"ეს სახლი ინახავს შვიდი თაობის ისტორიას" - 400-წლოვანი სახლი იმერეთიდან, რომელმაც ინტერნეტსივრცე აღაფრთოვანა

ამ სახლს 400-წლოვანი ისტორია აქვს და სწორედ ოთხი საუკუნეა დგას ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდში. სახლის ფოტოები სოციალურ ქსელში ჯგუფში "ჩვენი სოფლის სახლები" გამოჩნდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენც დავინტერესდით ამ სახლის ისტორიით და მის შესახებ გვიამბობს ქეთი ღიბრაძე:

- ეს სახლი, ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდში, ჩემი ბებიის ნინო გამყრელიძის დიდი ოჯახის საკუთრებაა. იქ ამჟამად ცხოვრობენ ბებოს დები - ნარგიზი და თამუნა გამყრელიძეები. ბებოს ასევე ჰყავდა ძმაც, გოგი გამყრელიძე, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს გვერდით აღარ არის უკვე ერთი წელია. ის იყო დიდი გულის პატრონი, ძალიან
თბილი, მოსიყვარულე ადამიანი, უყვარდა და ეთაყვანებოდა ოჯახსა და წინაპრებს, კარგად იცოდა თავისი გვარის ისტორია. დასანანია, რომ მას, ყველასა და ყველაფრის მოსიყვარულე კაცს არ დარჩა გვარისა გამგრძელებელი. მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა, ჩვენც (მის დის შვილიშვილებს) გვცოდნოდა გვარისა და სახლის ისტორია, რაც მან იცოდა და აქამდე შემოინახა.

აქედან გამომდინარე, მეც მინდა გაგაცნოთ ეს ისტორია და ყველამ ნახოს, ისიამოვნოს იმ დეტალებითაც კი, რომლითაც შემკულია ეს დიდებული სახლი. ამის გამო ხშირად ვუღებ ფოტოებს ყოველი იქ ჩასვლისას და ყოველ ჯერზე ახალ დეტალს აღმოვაჩენ ხოლმე.
მინდა თქვენც გაგიზიაროთ გოგი ბაბუას მონათხრობი ამ სახლის შესახებ, რომელიც დღესაც ამაყად გადაჰყურებს გარემოს.

თავის დროზე იმერეთის მეფეს უჩუქებია ერთგული მოურავისთვის (გ. გამყრელიძისთვის), წირქვალის, ანუ "ტურის ციხეზე'' მდგარა და მაშინ იყო ჯარის ბეღელი. ახალ პატრონს ბეღელი გაუშლია და ლამაზ ოდა სახლად უქცევია. სახლს შვიდი წელი აშენებდნენ რაჭველი ხელოსნები. ამდენ ხანს იმიტომ, რომ მისი ორმაგი საძირკველი, სარტყელი და რიკულები ხელით არის გამოჩუქურთმებული. თავდაპირველად თხელი ფიცრით, ანუ ყავარით ყოფილა დახურული, შემდეგ კი ყავარზე კრამიტი დაუხურავთ, რომელიც დღესაც ამშვენებს სახლს.

როგორც ბაბუ ამბობდა, მრავალჯერ მიუღია შეთავაზება, რომ სახლი გადაეტანათ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რაზედაც ბაბუს კატეგორიული უარი განუცხადებია, რადგანაც მისი დიდი სურვილი იყო, რომ ეს რელიქვია ოჯახს შეენარჩუნებინა.
ეს სახლი ინახავს შვიდი თაობის ისტორიას. სახლს ძირეული რესტავრაცია არასოდეს ჩატარებია. მხოლოდ მცირე დოზით მოხდა ჩარევა, რადგან დრო, რა თქმა უნდა, აზიანებს და სჭირდება ხელის შევლება. ამ ყოველივეს კი ყოველთვის გოგი ბაბუ ასრულებდა, ახლა ვცდილობთ, ჩვენ ისე შევინახოთ და გავუფრთხილდეთ, როგორც ამას ბაბუ აკეთებდა.



კომენტარები

იზო ცარციძე 2021-01-10 23:11
ეს სახლი ჩემი ოჯახის ნათესავებს ეკუთვნის და წილად მხვდა ბედნიერება მათთან ყოფნისა...თამუნა, თამარ გამყრელიძე, უსაყვარლესი პიროვნება... ხოლო გოგი, რომელიც სამწუხაროდ , უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან, ნათესავების უზომოდ მოყვარული, უძვირფასესი ვაჟკაცი იყო...
g 2021-01-07 18:54
გენიალურია, შენარჩუნება უნდა .
კ ო მ ბ ლ ე 2021-01-07 02:32
მახსოვს ჩემმა დიდმა პაპამ ცხონებულმა და სულგანათლებულმა ბრწყინვალე გოგიმ ამათ წინაპარს , ერთგულად მსახურებისთვის. გამყრელიძეს აზნოურობა დამსახურებულად უბოძებია.. და ეს სახლიც მაშინ ააშენეს, თუმცა მას მერე ბევრჯერ შეუცვლიათ, სახურავი და თუნდაც ფანჯრები. .. მაგრამ ძირითადი ნაწილი ისევ ისე დგას...როგორც 1673 წელს დიდი ჟამიანობის დროს იდგა...
ინგა 2020-12-27 00:18
ამ სახლმა უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ მამყოფა წლები. სწორედ ზოდში ერთ ქორწილში (ღამისთევით) დავრჩით. ამ ოჯახის დიდსულოვანმა წევრებმა გაგვიწია მასპონძლობა. მეხსიერებიდან არ ამოდის იქ ნანახი შემონახული სიძველე ას ლამაზად და ფაქიზად შემონახული. მახსოვს კედელზე თავმომწონედ გაკრული საგვარეულო ხე. ეზოში უძველესი ვაზი. ღია ფერის(სალათისფერი)შპალერიც. და მონათხრობი რელიქვიებიც..... მოკლედ მართლაც რომ საოცარი სახლია... თავისი ულამაზესი აივნით.????

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები