ქმრის დახმარებით მოწყობილი ყვავილების სამფლობელო და ქვისგან შექმნილი დეკორაციები

ცნობილია, რომ მარტივად ვერასდროს მიიღებ იმ სილამაზეს, რაც შემდეგ დიდ სიამოვნებას მოგანიჭებს. მუხლჩაუხრელი შრომის, არაერთი სირთულის გადალახვის შემდეგ ქალბატონი ნანა ზუბიაშვილის ბაღი დღეს სტუმრებისათვის ერთ-ერთ საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა. დამეთანხმებით, ეს უკვე მრავალზე მეტყველებს. ამ ბაღის მშენებლობას წლების წინ დაუდო სათავე და დღემდე რუდუნებით ზრუნავს მის სილამაზეზე.

- ვცხოვრობ კასპის რაიონში, სოფელ სასირეთში. მყავს მეუღლე და ორი შვილი, რომლებიც სტუდენტები არიან. გვაქვს საოჯახო ბიზნესი, რომელშიც აქტიურად ვართ ჩართული მთელი ოჯახი. ასევე გვაქვს ვაშლის ბაღები, ვენახი და შეძლებისდაგვარად ვეხმარები მეუღლეს. საკამოდ
დატვირთული რეჟიმი მაქვს. ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა ყვავილების მოვლა და მათთან ურთიერთობაა. ასევე მიტაცებს კულინარია. როგორც ახლობლები აღნიშნავენ, საკმაოდ კარგი კულინარი ვარ.

- ყვავილებს რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?
- ყვავილების სიყვარული ბავშვობიდან მომდევს. ჩემს მშობლიურ სოფელში, მეტეხში გვქონდა ძალიან ლამაზი ეზო. მახსოვს ჩემ ბავშვობაში ხშირად იმართებოდალამაზი ეზოს რაიონული კონკურსი, სადაც პირველი ადგილი ავიღეთ.
გათხოვების შემდეგ, როცა ბავშვები წამოვზარდეყვავილების შეგროვება დავიწყე,მეტი თავისუფალი დრო მრჩებოდა და მინდოდა ეზოს სილამაზეზეც მეზრუნა.თან ნელ ნელა იღვიძებდა ბავშვობის დროინდელი, ლამაზი ეზოს ნოსტალგია. თავიდან ვცდილობდი ისეთი ყვავილები მომეშენებინა, რომლებიც დიდ დროს და ენერგიას არ მოითხოვდა, მაგრამ ისე გამიტაცა, შემდეგ ყველანაირი ყვავილს ვაგროვებდი. ძალიან მიყვარს ყვავილები დავერც ერთ ყვავილს გულგრილად ვერ ჩავუვლი. ჩემს ეზოს ამშვენებს ულამაზესი ვარდები. ვინაიდან ეზოში გვაქვს ვაზის ხეივანი, მაღალი ჯიშის ხე ყვავილები მცირე რაოდენობით მაქვს. უფრო დაბალი ყვავილებია. ზამთარში ჩვენთან ყინვებია, ამიტომ ყოველთვის ყინვა გამძლე მცენარეებს ვეძებ.
გავწევრიანდი ყვავილების ჯგუფებში. ყველა ყვავილზე ვეცნობოდი ინფორმაციას. თავიდან ვყიდულობდი იმ ყვავილს, რაც შემხვდებოდა და მომეწონებოდა, მაგრამ ბევრი მიფუჭდებოდა. ზოგს პირობები არ მოსწონდა, ზოგის მოვლა არ ვიცოდი.ახლა უკვე დიდი გამოცდილება მივიღე და ვარჩევ ჩემ ეზოში რა გაიხარებს და რა არა.

- ოჯახის წევრები რამდენად არიან ჩართული მცენარეების მოვლაში?
- ყვავილებს ძირითადად მარტო ვუვლი, თუ სადმე მომიწია წასვლა, დედამთილს ვუტოვებ, მასაც უზომოდ უყვარს ყვავილები.

- ახლა რა სამუშაოებია ჩასატარებელი თქვენს ბაღში?
- გაზაფხულობით ბაღში ბევრი სამუშაოა. ვასუფთავებ ხმელი ნარჩენებისგან, ვსხლავ,ნიადაგის ვაფხვიერებ და ვამზადებ დასათესად.

- ქოთნის ყვავილებიც გაქვთ?
- ქოთნის ყვავილები საკმაოდ ბევრი დამიგროვდა. დაახლოებით 200 ქოთანი მაქვს, შეიძლება მეტიც. ყველა მიყვარს და ყველას ვეფერები. თუ რომელიმე გამიფუჭდა, ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ.

- ფავორიტი ყვავილები გყავთ?
- მიყვარს მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილები, რომლებიც მთელი ზაფხული მილამაზებენ ეზოს და გარემოს. განსაკუთრებით პეტუნიები, ბალზამინები, რომლებიც უხვად მოყვავილეები არიან, გამოირჩევიან სილამაზით. პეტუნიების უმრავლესობას არ აქვს სუნი. მრავლდება თესლით. თავიდან ნერგებს ვყიდულობდი. ჩემი მეუღლე როცა თანხას მაძლევს საქმისთვის, ყოველთვის მეკითხება, მაგ თანხაში ყვავილებიც მოგივაო? ცდილობს ყოველთვის გამახაროს ყვავილებით.

- მხოლოდ ნაყიდ ყვავილებს რგავთ, თუ თქვენც ამრავლებთ?
- როცა მივხვდი, ჩემს ეზოს ნაყიდი ყვავილებით ვერ შევავსებდი, დავიწყე თესლის აღება და დათესვა. თუ რომელიმე ყვავილი არ ამოვა, შემდეგ ისევ ნერგებს ვყიდულობ. ვთესავ კონტეინერებში და 3-4 ფოთოლზე როცა ამოიზრდება გადამაქვს ერთჯერად პატარა ჭიქებში. დათბობისთანავე გადამაქვს ქოთნებში.


- ალბათ ახლობლებს ძალიან უყვართ თქვენთან სტუმრობა...
- ჩემს პატარა „სამფლობელოში“ (ასე ვეძახი), ხშირად მყავს სტუმრები. ათვალიერებენ ყვავილებს და წასვლისას ყველას უნდა, რომ რაიმე ყვავილი გააყოლოს ხელს. ზოგი ავიყოლიე კიდეც და დაიწყეს თვითონაც ყვავილების მოვლა მოშენება.

- ულამაზეს დეკორაციებს აკეთებთ საკუთარი ხელით. როდის დაიწყეთ მათი გაკეთება? ალბათ არც ისე მარტივია...
- ეზოს მოპირკეთების შემდეგ გამიჩნდა სურვილი, ჩემი ხელით შემექმნა რამე დეკორაციები. დავიწყე მოძიება ვის რა დეკორაცია ჰქონდა ეზოში. ეტყობა გენმაც თავი იჩინა (მამა ხელოსანი მყავს). დავიწყე მდინარეზე ფერადი ქვების შეგროვება. იდეებიც თავისთავად წამოვიდა. ჯერ პატარა კალათების აშენება დავიწყე, მერე გავთამამდი და ორი დიდი კალათაც ავაშენე. ახლა წებო-ცემენტით ქოთნების გაკეთება დავიწყე. მომწონს რაიმეს რომ ვქმნი, თან ეს ჩემთვის დამღლელი დღის შემდეგ ერთგვარი განტვირთვაა.
ჩემი ეზო ძალიან მიყვარს და მომწონს. დროთა განმავლობაში შეიძლება ცვლილებებიც შევიტანო. მინდა მქონდეს პატარა ორანჟერეა, სადაც ზამთარში ყველა ყვავილს ერთად მოვუყრი თავს. მეუღლე დამპირდა აგიშენებო. ის დაპირებულს ყოველთვის ასრულებს...





მერი ბლიაძე

კომენტარები

მარიამი 2019-08-02 17:35
ამ ეზოს უკან ძალიან თბილი და ტკბილი გული დევს,თუ არა ადამინის ბუნება ასეთ სილამაზეს ვერ შექმნი...ჩემო ტკბილო ძალიან მიყვარხარ ნან❤ ამბობენ გარეგნობით ასლი ხარო,და იმედს ვიტოვებ ამაშიც დაგემსგავსები
ეკა 2019-05-08 16:39
ქალბატონი ნანას სახლი გიორგი მაზნიაშვილის სახლმუზეუმის მეზობლადაა. მოი ახულეთ ეს სილამაზე
მაიკო მაკო 2019-04-30 09:17
სილამაზე, რომელის ჩემს სანახავ ეზოების ნუსხაში ერთერთია, აუცილებლად ავისრულებ ამ ოცნებას
tamuna 2019-04-17 10:45
ulamazesi ezoa
ლალო 2019-04-16 21:50
ულამაზესი ეზო ჰარმონიულად ერწყმი გულთბილ მასპინძლებს.სიყვარულით გამთბარი გარემოა.იმდენად ლამაზი სანახავია ვერც ფოტოში აისახება ,ვერც სიტყვიერად გადმოიცემა.წარმატებები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები