სადაც სტუმარ-მასპინძლობის ფასი იციან, ამის გამოსახატად სტუმრის შინ მისვლა სულ არაა აუცილებელი - იქ უბრალო ტაქსიც კი "თან გადაგყვებათ". ყოველ შემთხვევაში ქუთაისში მოხვედრილ ამ პოსტის ავტორს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ნამდვილი იმერული შენიჭირიმე ხასიათი ქუთაისური ტაქსის კომპანიის საქმიანობაშიც ვლინდება. უბრალოდ, ჩავიდა ადამიანი ქუთაისში და ტაქსი გამოიძახა...
"რეკავ. ზარი გასული არაა, ავტომოპასუხე გეუბნება, არ შეწუხდე გენაცვალე, ჩვენ თვითონ გადმოგირეკავთო.
გათიშული არაა, რომ ავტომოპასუხე რეკავს და გატყობინებს, ოპერატორს დაგაკავშრებთო.
ავტომოპასუხეს დასრულებული არ აქვს ტექსტი, რომ ოპერატორი შემოდის მობრძანდითდაბრძანდითბატონო ტექსტით და ასეთივე განწყობით და
საუბრის დასრულება და ტელეფონის დადება ერთია და სმს მოგდის, სადაც დეტალური ინფორმაციაა, რომელ წუთზე, რა ფერის ტაქსი, რა სახელმწიფო ნომრით, სად მოვა და სად წაგიყვანს, მძღოლი ზაზა იქნება თუ გელა და ტარიფი რამდენია.
სმს წაკითხვას როგორც კი ამთავრებ, რობოტი რეკავს და იგივე ინფორმაციას სიტყვიერად გაწვდის, ვინიცობაა მესიჯი ვერ წაიკითხე. იქნებ თვალს გაკლია?
ტელეფონი გადადებული არ გაქვს, რომ ამასობაში დათქმული 3-4 წუთიც გასულია და რობოტი ისევ რეკავს. ამჯერად გაფრთხილებს, რომ მძღოლთან გაკავშირებს. მძღოლი გეუბნება, რომ უკვე ადგილზეა (ადგილზეა ნიშნავს მართლა ადგილზეას და არა ცხრა მთას იქით) და შეგიძლია გაბრძანდე.
ამ დროისთვის უკვე ცალი ფეხი ტაქსიში გაქვს და მძღოლი უკვე დანიშნულების ადგილისკენ მიჰქრის.
სახლში მისული არ ხარ და სმს მოგდის: გმადლობთ, რომ ჩვენი სერვისით ისარგებლეთო და ამიერიდან აიფონზე შეგიძლიათ ჩვენი აპლიკაციის გამოყენებაო...
ისღა დარჩა, გზაში ფაშფაშა ქალბატონმა ხაჭაპურის გადაღება დაგაძალოს, აპ აპ აპ ისე ვერ გაგიშვებთო, ქუთაისური სურათის სრულად შესაკრავად.
მე ვფიქრობ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერვისის სექტორში დასაქმებისთვის სავალდებულო მოთხოვნა რომ იმერლობა იყოს (დედის მხრიდან მაინც), აუცილებლდ გვეშველება" - ნათქვამია პოსტში, რომლის ავტორია ეკატერინე ონიანი.
"ადგილობრივი" სტუმარ-მასპინძლობის ამსახველი რაიმე ემოციური ან ღიმილისმომგვრელი ამბავი თუ გაგახსენდებათ, კომენტარებში მოგვწერეთ.
კომენტარები
რეკლამისთვის ნამდვილად არ დამიწერია, ყველა ქალაქიდან ვწერდი იმ პერიოდში პატარ-პატარა სტატუსებს ფეისბუქზე :)