სახლის მშენებლობის დაწყების წინ მესაკუთრეები ფიქრობენ მის გაბარიტებზე, დაგეგმარებასა და გარეგნულ იერ-სახეზე. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ყველა დეტალი მხოლოდ ფანტაზიასა და გემოვნებაზე როდია დამოკიდებული. როგორც წესი, მთავარ ნიუანსებს მაინც ფინანსები და სამოქმედო არეალი განსაზღვრავს. შესაბამისი პროექტის მოძიება მარტივიც არის და ამავდროულად რთულიც, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საუბარი ორსართულიან სახლზეა. ამ შემთხვევაში თავს იჩენს ხოლმე კითხვა, აშენდეს ორი სართული თუ გაკეთდეს მანსარდა?
ჯერ გავარკვიოთ, რას წარმოადგენს მანსარდა. მანსარდა არის საცხოვრებელი სივრცე, რომელიც სახლის ბოლო სართულზე წარმოიქმნება ნებისმიერ კონფიგურაციის (არა ბრტყელის, რა თქმა უნდა)
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დღესდღეობით მანსარდის მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველა ქვეყანას თავისი რეგულაციები და წესები გააჩნია.
მანსარდის გეომეტრიული ფორმა დამოკიდებულია სახლის სახურავის ფორმაზე. ის შესაძლოა იყოს სამკუთხედი ფორმის, გუმბათოვანი ან აბსოლუტურად განსხვავებული, სიმეტრიული ან თუნდაც ასიმეტრიული, განთავსებული შენობის მთელ სიგანეზე ან მხოლოდ მის ნახევარზე. ის შესაძლოა სცდებოდეს კიდეც ძირითად შენობას დამატებითი საყრდენი კედლების წყალობით.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ მანსარდის მშენებლობა ითვალისწინებს საყრდენი კედლების გაკეთებას ძირითადი სართულის საყრდენი კედლების შესაბამისად. მასალად ირჩევენ შედარებით მსუბუქ ვარიანტებს.
მანსარდის მთავარი ღირსება და უპირატესობა საცხოვრებელი ფართის მომატებაა, რაც უკვე აშენებულ კონსტრუქციაზეც არის შესაძლებელი, თუმცა ყველა ძველი შენობა ვერ გაუძლებს დამატებით სიმძიმეს და ეს ფაქტორი გადაწყვეტილების მიღებამდე გასათვალისწინებელია.
მანსარდიანის სახლის მშენებლობა ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე სრულფასოვანი ორსართულიანი სახლის აშენება. გარდა ამისა, თუ ამის საშუალება არ არის, მანსარდის გაკეთება შესაძლოა გადადოთ რამდენიმე წლით, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს სახლის მთავარ იერსახეს. ასეთი ვარიანტები განსაკუთრებით ხელსაყრელია ახალგაზრდა ოჯახებისთვის.
რაც შეეხება მანსარდის უარყოფით მხარეებს ამ მხრივ შესაძლოა დავასახელოთ დამატებითი ხარჯები, რასაც ითვალისწინებს თბო და ჰიდროიზოლაცია. ფანჯრების მონტაჟის სირთულე და სიძვირე, სამშენებლო მასალების უფრო საგულდაგულოდ შერჩევა და საძირკვლის გამაგრება, ასევე სახლში კიბის არსებობა. თუმცა მანსარდიანი სახლები იმდენად ლამაზად გამოიყურება და ისეთი უპირატესობები აქვს, რომ ამ უარყოფით მხარეებს გადაფარავს.