რატომ გადავიდა ლელა მებურიშვილი ნაქირავებ ბინაში


და როგორია მისი მეუღლის დიზაინით მოწყობილი სახლი

მსახიობი ლელა მებურიშვილი რამდენიმე თვეა, ოჯახთან ერთად წყნეთში ცხოვრობს. ლელასა და მის მეუღლეს, ბაჩო საგანელიძეს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, 8 თვის წინ მსახიობი მეორედ გახდა დედა და ოჯახს ალექსანდრეს შემდეგ ლილიკო შეემატა. ბუნებაში პოზირებას რომ მოვრჩით, ლელა სპეციალურად ჩვენთვის თბილისში ჩამოვიდა და „შინ“-ს ვაკეში მდებარე სახლში უმასპინძლა.



- ეს ბინა ჩემი მეუღლის ოჯახს ბაჩოს ბავშვობის დროიდან აქვს. მაგრამ დაახლოებით 5-6 წლის წინ, ბაჩომ გადაწყვიტა, საკუთარი გემოვნებით გადაეკეთებინა და აქ მარტოს ეცხოვრა. მისი ოჯახის
წევრები ამ ფაქტით დიდად არ მოხიბლულან, ურჩევდნენ, გაყიდე და სადმე უკეთეს ადგილას, ჰაერზე იყიდე, ამას რომ გაარემონტებ, ვეღარ გაყიდი, დაგენანებაო. ბაჩომ არ დაიჯერა და თავიდან ბოლომდე გააკეთა. ავეჯი, ჭურჭელი და საერთოდ ყველაფერი რომ შეიძინა და ბინა ბოლომდე მოაწყო, ზუსტად იმ პერიოდში გავიცანით ერთმანეთი და მალევე გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება. არადა, ამბობს, როცა ამ ყველაფერს ვაკეთებდი, ერთი წუთითაც არ ვფიქრობდი, რომ უნდა დავოჯახებულიყავი და ჩემს ცოლ-შვილთან ერთად აქ მეცხოვრაო. მართლაც, ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ აქაურობა შვილებიანი ოჯახისთვის შექმნილს არ ჰგავს. აი, მაგალითად, საძინებელში სინათლე მხოლოდ საწოლის ერთ მხარეს ინთება, ანუ არც უფიქრია, რომ მეუღლის მხარესაც გაეკეთებინა ჩამრთველი, შუქს მხოლოდ თვითონ აკონტროლებდა და ეს საკმარისად ჩათვალა (იღიმის). აქაურობა ისე ჰქონდა მოწყობილი, ჩემს ჩარევას არც ერთ ასპექტში არ საჭიროებდა, მაგრამ რაღაცებმა ნელ-ნელა, თავისთავად მოითხოვა ცვლილება. მართალია, ამ ეტაპზე წყნეთში, სუფთა ჰაერზე ვცხოვრობთ, რაც ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს სახლი მაინც მენატრება და მიყვარს, საუკეთესო პერიოდი გვაქვს აქ გატარებული - მე და ბაჩომ თანაცხოვრება აქ დავიწყეთ, ჩვენი ორივე შვილი აქ გაჩნდა. ძალიან კარგი აურაა და მსიამოვნებს აქ ყოფნა. აქედან ყველაფერი ახლოსაა და ამ მხრივ კომფორტულია, მაგრამ ჰაერის პრობლემას ვაწყდები, მით უმეტეს, რომ ცენტრალურ გამზირზე ვართ და სულ მანქანების მოძრაობაა. მე გათხოვებამდე ლესელიძეზე ვცხოვრობდი, სადაც საშინელი ხმაური და ჩაგუდულობაა, აქ იმასთან შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ ზაფხულში მაინც გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ბაჩომ ოთახების განლაგება განზრახ შეცვალა და საძინებელი შიდა ეზოს მხარეს გადმოიტანა...


თავდაპირველად, დიდ მისაღებს ვესტუმრეთ, სადაც ცალკე სივრცე მაგიდასა და სკამებს აქვთ დათმობილი, მეორე ნაწილში კი სამეული და ტელევიზორია მოთავსებული...

- სადაც ახლა მისაღები ოთახია, ადრე საძინებელი იყო, მაგრამ ბავშვები რომ შეგვეძინა, განლაგება შევცვალეთ - როგორც ხედავთ, ფანჯრები ქუჩის მხარესაა, სადაც მუდამ ხმაურია, ამიტომ ბავშვების საძინებლად არ გამოდგებოდა და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მე და ბაჩოს ძალიან გვიყვარს ხალხმრავლობა, ჩვენთან მუდამ სტუმრიანობა იყო, მაგრამ ბავშვების გაჩენის შემდეგ უფრო გარეთ გასვლას ვამჯობინებდით.

დიდი მისაღების მიუხედავად, თითოეულ საძინებელს თავისი მოსასვენებელი ოთახი აქვს...

- ძალიან კომფორტულია საძინებელზე მიბმული მოსასვენებელი სივრცე. მაგალითად, როცა ბავშვს დააძინებ, არ გიწევს საძინებლიდან შორს წასვლა, ფაქტობრივად მაინც იქ ხარ, თან სხვა სივრცეში გამოდიხარ, სადაც საშუალება გაქვს, უყურო ტელევიზორს და ბავშვი არ შეაწუხო. ალექსანდრე პატარა რომ იყო, მისი დაძინების შემდეგ მე და ბაჩო ვისხედით და ფილმებს ვუყურებდთ ხოლმე, თან ბავშვთანაც ვიყავით... მას შემდეგ, რაც ლილიკო გაჩნდა, შედარებით ნაკლები დრო გვრჩება ამისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ლილიკოც ძალიან მშვიდია.



ლელას საძინებელში შესვლამდე ყურადღება ნინო ჩაკვეტაძის ნახატმა მიიპყრო:

- სანამ დავოჯახდებოდით, მანამდე დავახატვინე ეს ნახატი და ბაჩოს ვაჩუქე. ჩემი სურვილი იყო, უბრალოდ გოგო და ბიჭი ყოფილიყო გამოსახული, მაგრამ ეს ბიჭი ძალიან ჰგავს ბაჩოს. თავიდან რომ ვნახე ნამუშევარი, გოგო მე მგავდა, არ მინდოდა, მაინცდამაინც ლელას და ბაჩოს პორტრეტი ყოფილიყო და გოგო შევაცვლევინე, ბიჭი კი დავტოვეთ.

ბაჩოსა და ლელას საძინებელში კედელში ჩაშენებული, ორი ძალიან დიდი სარკიანი კარადაა, რომელიც ფაქტობრივად გარდერობის ფუნქციას ითავსებს.

- ერთად ცხოვრება რომ დავიწყეთ, ორივე კარადა ბაჩოს ჰქონდა ათვისებული, ჯერ ერთ კარადაში ჩავეზიარე, მერე ალექსანდრე შეგვეძინა და კიდევ მოაკლდა ბაჩოს სათავსო, მას მიჰყვა ლილიკოც და მგონი, საერთოდ ერთი უჯრის ამარა დავტოვეთ (იცინის).

ბავშვების ოთახს მინით გამოყოფილი მოსასვენებელი სივრცე ახლავს, რომელსაც სამეული ამშვენებს. აქვეა ინტერიერთან კარგად შეხამებული ხელსაბანი ნიჟარა, რომელიც თითქოს აქ უადგილოა, მაგრამ იმდენად „ჯდება“ დიზაინში და იმდენად არ ჰგავს ნიჟარას, რომ ამ ოთახს ძალიან უხდება.



- როდესაც ბავშვების ოთახს ვაწყობდით, სათამაშოებს ფერების მიხედვით ვარჩევდით, რომ ინტერიერს შეხამებოდა, მაგრამ როცა ბავშვები გაჩნდნენ და სათამაშოების შეძენა დატვირთვისა და მნიშვნელობის მიხედვით დავიწყეთ, ოთახი თავისთავად გაფერადდა და აჭრელდა.

რაც შეეხება ნიჟარას, გეტყვით, რატომ არის აქ. ამ ოთახიდან გავდივართ აივანზე, სადაც ზაფხულში თითქმის მთელ დროს ვატარებთ, ხან წყალი მოგინდება ადამიანს, ხან ხელის დაბანა და ამიტომ მისი აქ მოთავსება ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. თან ისეა შეფუთული, ამოვარდნილი არაა ინტერიერიდან.

ბავშვების ოთახში ალექსანდრეს და ლილიკოს ფოტოები ლამაზ ჩარჩოებშია, რომლებზეც მათი დაბადების თარიღი, დრო, წონა და ადგილია ამოტვიფრული.

- ესენი ამერიკაში, მეგობარმა გვაჩუქა, კარგია იმით, რომ ჩარჩოზე ბავშვის შესახებ ყველა ინფორმაცია წერია.

დაკვირვებულ თვალს სახლში ნახატების სიმრავლე არ გამოეპარება:



- ჩემს მეუღლეს უყვარს ნახატები, გვჩუქნიან კიდეც, გარდა ამისა, ჩემი მული ხატავს და რამდენიმე ნახატი მისი სახსოვარია. მაგალითად, ის, რომელიც ბავშვების ოთახში საწოლთან კიდია, ბაჩოს დაბადების დღეზე დაუხატა. მისი ნახატები გვიკიდია სამზარეულოშიც. მისაღებში კედელზე რომ ნახატია, ეგ საქველმოქმედო აუქციონზე შევიძინეთ. პირადად მე, პირველად მივიღე მსგავს აუქციონში მონაწილოება. თურმე ძალიან აზარტული ყოფილა, ვერთვებოდი, მაგრამ ისე იწევდა ფასები, ვერ ვიმარჯვებდი. ამ ნახატის გაყიდვა რომ დაიწყო, მაშინვე ჩავერთე, რაღაცნაირად ისე მოხდა, ყველა გაჩერდა და საბოლოოდ მე დამრჩა. ძალიან გამიხარდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქველმოქმედო იყო.

როგორც ლელამ აღნიშნა, სახლი და მათ შორის სამზარეულოც მთლიანად მისი მეუღლის გემოვნებითაა მოწყობილი, როგორც დანარჩენი ოთახები, ესეც დიდი, ნათელი და დიასახლისისთვის კომფორტულია:

- ბაჩო გურმანია და უყვარს საჭმლის მომზადება. ვაღიარებ, რომ ჩემზე გემრიელ კერძებს ამზადებს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ინგრედიენტები მომიმზადებია, გამირეცხავს, გამითლია და მითხოვია, მას გაეკეთებინა, თუნდაც სალათა, იმიტომ, რომ ყოველთვის განსაკუთრებული გამოსდის. მგონია, რომ ზოგიერთ პროფესიაში და მათ შორის კულინარიაში, კაცები ბევრად უფრო ძლიერები არიან. რადგან მომზადება უყვარს, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ასევე მოსწონს სამზარეულოს ნივთების ყიდვაც. მისთვის საჩუქარს რომ ვეძებ, ვეუბნები ხოლმე, ვიცი, რომ შენ დიდი კოვზი ან ჩამჩა გაგიხარდება, მაგრამ ეგ როგორ გიყიდო-თქო?! (იცინის) სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ წინსაფარი ვაჩუქე.



სახლს დიდი აივანი ამშვენებს, იქ მოხვედრა, ორივე საძინებლიდან შეიძლება და რაც მთავარია, ეს აივანი, არა ცენტრალურ ქუჩას, არამედ შიდა ეზოს გადაჰყურებს.

- სიმწვანე ყოველთვის მიყვარდა, იმხელა აივანი არ გვაქვს, რომ ვერანდა გაგვეკეთებინა, მაგრამ გავაკეთეთ პატარა ბაღი, უამრავი ლამაზი მცენარით. თუმცა მოხდა ისე, რომ რამდენიმე თვე საქართველოდან გამგზავრებამ მოგვიწია, მცენარეები სხვას დავუტოვეთ მოსავლელად, მაგრამ დროთა განმავლობაში გაგვიხმა. ისე განვიცადე, რომ ვთქვი, ასე აღარასდროს მოვიქცეოდი. როგორც უკვე გითხარით, სიმწვანე ყოველთვის მიყვარდა, ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ უკვე ამდენი ხანია წყნეთში ვცხოვრობთ. იანვარში, ახალი წლის შემდეგ, გვინდოდა ბაკურიანში, ან გუდაურში წასვლა, მაგრამ საამისოდ ლილიკო ძალიან პატარა იყო და გადავწყვიტეთ, აქვე წყნეთში აგვეყვანა ბავშვები სუფთა ჰაერზე. სიმართლე რომ გითხრათ, ამდენი ხნით დარჩენას არ ვგეგმავდით, მაგრამ ისე გვსიამოვნებს იქ ყოფნა, ვეღარ ჩამოვდივართ. გაზაფხულზე ყველაფერი აყვავდა და არაჩვეულებრივი სანახავი გახდა ჩვენი ეზო, ვეღარ ველევით იქაურობას. ჩვენდა უნებურად, ისე გამოვიდა, რომ ლილიკომ ცხოვრების დიდი ნაწილი წყნეთში გაატარა, წყნეთელი გოგოა-თქო, ვიძახი. მარტივი არაა წყნეთიდან სიარული, გარდა ამისა, ვცხოვრობთ ნაქირავებში, სადაც ყველაფრის მიტანა მე მომიხდა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ, ოღონდ ბავშვები სუფთა ჰაერზე იყვნენ.

ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები