"ოლაფი არც მილიონერია, არც ძვირფასეულობით მოვხიბლულვარ, უბრალოდ, მომეწონა და შემიყვარდა..." - როგორ აუსრულა ვიკინგ ქმარს ოცნება თუშმა ცოლმა

ვიკინგი ქმრის ოცნება - ჰქონოდა ღვინის წარმოება, თუშმა ეკა ჭვრიტიძემ რეალობად აქცია და წყვილმა ერთად გააშენა უკვე დავიწყებას მიცემული, მაღრაანული ქისის ვენახები. თუ როგორ ჩამოაყალიბა მეუღლესთან ერთად ღვინის მეურნეობა და როგორ შექმნა წარმატებული ბრენდი, ამის შესახებ თვითონ მოგვიყვება, მე კი არ შემიძლია, არ აღვნიშნო ეკას საოცარი ენერგიულობა, სიხალასე და უჩვეულო უნარი, გაცნობისთანავე მოგხიბლოს. ის 35 წლისაა, აქვს ტურისტული კომპანიაც, რომელიც ტურისტებს თუშეთის, ხევსურეთისა და ყაზბეგის მიმართულებით საინტერესო ტურებს სთავაზობს. არის ცხენოსანიც და არაერთ დოღში გამარჯვებული.

- ყოველთვის გულის წადილსა და კარნახს
მივყვები, სულით, ხორცითა და ხასიათით თუში ვარ. თელავში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ადრე არასდროს მიფიქრია, მეღვინეობა თუ დამაინტერესებდა ან ოდესმე ვენახს თუ გავაშენებდი. სიგიჟემდე შემიყვარდა ვიკინგი დანიელი - წარმოშობით დანიიდან არის და ამას ვგულისხმობ, რამაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ოლაფი ჩემზე გაცილებით უფროსია. კოპენჰაგენელია და წლების წინ ის ალავერდში მონათლეს მამაჩემმა, მამა დავითმა და მამა ადამმა, რომელმაც დანიელი დაარქვა. ოლაფის გულს მივყევი და ვფიქრობ, ამიტომაც არის დღეს ასეთი წარმატებული ჩვენი საქმე, მეღვინეობას ვგულისხმობ. ეს საქმიანობა დაიწყო სიყვარულით და დღემდე ვქმნით სიყვარულით! ადამიანს უნდა შეეძლოს უპირობო სიყვარული და რა საქმესაც ხელს მოჰკიდებ, ყველაფერი გამოგივა.

- ეკა, ასეთი ოპტიმისტი და ენერგიული ხარ ყოველთვის?
- სხვანაირად არ შემიძლია, თუმცა ისევე, როგორც ყველას, მეც მაქვს აღმავლობისა და დაღმავლობის პერიოდები... დავამთავრე საერთაშორისო ბიზნესისა და საგარეო ვაჭრობის ფაკულტეტი უნივერსიტეტში. ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, მაგრამ 2005 წლიდან ტურისტულ ბიზნესში ვარ და გამოდის, რომ არც შორს წავსულვარ ჩემი პროფესიიდან. მინდა, აქედან წასული თითოეული ტურისტი საქართველოს დესპანი და ელჩი იყოს თავის ქვეყანაში.
ემოციები უნდა მიუშვა ბოლომდე, რაღაცები უნიჭოდ არ უნდა შეფუთო, უნდა იყო ბუნებრივი, რაც მათ ყველაზე მეტად მოსწონთ, განსაკუთრებით ამერიკელებს. ამერიკელები ყველაზე კარგი ტურისტები არიან არა მარტო როგორც გადამხდელები, ისინი უფრო მეტად ღრმად და ემოციურად შეიგრძნობენ ყველაფერს. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე კარგად იციან თავისუფლების გემო და ფასი. მეც ამერიკელი ვარ, სხვათა შორის, ჩემი მეუღლე ამერიკაში ცხოვრობდა წლების მანძილზე და როდესაც ხელი მოვაწერეთ, იქ წავედით საცხოვრებლად. 7 წელი ვიყავით ამერიკაში და 7 წლის წინ დავბრუნდით საქართველოში. 14 წელია, რაც ერთად ვართ.

- ეკა, უფრო კარგად გაგვაცანი ოლაფი.
- ის ყველაზე საუკეთესო ადამიანია, ვისაც კი შევხვედრივარ. მისი დედ-მამა ექიმები იყვნენ, ინტელიგენტ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. 27 წლისა უკვე პროფესორი იყო ორგანულ ქიმიაში, მერე ამერიკაში წავიდა.
როდესაც ვკითხე, ოჯახი და სამსახური რატომ დატოვე-მეთქი, იცი, რა მითხრა? თურმე დანიაში 9 თვე ზამთარია და სულ ნაცრისფერი ცაა, ოლაფს კი მზე, სიცოცხლე და სითბო უყვარს. პირველად მივლინებით წასულა და სან-ფრანცისკოში რომ ჩაფრენილა, მაშინვე უფიქრია, აქ რატომ არ ვცხოვრობო? ძალიან მალე მართლაც სან-ფრანცისკოში გადასულა საცხოვრებლად. ოლაფს თავისი პროფესიით იქ აღარ უმუშავია, ჰარვარდში სწავლობდა საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე. აქვს კიდევ ერთი, უდიპლომო პროფესიაც - ტურისტული კომპანია ჰქონდა ამერიკაში. ყველაზე ძალიან რაც უყვარდა - მოგზაურობა, განსაკუთრებით ველურ ბუნებაში, გადაწყვიტა თავის საქმიანობად ექცია. მისი კომპანია იყო ერთადერთი, რომელსაც ჰქონდა საშვი, გალაპაგოსის კუნძულებზე ოკეანის ნავებით რომ ევლოთ ტურისტებს. საინტერესო ტურები ჰქონდა მას, თუმცა შემდეგ გაყიდა ეს ტურისტული კომპანია.

- კარგი, ახლა ის მიამბე, შენამდე საქართველოსთან რა აკავშირებდა?
- პირველად საქართველოში 1997 წელს ჩამოსულა გარემოს დაცვის სამინისტროს მოწვევით, მსოფლიო ბანკისა და გარემოს დაცვის ერთობლივი პროექტის გასახორციელებლად. მან დიდი წვლილი შეიტანა თუშეთის ეროვნული პარკის, ლაგოდეხისა და ვაშლოვნის პარკების ჩამოყალიბებასა და ტურიზმის განვითარებაში. საქართველოში ის უფრო ბევრ ადგილასაა ნამყოფი, ვიდრე მე. პირველად ერთმანეთს სოფელ შენაქოში შევხვდით. 2003 წელი იყო.

- საინტერესოა, რითი მიიქცია შენი ყურადღება?
- რა გითხრა, არც მილიონერი არის, არც ძვირფასეულობით მოვხიბლულვარ, უბრალოდ, მომეწონა და შემიყვარდა. არ არის ძალიან აქტიური ადამიანი, გაწონასწორებული და სერიოზულია. მითხრა, რომ ვუყვარდი და მეც გადავწყვიტე. სჯობს, თუნდაც 5 წელი გაატარო იმ ადამიანთან ერთად, ვინც სიგიჟემდე გიყვარს, ვიდრე 50 წელი ცხოვრობდე უინტერესო კაცთან, რომელიც შეიძლება რაღაც ჩარჩოებში ჯდება, მაგრამ არ გიყვარს. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დადის მიწაზე.

- მალევე დათანხმდი მის წინადადებას დაქორწინების შესახებ?
- გაცნობიდან 6 თვეში გავყევი. მამაჩემი დეკანოზია და ამის მიუხედავად, არაფერი უთქვამს, არ მოუთხოვია ჩემთვის, ჯერ მოინათლოს და მერე გაჰყევიო. 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც ოლაფს თვითონვე გაუჩნდა ამის სურვილი და მოინათლა. ასეთი რამ როგორ უნდა დააძალო ვინმეს? დადიოდა ეკლესიაში, ბევრი რამ გაიგო მართლმადიდებლობის შესახებ. უცნაურია, რომ ეკლესიაში შესვლის დროს ყოველთვის ცრემლები მოსდიოდა ხოლმე თვალებიდან. ლუთერანი იყო მანამდე.

- საქართველოში დაბრუნებისა და ვენახის გაშენების იდეა ვის ეკუთვნოდა, რომლის სურვილი უფრო იყო?
- მაისში გახდება 7 წელი, რაც დავბრუნდით ორ შვილთან ერთად. ნიკოლოზი ახლა 12 წლისაა, ნინო 8 წლის. ოლაფს ორი ოცნება ჰქონდა: ჰქონოდა იალქნიანი გემი, რაც ძვირი სიამოვნებაა და ჰქონოდა მეღვინეობა, ეწარმოებინა ხარისხიანი ღვინო. ამერიკაში ყიდულობდა ხოლმე 200-300 კილო ყურძენს და ავტოფარეხში წურავდა. კალიფორნიაში მეღვინეობის ორწლიანი კურსიც კი დაამთავრა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

------ 2021-07-22 10:39
თქვენს საქმიანობაში წარმატებას გისურვებთ, მაგრამ როგორც ასეთი ჯიში ,,მაღრანული ქისი" ბუნებაში არ არსებობს. ეგეც გასარკვევია რაც თქვენ გააშენეთ მაღრანულია თუ სახელდობრ ქისი. ეს ორი ჯიში რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან!!!!
სვანსკი 2021-07-21 13:27
ყველა ადამიანს გაუმარჯოს,ვინც ქართულ ტრადიციას აღიარებს,განურჩევლად ერისა ,ფერისა და სარწმუნოებისა.გენაცვალეთ თქვენ.
lia 2021-07-20 12:56
gaixareT

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები