იასამანი გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე სურნელოვანი, მშვენიერი და ყველასთვის საყვარელი მცენარეა. თუმცა ვიცით კი მასზე რამე? ალბათ არც ისე ბევრი. მოდით, გავიცნოთ უფრო ახლოს, გავიგოთ მისი უცნობი თვისებებიც და დარგვა-გახარების მეთოდებიც.
იცოდით, რომ იასამანი ზეთისხილისებრთა ოჯახის მცენარეა? ფოთოლმცვივანი პატარა ხე ან ბუჩქია. ცნობილია 30-მდე სახეობა და 100 წლამდეც კი ცოცხლობს. გავრცელებულია აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში. იასამნის სამშობლოდ სპარსეთია მიჩნეული. კულტურაში მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი, სპარსული, უნგრული და ჩინური იასამნები.
ჩვეულებრივი იასამანი, 5-7 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა. მისი სამშობლოა ბალკანეთის ნახევარკუნძული
იასამანი ერთ-ერთი უძველესი დეკორატიული კულტურაა. სპარსეთში ჯერ კიდევ IV საუკუნეში იყო ცნობილი. XI-XII საუკუნეებში ჩინეთში გავრცელდა, სადაც აქტიურად იყენებდნენ, როგორც სამკურნალო საშუალებას. მერე კი ევროპელებმაც გაიცნეს - თურქეთიდან შეუტანიათ იქ XVI საუკუნეში.
მკურნალი იასამანი
სამკურნალო თვისებების გამო იასამანს იყენებენ პრეპარატებში, რომლებსაც აქვთ ცხელების, ანთებისა და კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ოფლმდენი ანტიმიკრობული, შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტები. სამკურნალოდ გამოიყენება იასამნის როგორც ყვავილები, ისე ფოთლები, ფესვები და ქერქი.
იასამანში შედის ეთერზეთები და ფლავონოიდები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ფერმენტების აქტივობაზე. ამას გარდა, იგი დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას შეიცავს.
იასამნის ფოთლების ნახარში გამოიყენება თმის ძირების გასამაგრებლად, გაცივებისას, ზედა და ქვედა სასუნთქ გზებში არსებული ტკივილის შესამსუბუქებლად, ხველებისა და ბრონქიტის, ასევე თირკმლის კენჭოვანი დაავადებების დროს.
არსებობს ასევე იასამნის მალამო, რომელიც ყველანაირ ჭრილობასა და დაბეჟილობას მომენტალურად არჩენს.
მებაღეობა
იასამნის გასხლვა აუცილებელი პირობაა, რომ მომდევნო წელს ისევ ლამაზად იყვავილოს. სასურველია, აყვავებისთანავე გასხლათ - ანუ ლამაზი ტოტების მოჭრა (და არა მოტეხვა) მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოა ამ ბუჩქისთვის და სწორედ გაზაფხულზევეა ამის გაკეთება უპრიანი.
კარგად რომ იყვავილოს, იასამანს უნდა შეურჩიოთ შეძლებისდაგვარად მზიანი ან ნახევრად მზიანი ადგილი, დაცული ძლიერი ქარებისგან. და რაკი ბუჩქს საკმაოდ დიდი ფესვები აქვს, რომლებიც ნიადაგში ღრმად მიდის და ფართოდ ვრცელდება, საკმარისი სივრცეც უნდა დაუთმოთ.
ნიადაგს ამჯობინებს ზომიერად მშრალს, კარგად იტანს დროებით გვალვებსაც. თუ გვალვა გაგრძელდა, აუცილებლად უნდა მორწყათ. ვერ იტანს სიახლოვეს გრუნტის წყლებს და მჟავე წყაროებს. თუ თქვენს ბაღში უდაბური და არც ისე ნოყიერი ნიადაგია, რეკომენდებულია მათი სტრუქტურის შეცვლა კომპოსტის ან სპეციალური ნიადაგის შეტანით.
იასამნის დასარგავად საუკეთესოდ მიიჩნევა ზაფხულის ბოლო. მონიშნულ ადგილას ნერგზე ორჯერ დიდი ზომის ორმო ამოთხარეთ. ორმოს ძირი კომპოსტით ან საგანგებოდ შერჩეული საბაღე მიწით შეავსეთ. არ შეურიოთ სუფთა ტორფი, რადგან ის მეტისმეტად მჟავეა და არ მოსწონს იასამანს. დარგვის შემდეგ კომპოსტში არეული გრუნტი მოაყარეთ და გარშემო ოდნავ მოუბარეთ. შემდეგ კი კარგად მორწყეთ.
კომენტარები