"გული მინათდება, ყვავილებით გადაპენტილ ეზოში რომ შევდივარ..." - ლამაზი ეზოების კულტურა რაიონებში კიდევ უფრო გააქტიურდა

შორენა კოჭლამაზაშვილი ლაგოდეხის რაიონში, სოფელ მიწიმში ცხოვრობს. ოჯახის წევრების დახმარებით ულამაზესი ბაღი გააშენა. შვილებს ყვავილების მოვლასა და სიყვარულს ასწავლის. მასწავლებლად მუშაობს ამავე რაიონის სკოლაში, დატვირთული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ყოველდღიურად უვლის და ეფერება თავის ლამაზმანებს.

- ყვავილებით როდიდან დაინტერესდით?
- ყვავილებით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული, მაგრამ ჯერ ჩემი ოცნების ბაღი არ მაქვს, მომავალში ვგეგმავთ უფრო ლამაზი ბაღის გაკეთებას. დედაჩემის ბებიას ეზოში ძალიან ლამაზი ყვავილები ჰქონდა: ასტრები ცინიები, გვირილები, ჟასმინი, იასამანი, ვარდები. დედაჩემს ოთახის იები ჰქონდა, პაპიდას ძალიან ლამაზი ბაღი აქვს, რუსეთიდან ჩამოჰქონდა

ნერგები და ბევრი უცხო ყვავილი გააშენა ეზოში. ჩემ გარშემო თითქმის ყველას ლამაზი ყვავილები აქვს და ჩემზეც იმოქმედა ამ გარემომ. სადაც რა მომეწონებოდა, სახლში მომქონდა.


- ამ ეტაპზე რა ყვავილები ამშვენებენ თქვენს ეზოს?
- თავდაპირველად მე და ჩემი მეუღლე კორპუსში ვცხოვრობდით, იქ მქონდა ოთახის ყვავილები. ამჟამად მაქვს უამრავი სახეობის, როგორც ერთწლიანი, მრავალწლიანი, ასევე მარადმწვანე მცენარეები. მაქვს უამრავი სახეობის პეტუნია, კალიბრახოა, გერანები, ვერბენა, კატარანტუსები, ბალზამინები, დეკორატიული ზაფრანები, სალვიები, ცინიები, ვარდები, ფლოქსები, კლემატისები, 20 სახეობის ჯუჯა ქრიზანთემები და სხვა. ყოველ წელს რაღაცას ვცვლი, მცენარეებს ადგილს ვუნაცვლებ, ერთფეროვნება არ მიყვარს. ყოველთვის რაღაცის ძიებაში ვარ. დედაჩემი სულ მეკითხება ყვავილების სახელებს და თან უკვირს, ყველას სახელს როგორ იმახსოვრებო. ყვავილების მოვლა ადვილი არ არის, დიდ ენერგიას, შრომას მოითხოვს, ერთწლიანი ყვევილები თითქმის ყველა ჩემი დათესილებია. ჯერ ვთესავ, შემდეგ ვაჩითილებ, წამოიზრდებიან და ამის მერე გადამაქვს ეზოში, ქოთნებში. დილით როგორც ვდგები, მაშინვე ეზოში გავრბივარ, ყვავილებს მოვინახულებ და შემდეგ სამსახურში მივდივარ. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მაინც ვახერხებ ყვავილების მოვლას, თითქმის მთელ თავისუფალ დროს მათთან ვატარებ. სადაც არ უნდა ვიყო, სახლში მომეჩქარება.

- ალბათ სისტემატიური მოვლა და ხელის შევლება უნდა?
- დიახ, ყოველდღიური მოვლა სჭირდებათ. არასწორმა მოვლამ შეიძლება მცენარის კვდომა გამოიწვიოს. ზოგს კვება უნდა, ზოგს მავნებლებისგან გასუფთავება, ზოგს გაახლება და ძველი ფოთლების მოცილება სჭირდება, ასევე მიწის გაფხვიერება და ა.შ.

- ყვავილები კლიმატის და გარემო პირობების მიხედვით შეარჩიეთ?
- ჩვენთან ისეთი კლიმატია, თითქმის ყველანაირი ყვავილი ხარობს, ქარი ხშირად არ იცის, რაც ხელს უწყობს ყვავილების უკეთ განვითარებას. რა თქმა უნდა, ძირითადად ისეთი ყვავილები მაქვს, რომლებიც ვიზუალურად ძალიან მომწონს. ბევრი ისეთი ცენარეა, რომელიც მომწონს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად შევიძენ. ლამაზი ბაღის გაშენებას დიდი შრომა, ენერგია და დრო სჭირდება, წლების შორომას მოითხოვს. ეს მარტივი არ არის, ელოდები როდის ამოყოფს მიწიდან თავს, გაიფურჩქნება, გაიზრდება. უდიდესი სიამოვნებაა, როდესაც შენ მიერ ჩარგული მცენარე შენ თვალწინ იზრდება, ყვავილდება. როდესაც გიწონებენ, გიფასებენ შრომას, ეს სტიმულის მომცემია. ბევრ ჩემს მეგობარს შევაყვარე მცენარეები. ჩემთან რომ ხედავენ, მოსწონთ, მე მათი მომწონს და ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. მათთან ერთად ბევრ რამეს ვსწავლობ, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, სულ კარგ ხასიათზე მაყენებს და დიდ ენერგიას მაძლევს, სიცოცხლის ელექსირია, მათი ცქერით ცხოვრება მშვენიერდება თითქოს.

- დანარჩენი ოჯახის წევრები თუ იღებენ მონაწილეობას ამ არაჩვეულებრივ საქმეში?
- მეხმარებიან ოჯახის წევრებიც, მეუღლე მეხმარება მიწის გაშლაში, გაფხვიერებაში. თვითონაც უყვარს ყვავილები. სადაც უცხო ყვავილს ნახავს, მოაქვს, რომ გამახაროს, დედაც მეხმარება, ბავშვებსაც ვასწავლი მათ მოვლას, მინდა, რომ მცენარეების სიყვარული ჩავუნერგო. პატარა ნინი სულ უკან დამყვება და ბევრი რამე ისწავლა, მაგალითად, სწორი მორწყვა. წელს თვითონ ჩათესა ქოთანში ყვავილები, რწყავდა, შემდეგ თავისი ხელით გადარგო ეზოში და ძალიან გახარებული იყო შედეგით.


- რა პრივილეგია აქვს გამწვანებულ, ხეხილიან, ყვავილებიან ეზოს, როგორ მოქმედებს ის ადამიანზე?
- გამწვანებული გარემო ქმნის არნახულ სილამაზეს, ამაღლებს ადამიანის გუნება-განწყობილებას, დადებით ენერგიას აფრქვევს. კარგ ხასიათზე გაყენებს, გული მინათდება, ყვევილებით გადაპენტილ ეზოში რომ შევდივარ. ლამაზი ეზოების კულტურა დიდი ხანია შემოსულია რაიონებში, დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება, იხვეწება. ბევრი უცხო მცენარე შემოვიდა საქართველოში, ცდილობენ შეიძინონ და გაილამაზონ ეზოები. ბოლო წლებია ადამიანები უფრო აქტიურად არიან გატაცებულები, მოაშენონ ახალი ჯიშის მცენარეები, რაც ძალიან მახარებს. მომწონს თანამედროვე სტილით გაკეთებული ეზოები, მინდა ბევრი ასეთი ეზო ვნახო საქართველოში.


- რას ურჩევთ დამწყებ მებაღეებს როგორ გააშენონ ლამაზი ბაღი?
- დამწყებ მებაღეებს ვურჩევ, პირველ რიგში მოამზადონ მსუბუქი ნიადაგი. ყველა მცენარეს თავისებური მოვლა და კვება სჭირდება. საბედნიეროდ, ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერ მცენარეზე შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია, თუ მისი სახელი ვიცით. ბაღის მოწყობა დიდ შრომასთან ერთად ფინანსურ მხარეებთანაც არის დაკავშირებული. ბევრი დეკორატიული, მარადმწვანე ყვავილი საკმაოდ ძვირად ღირებულია. თუ ეზოიანი სახლი გაქვთ, თავიდან შეიძინეთ მრავალწლიანი მცენარეები. მოყვავილე მცენარეებს მზიანი და განათებულ ადგილი უყვართ, ერთწლიანი ყვავილები თქვენი ფანტაზიისამებრ განალაგეთ. შეიძლება თავიდან ბევრი რამ არ გამოვიდეს, მაგრამ გული არ უნდა გაიტეხოთ, მონდომებულ ადამიანს ყველაფერი გამოუვა.




მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები