ინტერვიუ მოყვარულ დიზაინერთან, რომელმაც თავად დაგეგმა სივრცე, სადაც მისი ოჯახი ბედნიერია

მაკა შავგულიძე 32 წლისაა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. განათლებით ხელოვნებათმცოდნეა, თუმცა მისი საქმიანობა მჭიდროდ დაუკავშირდა სამშენებლო სფეროს - აღმასრულებელი დირექტორია ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში. გატაცებულია დიზაინით და თბილისში მეუღლესთან ერთად მეტად ორიგინალური სახლი ააშენა, რომლის ექსტერიერისა და ინტერიერის დაგეგმვაში უშუალო მონაწილეობა მიიღო. ამ სახლმა ჩვენი ყურადღებაც მიიპყრო და მაკას ვესტუმრეთ. გარდა სახლის მშენებლობა-რემონტისა, იმაზეც ვისაუბრეთ, თუ რა უნდა იცოდეს მან, ვინც კერძო სახლის აშენებას გადაწყვეტს და რით ჯობს საკუთარი სახლი კომუნალურ ბინას.


- როდის და რატომ დაინტერესდით ამ სფეროთი? რა
ცოდნა და გამოცდილება მიიღეთ?

- კომფორტული და ესთეტიური სახლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სფეროთი განსაკუთრებით მას შემდეგ დავინტერესდი, როდესაც ჩემს ბინაში რემონტი გავაკეთე. კომფორტისა და ესთეტიკის ძიების პროცესში ბევრ საკითხში გავერკვიე და ბევრი რამ ვისწავლე: სივრცის დაგეგმვა, ფერებისა და მასალების გამოყენება, სტილის მორგება ბინის მფლობელის გემოვნებასა და ცხოვრების სტილზე. აქტიურად ვმონაწილეობდი რამდენიმე მეგობრის ბინის დაგეგმვასა და რემონტის პროცესში. შედეგად, დიზაინისადმი ინტერესმა იმდენად შემიპყრო, რომ ვეცნობი შესაბამის ლიტერატურას, ვუყურებ დიზაინერების ვიდეოგაკვეთილებს და ამ გზით ვცდილობ, მივიღო მაქსიმალური ინფორმაცია დიზაინის სფეროში არსებულ ტენდენციებზე, მახასიათებლებზე და ა.შ.

ორი წლის წინ, საბედნიეროდ, მომეცა შესაძლებლობა, ჩემი საკუთარი სახლის დიზაინი თავად დამეგეგმა. სამუშაო პროცესმა იმდენად დიდი გამოცდილება შემძინა, რომ რამდენიმე სახლის დიზაინიც კი გავაკეთე.


- როგორი იყო სამუშაო პროცესი - მიწა გქონდათ თუ ამ სახლისთვის იყიდეთ? რა ეტაპების გავლა დაგჭირდათ სახლის ასაშენებლად...
- მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის გვსურდა, საკუთარი სახლი გვქონოდა. სახლი, რომელიც ოჯახის წევრებისთვისაც და მეგობრებისთვისაც საუკეთესო შეკრების ადგილი იქნებოდა. სწორედ ამ იდეით შეპყრობილებმა შევიძინეთ ნაკვეთი და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. ჩვენს წარმოსახვაში ზუსტად ვიცოდით, სახლში რა სივრცეები გვჭირდებოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ოთახების განლაგება. გვსურდა, სახლს მაქსიმალურად გახსნილი, ღია სივრცეები ჰქონოდა. ჩვენი სურვილების შეჯერებას არქიტექტორთან დაახლოებით 1 თვე დასჭირდა. ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინებით, მან შეიმუშავა პროექტი, რომლის მშენებლობაც ნაკვეთის შეძენიდან მალევე დავიწყეთ. პროექტის მიხედვით, სახლი ორსართულიანია, აქვს მისაღები ოთახი და სამზარეულო, 4 საძინებელი, 3 სველი წერტილი, გარდერობის ოთახი, საკუჭნაო, 2 ვერანდა. სახლის ფაქტიურად ყველა კედელი, გარდა ფუნქციურად საჭირო ყრუ კედლებისა, იატაკიდან ჭერამდე ვიტრაჟებია. ზაფხულში, როდესაც ვიტრაჟებს ბოლომდე ვხსნით, სახლი და ეზო თითქმის ერთიანი სივრცე ხდება. სახლში სივრცე ისეა დაგეგმილი, რომ ოჯახის წევრებს ერთიანი კომუნიკაციის შესაძლებლობასაც გვაძლევს და ამასთან, სურვილის შემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანს განმარტოების საშუალებაც აქვს.

- რა მასალისგანაა სახლი აგებული და რამდენად გამძლეა ხის საფარი, წვიმისა და თოვლის მიმართ?



- სახლი ბლოკისგან არის აშენებული. მთელი შენობა გარედან დათბუნებულია, რაც სითბოს იზოლაციას უწყობს ხელს. ხის დეკორი ფასადზე დამუშავებულია სპეციალური საღებავით, რომელიც იცავს მას წვიმისა და მზის დაზიანებისაგან.

- რა პრობლემები შეგექმნათ მშენებლობის დროს და რა უნდა გაითვალისწინონ თქვენი გამოცდილებიდან მკითხველებმა?
- მშენებლობის პროცესს ჩვენი მეგობარი ხელმძღვანელობდა, რომელსაც სამშენებლო კომპანია აქვს. მასთან მუშაობა კომფორტული, მარტივი და სასიამოვნოა. შესაბამისად, ჩვენთვის უცხო იყო მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი მოგვარება. სამშენებლო პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო, რადგან სწორედ ის შედეგი მივიღეთ, რისი მოლოდინიც დასაწყისშივე გვქონდა. მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ისიც, რომ მშენებლობის პროცესში არ დაგვჭირდა პროექტის შეცვლა, რაც ნიშნავს იმას, რომ თავიდანვე სწორად იყო გათვლილი ყველა დეტალი, როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის ნაწილში. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული არქიტექტორი, სრულყოფილი პროექტის შემუშავებისათვის და სამშენებლო კომპანია, ხარისხიანი სამშენებლო პროცესების წარმოებისათვის.



გარშემო არსებული გამოცდილებიდან, რემონტის კეთების პროცესში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი და იმავე პოზიციას რამდენიმეჯერ აკეთებენ. მაგალითად, შეიძლება რამდენჯერმე შეცვალონ განათების დაქსელვა, შიდა კარების ღიობები, გადააადგილონ შიდა ტიხრები, უკვე გაკეთებული მასალა სხვა მასალით ჩაანაცვლონ და ბევრი სხვა. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ დაგეგმვის პროცესი არ არის სწორად გათვლილი და მორგებული დამკვეთზე, მასალა სათანადოდ არ არის შერჩეული. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, დაგეგმვასა და მასალის შერჩევას მეტი დრო დაუთმოთ, რაც შემდეგ თავისთავად დაგიზოგავთ სარემონტო სამუშაოების წარმოების დროსაც და ფინანსებსაც.

იგივე შემიძლია გირჩიოთ ხელოსნებთან ურთიერთობაზეც. უმჯობესია, ერთი გუნდი მუშაობდეს მთლიან სამშენებლო ციკლზე და მათი მუშაობის ხარისხს აკონტროლებდეს მშენებელი, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და დროში გაწელილი სარემონტო პროცესები.

- რით სჯობს კერძო სახლი კომუნალურ ბინას, რა უპირატესობები აქვს?



- კერძო სახლი ეზოს ჭიშკრის მიღმა მთლიანად პირადი კომფორტის ზონაა. საზიარო არავისთან არაფერი გაქვს და სახლში სრული თავისუფლებაა.
კერძო სახლის უპირატესობაა აგრეთვე საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული პროექტი, სივრცეების გადანაწილება, მწვანე ზონა, რაც სიმყუდროვის ხარისხს ზრდის.

- თუმცა ამბობენ, რომ კერძო სახლის მოვლა უფრო ძნელია - ფიზიკურად და ფინანსურად...
- კი, კერძო სახლი მეტ ფიზიკურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, თუმცა ეს განსხვავება იმდენად უმნიშვნელოა იმ სიამოვნებასთან, რაც კერძო სახლს მოაქვს, რომ ამად ღირს. ეს არის განსხვავებული ცხოვრების სტილი მრავალფეროვანი აქტივობებით.



- როგორ დაიგეგმა შიდა ინტერიერი, კონკრეტულად რა სტილია და თქვენი მოფიქრებულია ეს დიზაინი თუ საიდანმე იხელმძღვანელეთ?
- ინტერიერის დაგეგმვა პროექტის შემუშავების პროცესში განხორციელდა. თავიდანვე დავგეგმეთ ოთახების გადანაწილება სართულებზე, მათი მოცულობა და თანმიმდევრობა. თავიდანვე ვიცოდით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ავეჯის განლაგება, როგორი კიბე უნდა გვქონოდა. ფანჯრის ღიობები რა ადგილას უნდა ყოფილიყო ოთახებში სინათლის სწორად გადანაწილების მიზნით და ა.შ. როდესაც წინასწარ გეგმავ თითოეულ სამშენებლო და სარემონტო პოზიციას, პროცესიც უფრო მარტივი ხდება, რადგან არ გიწევს დანგრევა და ხელახლა აშენება, კედლის გადაადგილება და სხვა. ეს, რა თქმა უნდა, ზოგავს როგორც ფინანსურ, ასევე დროის რესურსს.

როდესაც სახლის კარკასის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა, პარალელურად უკვე შიდა სივრცეების გადატიხვრა დავიწყეთ. ამის შემდეგ სარემონტო სამუშაოებზე გადავედით. მასალები წინასწარ შევიძინეთ, რამაც სარემონტო პროცესებიც არ შეაფერხა და რემონტი დაახლოებით 4 თვეში დავასრულეთ. სახლის დიზაინი მინიმალისტური მოდერნია. კონკრეტული კომპონენტების დიზაინი ჩვენი მოთხოვნებისა და სტილისათვის დამახასიათებელი დეტალების შეჯერების შედეგია. ფერთა გამაც ჩვენს ხასიათზეა მორგებული. ვფიქრობ, გამოყენებული პალიტრა მშვიდ, კომფორტულ, ნათელ და თბილ გარემოს ქმნის.



ინტერიერში სრული ჰარმონია ფოტოების, ნახატების, გამწვანებისა და დეკორის სხვა ელემენტების გამოყენებით მიიღწევა, რაც ჩვენ შემთხვევაში ძალიან ზომიერადაა გამოყენებული.

- იძლევა თუ არა ქართული ბაზარი საშუალებას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს იმის აშენება და ისეთი ინტერიერის გაკეთება, როგორიც მას სურს?
- საქართველოში მასალის ძალიან დიდი არჩევანია, მორგებული მრავალფეროვან მოთხოვნასა და ხარისხზე. არის რამდენიმე ძალიან კარგი კომპანია, რომელიც ზუსტად დაგიმზადებს იმას, რასაც დაუკვეთ. ძალიან ბევრი კომპანია მუშაობს უცხოეთის შეკვეთებზე, შესაბამისად, უპრობლემოდ შეიძლება ხარისხიანი, სხვადასხვა სტილის ინტერიერის მოწყობა. პირადად მე, ყველაფერი საქართველოში შევიძინე და ამ მხრივ არანაირი შეფერხება არ მქონია.



- რამდენად მყუდრო გამოვიდა თქვენი სახლი?
- სახლი ისეა დაგეგმილი, 6-8 ადამიანს შეუძლია იცხოვროს. ამჟამად ოჯახში ოთხნი ვართ: მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი ორი შვილი, რომლებიც ამ სახლში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. მათთვის აქ მყუდრო და უსაფრთხო გარემოა. ეზოში ბევრი გასართობი საშუალება აქვთ - ქვიშა, ბატუტი, აუზი, ველოსიპედი და ა.შ. სახლში ცალკე სათამაშო ოთახი გვაქვს მათთვის მოწყობილი, სადაც უყვართ განმარტოება.

ლელა ზურებიანი

კომენტარები

ნინო 2018-08-01 16:12
უმაღლესია ყველაფერი,ულევი სიხარული და ბედნიერება ამ ლამაზ ოჯახს.
დათო 2018-03-19 15:14
ფული წყვეტს ყველაფერს სიცოცხლის გარდა და კიდევ კარგი ,რომ ეს ასეა
თინა 2018-03-16 11:39
ძალიან ლამაზი, კომფორტული, მყუდრო, ნათელი სახლია.. ზედმეტი გადატვირთვების გარეშე, რომელსაც ხშირად ვხვდები თავიანთი ზიზილ-პიპილოებით.
gia 2018-02-06 17:32
ძალიან სასიამოვნოა. სადა და კომფორტულია. ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ უმარტივესია, თუმცა ბევრი ნაფიქრი სჩანს.
koko 2018-02-02 17:12
ვერაფერი განსაკუთრებული ამ ინტერიერში ვერ ვნახე. დიზაინერობაზე თუ გაქვს პრეტენზია, ცოტა მეტი ფანტაზიაც უნდა გქონდეს. ისე, დარწმუნებული ვარ კომფორტული სახლია...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები