ვინც საკუთარ ეზოში ყვავილნარის შექმნაზე ფიქრობს, აუცილებლად რგავს ვარდების ბუჩქებს; ვარდებისგან შეიძლება შევქმნათ მომცრო ზომის კომპოზიციები, საზღვარი, ცოცხალი ღობე ან სულაც მთელი ბაღი.
როგორც ქალაქის მკვიდრს, ძალიან გამიკვირდა და თანაც მესიამოვნა, როდესაც ნუცუბიძის მე-4 პლატოზე, მრავალსართულიან კორპუსებს შორის, ვარდების სანერგე მეურნეობა აღმოვაჩინე. მასპინძლობა პროფესიით ექიმმა მირანდა ბრეგვაძემ გამიწია:
- ყოველთვის მინდოდა ექიმობა, სამედიცინოზე ჩავაბარე და შვიდი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვსწავლობდი. მებაღეობას არ ვაპირებდი, თუმცა მამას ყოველთვის ვეხმარებოდი, თუკი მეცალა. ისიც არაფერს მაძალებდა - მშობლებმა პროფესიის ჩვენი სურვილისამებრ არჩევის უფლება მოგვცეს,
მამაჩემი, ვალერი ბრეგვაძე, პროფესიით დეკორატორია, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი დაამთავრა აფხაზეთში. იქ ძმასთან ერთად სწავლობდა. ერთი ბერძენი ლექტორი ჰყოლიათ, რომელსაც ვარდების დამყნობა უსწავლებია. მას მაშინვე შეუმჩნევია ძმების მონდომება, ათვისების უნარი და უთქვამს, თქვენგან კარგი მებაღეები დადგებაო. სწორედ ეს სიტყვები აღმოჩნდა სტიმულის მიმცემი ძმებისთვის - შინ დაბრუნებისთანავე შეუდგნენ საქმიანობას, ტყეს მიაშურეს და ასკილის ბუჩქების შეგროვება დაიწყეს. სოფელში ხუმრობდნენ კიდეც, სხვები სიმინდს და ლობიოს ზრდიან, ბრეგვაძეები კი - ასკილსო. მაგრამ წარმატებამ არ დაახანა. ვალერი ბრეგვაძემ ჭიათურის კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურში დაიწყო მუშაობა და პარალელურად თავის ვარდების პლანტაციას უვლიდა. 1972 წელს ინსტიტუტის დახმარებით ჰოლანდიელებს დაუკავშირდნენ და ასკილის სპეციალური - უეკლო ჯიში ჩამოატანინეს. ეს იმ დროისათვის არ იყო ადვილი. დღეს ამ ასკილის პლანტაცია ცალკეა სოფელ ქვაციხეში, ხოლო ვარდების პლანტაცია - ცალკე.
საყვარელი საქმიანობა არც 90-იან წლებში შეუწყვეტია, როდესაც სტუდენტ შვილებს თბილისში წამოჰყვა, პირიქით, განვითარების ახალი გზა და პერსპექტივა დაინახა.
მირანდამ, რომელსაც მამამ სახელი 1945 წელს გამოყვანილი შავი ხავერდისებური სურნელოვანი ვარდის გამო დაარქვა, მართლაც აუსრულა მას ოცნება - საპატრიარქოსთან არსებულ დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტში ჩააბარა.
- თავადაც ვერ გავაცნობიერე, როგორ შემიტყუა და თავიც კი შემაყვარა ვარდების მოვლამ. როგორც ჩანს, ძალიან აზარტული საქმეა, ან გენეტიკის ბრალია - ხშირად მსმენია მსოფლიოში ცნობილ მევარდეთა დინასტიების შესახებ. ეტყობა, ვარდების სიყვარული თაობიდან თაობას გადაეცემა.
ოჯახის დიდი ტკივილი მირანდას უმცროსი ძმა, 24 წლის გიორგი ბრეგვაძეა:
- გიორგიმ იმდენი რამ გააკეთა, მასზე ბევრად უფროსიც ვერ შეძლებდა. ძალიან შრომისმოყვარე იყო, ყველაფერს ასწრებდა: ფეხბურთი, უნივერსიტეტი, ჩვენი ბიზნესი... ძირითად საქმეს ის აკეთებდა, ვარდების ნახევარზე მეტს ის ამყნობდა, რწყავდა, სხლავდა, უვლიდა. ძალიან სწრაფი ხელი ჰქონდა და არაჩვეულებრივად უმკლავდებოდა საქმეს. მამა ამბობდა, ჩემზე უკეთ გამოსდისო.
გიორგიმ ნუგეშად ორი ვაჟკაცი დაუტოვა ოჯახს. დღეს ვაკო და გეგა ბავშვური ხალისით, მონდომებითა და სიყვარულით დასტრიალებენ ვარდებს და ცდილობენ უფროსების დახმარებას.
ამჟამად მევარდეობა ბრეგვაძეების წარმატებული და პერსპექტიული ოჯახური საქმიანობაა. მეურნეობა, რომელშიც ვარდებისა და მათ დასამყნობად საჭირო განსაკუთრებული ჯიშის ასკილის პლანტაციებია გაშენებული, ოჯახს ჭიათურის რაიონში, სოფელ ქვაციხეში, აქვს. ზაფხულობით სწორედ აქ ამყნობენ ვარდებს, ახარებენ ნერგებს, ათავსებენ კონტეინერებში და მხოლოდ შემდეგ, ნოემბერში, ჩამოაქვთ თბილისში.
- რამდენი ჯიშის ვარდი გაქვთ?
- მამას 15 ჯიშის ვარდი ჰქონდა, დღეს 300 ჯიშია. საკმაოდ მდიდარი კოლექცია გვაქვს, თუმცა ეს მაინც ზღვაში წვეთია, რადგან მსოფლიოში ჯერ კიდევ 2000 წელს 3000 ჯიშს ითვლიდნენ. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის ვარდები გვაქვს: გერმანული, იტალიური, ინგლისური... ხან მეგობრებს ჩამოაქვთ, ხან - მე, ხან სხვადასხვა საიტიდან ვიწერთ, ან კალამი მოაქვთ, რომ დავამყნოთ, ზოგჯერ ჩვენს კლიენტებსაც ჩამოაქვთ უცხოეთიდან ან ერთმანეთს ვუცვლით. საკმაოდ საინტერესო და ჩამთრევი პროცესია. ყოველ წელს ვცდილობთ კოლექციის გამდიდრებას, რადგან სხვაგვარად ჩვენი საქმიანობა ვერ განვითარდება.
- თუ არსებობს მოდური ჯიშები და რომელი ჯიში იმსახურებს მომხმარებლის განსაკუთრებულ ყურადღებას?
- დღესდღეობით უამრავი ულამაზესი სურნელოვანი ვარდი არსებობს. უკანასკნელი წლების განმავლობაში მომხმარებელთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ზოლიანი ვარდები სარგებლობდა, მაგალითად, შინდისფერი ყვითელი ზოლებით ან სტაფილოსფერი ყვითელი ზოლებით. ერთი ვარდი მოსწონდათ განსაკუთრებით - აბრაკადაბრა ჰქვია, შინდისფერია ყვითელი ზოლებით, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ერთსა და იმავე ბუჩქზე ერთი ყვავილი შეიძლება ყვითელი იყოს, მეორე - შინდისფერი, მესამე - ზოლიანი და ა.შ. წელს ყველაზე მოდური დევიდ ოსტინის სურნელოვანი ვარდებია.
- როგორია ვარდის მოვლის წესები?
- ყველაზე მთავარი ვარდისთვის მზეა, ამიტომ ეზოსა თუ აივანზე მზიანი მხარე უნდა შევურჩიოთ. სამი-ოთხი საათით მზის გულზე ყოფნაც კმარა, მაგრამ თუკი მთელი დღის განმავლობაში მზე გაანათებს, კიდევ უფრო უხვად იყვავილებს. თუმცა არსებობს ჯიშები, რომლებიც ნაკლებად მზიან ადგილებს ეგუებიან. ერთი სიტყვით, პირველ რიგში ადგილი უნდა შევარჩიოთ და გვახსოვდეს, რომ ვარდს სითბო და მზე უყვარს.
- ნერგი როგორ შევარჩიოთ?
- ნერგი ზომისა და ფერის მიხედვით უნდა შეირჩეს, რის საშუალებასაც ჯიშების მრავალფეროვნება გვაძლევს. მნიშვნელოვანია, სად ვრგავთ ნერგს: თუ წინა რიგებში, ეზოში შესასვლელთან ან ბილიკთან ვაპირებთ, - პატარა დეკორაციული კომპოზიციების გაკეთებაა მიზანშეწონილი და მომცრო ზომის ჯუჯა ან ბუჩქოვანი ვარდები გამოგვადგება. არსებობს აგრეთვე ხე ვარდები, შტამბოვანი, რომლებიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ შემოიტანეს. ისინი სპეციალურად იმისთვის გამოიყვანეს, რომ ბაღში მოსეირნე ქალბატონებს, რომლებიც, ეპოქის შესაბამისად, გრძელი კაბებით იყვნენ შემოსილნი, არც კაბა გამოედოთ ბუჩქისთვის და ვარდის დაყნოსვაც გაადვილებოდათ. ამისათვის ვარდი ასკილის ერთ მთლიან ღერძზეა დამყნობილი, ამ სწორი ღერძიდან კი ბუჩქად იშლება. ასეთი ვარდები უკვე ბევრგან დარგეს თბილისში: სამების სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში, ძველ მერიასთან, პარკებში... კედელთან ხვიარა კედლის ვარდების დარგვა შეგვიძლია. თითქმის ყველა ეზოში მოიძებნება ადგილი ვარდისთვის. ხოლო რაც შეეხება ფერს, ის გემოვნებაზეა დამოკიდებული: ზოგს ფერადოვნება, სიჭრელე მოსწონს, ზოგს - რამდენიმე ფერის ლაქები, ზოგს კი - ერთფეროვნება.
- როდის უნდა დავრგოთ ნერგები?
- დარგვა მარტში ჯობს, ან შემოდგომით, ოქტომბერში. თუმცა ბოლო წლებში არსებობს ტენდენცია, რომლის მიხედვითაც ნერგებს წელიწადის სხვა დროსაც რგავენ. სწორედ იმიტომ გამოგვყავს ნერგები კონტეინერებით, რომ მათი დარგვა სხვა დროსაც იყოს შესაძლებელი.
- როგორ რგავენ ნერგებს?
- უნდა გავითვალისწინოთ ნერგის სიმაღლე. რაც უფრო მაღალია ვარდი, უფრო ღრმა ორმოს ვიღებთ, შიგ ვყრით ქვიშას, ორგანულ სასუქს, ვაცლით ნერგს კონტეინერს და თავის მიწასთან ერთად ვათავსებთ ორმოში, შემდგომ ორმოს მიწით ვავსებთ და ვრწყავთ. მიწა კარგად უნდა გავაჯეროთ წყლით.
- მორწყვა რამდენ ხანში ერთხელ სჭირდება?
- ნერგს ყველაზე დიდი ყურადღება პირველი სამი დღის განმავლობაში უნდა მივაქციოთ, სწორედ ამ დროს არ უნდა მოვაკლოთ წყალი, ხოლო შემდგომ ორ კვირაში ერთხელაც კმარა მორწყვა, ისიც - იმ შემთხვევაში, თუკი წვიმიანი ამინდები არ არის.
- როგორ ხდება დაავადებათა პროფილაქტიკა და მავნებლებთან ბრძოლა?
- ამისათვის სპეციალური პრეპარატები არსებობს. თუ წვიმიანი ამინდია, თვეში ორჯერ ვწამლავთ მცენარეს, თუ არადა, ერთხელაც კმარა. არსებობს დაავადებებისადმი უფრო მდგრადი ჯიშებიც, მათ ნაკლები მოვლა ესაჭიროება. ზოგჯერ მომხმარებელი ამის მიხდვითაც არჩევს ნერგებს.
- როდის და როგორ უნდა გავსხლათ ვარდი?
- გასხვლა ძალიან მნიშვნელოვანია ვარდისთვის. ზოგს ენანება მშვენიერი მცენარე, მაგრამ ამ შემთხვევაში საკვები ნივთიერებები ფოთლებსა და ტოტებში გადის, ყვავილი კი პატარა და უხარისხო იშლება. პროფესიონალური გასხვლა გაზაფხულსა და შემოდგომაზეა აუცილებელი, ზაფხულში კი სანიტარიული გასხვლა სჭირდება. თუ შემოდგომით ვსხლავთ, ვარდები ადრე იწყებენ ყვავილობას, გაზაფხულზე გასხვლისას კი ერთი-ორი კვირით აგვიანებენ. გასხვლა საშუალოდ სამ-ოთხ კვირტზე ხდება, თუ მსხვილია ტოტი, მას ოთხ კვირტზე ვჭრით, წვრილს - ორზე. როცა გვსურს, ბუჩქი მრგვლად გაიზარდოს, უნდა განვსაზღვროთ, შიდა კვირტთან გადავჭრათ თუ გარეთასთან: შიდა კვირტთან გადაჭრის შემთხვევაში შიდა ტოტი ამოდის, ხოლო თუ გარეთასთან გადავჭრით, - გარეთა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტოტი აუცილებლად დამრეცად უნდა გადავჭრათ, რათა ნაკლები წყალი ჩავიდეს და ტოტი არ დალპეს. ბუჩქოვანი ვარდების კვირტებს ქვემოდან, ფესვიდან ვითვლით, კედლის ვარდებს კი, პირიქით, ზემოდან ვაჭრით რამდენიმე კვირტს, რათა ტოტი უფრო დაგრძელდეს.
- როგორ მოვუაროთ ვარდების ბაღს სეზონურად, თვეების მიხედვით?
- მარტში, პირველ რიგში, ვასუფთავებთ ბაღს ძველი ფოთლებისა და სარეველებისგან, შემდეგ ვსხლავთ ვარდებს, შემოვუბარავთ და შეგვაქვს სასუქი, გადამწვარი ნაკელი. ამ თვეში ნერგებსაც ვრგავთ. აპრილში, თუკი არ წვიმს, ვრწყავთ და ვწამლავთ. შეწამვლას ვიწყებთ აპრილის ბოლოდან და ვასრულებთ ნოემბერში. მაისში ვარდები ყვავის და მათი მხოლოდ მორწყვაა საჭირო. ივნისსა და ივლისში უკვე აყვავებული ვარდების სანიტარული გასხვლა ხდება. სანიტარიული გასხვლა ძველი ნაყვავილარი ვარდების მოშორებას ჰქვია, რათა ახალი ყვავილები გაიშალოს. ამის გამეორება აგვისტოსა და სექტემბერშიც შეგვიძლია. დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით ვარდი ისვენებს, მარტიდან კი ყველაფერს თავიდან ვიწყებთ.
- ვარდთან ერთად რომელი მცენარეების დარგვაა რეკომენდებული?
- არ ვიცი, მითია თუ სიმართლე, მაგრამ მეც გამომიცდია, რომ კალენდულას მეზობლად ვარდს ნაკლებად უჩნდება სოკოვანი დაავადებები. დეკორატიული თვალსაზრისით ვარდს ძალიან უხდება წიწვოვანი მცენარეები. თუკი კედლის გალამაზება გვსურს, დეკორატიულ სუროზე ხვიარა ვარდი უნდა გავუშვათ.
- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, მხოლოდ დეკორატიული მცენარეები დარგონ თუ მსხმოიარეც?
- მთავარია, ბალანსი არ დაირღვეს. არსებობს ნაყოფდეკორატიული მცენარეებიც. ასეთებია: ნუში, ბროწეული, ალუბალი, თხილი და სხვ. მე ხშირად ვეხმარები მომხმარებლებს ეზოს დაგეგმარებაში. გაგიკვირდებათ და, მათ 80%-ს მამაკაცები შეადგენენ, რომლებიც დიდი გატაცებით უვლიან საკუთარ ბაღს. ხშირად სწორედ ისინი ახერხებენ მეუღლეების დაინტერესებას ამ საქმიანობით, ვარდებმა კი იმდენად იცის გატაცება, რომ შემდეგ მიამბობენ, როგორ იწყება მათი დილა ვარდების მოვლით, რაც ძალიან მოსწონთ და ესთეტიკურ სიამოვნებასაც ანიჭებთ.
თეა იაკობაშვილი
კომენტარები