ჟურნალისტი ნანა აკობიძე კანადაში მდებარე ულამაზეს ბაღზე, რომელzზეც ადრე ვწერდით, ემოციურ ისტორიას აქვეყნებს, რომელიც საქართველოს უკავშირდება.
"1922 წელი. 19 წლის ინგლისელი გოგო და 21 წლის ქართველი ბიჭი ერთმანეთს ხვდებიან პარიზში. გოგო შანხაიშია დაბადებული. 3 წლის ასაკში დაობლებულს, გაუმართლა და შეძლებულმა, მოგზაურობის მოყვარულმა ოჯახმა იშვილა. ბიჭი დედასთან ერთად პარიზშია გახიზნული, უსახსრო, მაგრამ - ნამდვილი პრინცი. მამამისი კოტე აფხაზი (ილია ჭავჭავაძის დისშვილი), რომელსაც ერთ წელიწადში დახვრეტენ, თბილისში ბოლშევიკებს ებრძვის. გოგოს პეგი ჰქვია, ბიჭს ნიკოლოზი - ანუ ნიკოლას. მათ ერთმანეთი უყვარდებათ. გოგოს დედობილი
ისტორია ამბობს, რომ შეყვარებულებს არ გაუწყვეტიათ კავშირი და გამუდმებით წერდნენ წერილებს ერთმანეთს. ამასობაში გადის თითქმის 20 წელი; მეორე მსოფლიო ომი იწყება და ორივენი ტყვედ ვარდებიან: ნიკოლასი გერმანელებთან, პეგი - შანხაიში, იაპონელებთან. ტყვეობიდან დაბრუნებული ნიკოლოზი, რომელსაც დედა გარდაცვლილი ხვდება, კანადაში გადადის საცხოვრებლად.
პეგიც თავისუფლდება ტყვეობიდან და ისიც, ბედისწერის კარნახით - შანხაიში ყიდის ყველაფერს და კანადაში მიემგზავრება იმ სამოგზაურო ჩეკებით, რომელიც ტყვეობაში პუდრის ქილაში ჰქონდა შენახული. ვანკუვერთან ახლოს, ვიქტორიაში 1 ჰექტარ კლდოვან მიწას ყიდულობს და საზაფხულო სახლის და ბაღის გაშენებას იწყებს.
ერთ წელიწადში ნიკოლასისგან, რომელიც არც იცის, მკვდარია თუ ცოცხალი, წერილს იღებს; პაემანი ნიუ იორკში ინიშნება. პეგი 44 წლისაა ამ დროს, ნიკოლოზ აფხაზი - 47-ის.
მათ სიყვარულს უკვე ვერავინ შეუშლის ხელს: პეგის დედობილი 7 წლის წინ გარდაიცვალა.
წყვილი ვიქტორიაში ბრუნდება და ქორწინდება.
რა არის ეს: ბედისწერა თუ შემთხვევითობა?
თუ უბრალოდ, სიყვარული, რომელიც არ ემორჩილება დროს და საზღვრებს?
...მერე გრძელდება ბაღის შენების 40-წლიანი ამბავი: პეგი და ნიკოლასი ერთად ქმნიან ქარიზმატულ სამყაროს, რომელშიც აერთიანებენ ნიკოლასის მოგონებებს საქართველოზე და პეგისას - შანხაიზე, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა.
მოგვიანებით წიგნიც დაიწერება მათზე, სათაურით „საოცარი ცხოვრება“ - პეგის ბიოგრაფიაა, რომელიც ნიკოლასზეა გადაჯაჭვული.
40 წლის თანაცხოვრების შემდეგ ჯერ კაცი მიდის პირველი - 87 წლის ასაკში. პეგი 7 წელს კიდევ იცოცხლებს და 1994 წელს გარდაიცვლება, 92 წლის. ორივეს ფერფლი, ანდერძის თანახმად, ბაღშია გაბნეული.
შვილი არ დარჩენიათ - ერთადერთი მემკვიდრე ეს ბაღია, რომელმაც მათი სიკვდილის შემდეგ რამდენიმე პატრონი გამოიცვალა, 2000 წელს სამშენებლო კომპანიაზე გაყიდვისგან შემომწირველებმა იხსნეს და დღეს ბუნების დამცველი კომპანიის ხელშია.
ვიზიტორთა რაოდენობით, აფხაზების ბაღი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ვიქტორიაში, განსაკუთრებით წყვილებისთვის: სიყვარულის ბაღი ყველაზე შესაფერისი ადგილია ქორწილებისთვის.
ქართულ პრესაში ამ ბაღის და სიყვარულის ამბავის პირველწყარო ძირითადად მკვლევარი რუსუდან დაუშვილია, უცხოურ პრესაშიც ბევრი იწერება - განსაკუთრებით ბლოგერების მხრიდან, რომლებიც ამ ისტორიას ლამაზი დეტალებით ამდიდრებენ და ლეგენდარულს ხდიან.
ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც ეგზოტიკური, ჯადოსნური ბაღის სახით აგრძელებს სიცოცხლეს.
ძალიან ცოტა გამიგია ასეთი ლამაზი ისტორია.
მივყვეთ ერთ-ერთ ბლოგერს (და ფლორისტს) გერჰარდ ბოკს და ვიმოგზაუროთ ნიკოლოზ და პეგი აფხაზების სიყვარულის ბაღში." - წერს ნანა აკობიძე და მოგვიანებით, ამ ისტორიის გამოხმაურებასაც გვაცნობს.
"ულამაზეს მეუღლესთან ერთად Abkhazi Garden-ში გადაღებულ საქორწინო ფოტოს გვიგზავნის კანადაში მცხოვრები ზურაბ სანიკიძე, „აფხაზეთში ვერ შევძელით ქორწილი და Abkhazi Garden-ში მაინც მოვახერხეთო“. სტუმრების წიგნშიც ეს ჩანაწერი გაუკეთებიათ.
„აფხაზეთთან დაღუპული ნათესავები მაკავშირებს, როგორც ყველა ქართველსო“ - ამბობს ზურაბი, რომელიც სამეგრელოდაანაა წარმოშობით და მალე სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს: სახლის საძირკველი უკვე ჩაყრილი აქვს მშობლიურ ნოქალაქევში.
წყვილი 1999 წლიდან ცხოვრობს კანადაში, 90-იანებში დაოჯახებულებმა, ქორწილი 15 წლის შემდეგ გადაიხადეს - სამი ულამაზესი შვილის გარემოცვაში, რომელთაგან ორი უკვე სტუდენტია."
ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილის სახელგანთქმული ბაღი კანადაში