რა უნდა იცოდეთ ხილის აღებასა და შენახვაზე

ხილის ხარისხი და შენახვისუნარიანობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მისი აღების ვადაზე. ბაზარზე შემოსული ნაყოფის დაბალი ხარისხი აიხსნება მისი აღების არახელსაყრელი ვადით, ცუდი დახარისხებით და არასათანადო პირობებში შენახვით. ამიტომ საჭიროა ყველა იმ ფაქტის ცოდნა, რომლებზეც დამოკიდებულია ნაყოფის ხარისხი.

საქმის სპეციალისტები გვირჩევენ, ხილი არ ავიღოთ დამწიფებამდე. ხილის ვადამდე კრეფა მის რაოდენობასა და ხარისხს ამცირებს, სწრაფად ჭკნება და შენახვისას ფიზიოლოგიური დაავადებებისადმი მეტისმეტად მგრძნობიარეა.

ხილის დაგვიანებით აღებაც არ არის კარგი. თუ დააგვიანებთ, ნაყოფის ნაწილობრივი ცვენის გამო შემცირდება საერთო მოსავლიანობა, შენახვისუნარიანობა.

არსებობს წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ ხილის

მოკრეფა-შენახვისთვის. მაგალითად, ვიდრე ხილის კრეფას დაიწყებდეთ, უნდა შეაგროვოთ და ბაღიდან გაიტანოთ ჩამოცვენილი ნაყოფი. ხშირი ცვენა რომ არ გამოიწვიოთ, ნაყოფის კრეფა უნდა დაიწყოთ ხის ქვემო ტოტებიდან და გვერდებიდან, ამგვარად თანდათანობით აიწიოთ მაღლივ ტოტებამდე და ვარჯის შიგნით.

მოკრეფილ ხილს ფრთხილად დებენ კალათში. ნაყოფით სავსე კალათი ან მკრეფავს ჩამოაქვს ქვემოთ კიბით ან რჩება ზემოთ და თოკით ფრთხილად აწვდის მეორე მკრეფავს, რომელიც დაცლის კალათს და კვლავ მიაბამს მას თოკზე. თუ კალათს ბრეზენტის სახელური აქვს, მას ხსნიან და დებენ ყუთის ფსკერზე. ამის შემდეგ კალათს ფრთხილად აყირავებენ სრულ დაცლამდე.

ხილის საკრეფად იყენებენ ორი ტიპის ყუთს - პირველის ტევადობა 10-12 კგ-ია, მეორისა - 15-18 კგ. მანძილი ფიცრებს შორის, რომლითაც არის შეჭედილი ყუთი, არ უნდა აღემატებოდეს 1 სმ-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიცრების მახვილმა წიბოებმა შეიძლება დააზიანოს ნაყოფი. ყუთები ისე უნდა შეჭედოთ, რომ ლურსმნის ბოლოები არ გამოდიოდეს ფიცრის შიდა მხარეს. თუ ეს მაინც მოხდა, ლურსმნის ბოლოები უნდა ჩაიღუნოს ფიცარში. ყუთების დამზადება უმჯობესია ფიჭვის ფიცრებისგან. მათი დამუშავება იოლია - მსუბუქი და გამძლეა.



რაც შეეხება კიბეს - ხილის საკრეფად სხვადასხვა ტიპის კიბეს იყენებენ. კარგ კიბედ ითვლება მსუბუქი, მდგრადი და მაგარი. კიბის დასამზადებლად საუკეთესო მასალაა ფიჭვი, ალვის ხე, ლითონის მილები და სხვა. ყველაზე პრაქტიკულია ორმაგი ან პლატფორმიანი სამფეხა კიბეები.

როგორ ტემპერატურაზე ინახება ხილი უფრო დიდხანს?
ტემპერატურა არსებით გავლენას ახდენს ხილის შენახვისუნარიანობაზე. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, მით უფრო დიდხანს ინახება ნაყოფი. მისი შენახვის ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურაა +1-3 გრადუსი. ჩვულებრივ შენობებში ხილის შესანახად ტემპერატურას კონდიციონერის მეშვეობით არეგულირებენ.

როგორი უნდა იყოს ჰაერის ფარდობითი ტენიანობა ხილსაცავ ნაგებობაში?
ჩვეულებრივ ხილსაცავ ნაგებობაში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა უნდა იყოს 80-85%. ასეთ პირობებში ობის განვითარება ყოვნდება. კარგ ვენტილაციიან ნაგებობაში ობი ვერ განვითარდება ჰაერის უფრო მაღალი - 90%-მდე ფარდობითი ტენიანობის დროსაც. ჰაერის აუცილებელი ტენიანობა ხილის შესანახ ნაგებობაში შეიძლება დაიცვათ, თუ იქ დადგამთ წყლით სავსე ფართოპირიან ჭურჭელს ან დადებთ სველ სატომრე ქსოვილს.

ხილსაცავი ნაგებობის რეგულარული განიავება საჭიროა ნაყოფის სუნთქვისას წარმოქმნილი ნახშირმჟავა გაზის დიდძალი ოდენობით დაგროვების აღსაკვეთად. მხედველობაში მისაღებია ის, რომ 3-5%-იანი კონცენტრაციის ნახშირმჟავა გაზი ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ნაყოფზე. ჩვეულებრივ ხილსაცავ ნაგებობაში განიავებით უფრო მუდმივი ტემპერატურა იქმნება. შემოდგომისას განიავება უნდა მოხდეს ტემპერატურის დაცემისას, ხოლო ზამთრობით - აწევისას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები