ვარდების მოვლისა და გახარების წესები ცნობილი მევარდისგან

ნონა (მია) მუზაშვილი პროფესიით ფილოლოგია. ვარდზე უზომოდაა შეყვარებული, დაავადებასავით შეეყარა და მეგობრებსაც გადასდო. ახლა კი "ეჭვიანობს" და ამბობს, რომ შესაძლოა მეგობრებს მასზე უკეთესი ბაღიც კი აქვთ.

- რამდენი დრო და ძალისხმევა დაგჭირდათ, ეს ლამაზესი ბაღი რომ გაგეშენებინათ?
- აგარაკის გასალამაზებლად ნამდვილად დიდი ძალისხმევა დამჭირდა. ჩემი მეუღლე დამეხმარა, მარტო ვერ შევძლებდი მის მოწყობას. საკმაოდ შრომატევადია მიწასთან ბრძოლა. აი, დამუშავებულ ნიადაგს კი ჩემი გემოვნებით და ხასიათის მიხედვით ვაწყობ. მიყვარს ახალი კომპოზიციები.

- რა სახეობის ყვავილები გაქვთ და როგორ უვლით?
- საკმაოდ ბევრი სახეობის ყვავილი მაქვს,

მრავალწლიანები და ერთწლიანებიც, მაგრამ ვარდი ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია, მართლაც ყვავილების დედოფალია. რაც შეეხება მოვლას, მართალია, დიდი დრო და ენერგია სჭირდებათ ყვავილებს, მაგრამ აყვავებული ბაღის დანახვა ღირს იმად, რომ ცოტა გაწვალდე.


- რამდენი ძირი და სახეობა გაქვთ?
- საკმაოდ ბევრი ჯიშის ვარდი მაქვს -რამბლერები, ჩაის ვარდები, ფლორიბუნდები, შრაბები, რაოდენობა ალბათ 45 იქნება, საკმაოდ ბევრი დამიზიანა ყინვამ.

- როგორ შეაგროვეთ?
- უმეტესი მათგანი შევიძინე, დანარჩენი კი კალმით ვახარე.

- ვარდმა რომ თავისი დიდებული სილამაზე შეინარჩუნოს, როგორი მოვლაა საჭირო?
- ვარდი საკმაოდ პრანჭიკელაა, როგორც ლამაზ ქალს კარგი მოვლა და მოფერება სჭირდება. რაც შეეხება გამრავლებას, მრავლდება კალმით, მყნობით, გადაწვენით. ყველაზე კარგი პერიოდია დასაკალმებლად სექტემბრის მეორე ნახევარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაზაფხულზე ან ზაფხულში არ დაკალმდება. გადარგვას რაც შეხება, ყველაზე უსაფრთხო პერიოდია გაზაფხული და გვიანი შემოდგომა, მაგრამ მე დაყვავილების შემდეგაც გადამიტანია ბუჩქი მიწის დიდი კომით, ოღონდ დიდი ყურადღებაა საჭირო. გადატანის შემდეგ კი აუცილებელია გასხვლა.

- როგორ ხდება ვარდის კალმის დაფესვიანება?
- ყველაზე კარგია დასაკალმებლად ტოტის შუა ნაწილი. გადავჭრათ ბასრი იარაღით ისე, რომ დავუტოვოთ 3 ან 4 კვირტი, შევაცალოთ ფოთლები, დავტოვოთ მხოლოდ ერთი ფოთოლი ზემოთა კვირტთან, თუ დიდი ფოთოლია - შევკვეცოთ. 2 კვირტით ჩავსვათ ფხვიერ ნიაგადში, სასურველია მდინარის სილაში ან ქვიშაგარეულ ნიადაგში ცერად. მოვრწყათ კარგად და დავაფაროთ პოლიეთილენის გადაჭრილი ბოთლი ხრახნით ზემოთ, რადგან აუცილებელია პერიოდული განიავება. დავაკალმოთ ჩრდილში.

- როგორი კლიმატი და პირობები სჭირდება?
- ვარდის ჩარგვისას უნდა შევარჩიოთ მყუდრო, ქარისგან შედარებით დაცული ადგილი. აგრეთვე გავითვალისწინოთ, როდის ადგება მზე იმ ადგილს, სადაც როზარიუმის გაშენება გვსურს. სასურველია მზე პირველ საათამდე უყურებდეს ბუჩქებს, რადგან მცხუნვარე ადგილი ვარდების ყვავილობაზე უარყოფითად მოქმედებს. მორწყვას რაც შეეხება, უნდა მოვრწყათ უხვად ერთ მორწყვაზე.

- შესაძლებელია ვარდი დაავადდეს?
- რა თქმა უნდა. ნაცარი, ბუგრები, ტკიპები, სოკო. საკმაოდ ბევრი მავნებელი ემტერება ვარდს, ამიტომ ადრე გაზაფხულიდან ვიწყებთ შეწამვლებს. გავსხლავთ და ბორდოს ფხვნილით ვწამლავთ, ფოთლის გამოღების შემდეგ - ნაცრის საწინააღმდეგოდ, შემდეგ კი ეტაპობრივად. აპრილ-მაისში 2 კვირაში ერთხელ ნაცრის საწინააღმდეგოდ. პატარა, მწვანე მატლების მოსაშორებლად კოკორს რომ აზიანებენ, ბი 58-ით, ობობის საწინააღმდეგოდ რომელიც ძალიან საშიშია ვარდისთვის, ვხმარობთ აქტარას, აქტელიკს ან მასაის. აგრეთვე ძალიან კარგია ფალკონიც. ყოველ წელს ახალი პრეპარატები შემოდის, მაგრამ მე რატომღაც ჩემი გამოცდილი შესაწამლები მირჩევნია.

- მინერალური სასუქი თუ სჭირდება და რა დროს?
- ვარდი ძალიან მომთხოვნია საკვების მხრივ. ყველაზე კარგია გაზაფხულზე ჯერ დამწვარი ნაკელი ჩავუბაროთ მიწაში, შემდეგ - აზოტი. პერიოდულად თვეში ორჯერ მაინც ვკვებოთ კრისტალონით, კემირით, ნიტროამფოსკით ან რაიმე კომპლექსური სასუქით. ძალიან კარგია ნაცრის თხელი ფენის მოყრა წრიულად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვარდებს ვკვებავთ აგვისტომდე, შემდეგ კი ვასვენებთ.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ana 2018-05-03 20:08
gamarjoboat qtxovnit mogmartavt chem vardebs pootlebze pqvnili vit tetrat asxia vermetyodit ras jirs?
მარინა 2016-06-07 08:23
ჩემი მევარდე გოგო...ყოჩაღი და წარმატებული...ულამაზესია შენი ვარდები შენსავით

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები