კომპოსტირება საოჯახო პირობებში - როგორ მზადდება ყველაზე სასარგებლო ორგანული სასუქი

ბოლო დროს განსაკუთრებულად აქტუალური გახდა ეკოლოგიურად სუფთა, არაქიმიური საშუალებების გამოყენება ნიადაგის გასანოყივრებლად, სასუქად, მოსავლის მოსაყვანად. ალბათ ხშირად გსმენიათ კომპოსტის შესახებ, რომ საუკეთესო სასუქად მიიჩნევა, რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთაა და იაფი - კეთდება იმით, რაც შინ გაქვთ, ნარჩენებით, რომლებსაც გადაყრის ნაცვლად, სასარგებლოდ გამოიყენებთ და ბუნებასაც გაუფრთხილდებით. კომპოსტის შესახებ საინტერესო და პრაქტიკული ინფორმაცია მოგვაწოდა არასამთავრობო ორგანიზაციამ "კავშირი მდგრადი განვითარებისათვის "ეკოვიჟენი".

როგორ უნდა მოამზადოთ ყველაზე სასარგებლო ბუნებრივი სასუქი
კომპოსტი არის ორგანული ნარჩენების (ხილი, ბოსტნეული, ჩამოცვენილი ფოთლები და სხვა) ბუნებრივი დაშლის შედეგად მიღებული მასა,

რომელსაც შეუძლია, გაამდიდროს და გააუმჯობესოს ნიადაგი.

რატომ არის კარგი კომპოსტი? - კომპოსტის დამზადებით მცირდება ნარჩენი (ორგანული ნარჩენი); არ გამოიყენება ქიმიური სასუქი და ნიადაგი მდიდრდება უსაფრთხო, ბუნებრივი მასალით; კომპოსტის დამატებით ნიადაგი ხდება უფრო ფხვიერი, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო; კომპოსტი მზადდება მხოლოდ ორგანული ნარჩენისგან.

როგორ მზადდება კომპოსტი?

ამისთვის დაგჭირდებათ:

ხის კონტეინერი ან პლასტმასის ჰაერგამტარი კონტეინერი, იგივე კომპოსტერი.

კომპოსტერის კედლები უნდა ატარებდეს ჰაერსა და წყალს.

კომპოსტერს არ უნდა ჰქონდეს ძირი, რადგან კომპოსტირებისთვის აუცილებელია კონტაქტი ნიადაგსა და საკომპოსტე ნაყარს შორის.

საკომპოსტე მასალებია:

* დაქუცმაცებული ორგანული მასა
* შავი მიწა
* ნაცარი
* ნახერხი
* წყალი
* ფიწალი
* ბრეზენტი
* სასათბურე თერმომეტრი



კომპოსტის მისაღებად საკომპოსტე ნაყარის მასა უნდა იყოს დაქუცმაცებული და მრავალფენოვანი. პირველ ფენად უნდა განთავსდეს "მუქი“ (ხმელი ფოთლები, ხის ბურბუშელა/ნახერხი, ქაღალდი, მუყაო), შემდეგ კი "მწვანე“ (მოთიბული ბალახი, მწვანე ფოთლები, ბაღის ანასხლავი) 10-15 სმ-ის კომპონენტები. ამ ფენებს შორის შესაძლებელია მოთავსდეს სამზარეულოს ნარჩენები (ხილი, ბოსტნეული). ასეთი წყება უნდა განმეორდეს რამდენჯერმე. საჭმლის ნარჩენების დამატების შემთხვევაში აუცილებელია მიწის, ნახერხის ან ფოთლების დამატება არასასიამოვნო სუნის შთანთქმისთვის. კარგი იქნება, თუ ბოლო ფენად გამოვიყენებთ თივას ან ნამჯას და შევფუთავთ ბრეზენტით, სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

სასურველია, თუ საკომპოსტე ნაყარის სიმაღლე იქნება 1,5 მეტრი. მშრალ ამინდში კომპოსტი უნდა მოირწყას კვირაში 2-ჯერ. აუცილებელია, თვეში 2-ჯერ ფიწალის მეშვეობით მოურიოთ, მასში აერიზაციის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ასე კომპოსტირების პროცესი 3-4-ჯერ ჩქარდება. ასევე საჭიროა, ორგანული ნარჩენის დაშლის ოპტიმალური ტემპერატურა 33-60 გრადუსი იყოს.

ჭიაყელებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მიწის გაფხვიერებაში. ისინი თავისი აქტივობის პერიოდში მუდმივად გადაამუშავებენ, შლიან და გამოყოფენ ნარჩენებს, რომლებშიც ბაქტერიების, აზოტის, კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორისა და კალიუმის შემცველობა მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ნიადაგში. ჭიაყელები ამდიდრებენ კომპოსტს და ხელს უწყობენ მისი ხარისხობრივი მაჩვენებლის ამაღლებას, შესაბამისად წარმოქმნიან მაღალი ხარისხის საკომპოსტე მასას. აღსანიშნავია, რომ გონიერი მებაღეები ცდილობენ, ჭიაყელების ეს თვისება მაქსიმალურად გამოიყენონ კომპოსტირების პროცესში.

კომპოსტის გაცივება მისი მომწიფების საბოლოო ეტაპია. საკომპოსტე ნაყარის არევის შემდეგ, თუ ტემპერატურა აღარ მატულობს, იწყება ე.წ. გაცივების სტადია. ის დასრულებულად ითვლება, როცა საკომპოსტე ნაყარში ტემპერატურა გაუთანაბრდება გარემოს ტემპერატურას.

როგორ გამოვიყენოთ მიღებული კომპოსტი
კომპოსტის ნიადაგში შეტანის წლიური დოზაა საშუალოდ 6 კგ 1 კვ.მ-ზე. ეს რაოდენობა დაახლოებით სავსე ნიჩაბს შეესაბამება. ღარიბ ნიადაგში პირველ წელს საჭიროა მეტი კომპოსტის შეტანა - 10-12 კგ 1 კვ.მ-ზე.

თუ ჩითილების გამოსაყვანად კომპოსტს გამოვიყენებთ, ის უნდა გაიცრას დაახლოებით 6 მმ ზომის საცერში. გაცრის შემდეგ, დარჩენილი მასა შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი კომპოსტის დასამზადებლად.

კომოპსტირების საუკეთესო მაგალითს გვაძლევს ბუნება - ტყე, სადაც ეს პროცსი ბუნებრივად მიმდინარეობს. ყველანაირი ორგანული ნარჩენი, რომელიც ტყეში არსებობს, ნიადაგის მიკროორგანიზმების ზემოქმედების შედეგად ტყის ნაყოფიერ მიწად გარდაიქმნება.

როცა კომპოსტი ნიადაგში შეგვაქვს, უნდა გადავანაწილოთ მთლიან ტერიტორიაზე და დაახლოებით 10 სმ სიღრმეზე გავაფხვიეროთ. ეს მეთოდი ხელს უწყობს როგორც ნიადაგის ზედა ფენის გაუმჯობესებას, ისე მის დარბილებას.

როცა კომპოსტს გამწვანების ფართობზე ვიყენებთ, უნდა ამოვჭრათ 10 სმ სიღრმის წრიული ორმო ხის გარშემო (მისი ფესვების ირგვლივ) და შიგნით ჩავყაროთ კომპოსტი.

ასევე შეგვიძლია, კომპოსტით დავფაროთ ნიადაგი მოსავლის აღების შემდეგ. ამას მულჩირება ეწოდება.



კომპოსტის მისაღებად არ გამოიყენება

* დაავადებული ან მავნებლებით ძლიერ დაზიანებული მცენარეები;
* შხამიანი მცენარეები (ლენცოფა, აბუსალათინი);
* მცენარეები, რომელთა დაშლის პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობს;
* მცენარეები, რომელთაც ახასიათებთ დიდი მჟავიანობა (ფიჭვის წიწვები);
* კატისა და ძაღლის ექსკრემენტები;
* დაავადებული ცხოველის ნაკე­ლი ან სხვა ორგანული ნარჩენები;
* ლითონი, პლასტმასი, შუშა, ხის დიდი ნაჭრები, დიდი რაოდენობის ქაღალდი.

კომპოსტერი არ განათავსოთ ჭის, ნაკადულის ან მდინარის მახლობლად, ასევე არ არის რეკომენდებული მისი განთავსება მრავალწლიან ხეებთან, რადგან შესაძლებელია მათი ფესვების შეღწევა კომპოსტერში, რომელიც გაართულებს ნაყარის არევას და ხელს შეუწყობს მის გამოშრობას.

სასურველია, საკომპოსტე ნაყარი განთავსდეს ისეთ ადგილას, სადაც მოხდება მისი გამოყენება. ამისთვის საუკეთესო ადგილი ბაღია.

კომენტარები

nino 2016-06-11 09:20
ert-erti mtavari bostneulis damatebisas moxarshuli narchenebi ar sheuriot kompostshi, tagvebi da virtxebi mogimravldebat, mxolod umi narchenebi.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები