ციცაბო კლდე, რომელიც მებაღეებმა ზღაპრულ ბაღად აქციეს და რჩევები ცნობილი მებაღისგან

ბაღი რომელსაც "შინის“ საშუალებით დაათვალიერებთ სულ რამდენიმე წლის წინ სალი, დამრეცი კლდე იყო. ალბათ წარმოუდგენელია, კლდის ადგილას გააშენო არაჩვეულებრივი ბაღი, ხეხილით, ბოსტნით და ზღაპრული ყვავილებით. თუმცა საკუთარი საქმის უბადლო მცოდნე პროფესიონალებისთვის შეუძლებელი არაფერია. დღეს ბაღს მებაღე - ზურა ჩალათაშვილი უვლის, რომელიც ჩვენს მკითხველ საკუთარ გამოცდილებას და რჩევებს უზიარებს.


- უკვე მეცხრე წელია მებაღეობაში ვარ. სასულიერო სემინარია მაქვს დამთავრებული, დეკორატიული მებაღეობის და ეკოლოგიის ისტიტუტი. დღეს კი მაგისტრანტი ვარ აგრარულ უნივერსიტეტში. 16 წლის ვიყავი, ზურა შევარდნაძემ წამიყვანა თავისთან, მაშინ სანერგე ახალი გაკეთებული

ჰქონდა. ზურამ მასწავლა და შემაყვარა მცენარეების მოვლა, მებაღეობა და დღეს უკვე უამრავ ბაღს, ტერასებს და აივნებს ვაკეთებ ჩემს არაჩვეულებრვ ჯგუფთან ერთად. შემდეგ მუდმივი პერიოდის განმავლობაში ვუვლით და ვეფერები ჩვენს შექმნილ ბაღებს.


- ეს ბაღი როდის გააშენეთ და რა სამუშაოები დასჭირდა, სრულყოფი სახე რომ მიეღო?

- ამ ადგილას საკმაოდ დიდ მასშტაბზე იყო დამრეცი კლდე. თავიდან მუშაობა ლანდშაფტის არქიტექტორმა დაიწყო, შემდეგ ჩვენც ჩავერთეთ არ შრომატევად პროცესში. მოითხარა კლდე. ნაშალი ქვით დატვირთული უამრავი სატვირთო გავიდა ეზოდან. შემდეგ ამოშენდა საბჯენი კედლები, ჩაიყარა ნიადაგი და შემდეგ დავიწყეთ მცენარეების შეტანა. ეს ბაღი გახლავთ ოთხი წლის. ახალი დარგული არ იყო ისეთი ლამაზი, როგორიც დღეს არის. მე ვთვლი, რომ ამისი სილამაზე ახლა არის პიკში. სულ აქ ვარ და ვუვლი, მუდმივი მოვლა სჭირდება მცენარეებს. მოვლაში ვგულისხმობ გაკრეჭვას, ფორმირებას, შეწამვლას.


- რა სიხშირით წამლავთ მცენარეებს?
- სხვადასხვა მცენარეს ჰყავს სხვადასხვა მავნებელი და დაავადება. სწორედ იმიტომაა ბაღში მებაღე საჭირო, რომ ზუსტად იცოდეს, რომელ მცენარეს რა მავნებელი, რა დაავადება უჩნდება, იცოდეს, რა პროფილაქტიკაა საჭირო. ვარდს სხვა დაავადება უჩნდება, ტუიას - სხვა, შესაბამისად, ბრძოლოს მეთოდიც სხვადასხვაა. კოწახურს და ვარდს თითქმის ერთნაირი დაავადება უჩნდება. მაგალითად, ბროწეულს ცრუფარიანობა უჩნდება და სპეციალურად მისთვის განკუთვნილი პრეპარატით უნდა შეიწამლოს. ეს ყველაფერი კარგად უნდა იცოდეს მებაღემ, რომ შესაბამისი დახმარება გაუწიოს მცენარეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ მებაღეობა არც ისე მარტივი საქმეა, საკმაოდ შრომატევადია და დიდ ცოდნას, ძალისხმევას მოითხოვს.


- ამ ეზოში რა მცენარეები გაქვთ ჩარგული?
- გვაქვს აბელია, წითელფოთოლა კოწახური, ტუია, ასევე ლავანდა, რომელიც არაჩვეულებრივ სურნელს აფრქვევს და იმ პერიოდში აქ არის ერთი ამბავი, ეხვევიან პეპლები და ულამაზესი სანახავია. ჩავრგეთ გაურა, რომელი თეთრად ყვავის. ჩრდილიან მხარეს ჩავრგეთ ჰორტენზია, აუკუბა, ბერგენია, ლომიცერა, ოფიოპოგონი, რომელიც სექტემბერში ყვავის, სურო, რომელიც მარადმწვანეა და ეზოს განსაკუთრებულ ელფერს მატებს. სამწუხაროდ, ბზა გაგვიფუჭდა და ეს მარტო ჩვენთან არ მოხდა, ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია. შევწამლეთ, დავამუშავეთ და ვნახოთ რას იზამს, ახალი ამონაყარები უკვე აქვს წამოღებული. ეზოს ქვედა ნაწილში არის ხეხილი, კენკროვანი მცენარეები და ბოსტანი.


- ამ ეზოსთვის მცენარები რა კრიტერიუმებით შეირჩა?
- უმთავრესი გახლავთ ის, რომ ყველა ეს მცენარე ჩვენი გამოყვანილია, არც ერთი არ არის უცხოეთიდან ჩამოტანილი. ძალიან კარგად ეგუება საქართველოს კლიმატს და კარგად ხარობს. ეზოს პარამეტრებიდან გამომდინარე არ უნდა ყოფილიყო დიდი ზომის მცენარეები, რა ჩარჩოებიც გვაქვს, იმის ზომის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. ნებისმიერი მცენარე, მაგალითად კოწახური, აბელი ან ტუია იზრდება ძალიან დიდი, მაგრამ მე სულ ვკრეჭ, რომ ძალიან დიდი არ გაიზარდოს და არ აცდეს ამ პროპორციებს და ზომებს.


- საზღვარგარეთიდან შემოტანილი მცენარეები ახსენეთ. რამდენად ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ შემოტანილ მცენარეებს ძალიან ბევრი უცხო დაავადება შემოაქვთ სქართველოში და აქაურ მცენარეებსაც აავადებენ?
- გადაწყვეტით ამის თქმა მიჭირს, თუმცა ეჭვი მაქვს , რომ ბევრი დაავადება და მავნებელი შემოსულია სწორედ საზღვარგარეთიდან შემოტანილი მცენარეებით. ვფიქრობ, ეს გამოწვეულია კონკრეტული ორგანოების არასათანადო მუშაობით. იმპორტირებულ მცენარეზე უნდა არსებობდეს სპეციალური მონიტორინგი, რომელიც უნდა ამოწმებდეს შემოტანილ მცენარეებს, რათა არ შემოყვს ის დაავადება, რომელიც საქართველოში არ არის გავრცელებული. ზუსტად ვიცი, რომ არსებობს ამისი სამსახური, მაგრამ რამდენად ეფექტურად მუშაობს ეს უკვე სახეზეა. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ადრე ვარდს თუ ვწამლავდით ორ კვირაში ერთხელ, ახლა უკვე ყოველ კვირასსჭირდება შეწამვლა. მარტო საზღვარგარეთიდან შემოტანილ მცენარეებსაც ვერ დავაბრალებთ. ეს ყველაფერი საქართველოში გარემო პირობების ცვალებადობის ბრალიცაა, დაბინძურებულია ჰაერი და გარემო, რაც იწვევს ახალი დაავადებების გავრცელებას.

- რამდენად ძვირი ჯდება დღეს საქართველოში მებაღის მომსახურება?
- ეს დამოკიდებულია ბაღზე და ბაღის სიდიდეზე, მცენარეების ინტენსივობაზე. არის ისეთი ბაღები, რომელსაც მინიმალისტურად ვაკეთებთ, ამიტომ შემდეგში ძალიან მცირე ჩარევას და შრომას მოითხოვს. არის ბაღები, სადაც დატვირთულ კომპოზიციებს ვაკეთებთ და დიდ შრომას მოითხოვს. ზუსტი თანხა არ არსებობს, რომელსაც გეტყვით. არის ბაღები, რომელთა მოვლა შეიძლება 400 ლარი ღირდეს, ასევე არის ბაღები, რომლის მოვლა 2000-3000 ლარი ღირს, გააჩნია, რას მოითხოვს ბაღი. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ გვეხმარება ბაღის მეპატრონე. ზოგი მეპატრონე გარკვეულ ნაწილს თვითონ ამუშავებს, ჩვენი რეკომენდაციით. იქ მისვლის შემდეგ კი ცოტა სამუშაო გვხვდება. ძირითადად ისეთი ბაღებია, რომლებიც თავიდან ბოლომდე ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა და ჩვენ ვუვლით.

- რას ურჩევთ მოყვარულ და დამწყებ მებაღეებს?
- დაწვრილებით რომ ვილაპარაკო ამ თემაზე, მთელი დღე არ მეყოფა, შემიძლია ვურჩიო, რა არის მთავარი. აუცილებლად შეამოწმონ ნიადაგი, რა ნიადაგში რგავენ მცენარეს, რომ შემდეგ თავიდან აიცილონ მცენარის გაფუჭება. ერთმანეთისგან გამიჯნონ ჩრდილიანი და მზიანი მხარე. თხოვონ რეკომანდაცია მებაღეს, ან ინტერნეტი გვაძლევს ამის საშუალებას და გაარკვიონ ჩრდილში რომელი მცენარე ჩარგონ, მზეში რომელი. ეს არის ის ძირითადი რაც უნდა გაითვალისწინონ ბაღის გაშენებამდე, ვიზუალური მხარეები კი საკუთარი გემოვნებით შეიძლება შეარჩიონ და მოიფიქრონ. მცენარეთა ასორტიმენტი, საბედნიეროდ, საკმად დიდი გვაქვს, მოთხოვნაც შესაბამისად დიდია.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები