რას მოგვითხრობს ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრა


ტექსტილს ყოველთვის დიდი დატვირთვა ენიჭება, მისი შერჩევა ერთ-ერთი საბოლოო ეტაპია ოთახის ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუფრა, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ სამზარეულოსა ან მისაღებ ოთახში, არამედ სხვაგანაც. სწორად შერჩეული სუფრა, რომელიც ავეჯსა და ოთახის ზოგად სტილს უხდება, აუცილებლად ანიჭებს სახლის ინტერიერს სიმყუდროვისა და სითბოს განსაკუთრებულ შეგრძნებას. სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ქსოვილის სუფრების უზარმაზარ არჩევანში გამორჩეული და უნიკალური ადგილი ტრადიციულ ქართულ ლურჯ სუფრას ეკუთვნის, მას იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც კი აქვს მინიჭებული და მიუხედავად იმისა, რომ გასულ საუკუნეებში შეიქმნა, დღესაც არ
კარგავს მომხიბვლელობასა და აქტუალურობას.

მეტყველი ფერები, რომლებიც ქართულ ადათ-წესებსა და ტრადიციებზე გვიამბობენ, მხოლოდ ორია - ლურჯი და თეთრი. საკრალური ლურჯი სუფრა გასული საუკუნეების ქართული ყოფის ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო ელემენტია. ლურჯ ფონზე განლაგებული თეთრი ორნამენტული კომპოზიციები ქართულ ტრადიციულ ყოფას ასახავს, რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებსა და ფოლკლორს. ვხვდებით როგორც მცენარეულ და ზოომორფულ, ასევე წინაქრისტიანულ და ქრისტიანულ სიმბოლიკას, ნადირობის სცენებს, ასევე დანა-ჩანგალს და მსგავს ნივთებს, რომლებიც სუფრის ფუნქციურ დანიშნულებაზე მიუთითებენ.

ლურჯი სუფრა აღმოსავლეთიდან შემოსული ინდიგო საღებავით იღებებოდა “ლილახანებში” და შემდგომ საგანგებო ტექნოლოგიით მუშავდებოდა, ყოველივე ამის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეს ექსპოზიციის დათვალიერებისას, თუმცა მოვლენებს არ გავუსწრებ და იმ გამოფენაზე გიამბობთ, რომელიც ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა და რომელსაც “ლურჯი სუფრა” ერქვა.

გამოფენამ ერთგვარად ის გზა წარმოაჩინა, რომელიც ლურჯმა სუფრამ განვლო ხალხური ხელოვნებიდან პროფესიონალი მხატვრების შემოქმედებამდე. ექსპოზიციაზე მუზეუმის კოლექციის ექსპონატები იყო წარმოდგენილი. საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ლურჯი სუფრების მცირე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვან კოლექციას ფლობს. კოლექციაში უძველეს ნიმუშებთან ერთად დაცულია მუზეუმის სახელოსნოში 1930-1940-იან წლებში პროფესიონალი მხატვრების მიერ შესრულებული ექსპერიმენტული ნამუშევრები.

ამ კოლექციის ყველაზე ადრეული ნიმუში XIX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. თითქმის კვადრატული ფორმის სუფრის მთავარი ორნამენტული სახე ე.წ. ბუთაა. ოთხი დიდი ზომის ბუთა და მათ შორის ჩასმული ჩიტები კომპოზიციის ცენტრს ქმნიან, რომლის გარშემო მთელი ზედაპირი რომბებისა და ვარდულების მოტივებით არის შევსებული. კომპოზიციის ცენტრს გარს შემოუყვება ორნამენტული ოლე, რომელიც ასევე ბუთების რიგისგან შედგება. სუფრა ბამბის თხელ ქსოვილზეა დაბეჭდილი და ტრადიციისამებრ ინდიგოს საღებავითაა შეღებილი.

მცირე ზომის სუფრებს სავარაუდოდ ერთ გრძელ ქსოვილზე ბეჭდავდნენ და შემდეგ აცალკევებდნენ. ასეთია მეორე ექსპონატი, რომელიც ორი კვადრატული სუფრისგან შედგება, უფრო გვიანდელია ამ სუფრის დეკორი – დროშიანი ირმები, თევზები, დანა-ჩანგალი ვარდულებით გავსებული ცენტრის გარშემოა განლაგებული,

გარედან კი ყვავილოვანი ოლეთი შემოსაზღვრული. კარგად ჩანს, რომ ექვსნაწილიანი ვარდულებიანი ცენტრი ერთი საბეჭდავითაა შესრულებული.



საინტერესოა, რომ მეორე მცირე ზომის კვადრატულ სუფრაზე ზუსტად იგივე დეკორატიული გმოსახულებებია დატანილი – დროშიანი ფურ-ირემი, თევზები, დანა-ჩანგალი და ვარდულები სუფრაზე იგივე პრინციპითაა განაწილებული, მაგრამ საერთო სურათი მაინც განსხვავდება წინა სუფრისგან.

ამ ორი ექსპონატის მაგალითზე ჩანს, თუ როგორ თავისუფლად ფლობს სხვადასხვა სახელოსნოში მომუშავე ორი განსხვავებული ხელოსანი გამოსახვის ენას. ამ თითქოს იდენტური, წინასწარ დადგენილი მოცემულობებით, მხოლოდ ორი ფერით, სრულიად განსხვავებული ხასიათის, ლურჯი ფერის სხვადასხვა ჟღერადობის, სიმკვეთრის, რიტმის კომპოზიციებია შექმნილი. ლურჯი სუფრის ოსტატები ხალხური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი შემოქმედებითი თავისუფლებით, სპონტანურობით, სრულიად განუმეორებელ ცოცხალ ნიმუშებს ქმნიან.

1930-40-იან წლებში კავკასიის კუსტარული კომიტეტის გაუქმების შემდეგაც კი, რომლის ბაზაზედაცაა შექმნილი მუზეუმი, სახელოსნოებში გრძელდებოდა აქტიური პრაქტიკული საქმიანობა. ლურჯი სუფრის შესწავლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის გამოჩენილ ქართველ მეცნიერ დავით ციციშვილს.

ამ პერიოდში ტრადიციული ლურჯი სუფრა უკვე აღარ წარმოადგენდა საკრალურ, ყოფასა და სადღესასწაულო რიტუალებში ფართოდ გამოყენებულ ატრიბუტს, მაგრამ ყოველთვის რჩებოდა მხატვრებისათვის შთაგონების წყაროდ. კოლექციაში ინახება მუზეუმის თანამშრომლების, პროფესიონალი მხატვრების ა. კარიკოვასა და ა. კოსტურინა-თავაძის მიერ ლურჯი სუფრებით შთაგონებული ნამუშევრები. ეს ნიმუშები ლურჯი სუფრის მხოლოდ მხატვრულ იმპროვიზაციას წარმოადგენს.



მუზეუმის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ირინე კოშორიძე მოგვითხრობს:

- ტრადიციული ლურჯი სუფრა XIX-XX საუკუნეების ქართული ყოფის ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო ატრიბუტია, რომელსაც საქართველოში ყველა იყენებდა, განურჩევლად სოციალური ფენისა და სტატუსისა. განსაკუთრებით პოპულარული იყო ლურჯი სუფრები საახალწლო, სააღდგომო ან რაიმე სხვა სადღესასწაულო რიტუალების დროს. ისტორიულად ლურჯი სუფრა წარმოადგენდა ინდიგო საღებავით შეღებილ სელის ან ბამბის ქსოვილს, რომელზეც სხვადასხვა ტიპის დეკორატული გამოსახულება ბეჭდვის განსაკუთრებული ტექნიკით - ნეგატიური დაჩითვით იყო დატანილი: ოსტატი დეკორატიულ კომპოზიციას აწყობდა ცვილით დაფარული, ხეში ნაკვეთი საბეჭდავის მეშვეობით. ამის შემდეგ დაჩითული ქსოვილი ინდიგოში იღებებოდა. დაუჩითავი ქსოვილის ზედაპირი ლურჯ ფერს იღებდა, ხოლო დაჩითული, ცვილით დაფარული ზედაპირი შეუღებავი რჩებოდა, ანუ ბუნებრივ ფერს ინარჩუნებდა. ღებვის შემდეგ ქსოვილს ცვილს აცლიდნენ და ასე რჩებოდა ლურჯი სუფრის ზედაპირზე თეთრი ორნამენტული გამოსახულება.

ქართული ლურჯი სუფრის ტიპური ფერები მხოლოდ ლურჯი და თეთრია, უფრო ზუსტად კი – თეთრი ორნამენტების კომპოზიცია ლურჯ ფონზე. ბეჭდვის ეს მეთოდი საქართველოში აღმოსავლეთიდან, კერძოდ კი ინდოეთიდან და ირანიდან უნდა გავრცელებულიყო. ამ ტექნიკით საქართველოში მხოლოდ ლურჯ სუფრებს აკეთებდნენ. ლურჯი სუფრები ძირითადად ბამბის იყო, თუმცა არსებობდა სელის ქსოვილზე დაბეჭდილი სუფრებიც. ბამბის ქსოვილის სუფრები თეთრისა და ლურჯის განსაკუთრებული კონტრასტით გამოირჩევა, ვინაიდან ბამბის ბოჭკო უფრო ადვილად იღებს ინდიგო ფერს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები