მაჟორელის ლურჯი ბაღი - წალკოტი, რომელიც უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს

ალბათ ბევრს არ გსმენიათ მაროკოს ქალაქ მარაკეშში, ძველ კვარტალსა და ახალ ქალაქს შორის გადაშლილ ნამდვილ წალკოტზე - „მაჟორელის ლურჯ ბაღზე", რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა და პოპულარული ტურისტული ადგილია. ბოტანიკურ ბაღს ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, ფრანგი მხატვრის და მოყვარული ბოტანიკოსის, ჟაკ მაჟორელის ხელით შექმნილი საუცხოო ბაღი დღემდე მის სახელს ატარებს და მსოფლიოს სხვა ბოტანიკური ბაღებისგან განსხვავებით, ლურჯი ფერის სიჭარბით, კაქტუსების და უჩვეულო, დეკორატიული მცენარეთა სიმრავლით გამოირჩევა.

ბაღის ისტორია კი ასეთია:
1917 წელს, ფილტვების სამკურნალოდ, მაროკოში
გადასული ფრანგი მხატვარი, ჟაკ მაჟორელი, მოიხიბლა ქალაქის კაშკაშა ფერებით, სიცოცხლით სავსე ქუჩებით, ხალისიანი ადამიანების სიმრავლით და აქ სამუდამოდ დარჩენა გადაწყვიტა.

1923 წელს მხატვარმა მარაკეშში 1,6 ჰა. მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელიც მოგვიანებით 2,5 ჰექტრამდე გააფართოვა. შვიდი წელი მოანდომა სახლის მშენებლობას, რომელიც არქიტექტურის მავრიტანული სტილის ვილას, ბერბერის სტილის სახელოსნოს და პავილიონს მოიცავდა. შემდეგ ულამაზესი ბაღის ეგზოტიკური მცენარეებით გაფორმებას შეუდგა. უნიკალური მცენარეების ნაწილი მოგზაურობისას, სხვადასხვა ქვეყანაში შეაგროვა, ნაწილი კი, მაროკოში მოიძია.
მაჟორელი დიდი ინტერესით აკვირდებოდა და სწავლობდა მაროკოს ხელოვნების ისტორიას, კულტურას, რამაც აღაფრთოვანა და შთააგონა მხატვარს, რომ ხელოვნების ეს შეუდარებელი ნიმუში შეექმნა.

ბაღის გაშენებას ოცი წელი მოანდომა. დიახ, ოცი წელი დასჭირდა, რომ კაქტუსების მდიდარი კოლექცია, ინდოჩინური ბამბუკების, სამხრეთ აფრიკული შროშანების, ბუგენვილიების, იუკების, დაფნების, კვიპაროსების, ჟასმინების, ტუიების, ალოეს, აგავების, პალმების, გვალვაგამძლე ბოლქვიანების, ქოქოსის პალმების, ზეთის ხილის ხეების, წყლის მცენარეების და სხვა, უჩვეულო და ეგზოტურ მცენარეთა კოლექციები მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან აქ დაესახლებინა.

მარტივი არ იყო ეგზოტიკური მცენარეების კულტივაცია და ადგილობრივ მშრალ, ცხელ კლიმატთან ადაპტაცია. თუმცა, მაჟორელმა შეძლო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის იშვიათი და უჩვეულო სახეობები გარემო კლიმატს შეგუებოდნენ. ამ მცენარეების დიდი ნაწილი, დღეს უზარმაზარი ზომისაა და ბაღს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ამასთან, ბაღს ამშვენებს ლურჯი მარმარილოს აუზები, ტბორები, შადრევნები, ნაკადულები, დეკორატიული და სარწყავი არხები.

ჟაკ მაჟორელის გარდაცვალების შემდეგ, 1980 წელს სახლი დიზაინერმა ივ სენილორანმა შეიძინა პარტნიორთან ერთად და წარმატებით გააგრძელა წინამორბედის ტრადიცია.


მაჟორელის გარდაცვალების შემდეგ მისი ფერფლი მისივე სურვილით ამ ბაღშია მოფანტული.

აღსანიშნავია, რომ სახლის მეორე სართული, რომელსაც სენ-ლორანმა Minzah დაარქვა, მისივე პროექტით გაკეთდა - მე-19 საუკუნის ბამბუკის მაგიდა, ცნობილი არქიტექტორისა და დიზაინერის ადოლფ ლოსას სავარძლები, Bonacina-ს ბრენდის მოწნული სკამები და ისამუ ნოგუჩის დიზაინით შექმნილი სანათები კი, საჩუქრად მიიღო.

ივ სენ-ლორანის გარდაცვალების შემდეგ კი ამ წალკოტის მფლობელი პიერ ბრეჟე გახდა.

დღეს ვილა მუზეუმის ფუნქციას ასრულებს და მოგზაურებს თავისი დახვეწილი გემოვნებითა და ელეგანტურობით აოცებს.




კომენტარები

ხათუნა 2022-11-03 19:09
ნეტავ აქაც ოყოს ეს სილამაზე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები