მრავალშვილიანი დედის საამაყო ბაღი ტაბახმელაში - "მათზე ზრუნვა კარგი თერაპიაა"

ნინა გვენეტაძე სამი შვილის დედაა. მიუხედავად ბევრი საზრუნავისა, ოჯხის წევრების დახმარებით მაინც შეძლო ულამაზესი ბაღის გაშენება და შვილებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა.
- ყვავილებისადმი სიყვარული დედისაგან გამოგვყვა. ულამაზესი ბაღი გვქონდა და დღესაც ვაგრძელებთ ახალი ჯიშის ყვავილების შემატებას. ოჯახის შექმნის შემდეგ კორპუსის ბინაში გადმოვედი. აგარაკი კი გვქონდა , მაგრამ როცა პატარა მეყოლა, ყვავილებისთვის ვეღარ ვიცლიდი. პირველი ბავშვის შემდეგ, მალევე შემეძინა ტყუპი. პერიოდულად ავდიოდით აგარაკზე ტაბახმელაში, მაგრამ მხოლოდ ასვლა არ იყო საკმარისი იქაურობის გასამწვანებლად. ბავშვები რომ მოიზარდნენ, ჩემდა საბედნიეროდ, სრულიად შემთხვევით სოციალურ ქსელში

აღმოვაჩინე ულამაზესი ჯგუფი , , ყვავილნარი" , რომლის ხელმძღვანელი ირინა ღარიბაშვილი დემეხმარა, რათა ყვავილების მრავალ სახეობას გავცნობოდი, გამეგო მათი მოვლის წესები. . .


- დიდი ოჯახისა და ყვავილების ერთად მოვლა არ გიჭირთ?
- მცენარეებთან ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, დილა იწყება ჩემი ლამაზმანების მონახულებით. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოჯახი მაქვს, ადრიანი დილა ყვავილებს ეკუთვნის. ყოველ დღე ახალი სიურპრიზი მხვდება და ეს სტიმულის მომცემია. ჩემი შვილებიც ჩავრთე მათ მოვლაში. უდიდესი სიამოვნება როცა შენს მიერ ჩარგული მცენარე იფურჩქნება, ყვავილდება.

- სად გააშენეთ თქვენი საოცნებო ბაღი?
- აგარაკზე, ტაბახმელაში . თავდაპირველად ეზო იყო ცარიელი, სარეველა ბალახით დაფარული. ეზოში მხოლოდ ერთი ძირი ვარდი და ერთი ძირი იუკა იყო . აქა იქ ერთწლიანი მცენარეებიც იდგა. შემდეგ დავიწყეთ ცვლილებები, ოჯახის დახმარებით შევძელი ეს აბალახებული ადგილი გაგველამაზებინა. ყველა გვერდში მედგა, მეუღლე, დედამთილი მამამთილი. მოვამზადეთ ნიადაგი, ჩავაწყვეთ რკინის ქოთნები შესაფერისი განლაგებით, ქოთნების ირგვლივ დავყარე მსხვილი ფერადი ღორღი. ქოთნები გადავღებე, შემდეგ დადგა დეკორატიული ბორდიურის გაკეთების რიგი, ოჯახში მქონდა ძველი ჯაჭვი და გადავწყვიტე გამომეყენებინა, შევღებე შავი საღებავით და ასე შევკარი ბაღი. მომზადდა საფუძველი და დავიწყე ყვავილების გაშენება. გამწვანება დავიწყე ადგილების მიხედვით, ნელნელა ივსებოდა ცარიელი რკინის ქოთნები, ჰოსტებით, ჰორტენზიით, მარადმწვანე ბუჩქებით, აუკუბა, ქრიზანთემები, შროშანები , ამარილისები, გეორგინა, გვირილები, გარდენია, ენოტერა, კლემატისი, ვარდები როგორც ჩვეულებრივი ასევე ხვიარები, ერთწლიანი იპომეები, ბოლო შენაძენი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ფინიკის პალმები და ვერცხლისფერი ღვია იყო , რომლებიც ჩემი მეუღლის დამსახურებაა.

- ოთახს ყვავილებიც გაქვთ თუ მხოლოდ ეზოს ყვავილებით ხართ დაინტერესებული?
გარდა ბაღისა, მაქვს ოთახის ლამაზი ყვავილები, რომელთაც არანაკლები ყურადღება და მოვლა სჭირდება. დიფენბახია, ქოთნის იუკა, ასპარაგუსები, პეპერომია, ჰოია, კაკტუსები, ამარილისი, ირეზინე, ჰიბიკუსი, მონსტერა, ბეგონიების ნაირსახეობა და სხვები.

- ალბათ ეზოს ყოველ წელს აახლებთ და სხვადასხვანაირი ყვავილებით ამრავლებთ.
- ეზოს გამწვანების ერთი მთავარი წესი აქვს, ყოველწლიურად განახლებას და ცვლილებებს ითხოვს. რასაკვირველია, გარემო პირობებიც უნდა უწყობდეს ხელს. ტაბახმელაში ძალიან დაბალი ტემპერატურაა. ძლიერი ყინვების გამო ზამთრის პირას აუცილებლად ვახდენ მულჩირებას და ვფუთავ ბუჩქოვანებს.

- ყვავილების გარდა ხეხილი თუ გაქვთ?
- ვამაყობ ჩემი ჟოლოს ბაღით, რომელიც მე და ჩემმა დედამთილმა გავაშენეთ.

- თქვენი ფავორიტი ყვავილი თუ გყავთ?
- გამორჩევით და სიყვარულით ვერცერთ ყვავილს და მცენარეს ვერ გამოვარჩევ, ყველა ძალიან მიყვარს და ერთნაირად ვეფერები.

- რას ურჩევდით დამწყებ მებაღეებს?
- თუ მცენარეს დიდი სიყვარულით მოუვლით და მოეპყრობით, სამაგიეროს აუცილებლად გადაგიხდით და თავის მშვენიერი და თვალწარმტაცი ყვავილებით დაგაჯილდოებთ და გაგახარებთ. პროფესიით ვარ ეკონომისტი, ვმუშაობდი ერთ-ერთ ბანკში, მაგრამ როდესაც სამი შვილის დედა ხდები ძნელია შვილების მოვლა და მკაცრი სამუშაო რეჟიმი ერთმანეთს შეუთავსო, ამიტომ დავტოვე სამსახური. ამჟამად ვარ დიასახლისი. ყვავილების მოვლა, მათზე ზრუნვა კარგი თერაპია და განტვირთვის სუკეთესო საშუალებაა. ეს ბაღი დასაწყისია ჩემთვის. ყველაფერი რასაც აქ ხედავთ სულ რაღაც ორი წლის შედეგია. ბევრ ახალ ინფორმაციას ვეცნობი ინტერნეტით და გადმომაქვს რეალშიმაქვს აუთვისებელი ადგილი აგარაკზე, სულ მალე იმასაც მივხედავ და შემოგთავაზებთ სრულ სახეს, საოცნებო კიდევ დამრჩა , ოცნება თუ არ მექნა აზრი არ ექნება . ახალს რომ ვხედავ სურვილები მეზრდება უზომოდ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები