ძველ საქართველოში ფარდაგების ქსოვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საოჯახო საქმიანობა იყო. ფარდაგებს სახლების მოსაწყობად და გასალამაზებლად იყენებდნენ. სითბოსაც ინარჩუნებდა და სიმყუდროვესაც ანიჭებდა საცხოვრებელს.
ფარდაგებს ჩვენი საუკუნის 40-50-იან წლებამდე აქტიურად იყენებდნენ - მგზავრობის დროს მოჩარდახებულ ურმებს აფარებდნენ და ამით მგზავრებს სიცხე-სიცივისა და ქარ-წვიმისაგან იცავდნენ. დღეობებსა თუ ღამისთევაზე მყოფნი მას სახელდახელოდ მოწყობილ ქოხებშიც აფენდნენ.
ფარდაგი საქართველოში ქალიშვილის მზითვის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. მას თავად ქალიშვილი ან დედამისი ქსოვდა. მდიდარი ოჯახები ფარდაგებს თელავის, თბილისის, ბოდბისხევის და ალავერდის სადღესასწაულო ბაზრობებზეც ყიდულობდნენ, თუმცა ფარდაგი, ძირითადად, მაინც საკუთარი, საოჯახო
XX საუკუნეში და შემდგომ, ფარდაგს, როგორც ფუფუნების საგანს, გაჭირვების ჟამს ყიდდნენ, განსაკუთრებით შემოდგომით, სამთავრობო გადასახადების გასტუმრებისას. გადასახადების ამკრეფთ ხშირად გირაოში მიჰქონდათ ხალიჩები, ფარდაგები და სპილენძის ჭურჭელი.
ფარდაგების შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ეთნოლოგი ნანული აზიკური გვიზიარებს:
- ფარდაგის ქსოვა მთელ საქართველოში იყო გავრცელებული, თუმცა ამ მხრივ გამოირჩეოდა კუთხეები, სადაც სათანადო ნედლეული - მატყლი, უფრო უხვად მოიპოვებოდა. ეს კუთხეები გახლდათ თუშეთი, ფშავი, მთიულეთ-გუდამაყარი, ხევი, ქართლ-კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ერწო. ფარდაგებით ასევე საინტერესო უბნებს წარმოადგენს ივრის, პატარა ლიახვისა და ქსნის ხეობები, ქვემო ქართლი, აჭარა, ქიზიყი, სამეგრელო და ლეჩხუმი.
- ფარდაგების ფერები კუთხეების მიხედვით განსხვავებულია?
- ბარის ფარდაგებში მეტად თვალში საცემია მუქი შინდისფერი და წითელი. საერთოდ, ფერების თავისებური კოლორიტი იმდენად ნიშანდობლივია, რომ ამ ნიშნითაც შეიძლება ამა თუ იმ კუთხის ფარდაგის ამოცნობა: ბარის (ქართლ-კახეთი) უფრო ძველ ფარდაგებში რამდენიმე ძირითადი ფერია წარმოდგენილი - წითელი (ენდრო), თეთრი, წენგო, ლურჯი (ინდიგო) და შავი ან მხოლოდ თეთრი, წითელი და ლურჯი. XIX საუკუნის ბოლოდან ჩნდება სხვა ფერებიც. მთის ფარდაგებისათვის უფრო დამახასიათებელია მდუმარე, მუქი ფერები, ფერის თავშეკავებული გამოყენება. ხშირად ფარდაგებში ჩაქსოვილია ავტორის ვინაობა და მოქსოვის თარიღი, ზოგზე კი მიძღვნაც იკითხება. ფარდისა და ფარდაგის აღმნიშვნელი ძველი ქართული ზოგადი სახელი “დამოსაკიდებელი” იყო. ფარდაგი ძველ ქართულ ძეგლებში არ გვხვდება, იგი ახალი სპარსული სახელია, რომელიც საქართველოში X-XI საუკუნეებიდან ჩნდება.
- ფარდაგის დასამუშავებლად როგორი მატყლი ითვლება საუკეთესოდ და როგორ ამუშავებდენ მას?
- ფარდაგებისთვის საუკეთესოდ ითვლება კრაველი, არჩევდნენ ცხვრის კარგ, შემოდგომის მატყლსაც. მას ბოჭკოს სიგრძისა და სინაზის მიხედვით ჯერ დაახარისხებენ და შემდეგ რეცხავენ ცივ, გამდინარე წყალში. საუკეთესოდ ითვლება წყალი, რომელსაც ყინულის თხელი ფენა აქვს მოდებული. განსაკუთრებით ჭუჭყიან მატყლს წინასწარ დაასხამენ ცხელ წყალს და ცოტა ხანში, ვიდრე წყალი გაცივდება, ცივ წყალში რეცხავენ. ახლა დაიწყეს მატყლის მთლიანად თბილ წყალში გარეცხვა, რაც ხალხური დაკვირვებით არახელსაყრელია: კარგად არ ირეცხება, დასამუშავებლადაც ძნელია და მისგან დამზადებული ნაწარმი მალე ითელება, ამასთან, ის კარგავს ბზინვარებას, რაც თუშური მატყლის ერთ-ერთ ღირსებად ითვლება. როგორც კი გაშრება მატყლი, იწყებენ მის დაჩეჩვას. საჩეჩელზე მატყლი ივარცხნება და ერთნაირი ხარისხისა და სიგრძის ბოჭკოდ ლაგდება.
დაჩეჩვას რომ მორჩებიან, იწყებენ დართვას. ართავენ “ტარზე” - თითისტარზე, რომელსაც “სახრელში” აბრუნებენ. ძაფის წვერი - “ღოლი” ყველგან ერთნაირი სისქის ვერ იქნება. განსხვავდება დღის და ღამის ნართავიც. წინათ თითისტარებიდან ძაფის ამოხვევის წინ აუცილებლად ამბობდნენ: “სქელ წმიდასა, წმიდა სქელსა, ღმერთო, ხელი მოგვიმართე”, და მიაჩნდათ, რომ ძაფი თანაბარი სისქის გამოვიდოდა.
- როგორ ხდება ძაფის დამუშავება?
- ძაფის დამუშავების ბოლო საფეხურია მისი შეღებვა. შეღებვის ხარისხზე ბევრადაა დამოკიდებული ნაქსოვის ხარისხი. ადრე თუშეთში ღებვისას მთლიანად მცენარეულ საღებავებს იყენებდნენ და იღებდნენ გასაოცარ ხასხასა, გაუხუნარ ფერებს. ფერის მიღებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მატყლის ხარისხსაც. ცნობილია, რომ თუშური ცხვრის მატყლი ღებვას კარგად ემორჩილება. მატყლის სახეთაგან კი, კრაველი განსაკუთრებით კარგად იღებს საღებავს. შესაღებად იყენებდნენ ადგილობრივ მცენარეებს: თავშავას, ღოლოსა და კოწახურის ძირს, ფიჭვის ხავსს, მურყნის ქერქს, ვერხვისა და არყის ფოთოლს, ხახვის ფურცელს, ჭვარტლს, ჯანგას (კლდის ლიქენია), დეკის ფოთოლს... გარდა ამისა, ბარიდან საამისოდ ამოჰქონდათ თრიმლისა და ლაფნის ფოთლები, კაკლის ქერქი და წენგო, ენდრო და ინდიგო.
- დღეს თუ იყენებენ მცენარეულ საღებავებს?
- მხოლოდ მოხუცი ქალები ხმარობენ მცენარეულ საღებავებს, ისიც ძირითადად შავის ან წენგოს ფერის მისღებად. ახალგაზრდობა მთლიანად გადასულია იოლად მოსახმარებელ და იოლად მოსაპოვებელ ფაბრიკულ საღებავებზე. თითო-ოროლა ხალხური ოსტატი თუ ცდილობს, გამოიყენოს მცენარეული საღებავი. მთლიანად მცენარეულზე გადასვლა მისი მოპოვების სირთულის გამო ჭირს.
- თუ აგრძელებენ ძველებურ, თუშურ სტილში ფარდაგების ქსოვას?
- დღეს ბევრი ქსოვს, მაგრამ ტექნიკურად ისე ლამაზს, მარტყოფის დედათა მონასტერში რომ ქსოვენ, ვერავინ ქსოვს. ზუსტად ის მოთხოვნილებები, რაც თუშურ ფარდაგს ჰქონდა, მათ გაიმეორეს. რამდენჯერმე ვიყავი მათთან მცირე კონსულტაციის გასაწევად, არც სჭირდებოდათ კონსულტაცია, იმდენად კარგი მქსოველები არიან. მონაზონ ირინეს ძალიან კარგი ხელი აქვს.
ჩემი ერთი მოსწავლე, შორენა იმესაშვილი ძალიან ლამაზ ჩულებს (ცხენის უნაგირის საფენს) ქსოვს. ასევე კარგი ხელი აქვს ნათია ბერიძეს. იმედის მომცემი მქსოველები არიან... ისე, ბევრმა ისწავლა ეს ხელობა.
- ყველა კუთხეში ნაირფერი ფარდაგი იქსოვება? ფერთა შეხამება განსხვავებული აქვთ?
- ყველა კუთხის ფარდაგი ლამაზია, მაგრამ ყველას თვითმყოფადობა ახასიათებს. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში ფერთა შეხამების თავისებური სტილი აქვთ. მთაში ძველი თუშური ფარდაგები ძალიან მუქ ტონალობებში იყო. ფონად უფრო შავ ფერს იყენებდნენ. თუშურ ფარდაგებში ძირითადი წამყვანია შავი და თეთრი, ბევრი ჭრელიც ურევია, მაგრამ მთლიანობაში რომ გადახედავ, ძალიან მუქი ტონებია, ლამაზად შეხამებული. სულ ვფიქრობ, რომ ამ ფარდაგების სილამაზე, თუშურმა ბუნებამ განაპირობა.
- ფარდაგები დატვირთული ორნამენტებითაც გამოირჩევა...
- ორნამენტი მთელ კავკასიაში უნივერსალურია. ორნამენტს დეკორის ფუნქციაც ჰქონდა და გარკვეულ სიმბოლოსაც გამოხატავდა. თუმცა, ეს სიმბოლიკა თანდათან დავიწყებას მიეცა და როცა დამჭირდა მასზე მუშაობა, მასალა თითქმის ვერ მოვიპოვე.
უძველეს კავკასიურ და წინააზიურ ფარდაგებზე იგივე ორნამენტებია, რაც ჩვენშია გავრცელებული.
- თქვენ სად ისწავლეთ ეს ხელსაქმე?
- თვითონ სწავლის პროცესი არ მახსოვს... ალვანში, დედა და ბებია სულ ქსოვდნენ, ჩემ გარშემო ყველა ქსოვდა და ვისწავლე. ჩემი თაობის ბავშვებს აღარ ასწავლიდნენ, მაგრამ მე ძალიან ტრადიციული ოჯახი მქონდა - ყველაფერი უნდა გვეკეთებინა, რაც ქალის საქმე იყო: კერვა, ღებვა, ქსოვა, ქარგვა, ცეკვა-სიმღერაც უნდა მცოდნოდა.
პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით ალვანში სამი თვის განმავლობაში ვასწავლიდი ფარდაგების ქსოვას. ძალიან ვემადლიერები დედას და ბებიას, ეს ყველაფერი რომ შემასწავლეს.
- როგორი იყო წინათ თუში ქალის ცხოვრება? თქვენი ოჯახის მაგალითზე გვიამბეთ.
- დედა რომ გარდაიცვალა, ძალიან ბებერი მეგონა, არადა, იმ დღეებში 58 წლის გახდა. დები ვისხედით და ვიხსენებდით - უსაქმოდ დამჯდარი დედა ვერც ერთმა გავიხსენეთ. სულ რაღაცას აკეთებდა, მუდმივად შრომობდა. ძალიან ტრადიციული თუშის ქალი იყო.
წისქვილში მიდიოდა - წინდას ქსოვდა, წყაროზე მიდიოდა - ქსოვდა, დროს უქმად არ კარგავდა. მამაჩემი სულ ცხვარში იყო, წყალი, წისქვილი, ტყე, ვენახი, ნაკვეთი კი სულ დედის კისერზე გადადიოდა. ღამის სიჩუმეში თითისტარის ბზრიალის ხმა ახლაც მახსოვს...
ეს ყველაფერი დედამ, ბებიამ და ჩემმა დედამთილმა მასწავლეს. ძალიან ბრძენი დედამთილი მყავდა. 92 წლის ასაკში გარდაიცალა, არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა. დედა ქააძე იყო, დედამთილი - გიუნაიძე. ძალიან ბევრი ეთნოგრაფიული მასალა დედამთილისგან ჩავიწერე. ბრძენი ქალი იყო, როცა გარეთ რამეზე დავობდნენ ან კამათობდნენ, გავიდოდა, ერთ სიტყვას იტყოდა და იქ მთავრდებოდა ყველაფერი, ისეთ კარგ ანალიზს აკეთებდა, ყველას აწყნარებდა.
- ფეხსაცმელს თუ ქსოვთ?
- ცხოვრება რომ გაჭირდა, ჩითების კეთება დავიწყე. ჩითები ძალიან მოხერხებული ნაქსოვი ფეხსაცმელია. რაღაც დეტალი არ მახსოვდა და დედამთილს ვთხოვე, მასწავლე-მეთქი. არაო, მითხრა, არ გასწავლი, ერთ წყვილს გაყიდი, ის ფული გაგიტკბება და მერე კეთებას დაიწყებო, არ მემეტები, დიდი ჯაფა დაგადგებაო, შვილო... ახლა გამოცდილებას სხვასაც ვუზიარებ.
- როგორ იქსოვება ფეხსაცმელი?
- ჯერ დეტალები იქსოვება და მერე იკერება. საკმაოდ რთული პროცესია. გვაქვს ხის ყალიბები, ცალკე ფირფიტები. ზედა ნაწილი ხუთ ჩხირზე იქსოვება. ჯერ უნდა მოიქსოვოს ჩითის წინდა ხის კალაპოტზე, ფეხის ტერფის ფორმის კალაპოტზე გადაიჭიმება და გარშემო შემოეკერება ცალკე ფირფიტაზე მოქსოვილი. ქვედა ნაწილი მსხვილად დართული შალის ძაფით კეთდება. სახლის პირობებში მოსახერხებელი და თბილია. უცხოელები ყიდულობენ, მოსწონთ ჩვენი ნახელავი. ჩითების წინდების მოქსოვას და შეკერვას ერთი კვირა ვუნდები.
- ფარდაგებს რამდენი დრო სჭირდება?
- გააჩნია ზომას, 15 დღე ან ერთი თვე. თუ ძალიან ბევრი ფერია, ის უფრო რთული საქსოვია და მეტი დრო სჭირდება. თუ დაჯექი ერთი თვე, კარგ ფარდაგს მოქსოვ.
- როგორ წარმოგიდგენიათ ამ დარგის განვითარება და ტრადიციების შენარჩუნება?
- თუშური ფარდაგი ძველებურად აღარ აღდგება, მაგრამ მინდა, მსგავსი მაინც იყოს. სილამაზით გამოირჩეოდეს და არც ტრადიცია იყოს ძალიან დარღვეული, დაკარგული. ეს იმ დროის ანარეკლია, როცა რაღაც ასე ფასობდა. ქალის კარგი ხელობა ფასობდა, ურთიერთობები სხვანაირი იყო. თუ გვინდა, ზოგადად ხალხური რეწვის ნიმუშები კარგი იყოს, ცოტა მეტი დაინტერესება უნდა ჰქონდეთ ხალხურ ოსტატებს - გამოფენები ხშირად ეწყობოდეს, შეკვეთები ჰქონდეთ, რათა ინტერესი გაუჩნდეთ და უკეთესი გააკეთონ.
თეა ცაგურიშვილი
კომენტარები
უზომოდ მიყვარხართ????????????