ასმათ კვარაცხელია პროფესიით მასწავლებელია, ფილოლოგი, ერთ-ერთ სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. წალენჯიხაში ცხოვრობს, აქვს საკუთარი სახლი და ეზო, რომელსაც შეძლებისგვარად უვლის და ალამაზებს. ულამაზეს ეზოში ხშირად სტუმრობენ მოსწავლეები და საუბრობენ ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე, პოეზიაზე, ხელოვნებაზე, ყვავილებზე.
- ყვავილების სიყვარული საიდან გაგიჩნდათ?
- დედაჩემს უყვარდა ყვავილები, უვლიდა, ელოლიავებოდა, ჩვენს ეზოში უამრავი ყვავილი სახლობდა, "ვარდებიანი ბარდნარი" იყო. მაგრამ მე მაშინ ნაკლებად მესმოდა მათი ენა. ყურადღებას არ ვაქცევდი. ადრე გავთხოვდი, ოცი წლისა. კიდევ დიდხანს არ ვიყურებოდი მათკენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ცოტა გვიან
- ეზო როგორ მოაწყვეთ?
- ეზოს მოწყობა რამდენიმე წლის წინ დავიწყე. ჩემი ფიზიკის მასწავლებელი, რომელიც ბუნების დიდი ქომაგია, პირველი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარა. არ ვთვლი, რომ ეზო ისე მაქვს მოწყობილი, როგორც მინდა, ეს, მცენარეების სიყვარულთან ერთად, ბევრ რამეს მოითხოვს: ბორდიურების, ფანჩატურების, წყლის გუბურების, ბილიკების მოწყობას, ეტყობა, სრული იდილიისთვის არ მყოფნის ძალისხმევა. ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებ. მეუღლე და შვილი (ბიჭი) მეხმარებიან, მაგრამ საკუთარი ხელით გაკეთებული მირჩევნია, დამხმარე არ მყავს. განსაკუთრებით ფანჩატური მომწონს, რომელიც გადავხურე ხვიარა მცენარით, მას ქაღალდის ხეს უწოდებენ, ზაფხულის მერე ფოთლები უწითლდება და ლამაზ ფონს ქმნის, იქვე ნეკერჩხალი მიდგას და ერთმანეთს "ბანს ეუბნებიან".
- ალბათ ყვავილებს გარდა ეზოში ხეხილიც გაქვთ...
- რადგან სახლის წინ ეზოში ვენახი იყო გაშენებული, დროთა განმავლობაში ვაზი გახმა და დავიწყე "მიწების ოკუპაცია", მოვასწორე. მრავალწლიანი მცენარეები დავრგე ტუიები, კოლხური და ფრანგული ბზები, მეზობელმა, რომელიც დიდი "მევარდეა", რამდენიმე ძირი ფესვიანად მაჩუქა. ქალიშვილები თბილისში ცხოვრობენ, როცა ჩამოდიან, მათაც ჩამოაქვთ საჩუქრად ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეები. თესლს ვინახავ. ახლა უამრავი მცენარე მაქვს ჩათესილი და ველოდები, როდის დაუდგებათ ყვავილობის ჟამი. მაქვს ბოსტანი, თუმცა ნაკლებად ვიცლი ამისთვის, უამრავი მწვანილი მაქვს, ულევი ქინძი, ოხრახუში, ნიახური, პრასი, კიტრი, პომიდორიც დავრგეთ. მიყვარს ნატურალური პროდუქტები, "სურნელოვანი" კიტრი და პომიდორი. ეზოს მეორე ნახევარი ხეხილს დავუთმეთ და ბაღიც გავაშენეთ. ხილი ჩავყარეთ, ალბათ, მომავალ წელს მოისხამს.
- ოჯახის წევრები, შვილიშვილები თუ გეხმარებიან თქვენს საყვარელ საქმიანობაში?
- ოჯახის წევრები შეძლებისდაგვარად მეხმარებიან. მეუღლე რწყავს და თავი მოსწონს, რა მაგარი ბაღიაო, შვილი ბალახს კრეჭს, ჩემი ჰორტენზიაც შეიწირა (იცინის). შვილიშვილები დიდები არიან და სხვა გატაცებები აქვთ. გოგონა 18 წლისაა, აბიტურიენტია, ნაკლებად იცლის ამგვარი საქმეებისთვის, ბიჭი თხუთმეტისაა, სწავლობს, თინეიჯერია, თავისი გატაცებები აქვს მასაც. ვფიქრობ, ისინიც დაინტერესდებიან და ქარიშხლიანი ასაკი რომ გადაუვლით, შეუყვარდებათ ყვავილები. ყვავილების ყიდვა არ მბეზრდება და ამაზე ხანდახან მეჩხუბებიან კიდეც – საქმე არაფერი გაქვსო. ამაზე დიდი საქმე რა უნდა იყოს? ყოველ დილით გავრბივარ, ამინდის მიუხედავად, ყველა კოკორს და ამოსულ ნერგს ვაკვირდები სათვალით, კარგად რომ ვნახო. მალე სამოცის გავხდები და პენსიაზე რომ გავალ, ამ საქმეს მივუძღვნი მთლიანად თავს.
მერი ბლიაძე
კომენტარები