სამი შვილის დედის მიერ პატარა თბილისურ ეზოში მოწყობილი ბაღნარი - "ამ ეზოში პატარა სოფელი მაქვს, ჩირებსა და ჩურჩხელებსაც ვაკეთებ..."

ეკატერინე გეთიაშვილი პროფესიით სამკურნალო რეაბილიტაციის მეთოდისტია, მასაჟის და ფიზიოთერაპიის დარგში. საქმესთან და ოჯახზე ზრუნვასთან ერთად, ისეთი ლამაზი ეზო მოაწყო, რომ ჩვენი ყურადღება მიიპყრო.

- ჩემი მეორე სპეციალობა ბიოლოგიაა და ალბათ, იქიდან დამრჩა მცენარეების სიყვარული. სოფლად დავიბადე და გავიზარდე, კაჭრეთში, თუმცა თბილისში, ვარკეთილში ვცხოვრობ უკვე 27 წელია. მყავს მეუღლე, სამი შვილი და ერთი შვილიშვილი - უსაყვარლესი ნიცა.

ჩემი პატარა ეზო არის ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ, პატარა კერძო დასახლებაში. როცა აქ მოვედი, ჩემი მამამთილის მიერ აშენებული პატარა სახლი იყო ასევე პატარა ეზოთი. პირველივე ხანებიდან ვცდილობდი ყველაფრის მოპირკეთება-გალამაზებას. ოჯახის
გაზრდამ გვაიძულა სახლი გაგვედიდებინა, მაგრამ ეზოს სიმცირე არ მაძლევდა საშუალებას, რომ ბევრი და დიდი ზომის მცენარეები მქონოდა.

გადავწყვიტე, მთელი სივრცე ამეთვისებინა და ჯუჯა ყვავილების მოშენება დავიწყე. ჩამოკიდებული ქოთნები უკვე კარგად ეტეოდა და სივრცესაც ტოვებდა. თანდათან გაბევრდნენ და თვალს რომ ახარებენ, უფრო და უფრო მინდა ახალი, უცხო მცენარეების შეძენა. ეს ჩემი პატარა ედემია, სადაც ძალიან ცოტა დროს ვატარებ დასასვენებლად - დილის ყავის სმის რიტუალი, რომელიც ოციოდე წუთს გრძელდება, ყველაზე ბედნიერი და მშვიდი დროა ჩემთვის დღის მანძილზე. თბილისურ ეზოში პატარა სოფელი მაქვს, ჩირებს და ჩურჩხელებსაც კი ვაკეთებ.

იმის გამო, რომ მინდა, ყოველთვის წარმტაცად გამოიყურებოდეს ჩემი ეზო, მაქვს ყველა სეზონის ყვავილები. ვიწყებ ვიოლებით, რადგან ყინვაგამძლეა, შემდეგ პეტუნიები მომაქვს ნაირფერი, გაზანიები, ვერბენა მაქვს რამდენიმე ფერის,ზაფხულში პორტულაკები, ბალბები მაქვს, ზოგი ოთახში, ზოგი გარეთ. ბალზამინები მიყვარს, ალოეს რამდენიმე ფერი მაქვს, შემოდგომაზე უკვე ჯუჯა ქრიზანთემებზე გადავდივარ.

მოვლის ხერხებს რაც შეეხება, სულ ფერება და ხელის შევლება სჭირდებათ. მთავარი ხერხი და თანაც ოქროსი, არის სიყვარული. ჩემი ნება, რომ იყოს და ეზოს მასშტაბი საშუალებას მაძლევდეს, უკეთესი ბაღნარი მექნებოდა. მჭიდრო დასახლების და მზის სხივების დეფიციტის გამო ვერ ვახარებ ხვიარა ვარდებს. ეს ჩემი მომავლის გეგმაა. უნდა ხელოვნური განათება გავაკეთო.

ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ვერ ვატარებ ბევრ დროს ამ პატარა ყვავილნარში. დროის დეფიციტი ჩემი ტკივილია, მაგრამ დილას ვიწყებ ყვავილებით. მოვრწყავ, შემოვუვlლი, ყავას მოვიდუღებ და ვიწყებ ფიქრს ან ესეების წერას. ეს ჩემი ჰობია. შეიძლება ხუთიოდე ფრაზა დავწერო, ჩემი იმდროინდელი განწყობის შესაბამისად, ამ ცხოვრების ღირებულებებზე, მაგრამ ენერგია მევსება თვალით ყვავილებიდან და გულით ნაწერიდან.


ამ დროს ჩემთან ყოველთვის ჰარლია, ჩვენი შვეიცარიული თეთრი ნაგაზი, უიშვიათესი ჯიში და ამასთან, უჭკვიანესიც. დემეტრემ პანდემიის დროს მოიყვანა პაწაწუნა. ყვავილებს ერჩოდა თავიდან. ახლა მგონი, ჩემსავით უყვარს.

თუთიყუშებიც ამშვენებენ ჩემს ეზოს. ჩემი შვილის, დემეტრეს გატაცება უფრო იყო, ვიდრე ჩემი. თავიდან 2 წყვილი აჩუქა მეზობელმა, რომელიც უნიკალური ფრინველების ფერმის პატრონია. მერე გავამრავლეთ და 50-60-ც გვყოლია, სხვადასხვა და ულამაზესი ფერის. მათი ჭიკჭიკი სასწაულად უხდება ყვავილებს. მეც ჩამითრია ამ ზრუნვამ და თუთიყუშიც შევისწავლე კარგად.


ეზოში ვერავინ მეხმარება. უფროსი ელენე გათხოვილია და გვსტუმრობს ხოლმე. ახლა პატარა ნიცა ერჩის ყვავილებს. სალომე ფსიქოლოგია და სამსახურითაა დაკავებული. დემეტრე სტუდენტია, უყვარს ცხოველები და მცენარეებიც. პატარა რომ იყო, ჩითილებიც კი გამოუყვანია. ტრანსპორტირებაში მეუღლე და დემეტრე მეხმარებიან, როცა ვყიდულობთ ახალ ჯიშებს. ოჯახის საქმეებში მეხმარება უსაყვარლესი ქალბატონი ნინო.მ თელი ჩემი ოჯახი მგულშემატკივრობს ხოლმე, მაგრამ ესენი მიეჩვივნენ ჩემს გატაცებას. აი, სტუმრების და მეგობრების აღფრთოვანებული დამოკიდებულება მახარებს, როცა მოდიან აქ. თუ ფოტოებს დავდებ, ასჯერ მეტად ეხმაურებიან, ვიდრე სხვა პოსტებს. პოზიტიური ადამიანი რომ ვარ, ჩემი ყვავილების დამსახურებაა, არ მაქვს დეპრესია, სტრესი. ან თუ მაქვს, არც ვიცი ამის შესახებ იმიტომ, რომ არ მაქვს დრო ამაზე ვიფიქრო. მიყვარს სიცოცხლე, ოჯახი და ყვავილები.



კომენტარები

ხათო 2024-04-15 02:03
ყოჩაღ,რამდენი შრომა და ენერგიაა ჩადებული და რა სილამაზეა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები