სტუმრად ლაშა ღლონტის საოცნებო ბინაში

„მოგეხსენებათ, ბათუმში დავიბადე, სკოლა იქ დავამთავრე, თბილისში რომ გადმოვედი, ბიძაჩემთნ ვცხოვრობდი, ვაკეში, მრგვალ ბაღთან. ცოლი რომ მოვიყვანე, დაახლოებით 13 წელი ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე ნაქირავებში ვცხოვრობდით. მერე, როცა ბინის ყიდვა გადავწყვიტეთ, ისევ ამ უბანზე შევაჩერეთ არჩევანი. მართალია, მთელი სტუდენტობა პლეხანოვზე გავატარე და იქაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ მაინც საბურთალო ვარჩიე, ზაფხულში პლეხანოვი მეტად ცხელია“, - ამბობს ლაშა ღლონტი.

სახლში, სადაც ლაშამ მიგვიღო, ამჟამად მხოლოდ მომღერალი და მისი მეუღლე თეა ახალაძე ცხოვრობენ, მათ ქალიშვილს, ანის უკვე თავისი ოჯახი აქვს. ბინაში შესვლისთანავე დიასახლისისთვის მნიშვნელოვანი სისა
დავე და კომფორტი იგრძნობა.


- მე თუ რამეს ვაკეთებ, ვცდილობ, ყველაფერი ხარისხიანი იყოს, რემონტიც ამ მიდგომით გავაკეთეთ. დაახლოებით 5 წელიწადი გრძელდებოდა ეს პროცესი, გამოვცვალეთ ყველაფერი, დაწყებული გაყვანილობიდან - იატაკის აყრით და კედლების ხელახლა გალესვით გაგრძელებული, შეიძლება ითქვას, რომ თავიდან ავაშენე ყველაფერი. მე რომ ეს თანხა დავაჯამო, ალბათ ახალი სახლის ყიდვასაც შევძლებდი. ფინანსთა მინისტრი მე ვიყავი და ვარ, გემოვნება კი - ჩემი მეუღლისაა. საოჯახო ამბებში რაც უნდა ეკამათო ცოლს, მართალი მაინც ის გამოდის, ამიტომ აზრი არ აქვს (იღიმის). ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა: კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი რემონტზე კამათობდნენ. კოტეს უთქვამს, სამზარეულო ყვითლად უნდა შევღებოო. სოფიკომ უპასუხა, ყვითლად რატომ უნდა შეღებო, გემოვნება არ გაქვსო? მე არ მაქვს გემოვნება, თუ შენ? ჩემი ცოლი სოფიკო ჭიაურელია, შენი ქმარი კიდევ კოტე მახარაძეო, - უპასუხია კოტეს (იცინის).



საერთოდ, ვფიქრობ, რომ ოჯახში ქალი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, ოჯახი მაინც ქალისაა. მამაკაცი საგარეო საქმეთა მინისტრი და შემომტანი უნდა იყოს, ქალბატონმა ოჯახს უნდა მიხედოს, ოღონდ ამას „აზიატურად“ არ ვამბობ. ოჯახის უფროსობა ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არაა, მე დემოკრატიული ოჯახის მომხრე ვარ. მეუღლე იმიტომ ჰქვია, რომ ჩვენ ერთად ვეწევით ჭაპანს, სინქრონულად ვმოქმედებთ, ძალიან კარგად გვესმის ჩვენ-ჩვენი ფუნქცია და საერთო საქმეს ვემსახურებით. ურთიერთობების გარეშე არაფერია სიცოცხლე, წლები რომ გავა და გადმოხედავ ცხოვრებას, მხოლოდ ეს გაგახსენდება.


მისაღები რამდენიმე სივრცედაა გაყოფილი. შუაში რბილი სამეულია განთავსებული, რომლის წინაც სხვადასხვა საინტერესო ნივთებით სავსე კარადა დგას. აქვეა კუთხე, რომელიც მთელ მსოფლიოს იტევს:



- ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და თითოეულიდან სამახსოვრო სუვენირი ჩამოვიტანე, შესაბამისი კუთხეც გვაქვს სახლში მოწყობილი, სადაც სწორედ მოგზაურობიდან ჩამოტანილი ნივთებია განთავსებული. კედელზე ჩემი მეუღლის პორტრეტი კიდია, ცნობილი ბათუმელი მხატვრის ვახტანგ ბესელიას ნახატი. 19 წლის იყო მაშინ თეა, როცა ეს პორტრეტი შეიქმნა, მხატვარმა კარგად დაიჭირა მისი ხასიათი და საოცრად გადმოსცა. გარდა ამისა, მაქვს ბატონი ზურაბ გომელაურის, ჩუბჩიკას და სხვა მხატვრების ნამუშევრები. ჰოლში კიდია ნახატი, სადაც ავტორს ძველი თბილისი განსხვავებულად, მაგრამ შესანიშნავად აქვს წარმოჩენილი. სხვათა შორის, ჩემი პატარა შვილიშვილის ყურადღებას იპყრობს ეს ნახატი - შემოვა თუ არა, დიდი ინტერესით უცქერს.


მოგეხსენებათ, ლაშა ერთი წლის წინ ბაბუა გახდა.

- ჩვენ 90-იანი წლები გამოვიარეთ, ბევრი გაჭირვება გადავიტანეთ, მაგრამ ალბათ სიყვარულმა გაგვაძლებინა და გადაგვატანინა ის რთული პერიოდი. ანი პატარობისას არ იყო განებივრებული, არ მქონდა ამის საშუალება, მერე უკვე დავალაგე რაღაცები, ავაწყვე საქმე, ძალიან ბევრს ვშრომობდი. ჩემს შვილს რამდენიმე ოცნება ჰქონდა, ერთი - ამერიკაში მოგზაურობა და იმ ადგილების მონახულება, სადაც მისი საყვარელი ფილმებია გადაღებული და მეორე - „ბარსა“-„რეალის“ თამაშზე დასწრება. ორივე ავუსრულე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემს შვილს ისეთი ბედნიერი თვალები ამ ოცნებების ასრულებისასაც კი არ ჰქონია, როგორიც მის მეუღლესთან თუნდაც ყოველდღიური ურთერთობის დროს აქვს. ესაა პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ შევეგუე ჩემი ერთადერთი შვილის გათხოვებას, რომელსაც ხშირად მისვამენ (იღიმის). რაც შეეხება ბაბუობას, შვილიშვილი სანამ არ გეყოლება, ვერ მიხვდები, რასთან გაქვს საქმე. შვილიშვილი სულ სხვაა.

როდესაც ადამიანს წლები გემატება, ასაკში შედიხარ, გადაავლებ თვალს განვლილ ცხოვრებას და ფიქრობ, რა გაგიკეთებია, რა - არა, ხანდახან დეპრესიული შემოტევებიც გაქვს, მაგრამ შვილიშვილი ჩნდება და დეპრესია აღარ არსებობს, ცხოვრებას თავიდან იწყებ, შეგნებული ცხოვრებით შედიხარ ნულ კლასში და თავიდან გადიხარ ერთხელ უკვე განვლილ გზას. დილით რომ მოგიყვანენ და შენთან არის, უყურებ შენს გამგრძელებელს და იაზრებ, რომ აღასრულე ფუნქცია - დატოვო ღირსეული შთამომავალი. ხვდები, რამხელა ბედნიერებასთან გაქვს საქმე. ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა მოგცა საშუალება, მოგესწრო ცხოვრება. ამით მე მივხვდი, რომ ვიცხოვრე და არაფრის აღარ მეშინია.



ოჯახზე საუბრის შემდეგ ისევ ინტერვიუს თემას დავუბრუნდით და ყურადღება უძველეს მაგიდაზე შევაჩერეთ, რომელთანაც ასევე უმნიშვნელოვანესი და ნამდვილად საოცარი ისტორიის მატარებელი ნახატი კიდია.

- ეს მაგიდა გახლავთ XVII თუ XVIII საუკუნის ფრანგი ხელოვანის საკოლექციო ნამუშევარი, მამაჩემის დროინდელია, ძალიან ძველი და ძალიან ღირებული. რაც შეეხება ამ ნახატს, მართლაც საოცარი და სევდიანი ისტორია აქვს. მამაჩემის დახატულია. მართალია, მამამ სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მაგრამ განათლება მიიღო დიზაინის კუთხით, არ ხატავდა. 75 წლისა გარდაიცვალა, მანამდე ალცჰაიმერის დაავადება დაემართა. თავიდან ჩვეულებრივად იყო, მაგრამ მერე და მერე დამძიმდა, გადიოდა სახლიდან, ბრუნდებოდა გვიან, ღამეც ჰქონდა სახლიდან გასვლის მცდელობა, ნელ-ნელა ადეკვატურობას კარგავდა. ბოლოს სახლიდან გაგვეპარა, ხუთი დღე ვეძებდით, გადავატრიალეთ მთელი ბათუმი, ჩავრთეთ საქმეში დაცვა, პოლიცია, ბათუმი ეძებდა, კოლორიტი იყო და პატივს სცემდნენ. გარდაცვლილი ვიპოვეთ, ახალ ბულვარს რომ გაცდები, სადაც უკვე აღარაფერია და ჭოროხი უერთდება ზღვას, იმ ადგილზე. გადავარდნილა, გული გასკდომია და დაღუპულა. საშინელება იყო... ამ ტრაგედიიდან გადის ერთი წელი და მირეკავს ნიკა წულუკიძე, მამაშენის ნახატი ვნახე, აუქციონზე იყიდებაო. გავოცდი, - მე არ მინახავს მამაჩემის ნახატი და შენ სად ნახე-მეთქი. დავურეკე დედაჩემს და ვკითხე, მამას ნახატი უნახავთ და საერთოდ ხატავდა-მეთქი? ადრე, სანამ მე მომიყვანდა, ხატავდა, მაგრამ მე არ მინახავს და არ ვიციო. მოკლედ, ვნახე ეს ნახატი და ხელმოწერა ვიცანი, მამასი იყო. რა თქმა უნდა, ვიყიდე. ნახატი შესრულებულია 1956 წელს, მაშინ, როცა მამა 15-16 წლის იყო. დახატული აქვს ზუსტად ის ადგილი, სადაც 75 წლის ასაკში დაიღუპა, ოღონდ მის ნამუშევარში მოხუცი მიდის გაურკვეველი მიმართულებით, მაგრამ ადგილი ზუსტად ისაა, სადაც სიცოცხლე დაასრულა. შეიძლება ითქვას, თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა.


შეუძლებელი იყო ლაშას სახლიდან ისე წამოვსულიყავით, რომ მისი სამზარეულო არ გადაგვეღო. საუბარში მომღერალმა აღნიშნა, რომ მისი სერიოზული გატაცება კულინარიაა და სახელდახელო რეცეპტიც გაგვიზიარა.


- სიმღერაზე მეტად კულინარიაში ვერკვევი, ძალიან შემოქმედებითად ვუდგები ამ საკითხს. ადამიანის ცნობა მისი მომზადებული კერძით შემიძლია. რომელ ქვეყანაშიც ჩავდივარ, აუცილებლად ვაგემოვნებ იქაურ კერძს, ოღონდ არა ტურისტულ ადგილზე, არამედ იქ, სადაც ადგილობრივები მიირთმევენ. მაგალითად, პიცას ვსინჯავ იქ, სადაც რიგითი იტალიელები დადიან.

რაც შეეხება რეცეპტს: აიღეთ 4 ცალი კვერცხი, გათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ გახეხილი ან გატარებული ნიგოზი, ბროწეულის კაკლები და შეწვით კარაქში. სწრაფად და მარტივად ამაზე გემრიელს ვერაფერს შეჭამთ.



კულინარია სასმლის გარეშე წარმოუდგენელია, ჩვენს რესპონდენტს ვისკის მაგიდასთან ერთად ღვინის კოლექციაც აქვს:

- მაქვს როგორც საკოლექციო, ასევე ჩვეულებრივი, მაგრამ კარგი ხარისხის ღვინოები. ის პერიოდი გავლილი მაქვს, ტონობით ღვინოს რომ ვსვამდით, ახლა უკვე ზომიერების ფარგლებში ვიღებ ალკოჰოლს. ეს ღვინო, რომლის ეტიკეტზეც ზაურ ბოლქვაძეა გამოსახული, მისი ქელეხიდან წამოვიღე, ბოთლებიდან ღვინო თითქმის არ დალეულა, ყველამ მის პატივსაცემად და სამახსოვროდ წამოიღო სახლში.


ციცი ომანიძე

კომენტარები

ლაშა 2018-10-21 16:56
amat gmertma xeli moumartot da cina komentaris avtors vtxov-oriod sityvit agvixsnas, ras nishnavs sityva "karebebi"? 2 kars? kars tu sxva rames? martla mainteresebs
თბილისელი 2018-10-19 20:07
კარგი ბინაა,მხოლოდ ერთი შესწორება შევიტანდი, კარებებიც ნათელ ფერებში აჯობებდა,ვიდრე ასე. ბინა პატარა ჩანს და დიდი კონტრასტი მუქსა და ღიას შორის უფრო აპატარავებს და ყოფს ბინას. მთლიანობას უკარგავს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები