კავთისხევში, უძველეს სახლში, რომელიც 100 წელზე მეტს ითვლის, ქალბატონმა კარინა ელიბეგოვამ "ძველმანების ფეიერვერკი" მოაწყო. ეს ბაღი მისი საოცნებო ბაღია, სიმშვიდის, თავისუფლების კუნძული. სწორედ ეს კუნძული ეხმარება ქალაქის ხმაურისგან და ყოფითი პრომლემებისგან თავის დაღწევაში. ამბობს, რომ აქ სხვა ადამიანად გარდაიქმნება. ამ ბაღმა ყვავილების მოყვარულებს შორის პოპულარობაც მოუტანა და აღიარებაც - ჯგუფ "სოსანის" კონკურს "საქართველო ჩემი ბაღიას" გამარჯვებულია.
- 24 წელია ვმუშაობ ჟენევის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში დიასახლისად. ბავშვობიდანვე მიყვარდა სოფელი, ხეები, მცენარეები. ლამაზი ბაღი ჩემი ოცნება იყო. ყვავილების სილამაზეს ყოველთვის განსაკუთრებულად აღვიქვამდი. როცა მიწასთან, ყვავილებთან და მცენარეებთან მაქვს ურთიერთობა, ძალიან ვმშვიდდები, დადებითი ენერგიით ვიმუხტები.
- თავდაპირველად როგორი სახე ჰქონდა თქვენს ბაღს?
- ჩემი ბაღი თავდაპირველად იყო მიტოვებული ქვა-ღორღით სავსე. მიმქრალი, ჩაღამებული ეზო თითქოს ელოდა მომვლელს. ბაღში გამხმარი ხეხილი იყო, რომელიც მე გამოვაცოცხლე. კედლებზე დეკორაციის სხით მცოცავი მცენარეები, ვარდი და ჟასმინი ავუშვი, რამაც საოცრად შეცვალა და დაამშვენა ეზო.
- დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ ბაღის გასალამაზებლად?
- ბაღის გასალამაზებლად გამოვიყენე ძველებური გამოუსადეგარი ნივთები. ამ ნივთების გამოყენება განაპირობა ეზოში არსებულმა ქვის სახლმა, რომელიც არის აშენებული გასულ საუკუნეში. ნივთების შეგროვებაში კი დამეხმარნენ ჩემი სოფლის მეზობლები, თანამშრომლები და ჩემი მეგობრები. ბაღის გაშენებაში ძალიან მომეხმარა ჩემთვის ყველაზე საყვარელი მეზობელი, ჩემი ქეთო დეიდა და მისი უსაყვარლესი ოჯახი. ამ ოჯახის თანადგომის გარეშე მე ვერაფერს გავხდებოდი. ჩემთვის თავიდან უცხო იყო ბარის და თოხის დაჭერა, სარეველას ცნობა, ყველა მცენარე ყვავილი მეგონა. ორმოს ამოთხრა უჩვეულო იყო ჩემთვის.
ჩემი სახლის სიძველიდან გამომდინარე, შესაფერისი დიზაინი რომ გამოსულიყო, დეკორაცისთვის გამოვიყენე ძველი ნივთები. დიზაინი ჩემი შექმნილია. ძალიან დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას განვიცდი, როცა რამეს ვალამაზებ, ვაფორმებ. ჩავრგე ბევრი ხეხილი. რა ხეხილიც ვინატრე, მაგალითად ბროწეული და ლეღვი თავისით ამოვიდა. ალბათ ჩემი ბაღი ჯადოსნურია და მისრულებს სურვილებს (იღიმის). სხვათა შორის, მარტო ეზოებს არ ვალამაზებ, ჩემი ძირითადი საქმიანობა სადღესასწაულო სუფრების გაფორმებაა. ალბათ იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა შენს შემოქმედებას, ნახელავს, ნაშრომს აღფრთოვანებული საზოგადოება ძალიან თბილი სიტყვებით გიქებს და გიფასებს.
- ეზოს და ზოგადად მცენარეების მოვლა დიდ ძალისხმევას საჭიროებს, სამსახურს როგორ უთავსებთ?
- მთელი კვირა ვმუშაობ. ერთი სული მაქვს, როდის დადგება პარასკევი, რომ წავიდე ჩემს ლამაზ, პატარა სამყაროში და გავერიდო დედაქალაქის ხმაურს, აქტიურ ცხოვრების რიტმს. იქ ყოფნისას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მიწევს მძიმე სამუშაოს შესრულება, ვერც კი ვგრძნობ დაღლას. ალბათ იმიტომ, რომ ამ სამუშაოს შესრულებისთანავე იქმნება სასწაული სილამაზე, რაც ყველაფერ ამქვეყნიურ პრობლემას და სირთულეს მავიწყებს. ეს ბაღი ჩემი საოცნებო ბაღია, ვცდილობ ყოველთვის შევიტანო სიახლეები, კიდევ უფრო დავხვეწო და გავალამაზო ის.
მერი ბლიაძე
კომენტარები