"დილა ბაღით იწყება, ყვავილებთან მისალმებით და მოფერებით..." - ოთხი შვილის დედა ყვავილებზე შვილებივით ზრუნავს

მაია ჭირაქაძე ოთხი შვილის დედაა. ყვავილებზეც ისე ზრუნავს, როგორც შვილებზე. დიასახლისია, ამიტომ ყვავილებთან და ბაღთან შეუზღუდავი დროით შეუძლია ურთიერთობა. მისი დილა ბაღით იწყება, ყვავილებთან მისალმებით და მოფერებით. ამბობს, რომ ვარდი მისი სუსტი წერტილა და ყველა დამწყებ მეყვავილეს მის მოშენებას ურჩევს.

- ყვავილი თავისი არსით, აღმოცენებიდან დაჭკნობამდე, ადამიანის ცხოვრებას მაგონებს. მიწიდან რომ პირველი ფოთოლი ამოყოფს თავს, მომწონს და მიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, ძვირფასი, ლამაზი ყვავილია თუ სარეველა. ისევეა, როგორც ადამიანი რომ იბადება, ის ყველას უყვარს, მიუხედავად იმისა, მომავალში კარგი ადამიანი იქნება

თუ ცუდი, ბოროტი თუ კეთილი. ყვავილის ზრდის პერიოდში ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვუვლით, როგორ ვკვებავთ, გარშემო სარეველებს როგორ ვაცილებთ და ჯანსაღი ზრდისთვის როგორ საზრდოს ვაძლევთ (ისევე როგორც მოზარდ ადამიანს). დაავადებების მკურნალობაც დროზე და ეფექტურად სჭირდება, მავნებლებისგან დაცვაც უნდა, აი მაშინ იძლევა ყველაზე ლამაზ და ხარისხიან ყვავილს თავისი სიცოცხლის ზენიტში. როცა ნელ-ნელა ჭკნება, თესლს ვიღებთ, რომ მომავალ სეზონზე ჯანსაღი ახალი თაობა მივიღოთ. მოკლედ, ცხოვრებასავითაა. სწორედ ამიტომ მიყვარს ყვავილი - ის ცხოვრების ანარეკლია.

- დღის განმავლობაში რა დროს უთმობთ ყვავილებს?

- მე ოთხი მოზრდილი შვილის დედა და დიასახლისი ვარ. ასე რომ, ჩემი ყვავილებთან ურთიერთობა ყოველგვარი გრაფიკის, შეზღუდული დროის და გადარბენის გარეშე ხდება. ყოველი დილა ბაღით იწყება, ყვავილებთან მისალმებითა და მოფერებით. ოჯახის ყველა წევრმა იცის, რომ დილის და საღამოს საათები (სანამ ჩამოღამდება) ბაღის დროა, ჩემი ბაღი სამხრეთის მხარესაა, სადაც დღის უმეტესი ნაწილი მზეა და შუა დღეს იქ საქმიანობა ძნელია. აი, თუ ღრუბლიანი დღეა მაშინ შემიძლია მთელი დღე იქ გავატარო.


- რა სახეობის ყვავილები გაქვთ?
- 12 წელია ამ ბაღს ვაშენებ და ვუვლი. ბევრი სახეობის ყვავილი მაქვს: ბაღის ია, ყოჩივარდა, ნარცისი, ტიტა, სუმბული ზამბახი, იასამანი (5 ძირი), ოლეანდრი (10 ძირი), პიონი, შროშანი, შროშანა, გეორგინა, გლადიოლუსი, ვარდი (60 ძირი), ბროწეული და კიდევ ბევრი...

- თითოეული მათგანიგანსხვავებულ მოვლას საჭიროებს?
- დავიწყებ ვარდებით (ჩემი სისუსტეა). ზოგ ვარდს მზე უყვარს, ზოგს - ნახევრად ჩრდილი, ზოგიც ჩრდილშიც კარგად გრძნობს თავს, უყვართ წყალი, ნიადაგის გაფხვიერება და მავნებლებისგან დაცვა. გასხვლასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ბუჩქის სილამაზისთვის, ასევე მსხმოიარობისთვის. აი მაშინ მთელი თავისი სილამაზით და სიძლიერით ყვავიან. ფურისულებს ჩრდილიანი ადგილი უყვართ, ჰორტენზიებსაც, აი ზამბახები, კანები, ნარცისები კი მზეს კარგად იტანენ. ერთი სიტყვით, ყველა ყვავილს აქვს საერთო და განსხვავებული მოვლის წესები, რომლის დაცვის შემთხვევაში ისინი თავიანთი სილამაზით გაგახარებენ.


- თქვენ თვითონ ამრავლებთ ყვავილებს?
- როგორც ხედავთ, ჩემი ეზო საკმაოდ პატარაა იმისათვის, რომ ერთი და იგივე ჯიშის ბევრი ყვავილი მქონდეს, ამიტომ როცა კანები, ზამახები, შროშანები და სხვeები ძალიან მრავლდებიან, მსურველებს ვჩუქნი, არ ვყიდი, ასე უფრო ვასიამოვნებ ადამიანს და მეც კმაყოფილი ვრჩები.


- რა რჩევებს მისცემდით დამწყებ მეყვავილეებს?
- მე არ მაქვს ქოთნის ყვავილები, ამიტომ ბაღის ყვავილების მოყვარულებს, რა თქმა უნდა, პირველად ვარდს ვურჩევდი, მინიმალური მოვლის პრობებში მაქსიმალურად გასიამოვნებენ, მით უმეტეს, ახლა არსებობს ისეთი ჯიშები, რომლებიც მთელი სეზონის მანძილზე - მაისიდან ნოემბრაბდე ტალღისებურად ყვავიან. უპრეტენზიო და ადვილი მოსავლელია ფურისულები, ზამბახები, შროშანები, მიხაკები და სხვა, მათი მოვლის მთავარი საიდუმლო კი ყვავილების სიყვარულია. თუ ბუნება, ყვავილები გიყვარს, ზედმიწევნითი მოვლის წესები რომც არ იცოდე, თუ სითბოთი და სიყვარულთ მიუდგები საქმეს, მცენარეები აუცილებლად გიპასუხებენ სილამაზით და სიუხვით, მერწმუნეთ, ბოლომდე დაიხარჯებიან, რათა სიხარული და ბედნიერების განცდა მოგანიჭონ. ყვავილი ხომ ცოცხალი არსებაა და ზუსტად გრძნობს პატრონის გუნება-განწყობილებას და სურვილებს.


მერი ბლიაძე

კომენტარები

ეთერი 2016-06-07 12:31
მიწის მცირე მონაკვეთზე, ამდენი სახეობის მცენარით, ასეთი სილამაზის შექმნა მხოლოდ ყვავილებზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს ძალუძს, თავადაც ყვავილივით ულამაზესი, თბილი და დიდსულოვანი ადამიანია მაია ჭირაქაძე
nazi 2016-05-29 16:49
dzalian visiamovne tqveni yvavilebit yvavili albat yvela qalistvis sisustea, dzalain miyvars vardebi tu gaqvt rom gayidot da pasi mitxrat
ლიანა 2016-05-24 11:35
ძალიან ვი9სიამოვნე, ყვავილები ჩემი სისუსტეა, არა მხოლოდ ყვავილები ნებისმიერი მწვანე, სარეველაც კი, მაქვს ახალი აგარაკი და ვცდილობ მოვაშენო ყველანაირი ყვავილი. წელს 50--60 ძირი ვარდი დავრგე, ყველამ გაიხარა. საერთოდ თუ რამეს დავრგავ ყველაფერი ხარობს. იცით? როგორც ადამიანს ისე ვეფერები და მიყვარს. ქოთნის ყვავილებიც ბევრი მაქვს. თუ რაიმე ყვავილის ნერგი გექნებათ გთხოვთ მომცეთ. (). ბოდიში და დიდი მადლობა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები