"მაინც არ ვნებდებით, ბოლომდე ვიბრძვით" - ეკობიჭი უკანა ფშავიდან

გახსოვთ ალბათ, ვწერდით კიდეც, შარშან, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, წლის ახალგაზრდა, წარმატებულ ფერმერად, 24 წლის ნოდარ ტოხოსაშვილი რომ დაასახელა. სამ წელზე მეტია, რაც უკანა ფშავში, სოფელ ვაკის სოფელში (ზღვის დონიდან 1500 მეტრი) დედასთან ერთად, მეურნეობას უძღვება.

დედა-შვილი გაზაფხულზე, ფშავის ბოლო და უმაღლესი წერტილისკენ, ბორბალოს მთის მიმართულებით მიდის, სადაც შემოდგომამდე რჩებიან და თავდაუზოგავად შრომობენ. მოჰყავთ ბოსტნეული, აწარმოებენ თაფლს და მესაქონლეობას მისდევენ. "რასაც მე ვაკეთებ, ეს არის საშუალება, ოჯახი არჩინო და სხვას არ უყურო ხელებში, ტყუილად არ მოცდე და იმუშაო ისე, როგორც შესაძლებელი

იქნება", - ამბობს ნოდარი, რომელსაც საინტერესო გეგმები აქვს.
ახალგაზრდა ფერმერი აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს: ჩაის, დამბალხაჭოს, რძის პროდუქტებს, თაფლს, მოჰყავს ბოსტნეული. სწორედ ამის გამო მას "ეკობიჭი" შეარქვეს.

ზამთარში თოვლი მათ სოფელში თვეობით დევს და მარტის ბოლოს დნება. ამიტომ ზამთარს დედა-შვილი ბარში ატარებს. თუმცა 7-8 წლამდე იმ სოფელში ცხოვრობდა. სკოლა 14 კილომეტრში იყო, რის გამოც პირველ კლასში ვერ წავიდა, სამაგიეროდ, დედას სახელმძღვანელოები ჰქონდა და ამეცადინებდა.

"ალბათ, სკოლა რომ არა, მთიდან ბარში არც ჩამოვიდოდით. დუშეთში დავიწყე სწავლა. თუმცა, გაზაფხულზე სოფელში მივდიოდით და მეურნეობას ვიწყებდით. იქიდან შემოდგომაზე ვბრუნდებოდით და ჩვენი მოწეული დოვლათი ჩამოგვქონდა. ასე გადიოდა წლები, დავამთავრე სკოლა, სასულიერო სემინარიაში ერთ წელიწადს ვისწავლე, მაგრამ ისე მოხდა, რომ სწავლას თავი დავანებე. შემდეგ გერმანიაში გავემგზავრე, მალევე უკან დავბრუნდი, თუმცა გერმანიამ ცხოვრება სხვაგვარად დამანახა: ვნახე გამართული სოფლები, აწყობილი აგროსექტორი, მშრომელი ადამიანები. რატომ არ შეიძლება ისევე ვიცხოვროთ, როგორც იქ ცხოვრობენ?! ამიტომაც წამოვიწყე მეურნეობა", - ამბობს ნოდარი.

პროდუქციას სოციალური ქსელის დახმარებით ყიდის. თავისი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც თავად უკავშირდებიან, თან ისეთ რძის პროდუქტებს ამზადებს, რომელთა შენახვა ხანგრძლივად შეიძლება. ბოსტნეულსაც ასეთი ნიშნით არჩევს. "საქონელს ვქირაობთ მათგან, ვინც ვერ უვლის. პირუტყვს ვიბარებთ, ვინახავთ, შემოდგომით კი უკან ვუბრუნებთ. რძის პროდუქტების ნახევარი ჩვენია და ნახევარი მათი. მაღალხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვაწარმოებთ".
- შენ და დედა მუშაობთ?
- დედა აგრონომია და ძალიან მეხმარება. მიწა დედაჩემს მშობლებისგან ერგო. 2 ჰექტარი სახნავ-სათესია. არც ისე დიდია, დანარჩენი ფერდობი ადგილებია, რასაც საძოვრად ვიყენებთ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება