაზე რისი გაკეთება გვინდოდა, მერე კი აგრონომი დაგვექირავებინა, რომ საქმეს ის გასძღოლოდა.
ერთი წელიწადი დაგვჭირდა, რომ შეგვესწავლა კლიმატი, გავრცელებული კულტურები, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი და დავადგინეთ, რომ მოხმარებული ბროწეულის დაახლოებით 70% იმპორტით შემოდის. გარდა იმისა, რომ ბროწეული შეგიძლია მიიღო, როგორც ხილი, მისგან მზადდება წვენი, კონცენტრატი, ბროწეულს ფართოდ იყენებენ კოსმეტიკურ და ფარმაცევტულ წარმოებაში, განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ბროწეულის კურკის ზეთზე, ხოლო ჩაიხანებსა და ყავახანებში ბროწეულის ფოთლის ჩაის მიირთმევენ; ბროწეულის ქერქისგან პირუტყვისთვის მზადდება საკვები, რომელიც წველადობას ზრდის და გამაჯანსაღებელი ეფექტიც აქვს... ამ ყველაფრის შემდეგ ბროწეულის ბაღის გაშენება გადავწყვიტეთ.
- ნერგები სად იყიდეთ?
- იმ დროს USAID-ის დაფინანსებით მიმდინარეობდა პროგრამა "ფერმერი ფერმერისთვის" და მეც დავრეგისტრირდი. პროგრამის ფარგლებში აშშ-დან ჩამოვიდა მსხვილი ფერმერი, ბროწეულის კულტურაზე დაწერილი წიგნის - "დაუჯერებელი ბროწეულის" ავტორი რიჩარდ ეშტონი. მას ტეხასში 300 ჰექტარზე გაშენებული ბროწეულის პლანტაცია აქვს. მან სამი კვირა გაატარა საქართველოში. ერთად შემოვიარეთ ქვემო ქართლი და კახეთი, სადაც ველურად მზარდი ბროწეულის ჯიშებიც აღმოაჩინა. ეშტონის ჩამოსვლამ, მისმა რჩევებმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. სანერგე მასალის მოძიება რომ დავიწყეთ, ის საქართველოში არ აღმოჩნდა და კითხვა-კითხვით მივაგენით აზერბაიჯანში, საიდანაც ბროწეულის 5 ათასი ნერგი
ჩამოვიტანეთ. ბროწეული კალმებით მრავლდება და საკალმე მასალაც წამოვიღეთ, ჩვენი სანერგე მეურნეობა გავაშენეთ და მომავალში გაფართოებისთვის ნერგების ჩამოტანა აღარ დაგვჭირდება.
კომენტარები