წლების წინ ერთი ინგილო გოგო, მარტოხელა დედა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცარიელი ხელებით, დაბნეული თვალებით ბედთან საბრძოლველად ჩავიდა და მძიმე რეალობას დაუპირისპირდა. მარტივი არ იყო მცირეწლოვან შვილთან ერთად ამ უზარმაზარ სამყაროში ცხოვრების დაწყება. ბევრი ქარტეხილი დაატყდა თავს, ბევრი სირთულე გადალახა. ალბათ მაშინ ვერც კი იფიქრებდა, რომ ცხოვრება ძალიან ძლიერ ქალად ჩამოაყალიბებდა და წლების შემდეგ სხვის შვილებზე, მათ მომავალსა და ბედნიერებაზე იზრუნებდა. ნანა დუკაშვილ-ზემლოკმა ამერიკაში შროშანების ბაღი გააშენა, რომლის რეალიზებით მიღებულ თანხას ქართველ მიუსაფარ და მარტოხელა ბავშვებს გადმოურიცხავს.
- ამერიკაში პირველად 2006 წლის
- ყვავილების სიყვარული და ინტერესი საიდან გაქვთ?
- ყვავილების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. ჩემს მშობლებს საინგილოში დიდი ეზო და ბაღი აქვთ, იქ დავიბადე და გავიზარდე. დედამ მასწავლა ყვავილების სიყვარული, მამამ - ბაღის მოვლა, ხეხილის მოშენება და ოჯახის სიყვარული. როცა რამე ხეხილი პირველად მოისხამდა, მამა მოკრეფდა და ყველას გვიყოფდა. ბაღში ყოველ წელს მატულობდა ყვავილები. დედა ზოგჯერ უცვლიდა სხვა მეყვავილეების, ან ჩუქნიდნენ. ყველამ იცის დღესაც, რომ დედას ყვავილები ძალიან უყვარს. ალბათ მეექვსე კლასში ვიქნებოდი, ყვავილების შეგროვება დამოუკიდებლად დავიწყე. მშობლები ხელს მიწყობდნენ. მამა უვლიდა, გამარგლიდა და რწყავდა, მერე ვარდებიც მოვამრავლე, ამჟამად ძალიან ბევრი ვარდის ძირი უდგათ ჩემს მშობლებს. მამა ხშირად გველაპარაკებოდა მომავალზე, ლამაზ ეზოსა და სიყვარულზე.
- რატომ მოაშენეთ მაინცდამაინც შროშანები?
- შროშანები დედას განსაკუთრებულად უყვარდა, სულ ეძებდა მათზე იფორმაციას, როგორ მრავლდებოდა, სად დაერგო, როგორი ადგილი და გარემო უყვარდა, რამდენი ბოლქვით მეტს გამოიტანდა მეორე წელს, არსებობდა თუ არა სხვა სახეობები და ფერები. დღეს ინტერნეტი კარგი საშუალებაა ინფორმაციის მისაღებად და ბევრ რამეს აიოლებს, მაშინ ამის ფუფუნება არ გვქონდა. ჩვენი ერთადერთი შროშანი იყო tiger Lili - სტაფილოსფერი ყვავილი შავი წინწკლებით, რომელსაც თან ვყვებოდი. როცა ჩემი მეუღლე გავიცანი, მაშინვე ვუთხარი, მე ქართველი ვარ, ეზოში ვაზი და შროშანები აუცილებლად უნდა მოვაშენო-მეთქი. დამთანხმდა და იმის მერე შეძლებისდაგვარად მეხმარება, რომ შევქმნა ჩემებური ქართული სამყარო ჩვენს ამერიკულ ეზოში. თავიდან მაიკლს დავყავდი ფერმებში და ნაირნაირ ყვავილების მაღაზიებში, მერე მეც ვისწავლე გზა. შროშანების მოშენება დავიწყე, რათა ავისრულო ბავშვობის ოცნება.
- რამდენი სახეობა გაქვთ?
- შროშანები ჩვენს ეზოში გვაქვს გაშენებული. დედას ვუგზავნი ყოველ წელიწადს, ნაირნაირ ფერებს. სულ მაქვს შვიდი სახეობა: Tiger lily, Asiatic Lily, Oriental lily, Orienpet Lily, Trumpet Lily, Marthagon Lily, Double Oriental lily. სამოცზე მეტი ფერი ვეღარ დავთვალე, ამერია. ყოველ წელიწადს ვცდილობ გავამრავლო. სახეობები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ფორმით, სურნელით, ფერით.
- როგორ მრავლდება და რამდენ ხანს ყვავილობს?
- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მიყვარს და ოცნებად მქონდა ქცეული, მათ გამრავლებაზე არაფერი ვიცოდი. მოყვარულ მებაღეებში გაწევრიანების შემდეგ გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი. მარინა ბუტიკაშვილის წყალობით ვისწავლე შროშანების გამრავლება (რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მას). ხშირად ვსაუბრობდით ამ ყვავილებზე და ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას. ქალბატონმა მარინამ მასწავლა იმაზე უკეთესი და სწრაფი მეთოდი შროშანების გამრავლების, ვიდრე მე ვიცოდი. შროშანები ძალიან ჰგვანან ნიორს, ანუ როგორც ნიორს, ასევე შროშანსაც გარშემო აქვს ჩამწკრივებული კბილები. შემოდგომაზე, როცა ყვავილი იძინებს, ანუ ღერო ხმება და ემზადება ზამთრისთვის, ამ დროს ვაცლი კბილებს და ისევ ვრგავ ბოლქვებს მიწაში, რადგან უყვართ ზამთარი და სიცივე. ძალიან მოსწონთ ტორფი, ოღონდ ტორფი არ უნდა იყოს ძალიან სველი, თორემ დალპება კბილები. პარკში ოდნავ ტენიან ტორფში ვდებ ამ შროშანების კბილებს და ვინახავ ბნელ და თბილ ადგილას. შემოდგომაზე ჩადებული შროშანის კბილები ცოტა ნელა ყალიბდება, რადგან უკვე ზამთარი დგება და დაძინების პროცესში არიან. ზოგჯერ 2 თვეც მიწევს ლოდინი, ეს უკეთესია. ჩემთან ამ დროს ყინავს და ვერ ვრგავ ეზოში. ტორფში ჩადებული შროშანის კბილებზე დაინახავთ პატარა ბოლქვების ამონაყარს, ვაცდი, რომ გაიზარდოს და მერე გადავრგავ კონტეინერში, რადგან გარეთ ჯერ ცივა. გაზაფხულისთვის უკვე კარგად იქნება გაზრდილი და ძალიან დიდი შანსია, რომ მეორე წელს იყვავილოს. გაზაფხულზე, როცა ახალ შროშანებს ვყიდულობ, მათაც იგივენაირად ვამრავლებ, მაგრამ გაზაფხულის კბილები უფრო მალე იკეთებენ ბოლქვებს, ვიდრე შემოდგომის. შროშანი სხვადასხვა დროს იწყებს ყვავილობას, მაგალითად, საქართველოში ჩემი მეგობრების შროშანები თითქმის უკვე ყვავის, ჩემთან, ამერიკაში, კონექტიკუტის შტატში, იწყებენ ყვავილობას ივნისის დასაწყისიდან აგვისტოს დასაწყისამდე. ყველა ერთნაირად არ ყვავილობს, ზოგი ჯიში ადრე ყვავილობს, ზოგი - გვიან.
- როგორ მოვლას საჭიროებს?
- შროშანები დიდ მოვლას არ საჭიროებს, მთავარია ჩავრგოთ კარგ დრენაჟიან მიწაში, სადაც წყალი არ გუბდება და ბოლქვს არ დაალპობს. უმეტეს სახეობას უყვარს მზიანი ადგილი, დღეში 8 საათი მაინც მზე უნდა უყურებდეს. არის მთის შროშანები, მარტაგონები, რომლებიც ჩრდილში უფრო ხარობენ. უყვართ ცივი ზამთარი, ჩემთან ხშირად ზამთარში -20-დან -25-მდეა ტემპერატურა. არასდროს არ გაყინულა მიწაში, გარდა კონტეინერში დატოვებული ბოლქვებისა. ამ ყვავილების კონტეინერში დატოვება ზამთრის პირობებში არ შეიძლება, თუ ტემპერატურა -5-ზე მაღლა ადის. სჯობია, შროშანები მიწაში ჩარგოთ და ვისაც არ აქვს ამის საშუალება, სახლში შევიტანოთ. თიხიანის გარდა, ყველანაირ ნიადაგში იზრდება. შროშანებს შეძლებისდაგვარად უნდა სასუქიც, მე ხშირად არ ვაძლევ. რომელ წელსაც მივეცი სასუქი, იმ წელს სასწაული მოხდა, მაღალი და ძალიან ლამაზი,უხვი ყვავილებით დამასაჩუქრა. გაზაფხულზე სასუქი ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, როცა კბილებს ვაცლით. შემოდგომით, სასუქის შემდეგ დავფარავ მულჩით. მულჩი მსხვილად დაჭრილი ხის ნახერხია. ეს გაზაფხულისთვის ამზადებს ბოლქვს, ადრე ამოდის და ზაფხულში სიგრილეს უნარჩუნებს, ბალახიც იმდენად ვეღარ ამოდის.
- დღის განმავლობაში რა დროს უთმობთ მათ მოვლას და საქმეს როგორ უთავსებთ, ვინმე თუგ ეხმარებათ?
- გათენდება თუ არა, მაშინვე ყავით ხელში შემოვუვლი მთელ ეზოს. დავფოფინებ, ვეფერები და ვაკვირდები ყოველ ახალ ფოთოლს. სახლში ეჭვიანობენ ხოლმე, ჩვენზე მეტად შროშანები გიყვარსო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული რეჟიმი მაქვს, ყვავილებთან სასაუბროდ დროს ყოველთვის ვნახულობ. ჩემი დღე იწყება მათი დათვალიერებით. მიუხედავად ჩემი ქმრის ასევე დატვირთული სამუშაო რეჟიმისა, ის ჩემი დიდი იმედია. მე რომ ბედნიერს მხედავს, ისიც ბედნიერია. ხშირად საღამოს ჩვენს შვილებთან ერთად შემოვუვლით ბაღს და აღფრთოვანებით ლაპარაკობს ჩემს ნამუშევარზე. მიუხედავად იმისა, რომ ბალახს ყოველთვის თვითონ წმენდს, მაინც ჩემს ნამუშევარს უწოდებს.
- ყვავილებთან დაკავშირებთ გაქვთ ძალიან სასარგებლო და კეთი საქმე ჩაფიქრებული. მოგვიყევით ამის შესახებ...
- 90-იანი წლები იყო, ალბათ ყველას ახსოვს, რა ხდებოდა მაშინ საქართველოში, საინგილოში კი უარესი მდგომარეობა იყო. კარგად მახსოვს დედ-მამის საუბარი, მიუსაფარი ბავშვების შვილად აყვანასთანდაკავშირებით. როგორ გეგმავდნენ ამ ყველაფერს, როგორ ფიქრობდნენ მომავალზე, რომ ეს ბავშვები ჩვენ გვერდით იქნებოდნენ სახლში. არც მოშივდებოდათ, არც შესცივდებოდათ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. მათ უარი უთხრეს, რადგან საინგილო, მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. ამ ამბის შემდეგ სულ ვფიქრობდი ბავშვებზე, რომლებსაც ჩემ გვერდით უნდა ეცხოვრათ და სულ მწყდებოდა გული, მე რომ მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი და ისინი ცუდ პირობებში იყვნენ. რადგან ამერიკაში ვცხოვრობ და მომეცა შესაძლებლობა, გავამრავლე შროშანები, ვფიქრობ, მათი რეალიზებით აღებული თანხებით გავუწიო დახმარება იმ ქართველ ბავშვებს, რომლებსაც ბევრი რამე აკლიათ, გავუხარო გულები და თავი ბედნიერად ვაგრძნობინო, წუთით მაინც შევუმსუბუქო ის მძიმე ყოფა, რომელშიც იყოფებიან. ამიტომაც გადავწყვიტე, სოციალურ ქსელში შემექმნა ჯგუფი Nana’s Lily’s, რომლის საშუალებითაც გავუზიარებდი მთელ საქართველოს ჩემს ჩანაფიქრს. დიდი იმედი მაქვს ამრიკელი და ქართველი ხალხის გვერდში დგომის, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით წინასწარ.
მერი ბლიაძე
კომენტარები