ქვევრის თანამედროვე ოსტატები სოფელ ვარდისუბნიდან

საქართველოში არის რამდენიმე ხელობა, რომელსაც არა მრავალსაუკუნოვანი, არამედ მრავალათასწლოვანი ისტორიაც აქვს. 2006 წელს, მარნეულის ველზე, შულავერში, თიხის ჭურჭელში ძვ. წ. აღ.-ით VI-V ათასწლეულების ყურძნის წიპწის აღმოჩენას თან თიხის ჭურჭლის აღმოჩენაც მოჰყვა. თუმცა, დღეისათვის დადასტურებულია, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენამდე ქვევრმა მოაღწია, ის უკვე ძვ. წ. აღ.-ით VI-III ათასწლეულებში იყო. თუმცა, ეს ბოლო აღმოჩენა როდია და იქნებ, ქართული ქვევრის ასაკი კიდევ "დაძველდეს". ამ ათასწლეულების ფონზე, რასაკვირველია, ვერაფერს შეცვლიდა ის წლები, როცა ჩვენში ქვევრის დამზადება დროდადრო წყდებოდა შიდა თუ გარე მოვლენების

გამო. ასეთი იყო ბოლო ათეული წლებიც, როცა ქვევრი მივივიწყეთ. მაგრამ კანონზომიერება უნდა აღმდგარიყო და აღდგა კიდეც, - ქვევრის დამზადება ნელ-ნელა კვლავ პოპულარული ხდება.

უკვე რამდენიმე წელია, თელავში, სოფელ ვარდისუბანში მამა-შვილი რემი და ზაზა კბილაშვილების სახლში არც ქართველი სტუმარი ილევა, არც - უცხოელი. ეს უკანასკნელები დაუფარავი აღტაცებით შესცქერიან, როგორ ამზადებს მამა-შვილი და მათთან ერთად მთელი ოჯახი უნიკალურ ქართულ ნაწარმს. ამ სახლის მუდამ გრილ, სქელკედლებიან, 2-ტონიანი ქვევრებით ამოვსებულ სარდაფში დრო მნიშვნელობას კარგავს. კბილაშვილები ამ საქმეს ზუსტად ისე მისდევენ, როგორც მათი წინაპრები 8000 წლის წინ და მხოლოდ ეს კი არა - ზაზა კბილაშვილმა საკუთარი ხელით სახლი და ეზო-კარიც წინაპრების წესზე მოაწყო - მდინარე თურდოს რიყის ქვებითა და კირით.



ამ ეზოში შესვლა ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებს - ქართველსაც და უცხოელსაც. იგრძნობა, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს არა მხოლოდ საკუთარი ხელობა უყვართ, არამედ ზოგადად სოფელი, უყვართ შრომა და ბუნებრივი სილამაზის საოცარი აღქმისა და გადმოცემის უნარიც აქვთ.

- მე ისეთ მიწაზე და ისეთ სოფელში დავიბადე და გავიზარდე, სადაც ქვევრების კეთება არავის უკვირს. ამბობენ, რომ წინათ, ჩვენი დიდი პაპების დროს, ქვევრებს აქ ყველა სახლში ამზადებდნენ. მექვევრეობას თიხის გამოსაწვავი ღუმელიც სჭირდებოდა და ამ საქმეშიც პროფესიონალები იყვნენ, - ვარდისუბნელები უნაკლო ქვევრისა და კირის (რითაც ძველად სოფელი შენდებოდა) გამოსაწვავი ღუმლის ოსტატებიც გახლდნენ. ამას ისიც დავუმატოთ, რომ იმ დროს თიხა და კირი მდინარიდან ხარებით მოჰქონდათ, ანუ ყველა ოჯახში ჰყავდათ პირუტყვიც. ჩვენი ქვევრის ასაკი უკვე ცნობილია, მაგრამ მაინც ხშირად ვფიქრობ, რომ ჩვენს მიწაზე ამაზე ადრეც ამზადებდნენ ქვევრებს. ასე რომ, აქამდე თუ მოაღწია, ე. ი. ჩვენში ამ საქმეს შეწყვეტა არ უწერია. 35 წლის კაცი ვარ და ჩემ თვალწინ ქვევრი დავიწყებასაც მიეცა და აღზევდა კიდეც, - ბოლო დროს ქართული ქვევრი სულ უფრო და უფრო დიდ ყურადღებას იქცევს. ამისთვის ქართველმა ხელოვანებმაც ბევრი გააკეთეს, მაგალითად, ბატონმა მერაბ კოკოჩაშვილმა 2006 წელს სწორედ ჩვენს ოჯახში გადაიღო ფილმი ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის შესახებ, ფილმში საუბარია ქვევრზე, რომლის ანალოგიც მსოფლიოს არ გააჩნია. "ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს" უნესცო-მ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ჩვენმა წინაპრებმა ქვევრის ქიმიური შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი ალბათ არც იცოდნენ, მაგრამ ათასწლეულების მანძილზე მშვენივრად შეისწავლეს, რომ ქვევრი ღვინოს ყველაფრისა და ყველას ჩარევის გარეშე კიდეც აყენებდა, კიდეც ინახავდა და ასე მზამზარეულს გვაწვდიდა.



იურიდიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ შემიძლია ვთქვა, ქვევრის დამზადების გენმა სოფელში, ქვევრთან მიმაბრუნა. მახსოვდა, როგორ აკეთებდა მამაჩემი ჩემ თვალწინ ქვევრებს, როგორ ეხმარებოდა მას დედა, როგორ შევყურებდი ამ უნიკალური ქმნილების დაბადებას და ამ ხსოვნას დავუბრუნდი. მაგრამ ამაში ხელი იმან შემიწყო, რომ რაღაც, ალბათ პირველ რიგში ზეციურმა ძალებმა, ჩემი ქვეყანა დააბრუნეს ქვევრთან, - სიძნელეების, ტკივილების თუ ტრავმების მიუხედავად, ქართულმა მეღვინეობამ, მისმა ვაზმა აღორძინება დაიწყო და ქვევრი, ქვევრის ღვინო მოითხოვა.

2006 წელს მეც ვიყავი ერთ-ერთ კონფერენციაზე, სადაც ქვევრის ღვინის გასაცნობად და დასაგემოვნებლად ჩვენს მეღვინეებსა და სახელმწიფოს უცხოელებიც ჰყავდა მოწვეული. ერთი ამერიკელი დაინტერესდა, უნდა გავიგო, რისგან ამზადებენ ქვევრს, მასში ჩასხმული ღვინო მომეწონაო. თარჯიმანმა ჩემთან მოიყვანა, მეც დავპატიჟე - სიამოვნებით წაგიყვანთ ვარდისუბანში და თიხასაც გაგატანთ შესასწავლად-მეთქი.



მოკლედ, წაიღო ჩვენი სოფლის თიხა და 6 თვის შემდეგ ისევ თარჯიმნის ხელით პასუხი გამომიგზავნა. თავადაც ხომ იყო აღფრთოვანებული, მეც აღმაფრთოვნა, - იწერებოდა, თქვენს თიხაში შედის კირი, რომელიც ანტისეპტიკია და ღვინოს უნიკალურად ინახავსო. იქ ჩვენი თიხის სხვა შემადგენლობაც ეწერა, რომელიც ჩემი წინაპრების მსგავსად ალბათ არც მე მივიჩნიე საჭიროდ, რომ მცოდნოდა და დამემახსოვრებინა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ ანალიზის საფუძველზე ჩვენს თიხაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კირი - ბუნებრივი, ჯანმრთელი ანტისეპტიკი. მეც ხომ სულ ასე ვფიქრობდი, რომ თიხაში რაღაც ამგვარი იქნებოდა. სხვათა შორის, ალბათ ამასვე ფიქრობდნენ ის ქართველი ქალებიც, სამურაბე კაკალი კირში რომ გამოყავდათ. მაგრამ ჩემს წინაპრებს ვარდისუბანში (ჩემს სოფელს ხაზგასმით იმიტომ ვახსენებ, რომ საქართველოში თიხა ბევრგან არის და შემადგენლობის მიხედვით, შეიძლება მცირედით კიდეც განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან) ცივის მთიდან თიხა ამ ცოდნის გარეშეც მოჰქონდათ და ქვევრებს ამზადებდნენ, - სათავისოდაც და სასხვისოდაც, ყიდდნენ და ოჯახს ინახავდნენ.

- როგორც თქვენ...
- დიახ. როცა სოფელში დავბრუნდი, არც კი მოველოდი, რომ შეიძლებოდა, ზოგჯერ ერთ დღეში იმდენი სტუმარი და ტურისტი გამოეგზავნათ სააგენტოებს, მერე იმაზე მეფიქრა, ეს ხალხი ისე როგორ გავანაწილო, მათი სტუმრობა ერთმანეთს არ დაემთხვას და ხელი არ შეეშალოთ-მეთქი. მართალია, ყოველდღე ასე არ ხდება და ტურისტებიც უფრო სეზონურად მოდიან, მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, მაგრამ, რაც მთავარია, ეს საქმე არსებობს და ხალხიც ჩვენი კულტურით, ჩვენი ქვევრებით აღფრთოვანებული მიდის.

- რომლის დამზადებაც იოლი არ არის.
- მართალია. თანაც მაშინ, როცა ფრინველ-პირუტყვსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება და ბაღ-ბოსტანსაც, თუმცა ქვევრი უპირველესია, და როგორც მე ვუყურებდი და ვსწავლობდი ამ საქმეს მამაჩემისგან, ასე სწავლობენ ჩემი ვაჟებიც - გიორგი და ნიკა. ჩემი მეუღლე ნათიაც ისე მეხმარება, როგორც დედა ეხმარებოდა მამას.



თიხა მარტ-აპრილში მოგვაქვს. ახლა მანქანით, მაგრამ ადრე ურმებით მოჰქონდათ... ადგილზე თიხა კარგად უნდა შევარჩიოთ, მთავარია სუფთა იყოს, ნაკლებად რომ ჰქონდეს კენჭები და ვეცადოთ, საუკეთესო ხარისხის წამოვიღოთ. თიხაზე მუშაობა მოზელით იწყება. ადრე თიხას ჯერ ფეხით ზელდნენ, მერე - ცხენით, - ლითონის ჭურჭელში დებდნენ, რომელსაც "ფრთებს" უკეთებდნენ. "ფრთებს" ცხენს მიაბამდნენ, რომელიც ჭურჭელს გარშემო უვლიდა და თიხასაც ზელდა. ახლა კი თიხას ელექტროძრავით ვზელთ, ამან შრომა გააიოლა. თუმცა არა ძირითადი შრომა, - მოზელილი თიხისგან სორსალას ვამზადებთ, - თიხას მაგიდაზე მანამდე ვაგორებთ, სანამ იმ ფორმას მიიღებს, რომ ქვევრს მორიგი რკალი შემოვალესოთ. სწორედ ამაში მეხმარებიან ჩემი ცოლი და შვილები. ქვევრს კი ამ სორსალას მე ან მამაჩემი ვავლებთ. ჩვენ ორტონიან ქვევრებს ვაკეთებთ და ასეთი სორსალის შემოვლება, ქვევრი რომ დასრულდეს, 18-ჯერ მაინც სჭირდება. მთელი ქვევრის დამზადებას კი დაახლოებით 3 თვე უნდა. ასე რომ, მძიმე შრომაა.

როცა შევისვენებთ, სორსალების გადაბმის ადგილი სველი უნდა დარჩეს, ამიტომ ქვევრს ასე ღიად ვერ მივატოვებთ - ყოველი ამოშენებისას სორსალის ახალ ფენას ცელოფანი უნდა გადავაფაროთ, რომ მორიგი სორსალის შემოვლებისას ნაპირი სველი იყოს და ყოველი ახალი ფენა ქვევრს ორგანულად შეერწყას.



- მერე რას აკეთებთ?
- ჯერ ის უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც შენდება, ქვევრის ადგილიდან დაძვრა არ შეიძლება, მით უფრო 2-ტონიანი ქვევრის, რომელსაც მე და მამაჩემი ვაკეთებთ. სანამ ნედლი და სველია, არც ღუმელში გამოსაწვავად გატანა შეიძლება და არც მიწაზე დაწვენა, მაშინვე დაიღრიცება, დამახინჯდება და მთელი შრომა წყალში ჩაიყრება. ქვევრი ზომიერ ტემპერატურაზე უნდა გამოშრეს, როცა იმ დონემდე გამოშრება, რომ ღუმელთან მიტანა შევძლოთ, ამას თიხის ფერითაც ვიგრძნობთ და წონის შემსუბუქებითაც.

2-ტონიანი ქვევრი მზეზე გამოსაშრობად რომ გაიტანო და მერე - ღუმელში გამოსაწვავად, ამას 6-7 კაცი მაინც სჭირდება. იმხელა ღუმელი გვაქვს, იქ 8 ცალ ქვევრს ვწვავთ, ისე კი სეზონზე სულ 16 ქვევრს ვამზადებთ. გამოწვის პროცესს ოთხი დღე და 3 მანქანა შეშა სჭირდება, მეოთხე დღეს კი ტეპერატურა 900–950 გრადუსზე აგვყავს. ტურისტები შეჰყურებენ და გაოცებას ვერ მალავენ, ჩვენ ხომ ხელით ვაკეთებთ ყველაფერს და უნიკალურ შედეგს ვიღებთ.



- ეზოც ძალიან ლამაზად გაქვთ მოწყობილი - რიყის ქვებისაგან ულამაზესი ნაგებობები გაგიკეთებიათ...
- კი, ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთე და ახლა რომ შევყურებ, მეც ძალიან მომწონს. ვარდისუბანს მდინარე თურდო ჩამოუდის. ამ მდინარის ჩამოტანილი კირითა და რიყის ქვებით ჩვენებურები სახლებს აგებდნენ. კირს დუღაბად იყენებდნენ, რიყის ქვებით კი კედლები ამოჰყავდათ. ახლა ამ მასალის მდინარიდან ამოტანა გაჭირდა, რადგან ლიცენზიაა საჭირო, ეს კი ფული ღირს. მაგრამ, ამის მიუხედავად, არაფერი დავიშურე და ხეობიდან რიყის ქვა ამოვიტანე, ამ ქვით მოვაპირკეთე ეზოც, ავაშენე ქვევრების სათავსი და წყარო, რომელიც იმდენად ლამაზი გამოვიდა, თვალს ვერ მოწყვეტ, - ბუნებრივ ქვას სულ სხვა ძალა აქვს, სხვა სიმშვიდე მოდის... იმიტომაც იყენებდნენ ჩვენი წინაპრები.

- სახნავ-სათიბი?
- ეგეც მაქვს. ივნისის შუა რიცხვებში სეზონის პირველად გათიბული ბალახი უკვე დაბინავებულია. თუმცა სახლში საქმეს რა დალევს, ქვევრებს როცა მოვრჩები, სხვა სამუშაოზე გადავდივარ. როცა სოფელში ცხოვრობ, ყველაფერი უნდა გყავდეს და გაგაჩნდეს, რა სიმდიდრესაც სოფელი ქმნის, - ჩემს 5 წლის ნიკას იმდენად უყვარს წიწილები, ვერ ვაშორებთ ხოლმე. მალე ახალ ვენახსაც ჩავყრი და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი საშუალებებით გავზრდი და გავახარებ, - დრომ, ბევრს რომ არც უფიქრია, ისე დაადო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ფასი. ეს იმის ნიშანია, რომ შხამქიმიკატებს ზურგი უნდ ვაქციოთ. მჯერა, რომ ასე იქნება.

ეთერ ერაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები